1.

რუხი შეხვედრების
დაობებულ აბდაუბდაში,
თუკი ისევ მას, ვინც იგი
გამოდგა, არ ელი, გიასპარეზია.
უბრალოა კაცობრიობა,
რომელმაც ფარჩაკი შიში უკუღმა
და ბრაზიც წაღმა გაარელიგია.
მან მწარე ბოღმა გულში ჩაიდო რწმენად.
თუმცა კი რწმენა,
ნებისმიერად შეკმაზულიც,
გონიერი გრძნობის ხომ
დაუძლურებას ნიშნავს და,
უჰერაკლეოდ დაგდებულის
თანაც, ავგეას პარეზია.
სამყაროს მოვავლე თვალი, ქურდული,
ამდენს რა ახსნის-მეთქი,
შემომეჩეხა მრავლად ურდული.
ნაცხოვრებს და დაბადებულს
მეც ხელმოცარულ ქურდად, პოეტად,
მაინც ვერ მისწავლია,
რომ არც ქურდობა კაცს არ მოგიტანს,
თუკი ზედმეტი
არ მოიპარე, ზიანს.

 

2.

როგორც ყველა იდიოტი,
ჩემო მკითხველო, შენც ხარ მეოტი,
ლტოლვილი, რომელიც ავტორს აძაგებს,
აგებს კი თავისთვის
რამენაირ ციხესიმაგრეს.
მას ცამ დაჰყეფა!
თუმცა თითები მაინც მარჯვე გაქვს,
რადგან გალავანი
კონგრუენტული ქონგურებით კი მოგიქარგავს.
ცრუდ გჯერა შენი ზანტი გონებით,
იგი, რომელიც გალავანს ანგრევს,
რომ უნებლიეთ
ან, ანტიგონე, ნებით ბითურდებოდეს.
მისი ბრაზი ის ბზარია,
არიადნეს ის ძაფიცაა,
რომელიც კარსაც ბოლოს მოუღებს, უღებს.
ხომ ლაბირინთიც გალავანია.
ეს ბზარ-ძაფიც აფიცა
პოეტმა, უმეცარმა და უმეცნიერომ,
რომ ბოლომდე გაჰყვებოდა,
აქ ყულფად ნამყოფი
გაიჰორიზონტებდა
ისიც ცის ალიკაპად.

 

3.

სიკვდილი ჩემი რძალია.
არ შევხვედრივარ,
და კი ჰყოლია
არანაკლები.
მის ახალგაზრდა სიახლოვეს, სახანდახანოს,
ვცნობ, როცა მხარზე გადამივლის ხოლმე
უცაბედი ჟრუანტელის გრილი ნიავი,
ვითომ შემთხვევით მომხვეოდეს
და მხოლოდ შეუყოვნებლად.
ჯერ კი არ ვიცნობ მას,
მაგრამ მგონი, რომ
ისიც დასავით
თუმცა გერია ნატიფი ფოთლის,
მისგან განსხვავებით იქნება
ერთიც ახტაჯანა გერონტოფილის.
ისიც ცხადია,
რომ არაფერია
გარანტირებული,
რომ უკვე მრავალჯერ
ცხადმა გაფანტა ფანტაზია.
ჩემი თავისთვის მისურვებია,
რაც მან მისურვა 
ამის უკეთესს რას გისურვებ,
გისურვებ სიკვდილს,
მხარზე გრილი ნიავის
თვლემასავით უმტკივნეულოს,
რა იცი,
რაში გამოგადგეს,
როცა მაქე და მაქედან
გამოგაგდესო.

 

4.

