1.

კედელ-იატაკს
რომ განასხვავებ
ასე ნათლად, ასე იაფად,
ლომის თავია მანდ დამარხული.
კედლად ფარდაგი კიდია,
დაფენილია ძირს კი ხალიჩა.
ხალიჩას ხელი ჩაავლე,
ფარდაგს კი მხარი მიკარი,
ამას ფარდაგი არ დაგიდევს,
თავი უძრავი ჰგონია,
რადგან მასზე ხარ ასე ნახატი
და შორიახლოს
თანატომლებიც უხვად დახტიან.
ქვემოთ, ცხადია, ქვეყნიერება
თავის თავშია ჩაქსოვილი
ისე უსიერად,
არც კი შეგიმჩნევს.
ახლა დაუკვირდი,
მე რაც გიკარნახე,
შენმა ურჩობამ
რომ არ გახლიჩა
და უეჭველად საერთო ნაოჭს
როგორ იკეთებს ფარდაგ-ხალიჩა.

 

2.

ჯიბეს მოვიჩხრეკ საფულიანად,
თუ მან თუმანი შემომინახა,
და მე თუმანიც მიხარია,
როგორც სპილოს  ხორთუმი,
და ჩრდილებიც ჩაგაბამენ ფერხულში,
მეგობარი ხარ თუ მათი,
და ჩრდილების მუქი ქაფი
უქეიფოდ არ დაგტოვებს,
იმას გამოატარებს.
სახით ზავი და ტანად ომია,
და გადაეცა ანათემას ანატომია.

 

3.

პანტარეიად წოდებულ
ანუ ცვალებად ქვეყნიერებას
ერთადერთი ნაკლი აქვს,
ერთი მცირე ხინჯი.
დათარიღებულ თანმიმდევრობას
ახასიათებს უცვლელობა,
როგორც თაკარა ეკრანის ჩარჩოს.
ნუ მოტყუვდები,
ჩვეულებრივმა
ხალხმა დანახვა
არ დაგიშალოს,
რომ ჯერ-და-მერე
შენზე დაგეშილი
დროის ყბებია
ანუ თანმიმდევრობის,
და ვერაფერი გიშველის,
თავისუფლებამ საღერღელი
თუ აგიშალა,
ამიერიდან ივლი მშიერი
და აგიგდებს აბუჩად,
ვისაც არ ეზარება,
როგორც ქრისტიანობამ
ისტორია ჩაკბიჩა
მანამდეთი და შემდეგით.
ზაფხულია, ახლა ქუჩას
საშოვარზე ჩავაკითხავ,
ჩავატარებ ბარბაციან ნაბიჯებს.
მოდით, მზეებო, შემდექით.

 

4.

არავითარ ავითარებ ვითარებას.
დამშრალია,
აღარ ღარი აღარიბებს
სათავეებს ჭარბი ამბის,
აღარ მოჩანს სახეების მიმოხრა,
აღარც ოხვრა ისმის და
არც მსმენლების ხარხარი.
დაიწრიტა მოწიწება
წინაშე აშურბანიპალის
და ურბანული ღმერთებისაც,
და ხელპარკიანს
მაინც გაგასწრებს ხოლმე ღამეში
ჭეშმარიტების თეთრი ფეხები,
რომლებსაც თვალით ეხები.

 

5.

მოდი, ვახსენოთ,
რადგან ეპოქამ მოიტანა,
როცა ბალახი თვითონ ცელია.
კანაფმა განა გაფიქრებინოს
რამე უდავოდ ახალი,
რადგან გონების
კანიონების კანზე კანაფიც
არის ხანმოკლე
სვირინგი, ტატუ,
გადახატული
საბედისწეროდ გამძლეზე.
მაგრამ სხვას რას სთხოვ,
ერთადერთობის მითი მოთიბოს!

 

6.

