(ჟურნალი „ინდიგო“ #34)

ჩემს ცხოვრებაში

ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ადამიანი

ლილი კალატოზიშვილია,

ჩემი ბებია,

რომელიც ბათუმში ცხოვრობდა.

დღემდე ბათუმი

ამ ქალის გამო რჩება ჩემთვის

ძალიან განსაკუთრებული და

მგონია, რომ სიყვარული ბუნებისადმი მან მაჩუქა.

პატარა ბავშვს,

ძალიან მიყვარდა

მასთან ერთად ბაზარში სიარული.

რაც არ უნდა დატვირთული მოვსულიყავით ბაზრიდან,

ლილი ყვავილებს მაინც იყიდდა.

ყველაზე ლამაზს და ველურს და

ისე მოუვლიდა მათ,

როგორც არავინ.

ერთხელ ლილი თბილისში იყო ჩამოსული და

თავის ბიძაშვილთან სტუმრად წამიყვანა.

ეს იყო საკუთარი სახლი ტაბიძის ქუჩაზე.

შემოდგომა იქნებოდა და

ეზო ხეხილით სავსე იყო,

ნაყოფის გარეშე,

მხოლოდ ფოთლებით.

მე ალბათ 5 წლის ვიყავი და

კარგად მახსოვს ეს ორი ქალი.

ეზოში ისხდნენ,

ძალიან კომფორტულად ვგრძნობდი თავს ამ ადამიანებთან,

რომლებსაც ილუზიები არ ჰქონდათ და

ცხოვრების ნამდვილი ფასი იცოდნენ.

შეზლონგებში ისხდნენ,

ორივეს ულამაზესი წვივები ჰქონდა,

და საუბრობდნენ.

მე უცბად ვკითხე,

ამ ხეს ატამი როდის ექნება-მეთქი,

ბებიაჩემი ბოტანიკოსი იყო და ყურები ცქვიტა.

ვიგრძენი, რომ რაღაცნაირად შეკრთა,

რა იცი, რომ ატმის ხეაო?

ყველა ხე გამოვიცანი,

რომლებსაც ნაყოფი უკვე აღარ ჰქონდათ.

დამაყენეს მერე ხეების ჩრდილში და

სპექტაკლი მომაწყობინეს,

მეკითხებოდნენ ეს რა ხეა, ეს რა ხეაო.

ჩემი ახლანდელი გადმოსახედიდან,

ერთ-ერთი ყველაზე მისტერიული ეპიზოდი იყო ეს,

რაც კი დამმართნია.

არც ვიცი, საიდან მოვიდა ეს ცოდნა,

რომელიც ჩემთვის არავის უსწავლებია.