ყველა მკვლელობა არის თვითმკვლელობა.
შორი გზიდან მოუარე,
შინ მშვიდობით მიდიო.
ანდა ანდაზები გაფარჩაკების დევიზებია,
როცა თავს კაცი დაზავებია.
თავიანთ საომარ გზებზე ომები მიიომებიან,
და თვითმკვლელობის სახეა ისე უხვად,
რომ მოერგება ძუს თუ ხვადს,
თან იმდენია
რამდენიც სამყაროს
დაავადებულ
საშვილოსნოში მიომებია.
საუკეთესო მათში
ომია, მისი უწმინდესობა.
ცოტას თუ ბევრს იომებს,
მეანედან მესაფლავემდე
ადამიანების უმრავლესობას,
სხვა თუ ვერაფერი,
ხანდაზმულობა ისე მისწვდება, გააქრობს,
როგორც საშვილოსნოდან
ზოგჯერ აქრობს
უწყინარ მიომებს.
შეუძლებელია იმის მოკვლა,
არ გააჩნია რასაც უბრალოც კი ცნობიერება.
ამიტომ აბორტი, როცა მას უმეტესად იკეთებენ ქალები,
არ არის და ვერც იქნება მკვლელობა.
შენ კი გაბოროტებისას,
ალაგმე და დაიოკე შენშივე გაღვივებული,
შიშით მორწყული შენი შინაგანი შუა საუკუნეები,
რომლის მსგავსი ყოველ ჩვენგანში ჩათესილია,
როგორც დაღამება  დღეში,
და, რომელიც გადაამტერებს მავანს აბორტებს,
მავანს ჯოჯოხეთს არწმუნებინებს,
მავანს კი, უსაფუძვლობის ძალით,
ასტროლოგიის ხელში გვაგდებდა.
და შენც, მკითხველო, იგივე შენი
შინაგანი ეპოქა გიპყრობს,
თუკი დაიჯერე ტომის უპირატესობის,
ან კერპი დაგიდგამს რომელიმე შარლატანის ტანისა.
აქ მაგალითად მოვიტანდი
საქართველოს პრეზიდენტებს,
პირველს, მესამეს, მეხუთეს, ბარემ
მათი გამჭოლი პატრიარქითურთ.
თუმცა საპატიო ამ წოდებას, შარლატანისას,
ყველას ნამდვილად ვერ ვუბოძებდი,
ვინც თვალში არ მომდის,
გულზე არ მეხატება.
მაგრამ არ ვიზამ
და მათ არ ვახსენებ,
რომ არ შევლახო ვინმე
შუა შინაგანი საუკუნეების
უღრან ტევრში დაკარგულის
გრძნობები, სათუთად გაავებული.
ყოველი მკვლელობა არის თვითმკვლელობა.

 

5.

ჩემი სულის თრითინა,
რომ არის ერთი
ხათრით ნათრევის
და დღემდეც მათრევს ის,
რომც ყოფილიყო უფლისწული,
დასამარცხებლად გადადებული
იქნებოდა ძეც იგი ატრევსის.
თავს იმით იმითებს,
რომ მისი ბინა უმითობის დაბაშია.
მაგრამ ნახე,
მასაც რამე ზღაპარი
თუ არ აბა, შია.
გაუკოტრებელ ასკეტობას,
არაქათ თითქმის გამოცლილს,
როგორც მითების ხაზებიდან
ბიგელებჩამოყრილ ტროლეიბუსს,
რა არის, რომ არ
დაესიზმრებოდეს.
ვის უოცნებია ტრიალზე,
მინდორზე, ასეთ ტრიალზე.
შეკრული წრის ძალას
თუმცა სხვა რა მომცემდა.
მე კი გამოვამზეურე,
რომ სულში ცხოვრობს თრითინა
და სულის სხვენში 
სინდიოფალა,
არ დაგავიწყოს შენ მაშ ამან ის,
არა სხვა,
შეთხზულ სამყაროებში
წასვლის ყალბი ოსტატი,
არამედ აქ, ამ
სწორედ სამყაროში,
ადრე თუ გვიან,
მოსვლის მე რომ ვარ შამანი.

 

6.