ბგერსახსრიანი არის არსება,
და ეს არსება მეალერსება.
როგორც ქუჩაში, ამეკიდა,
ამეკვიატა, უკეთ,
როგორც წყალი აკვედუკს,
და უნდა, მდიოს.
მისი მოვლა
მიადვილებს ცხოვრებას,
რომელიც ისედაც საკმაოდ მიდის,
მიიკლაკნება იოლად.
და ფრინველები,
ტანკენარები,
კენკავენ ნიავის ხელიდან
ნაივურ მარცვლებს,
და სხვა სულიერი
ასე სულელურად
ვინ გამაცილებს 
მე მას მიგანდობ,
ღმერთთანაც შემიქიხარო,
გზები თუ მისკენ გეჭიროს,
მეტი იხარო,
ანუ  ადი′ოს!
და დაამატებს  ხომ ხედავ,
შენს ბედს ძაღლი რომ არ დაჰყეფს
და არ მოაკლებს ლექსები ლაქლაქს,
ახლა სათქმელად სკამზე ადიო!

 

7.

შენი კანონი კანია,
გონების კანი,
ხოლმე ყოფილხარ კანონთან მწყრალად,
კანონგარეშეც,
და არასოდეს  უამკანოდ,
და არც იქნები.
უამკანობა ნიშნავს არყოფნას
უკვე ან ჯერ,
და ამ ორს შორის
გამოკალთულია
ზეწრად ეს კანი,
კინოეკრანი.
კანი სინათლის კუნთია,
კანი უკუნეთში ანთია.
კანი გონია,
მასზე წერია
მთელი კოსმო და თეოგონია.
კანი სამყაროს კანკანია,
კანი კენობას განსაზღვრავს
და ვისკენობას:
გაჭრილია მისგან შენკენ
თუ, პირიქით,
შენგან მისკენ
არხი, დროდ წოდებული.
კი, განსხვავება არსებითია,
როგორც  მომავალს და წარსულს შორის!

 

8.


დროის გულია
მოციმციმე არიტმიანი,
სახლეჩი, როგორც ატამი.
შეგუბებული აწმყო არ ჩქარობს,
საით წავიდეს,
ისიც არ იცის,
მიედ-მოედება.
სიტყვებს გზადაგზა დააზუსტებ
ახალ-ახალი განკერძოებით,
სათქმელ-გასაგონს.
გაიშლება ნაბიჯები
გზის და ქუჩის
და ბილიკის თმად.
თუ რომელიმე
გზის ტყვეობაში
ეს მოქალაქე ბილიკები
არ დარჩებიან,
აიძულებს აი, ძუ,
როგორც ლეკვი ლომისა,
რომ გაიფანტოს ფლიდი ფლატეზე.
პრიზმას უზმოზე მიართვა,
მან განმარტებას იერთა დართო
ნება და თეთრი სიერთადერთე.

 

9.

მთავარი სიტყვა ერთია,
სამჯერ სათქმელი,
სხვა დანარჩენი ნემსებივით
მას, როგორც მასპინძელ ბალიშს,
ისე ესობა:
ამასობაში, ამასობაში, ამასობაში!
ვიდრე იშლება მხარი,
ტრიალებს მენჯი ამასობაში.
ჩვენი რწმენაა და რელიგია
და ჩვენი ძარღვების
ქსელი და ფაშიზმი,
კაცობრიობის ხალხო,
ამასობაშიზმი,
ამასობაშიზმი,
ამასობაშიზმი!
(და ინგლისურად
ერქმეოდა
მინვაილიზმი.)
ნუ გეშინია, მკითხველო,
არ ხარ ფაშისტი,
არამედ შენც ხარ
ამასობაშისტი!
და ჩემი, როგორც
რომელიმე
ველის, ვალია,
რომ ველი ავლას
მთაგრეხილების
ამასობაში.
ამასობაშის მიხედვით,
ამასობაშის კარნახით,
ამასობაშის ძალით
მიდის და გრძელდება
ცხოვრების თამაში
ამასობაში.

 

10.