შენ არავინ ხარ,
არაფერს ირჩევ,
არაფერს არ წყვეტ.
ფიქრი გეფიქრება,
გრძნობა გეგრძნობა.
არა რომელიმე ტაძარი ჰატჰორის,
არამედ შენ ხარ ხმელი ხელსაწყო
ავტორეპლიკატორის.
შენ ხარ მთრთოლვარე ისარი
ერთ-ერთ ციფერბლატზე,
რომელზეც იგი ზომავს,
ცხადია, თავისი
ავტორეპლიკაციის
ყოველი მომდევნო
ძნისა და კონის კონუსის
სიზუსტის საკმარისობას
და უზუსტობის დასაშვებობას.
რომ არ არსებობდეს
გარდაუვალი უზუსტობა,
რომ არ არსებობდეს
აუცილებელი შეცდომა,
არ იარსებებდა დრო და
არ იარსებებდი არც შენ,
რადგან იქნებოდი ისე ზედმეტი,
როგორ ზედმეტიც არის პოეტი,
რომელიც არც თავს იტყუებს
და არ ატყუებს არც რომელიმე თქვენგანს,
იმ სხვა, საჭირო ციფერბლატს,
რომელზეც
ხელისცეცებით მოსიარულე სიცოცხლე,
ვიდრე ცოცხალია,
სიზუსტის სიზმარს ვერასოდეს აიხდენს,
ვერც ვერასოდეს
სიზუსტის განზრახვებს,
თრთოლვით შეისრულებს, შეისრულებს.

 

7.

თვალი გონების საზღვარია,
თვალი გონების,
რადგან დავინახე რომ,
ბევრ სხვა რამესაც
დროებით მაინც დავიჯერებდი,
გეჩვენებინა, ვინ ოხერი!
მე, შენ, ის და
ჩვენ, თქვენ, ისინი 
ამათი ხშირი თქმის ქვით იქვითება,
როგორც ნისია, მისი მერყეობა,
რადგან ასე ფხვიერშია
დასობილი პალო გონების.
ყოველი ჩვენგანი, იარაღი რომ იყოს,
იქნებოდა ბუმერანგის რანგისაც.
თუმცა წლები, წლები თუმცა
შურდულივით გავარდა,
საერთმანეთო ვართ
პოლიგონები.
და უერთმანეთოდ
თავს ვერასოდეს დავუბრუნდებოდით.
მიზანს აცდენილ
ამ დაბრუნების ბუმერანგულ ტრაექტორიას,
სხვადასხვა კუთხიდან ოღონდ დანახულს,
ჰქვია მე, შენ და ის,
ჩვენ, თქვენ და ისინი.
საიდან ამდენი სახელი
ერთსა და იმავე რამეს?
პოლიგონი ხომ მრავალკუთხიანს ნიშნავს.

 

8.

რომ ხართ მოგონილი,
გახსოვდეთ ეგ, ენებო,
რათა ვერ შეცვალო,
კაცს როცა გენებოს;
და ტრადიციაშიც უდავოდაა
რაღაც კონსერვის ქილური,
რომელიც ინახავს,
ატმის კომპოტის მაგიერ,
გაჯიუტებულს, გაკერპებულს, გარქოვანებულს,
მთავარ სტიქიას  საზოგადოების
იერარქიულ ფლუქტუაციას.
ამასობაში
ქარად რომ დრომ ჩაიქროლა,
თვალსაც ვერ შეასწრებდი
თავქუდმოგლეჯილს.
გახედე, გარბის, მიმოედება,
ბოთე ხელიდან აქ მოტეხილი
ვითომ საფულე გაუტაცია.
ცუდად აფუებულ და გამოცხობისას
ჩავარდნილ ცომად ღუმლიდან
გამოსაფხეკი ამ ქვეყნის, პოეტო,
მაინც ხომ მადლიერი ხარ,
რადგან იგი შენ,
როგორც ცარიელ საფულეს  ჯიბეში,
ვითომც აქ არაფერი,
ისე იოლად გიტევს,
და თანაც, როგორც მსტოვარ მტერს,
უგუნური გულგრილობის გამოხედვით გიტევს.
კარგი, გეყოფა, მისგან რაღა დარჩა,
ან ასეთი რა გახდა
დრო, რომ თვალი არ მოაცილო,
გირჩევ, საერთოდ აღარც უცქირო.
თუ გახდა ახალგაზრდა ქალს არ ეზარება,
დიდი-დიდი, მოხუცმა თვალს წყალი დაალევინოს.
უფროსის საქმე ერთია 
რომ, ტყის არ იყოს,
შეუნახოს უმცროსს ადგილი
უფასოდ, თანაც უქიროდ.

 

9.

ისინი არიან ადამიანები,
ვინც ადამიანის
მტრად იციან
ტრადიცია.
სხვები ცხოვრობენ
დროშაზეც მხოხავი ჯვრების და
ფულის ტაკებით
პოლიტიკურად ახმოვანებულ მოსახლეობად,
რომელსაც წინასწარ გადმოგდებულ
და მის სასარგებლოდ
და ყველაფრისაც გამამართლებელ
განაჩენად
ზურგის ორნამენტით
დააქვს ტრადიცია.
მღვრიედ,
თუმცა უშეცდომოდ
გრძნობენ ისინი,
თუ რა დიაცია
რადიაცია,
რომელსაც ადამიანის,
როგორც მითქვამს,
ღაპა-ღუპით დასაღუპად ასხივებს
საქვეწარმავლოდ დაკლაკნილი
ტრადიცია,
ტრადიცია,
ტრადიცია.
იგია სამოთხის
მაცდური გველი
და მყუდრო, უდროოდ,
ის, თვითონ სამოთხე,
ამ გველის სულია.
დედა და მამა კაცებო,
ლექსია პლაცებო,
მით უმეტეს 
თარგმნილი.
ამიტომ ისევ ეს წაიკითხეთ.

 

10.

(ფიზიკური სამყაროს
საძირკველში ძევს,
უფრო ზუსტად კი,
ხდება ის, რასაც
სახელდახელოდ დავარქმევდი
მეტაფიზიკურ მიტოზს
ანუ უჯრედის ბირთვივით გაყოფას,
რომლის შედეგად შთამომავლებში ქრება წინაპარი,
რადგან ერთი წინაპარი ორ ნაშიერად გარდაიქმნება.)
ასე რომ, ჩვენი სამყარო,
იბადება ერთხელ, მაგრამ სულ.
ასე ჩნდება დრო.
დრო არის ის, რაც
ყოველ ერთში
ხდება ერთხელ და
უკანასკნელად.
ჩვენთვის მისაწვდომი აწმყო,
რომელსაც ვუწოდებთ ახლას,
ამ უთვალავი მეტაფიზიკური მიტოზის ქაფია.
ხოლო მე ვარ დასვრეტილი ქაფქირი
და შენც ხარ ჩამჩა
ამ ქაფის მომხდელი,
სივრცეებია ჩვენი მაღალი სახელურები,
რომლებსაც გონების ხელით ვხმარობთ და
ამით საკმაოდ ჩამოვგავართ
ბარონ მიუნჰაუზენს,
რომელმაც თავი საფლობიდან
თავისივე ნაწნავზე ჩავლებული
თავისი ხელით ამოქაჩა.
და იგი, ბარონი მიუნჰაუზენი,
რომ ყოფილიყო ანდროგინულიც,
მეტაფიზიკურ ამბავში,
ჩვენი ადამ და ევა
იქნებოდა,
ანუ  ნიმუში
და მეტაფორა.
თუკი ასეა,
ვინ იცის, სად მიდიან
ტყუპისცალი სამყაროები
და მათი შთამომავლობა,
რომელიც თვალსა და ხელს შუა უთვალავდება.
თუ გაუთვალავება
სწორედ ისაა, რასაც
ჰქვია გაქრობა
და გაერთების დამართება არსებობაა,
როგორც შენივე მხარს უფრო იგრძნობ
კედელზეც მისი გასრიალებით?


11.

საუკეთესო წლები დაიკარგა იმის ძებნაში,
როგორ დათვრე და საით დალიო,
და არაფერი თუნდაც ამიტომ
არ გაგაჩნია საიტალიო.
თუმცა ჩემნაირიც ვინმე,
ბედოვლათი,
მაინც რომის სამძიმარია.
რომი მიდის და მძიმეს კი ტოვებს,
და სხვა რომებიც თუმცა მერყევად მაგრამ არიან.
ქელეხი იყოს და მეინახე მოინახებაო.
აქ უნდა გაჩერდეს ეს მეტაფორა,
რომ არ გახდეს უტიფარი:
ფრაზის სუფრასთან
დასმული მძიმე
მარჯვენა მხარეს
უნახავს მას ადგილს,
თუკი რომს მოესურვება.
ვითომ ოდესღაც ერთი ჩვენგანისაც
დაბრუნების ასე შესახებ
ხარბი ქელეხის სუფრაზე
ხორაგივით დახვავებული
სიცრუის ხროვამ
ბრმა თხუნელას
თავი ამოყო ეკლესიებად
მლიქვნელი ქალაქის
მიწიდან, რომელიც
მზადაა, ესაძირკვლებოდეს,
ვინც კი ხელი შეაშველა
ტყუილს და
ბარ-ძალაყინის
შემხვედრი
დაკვრა
არ დაიზარა.
მაინც ქალაქია,
ჩაივლის ქალი ნელი ბარძაყით.