ძილისპირული ასეთი გითხრა,
რომ დარქმეული სახელის ძალით
არა თვითონ სახელდებული
რამე საგანი 
სასულიერთო,
საგანგაშო ან საამური 
არამედ ხოლმე ხელმოსაჭიდი
ხდება მანძილი
იმ საგნამდე,
რათა გეგონოს,
რომ შენს ხელთაა
და შეგიძლია,
მართო სიშორე და სიახლოვე
იმის მიხედვით,
თუ როდის როგორ
სახეს მოიღებს
ის უწყინარი, რომელმაც,
თვითონ არ იცის, რა ვერაგია
და რა თვალთმაქცი,
ანდა, პირიქით,
იქნებ უეცრად დამეგობრება
და მფარველობა დაგიპიროს
ძლევამოსილმა,
ღამით უჩუმრად მოარულმა,
ნაცადმა მტერმა ნადირმა.
ახლა ხომ სიზმარში ხედავ,
რომ სახელია
ჯადოსნური სადავეები,
რომელსაც შიშის, ეჭვის და იმედის
მტკავლით ზომავ.
სიტყვა მოუდის არხიანი
არხეინ ლექსებს.

 

11.

გელი, გალია ფარღალალავდება
და ალალბედზე გამოალალდები
ლოდებიან ლავად როდის.
ნაცარქექია არაკებით მიმერეკება,
თან თურმე სადგისს ასაღებდა,
მალავდა დროდ ის.

 

12.

წეღან განძი განწირული გეგონა,
უგემბანო როგორც ანძა-აფრები
ფუჭად გაიქაფება,
როგორც არმაგედონთან
ბოლო რაზმი, მეჩხერი.
უკმეხი და უცნაური აზრების
სახლში მოპატიჟებამ,
როგორც ცას  ჰელიკოპტერი,
ხელი ნიკაპზე მიგიბა.
გადაუშლია თამბაქოს ბოლი,
როგორც ბებერ კოპტს 
ლეგენდების
წიგნი, ბიბლია,
რომელშიც ასე წერია:
რომ არ გაეთქვა
მტაცებლების საკბილოდ თავი,
უკიდურესი ხმადაბლობა ევალებოდა
წინაპარ ხროვას,
დაბადებით უიარაღოს.
ასე, ჩურჩულის ბრძმედში,
ასე, ჩურჩულის სივიწროვეში,
ასე, ჩურჩულის გრდემლზე
გამოიჭედა
ენა  ბასრი და ორლესული,
ენა – ასხმული ჯაჭვის პერანგი,
ენა  ჩურჩულის ურჩი ურჩხული.

 

13.

წვიმაში ცარცით მოხატულ
ედავე ცერცვით კედელს,
თუ სჯერათ იმის,
როგორც ხედავენ.
და როგორ ბედავ,
რომ დაუწუნე აღნაგობა
ქლესა ტურების
ენით გაგლესილ
ამ ნაგავ ქართულ ლიტერატურას,
ხელის თითებზე ჩამოსათვლელ
გამონაკლისებს
რომელიც მუქთად მიიწერს.
და ვიდრე ხელი მიუწვდებოდა,
მძივს  ძაფი,
ობოლს ობლობა არ შეარჩინა.

 

14.

მიედ-მოედოს ვინმე პოეტი,
მაინც შეყოვნების
ოსტატია, ნაწარმოებში
სიტყვებს აგუბებს ხოლმე დროებით
და მეტყველების
აქ ბინავდება გაავებული
თევზი, თავზემოთ ძალა არ მაქვსო.
ანდა რა ძალა ადგას,
რომ ტყვე არ იყოს გარემოების
სულ ორიოდე თვით
ან რამდენიმე კვირით.
პოეტი მალე მოკვდეს და
თან არ წაიღებს ქვირითს.

 

15.

ვერ გავერკვიე,
ამ სამუდამოდ დამფრთხალ ქალაქში
ეს მუყაითი სითამამე
რა თამაშია.
სიგარეტიან
ჩემს ხელს მივყვები,
თუ შიგადაშიგ დავრეტიანდი
და გარდიგარდმო
ფართო მაგიდის
გამიწია მწიფე გულმა,
ვითომ ძალიან აკრეფილი მქონდეს,
ვითომ მეც რამე
აკრეფილი ვიყო სტრიქონი,
რომ ვიქონიო
თეთრი მინდვრები,
ვინ იცის, მართლა
გამოსაკვეთად რამე სახელის,
რომლითაც კაცი
სიკვდილის წინ თვრები.