 

12.

ყველა სიკეთესთან ერთად
მე ვარ თან ის ფსკერკაცი,
რომელსაც დამაქვს არაერთი ზღართანის
შემდეგ მოშუშებული
და მაინც გაუმჭვირვალე
ტანის კარკასი.
მომხდარა, დამჭირვებია
დახმარებაც მე სამედიცინო.
კი ნუ იუკადრისებ,
რამემ სამჯერ თუ ჩაგძირა,
პასუხად ფსკერიდან უნდა
პირველად, მეორედ, მესამედ იცინო.
იცი ნოემბრის მოახლოებაც
და  წლის ფსკერია რომ დეკემბერი.
არყოფნა ყოფნის კი სიფრიფანა კონტურშია,
თუმცა ორივე იმ სიცილივით მესამის
საყმაწვილო გახლავს სახადი,
თავისებური ქუნთრუშა.
ან მოვა მავნე მავანი,
თავი ქუდში აქვს, ტანი სანგარშია,
და საუბარი მიაჩნია მყიფე სიტყვების კუნტრუშად.
დრო - შენს ღამეზე შემოვლებული სიფრიფანა, თეთრი არშია 
გაქრება, დაიკარგება. ძილიც ნებისა!

 

13.

შენ რა იცი, გაუხსნელი რჩება, უცბად
ნიშადურის ბოთლივით ვინ იცობა ან.
შემთხვევით რამე გაგიხდა
გაცრუებული, ვინიცობაა,
ერთი ზუსტი ნასროლით
ჩაუმატე ნარი და
შეგრჩება განცრუებული
ანუ წმინდად გამოცრილი
სიცრუიდან, მტკნარიდან.
ღერღილი ძაღლის
და ღორისაა,
თვალ-მარგალიტი მათი ობოლი.
შენ გულმოდგინედ გამარგლე ბაღი,
გაიტანე, ზვინად დადგი სარეველა, ნარი და
ჩააწურე ცეცხლის წვეთები.
ბებერი სკვითივით თუ გინდა,
დათვრე, გაბრუვდე,
ზვინის ირგვლივ იარე,
ხმელი კანაფის
რომ არ გაგექცეს
შემოკლებული ბოლი.
სიმთვრალე გაკიდე
საცალფეხო, ნაქსოვ ხიდებად.
გადახვალ, გამოიხედავ, გაგეფიქრება:
იქაურობას მე რად ვუნდივარ,
მომბეზრდა ხუმრობის გარეშე მეც ის.
მაგრამ ხიდებიც დაგაბრუნებენ,
როგორც კბილებში უქმად გამოცრილ
„კარგი რა, ნუ შემეცი“-ს.

 

14.

დრო, ზოგი, ხმება და
ხმებადაც მესმიხართ,
საათების მიეთ-მოეთნო, ეგ არაფერი.
ხომ ცნობილია, როგორ ჯიბეში ილაგებს
ძველმანობისკენ მიდრეკილება
თქვენს ჯიშსა და ჯილაგებს.
ნებით თუ უნებლიეთ
ყოველგვარ მეცნიერებას
და ხელოვნებით გატაცებას
მოიტანს მარტო თანმიმდევრობის
ეთნოგრაფია.
შენ კი, ქვეყანავ, ზოგ ამბავში
გვალვიანო, ვალგვიანო,
ვინ მოგკითხოს,
ნისიაზე ნისიად წაღებული
კაცის ცხოვრება
ფლანგე ბითური თუ.
ისე იქცევი, ჩანს,
ბრძოლის ველი დაგიპყრია,
ყველგან შენია არიერგარდი
და ავანგარდიც ფლანგებითურთ.
თუმცა გაცვეთილ წეს-ჩვეულებას,
არც ხომ ინერციის რცხვენია,
მაინც ძალა უნდა და 
რომ შიგადაშიგ
მოირწყას ხოლმე გამონაკლისებით.
ისტორიის
და ტერიტორიის
მიუხედავად
ყოველი ქვეყანა ერთ დღეში ეტევა.
მათი გაუქმების ნიშნად,
აჰა, უასაკო,
შეხედე, დადის
ქალი, ჰასკიანი.