 

16.

განსხვავება დაცლა იყოს,
არის მსგავსება გავსება რა.
ზოგი ვერ მოიფიქრა,
ასი ფიქრი თავს ებარა.
აიმრიზა  საიდანაც მოსულაო,
დაიკარგოს ის იქ, რა!
ტანმა ხელი, ხელმა მაჯა
შეაშველა ნახატებს
და წინასწარ ჰკითხა ფიქრებს,
რა უხდება, ნახა, დებს.
თავს ანიშნა ძველებური ნიშნებით:
მხოლოდ ერთ სიზმარს
შენ ვერ აიხდენ,
ქვეყნიერების ჭრელ პერანგს
ვეღარასოდეს გაიხდი,
უმაგისობას
დავემშვიდობოთ ღიმილით,
დუგმა შენ ხარ და ღილი  მე.

 

17.

მე ნაკიანი წლის
ნაკიან თვეს
სანტექნიკოსის თვალით ვუყურებ,
როგორც მისახედ ონკანს,
რომელიც კარგად არ იკეტება.
ჭიქას შეუშვერ, არ სჭირდება
გახსნა-გაღება.
აი, დრო, თურმე, საიდან მოდის
და არ ჩერდება, ვიდრე ბოლომდე
არ დაიღვარა
ქაღალდის შუბლზე დადებულ
და გამჭვირვალე დაღებად.
არ გაძვირდება ღარიბი,
წყალიც წავიდეს ღარებით,
მაგრამ დრო, დრო,
წვეთებიანი ნაკადი დროის,
წყურვილს არადა,
კი, მოწყურებულს
წაიყვანს, გამოსდებს მკლავს.

 

18.

ესეც და ისიც, სახელდახელოა
ხალასი ლექსი.
თუ გადავაჭდობ მაჯებს,
შევკრავ ბებერი ცერებით,
ისინი გახდება ერთი ცერბერი,
რომელიც იცავს ლექსის ამბავს,
რომელსაც ვერ გავთქვამ
და ვერ გავამხელ.
აი, შეხედე, შენ თვალწინაა,
შენ კი ვერ ამჩნევ.
დარაჯიც ასეთი უნდა,
თავის ავ თავად დაჰქონდეს,
რასაც დარაჯობს.
სიტყვითაც ვიტყვი,
გავიმეორებ,
ჯანი გავარდეს,
შენც უცებ რამე არ გაიგო,
არ დაიჯერო.
ნუ გაბრაზდები
და ნუ გახელდები,
ლექსის სიტყვები სინამდვილეში
ხელებია, ხელის მტევნები, ხელის გულები,
ხელის თითები, არის მაჯები და იდაყვები,
რომლებიც ნიშნებს განიშნებენ,
როგორც თვალუწვდენელ წარსულში.
მარტივ ცდუნებას შენ ნუ აჰყვები,
ყველაფერი არ ითარგმნება,
თუმცა ჯიუტად თავს ახლიან.
ხელი არც ენა, არც თათი
და არც ტორია.
ლექსი ხელების ბოლო სახლია
და ცეკვა მისი ეკვატორია.

 

19.


არ მოიტყუო თავი ასულმა,
ნუ ეფერები ბებერ ხეიბარს,
არ დაიბრალოს დაბრუნება,
ძლივს ფონს გასულმა.
შენ ახალი ხარ,
მომავლის ხელით აქ შენახული,
სარკესავით
მრუდე წარსულში,
მაშინაც შენნაირების
იშვიათობის უდავოდ გამო,
არა სიჭარბის.
იქ დაბრუნდები, სადაც და როცა
მომავლის შუბლზე
ახალ ცის თაღად
გაოცების წარბი არბის.
მოგცლია, ჩემზე ნუ სწუხარ,
მე დარდი არ მაქვს დავების,
შენ გაერიდე ამ მღვრიე სიზმარს,
სულ მუდამ მომაკვდავების.