 

15.

თუმცა კი წიგნის ვერწამკითხველი,
რადგან მაინც ხარ ამის მკითხველი,
მოკლე ამბავში
ერთი საიდუმლოს არაერთი კარიდან
ერთს მე გაგიხსნი, თუკი არ დაგღლი.
რომ იცოდე,
თავს როგორ იმტვრევენ
იმის გასარკვევად,
ამ საიდუმლოს,
ბოლოს და ბოლოს,
აქვს თუ როგორი დანიშნულება
და რა ფუნქცია,
როგორც ნაცნობი სახე იფანტება უცნობ იერებად.
სიცოცხლემ, რომელმაც ერთს სიარული,
მეორეს ცურვა, მესამეს საქმედ ფრენა უქცია,
იგი ქრთამივით შემოაცურა, რომელიც რისკია.
იგი მე მაძლევს გასაქანს,
გადავუხვიო, გადავაბიჯო
აქედან იქით.
ხან ქალს კოცნა შევუხამო,
ხან ყავა  სიგარეტს.
რისკია ის კი არ გააკეთო,
რასაც აპირებდი,
არამედ  გადაიფიქრო
და სულ სხვა რამეს შეუდგე.
იგი იძლევა გასაქანს,
რომ დაგეშილი, შილიფი გზიდან
ზიდანივით გადაუხვიო,
გზიდან, რომელიც ათასნაირი საბაბ-მიზეზით
ყოფა-ცხოვრების,
ისევ და ისევ,
ნიშნავს შეყოლა-შენაბიჯებას.

 

16.

თუ მღვიმე, გამოქვაბული
სახელოსავით ამოატრიალე
და კედლებად
აქეთ-იქიდან შეუყენე ბრტყელი ლოდები
და გარდიგარდმო ქვაც დააფარე,
ეს ნიშნავს, რომ ტაძარი,
როგორც ბნელი ხანძარი,
ადგილიდან დაძარი,
და არ გეგონოს, რომ შექმენი
უწყინარი მეგალითი,
უტყვი პრეისტორია.
კაცმა როგორმე მიაღწიო,
უნდა დაიმსახურო,
რომ ნათელი ცეცხლიდან
ჰეფესტოსმა გამოგიწრთოს
გამარჯვების თორ-აბჯარი,
თორემ მასთან,
რელიგიის ბნელ ხანძართან
აუცილებლად რომ გიღალატებს,
ზავი ის აბჯარია
და რომ გიმუხთლებს, გაიბზარება,
მასთან ფრე, ის თორია.
დონ კიხოტე დონ კიხოტედ დარჩება,
თუნდაც სიყმაწვილეში
იგიც ზოგიერთივით
ნადურგლარი იყოს და
წისქვილების მშენებელი.
მორწმუნემ ის თქვას,
რომ
„ჯერი ჯვარზე როცა მიდგება,
ჯვარი ჯავრია,
ანუ დამცირებით არის წამება,
და მკვლელი ჯვარი ჯვარია,
სხვა ჯვრებთან ერთად
ქარის წისქვილის ხელებად ტრიალებს,
რომ მტერი დაეჯახოს და მოუვიდეს ავარია,
თუ მიწაშია მეგალითივით,
თან ვითომ ქართული,
უძრავად ასო, დასობილი.“

 

17.

სწორად არაფერი სხვა არ გამოსულა ჩვენს ცხოვრებაში,
ამიტომ სასაცილოა, რომ სწორედ ეს გამოვიდა.
პოეტი ვარ, ეთნოგრაფი მამის შვილი.
ეთნოგრაფი აღწერს ტომს,
პოეტი  ატომს.

 

18.

შენ მორწმუნე ხარ
და, ესე იგი, უნდა იყო
უხვად გამცემი,
მოწყალების, ცხადია.
მართლაც და,
სადიზმის სად ისმის
მოშიებული, ავი წკავწკავი?
რა გასაკვირია, საკბილო
მას აფთრის რომ არ ელევა, ან ტურის.
ზოგჯერ, გავიგე, იგი იგივე ვეგანია.
მოეთხოვება როგორც ჭეშმარიტ ასკეტს,
ზურგზეც თავისი ხელით გადაიმტვრევს
მრისხანე ფრაზების ას კეტს.
მოკლედ, სრულიად
არის ეპოქის რელევანტური.
ასეთ დროს მისი საკბილო,
თუმცა მარტივი, მაგრამ უხვია,
და რაც მთავარია,
ნოყიერება-კალორიებით თუ არ სჯობია,
არც ჩამორჩება შემწვარ-მოხრაკულს.
ჩემო მორწმუნევ,
ზუსტად ეს კერძია
შენი ფიქრების
აგზნებული აჯაფსანდალი.
მე, ათეისტი,
მეათე ის ტიპი ვარ
ევოლუციის აცაბაცა დეციმაციის,
რომელიც ვიდრე
მიწას წავუღივარ,
ვზივარ მეწაღედ,
და თეთრ თაროზეც სააშკარაოდ შემოვინახე
ის, რაც უკეთეს ლექსად მოწნული,
ჩემკენ მომავალ
ქალმშვენიერ ფეხს მოუხდებოდა,
შორი გზით ნაჯაფს, სანდალი.

 

19.

პოეზია
ორ არაზეა
გამოზომილი.
ან არ უნდა თქვას,
როგორც სხვები ამბობენ,
ან, თუკი ამბობს სხვებისნაირად,
არ უნდა ჩადოს იგივე აზრი და მინიშნება.
ანანა ლექსმა მელექსეებს გამეორება,
ხოლო ხალხმა, პირიქით - როცა
სიახლე ხოლმე ახლოს იახლეს.

 

20.

მგონი,
უდავოა,
რომ ოდესმე
კიდეც მოიპოვებენ
სიკვდილის უებარ წამალს
სხეული, თავისი გონების ეს ქსოვილი,
და, ცხადია, მასთან ერთად
მისი ზოგიც ნაკეცის
თავს აყოლილი
მიმოხრა ანუ
თვითონ გონება,
როდესაც მოიხელთებენ
საშუალებას,
რომლის
წყალობით
მისაწვდომი გახდება
სიკვდილი ისე სწრაფად და, თანაც,
ყოველმხრივ გამჭოლად,
რომ მათი არცერთი
საერთო ნაკუწი
არა თუ ვერ
მოასწრებს,
ვერც კი დაიწყებს
მიხვედრას,
რომ რამე ემართება.
როცა ალღოსაც აუღებს იგი
ამ თავის მიგნებას,
ადამიანიც
შეწყდება,
როგორც რომ ღიად
დატოვებულმა
ონკანმა,
აქაოდა
ამოვწურეო,
თავი დაიკეტოს.
მაშინ ხომ ეს პლანეტაც
გაუკაცრიელდება,
სხვა მრავლის
მსგავსად,
თანასწორია
რადგან ისტორია.

 

21.

ჩეხე ჩიხის ჩახმახი.
აბა, თუ გამოიკვრება,
დაგხვდა ჩიხი მანდ რომ.
დროის დაბურცულ სერებზე
ისტორიის ზვიგენებივით ზვინებთან
ენაბლუ ბლექაუთიდან თუ გონს
მოეგეთ ეგეთივე თივებად,
იმედს ნუ წაიხდენთ,
ჩიხი იმდენია,
გამოერევა
რომ საჩახმახეც.
ზოგჯერ ამბავი საისტორიო,
შიგადაშიგ ლექსი კი
მთელი თავისი
ლექსიკით,
წყალიც არ
გაუვიდოდეს,
ისეთ მახედ დაიგოს,
ხალხო, უნდა იხიმანდრო.

 

22.

განცალკევების სადგურიდან მომავლის გადის ის
მატარებელი, ცარიელი სკამებით სავსე კი.
და პერონ-ბაქანს ასდის კოჭლი ოხშივარი 
საუკუნეების ბიზანტია ბოზი და ზანტია.
კუს ბაკანია ბაქნის ფილაქანი
და კუ ხარხარებს ნახირებ-
ახირებული. დროა უხმო,
თარჯიმანს ხელით უხმო.
როყიოდ ნათქვამი სიტყვით
სივრცე გვითარგმნის დროს და,
ეგეც, ბორბლები ფოთლებივით მათ
გამოესხა და მე ქარში გავაზავებ ხმას
და რომელიმე მომდევნო სადგურზე
შეჩერებულ გავაგონებ ვაგონებს.

 

23.

ლექსმა  ენის,
ხელმა სიმტკიცე აქო ქვის.
შენი მორბენალი სისხლის ეგ ექო
ნიჟარიდან გესმოდა, რომ
გაოცებით გექო.
აავსო უმბრელა ქოლგის ლამბაქი
ჩრდილების ბრმა და უმბრა ლაქებმა.
დრო იყო,
იტყოდნენ საათის მომართვას,
ნაცვლად დაქოქვის.
ძილის თითები
სიზმრების ზამბარას,
ქვეყნის ქოქავს ექოს.
ძილის ძალით აუჩქარებლად შეკუმშული,
თანდათან იშლება ცხადში და ცხადად,
როგორც ემორჩილება მომართული საათი
შეკუმშული ზამბარის მექანიკურ ნებას.
ვიდრე გღვიძავს, ფერი და სინათლე
ხმად გასაგონია თვალის მიხედვით.
ნაპირის ცბიერ, ცნობიერ ბორცვს
ოფლივით შეაშრა ქვიშა და ქაფი.
სიკვდილი სიცოცხლის არის მორჩენა,
ღვიძილი ძილით იკურნება.

 

24.

ერთსა და იმავე სიჩუმეში ორჯერ ვერ შეხვალ.
და ეს ფრაზები, თუ სწორად დალაგდა,
ცალკე სიჩუმის ამბრაზურებია,
როგორც ერთ ზარადზე
ჩამორიგებული,
იგერიებს
ხმას.

 

25.

ანდერძი

მადლი სატანას,
არ მაქვს მადლის ატანა.
ამის უკეთესს მას მაინც
ვერაფერს ვუანდერძებდი.
ძუნწი არ ვარ და რაც, არც მას
რომ არ დავწყვიტო გული,
ჩემს საგანძურში მისი დიდების
სახელის მიხედვით
კოხტად შევურჩიე
კოპწია მზითვად უფალს 
მიმიხვდი!  უფულობაა.
ან რამ გაყო უმადლო და უფულო,
სატანა და უფალი.
სხვაგან სად?
შავ დაფაზე იცეკვოს თეთრმა ცარცმა.
მალე დაუვლით გაწურული ჩვარი და
ორივე თვალს მიეფარება.
შენ, მეგობარო მკითხველო,
ცხარე ცრემლით როცა მიტირო,
შენივე ხელით გამხადე,
რაც შენთვის მიანდერძებია.
გამაჩნია მეტი რა?
ეს პერანგი უბრალო არ გეგონოს,
თუმცა მისი ქსოვილი
არის არარსებობის
ფაფუკი ბამბაზია.
მაგრამ უკეთეს ჯავშანს,
შენ რომ იცოდე,
ვერც ინატრებდი,
ჩაიცვამ და მეტი ვეღარ მოგიტანს
მტერი, რომელმაც
ოდესღაც დაგბომბა, ზიანს.
ახლა წავედი, რომ გადავხედო
მეხსიერების საძველმანოებს,
და შეულანძღავ,
კარგ ოცნებას თუ მივაგენი,
არ იფიქრო, ბედს ვაგინებ,
ავიღებ და დავუტოვებ ვაგინებს.