გახსოვთ ის რეპლიკა, პასტერნაკს რომ მიაწერენ? – „უხერხულია, იყო სახელგანთქმული". და ისიც გეხსომებათ, პრიგოვმა რომ დაამატა: უხერხულია, იყო სახელგანთქმული... როცა უკვე სახელგანთქმული ხარო.

ვის-ვის და, რუბრიკა „ახალი ხმების" ავტორებს ეს უხერხულობა არ ემუქრებათ. ყოველ შემთხვევაში, ისინი ჯერ არ არიან სახელგანთქმულები და, შესაბამისად, არ ბოჭავთ საზოგადოების მიერ მათზე შექმნილი წარმოდგენები. ზოგჯერ ისე ჩანს, თითქოს ლექსებში სქოლიოსავით შემოტანილი ემოციები, ერთი შეხედვით, ჟანრის კანონის კარნახითაა შექმნილი და არა – როგორც ჩემი კოლეგა იტყოდა, „პოეტური გამოცდილების სიმწრით“. თუმცა, ასეც რომ იყოს, ისინი ჯერ ახალგაზრდები არიან, ცხოვრება წინ აქვთ და იმედი მაქვს, ბევრ სიმწარეს გამოსცდიან, ბევრ უბედურებას იწვნევენ და თავსაც არაერთხელ დაიღუპავენ. – პაატა შამუგია

გიო ლომიძე

მალაყი (ქამარი 5)


არ მოუძებნო შესავალი წინადადებებს.
გაამახვილე ყურადღება უცნაურ ხმებზე;
მიანდე ფიქრი უსახელო პლანეტის ქარებს;
ცარიელია ასტროლოგის მოლოდინები.
როგორც სათვალის შეხებისას ხელში ფუჟერი,
ისე გაგუდავს ყველა ბგერას უჩვეულობა.
ნუ გაიხსენებ გუშინდელი ბეკონის ამბავს,
მუცელგაბერილ კატისთვის რომ გადაინახე.
ამბობენ, კატებს შიმშილისგან არ ემუქრებათ,
ცხრა სიცოცხლიდან რომელიმეს გამოყენება.
მაკე მუცლიდან თუ გამოძვრა კუპრივით კნუტი,
რიტუალისთვის ალბათ სადმე გაატყავებენ.
შენ კი მაშინაც იმ ბეკონის სუნი გექნება,
თვითკმაყოფილი მზრუნველობით რომ გაიმეტე.
შენ არსებების ამგვარობას მიეკუთვნები.
დაასახელე რა ფერი აქვთ უგემურ დღეებს,
დანართებივით რომ მიჰყვება ერთი მეორეს,
განუმარტავ და ვერასოდეს გათავისებულ
შემადგენლობის აბსურდული ხასიათებით,
სადაც არსებობს უღიმღამო მოცემულობა,
გამოკვეთილი მუდმივობით განცდა იმის, რომ
ადამიანი ხილვადია, პროპელერივით
ბრუნვის სისწრაფის საბოლოო მომატებამდე.


ლაშა ყაბანაშვილი

დამოუკიდებლობის დღე

ისინი გამოდიან
გამოდიან თავიანთი სახლებიდან
ბავშვებთან ერთად
ან ზოგჯერ ბავშვებს სახლშიც ტოვებენ
გამოდიან ისევ იქ სადაც
ყოველდღიურად აბიჯებენ სამსახურისკენ
გამოდიან და თითქოს ისევ ყველაფერი იგივეა
მხოლოდ ერთი განსხვავებაა
ბორბლების ნაცვლად ჯარისკაცები გორაობენ მთავარ ქუჩაზე
საგულდაგულოდ ღამით ჩუმად რომ გაურეცხავთ
მაგრამ მაინც ვერ მოუსწრიათ
დილით სხვებსაც დაუნახავთ როგორ რეცხავენ
ბეტონი მაინც არ არის სუფთა
ის უბრალოდ მორეცხილია
მორეცხილი ცხელ ამინდში
ისე როგორც ამას სხვა დროს წვიმა იზამდა
ყველა აქ არის
და ცაც თითქოს მოწმენდილია
ერთი ის არის
რომ ჰაერი აღარ გვყოფნის ყველას სასუნთქად
აქ არიან ჯარისკაცები
ჯარისკაცები აფორმებენ ჯავშანტექნიკას
ცენტრალურ გზაზე მთავარი რაზმი
კიდეებიდან ისმის ქუხილი
ეს არის ხალხი
ან ხმა მოდის დინამიკიდან
ღრუბელი მოდის
გადაღლილი სითეთრისგან
მოჭმუხნული გენერალივით
აცხადებს განგაშს
განგაშია
ეს განგაშია
ეს არ არის განგაში როცა ხელში თოფს იღებ
ეს განგაშია უბრალოდ წვიმა
და მოგიწევს სახლში წახვიდე
ჯარისკაცები
პერანგის ქვეშ იარაღებით
გარბიან თავის ბულდოზერებთან
მწყობრი არ არის
ეს მხოლოდ მათი სირბილია
ვისაც ცივა და ამას არ იმჩნევს
აქ ყველგან ხალხი
ასფალტზე და გაზონებზე
გუბეებში ჩადგმული ფეხით
თავშესაფრისკენ
მირბიან ერთად
ჯარისკაცები
და ისინი
ვინც არ არიან ჯარისკაცები
მაგრამ მაინც ჯარისკაცებს ზოგჯერ ასწრებენ
ეს ქუჩა ისევ ადგილზე რჩება
უფრო სწორად ყველაფერი რაც მას შეადგენს
თითოეული ბეტონის ფილა
და ხეები ბორდიურში გამოკეტილი
მტვერი და რკინა
ფიგურებად შეერთებული
მთავარი რაზმი
მთავარ ქუჩაზე
ასეულები
ათასობით
ტრიალებენ
ტრიალებენ
ტრიალებენ
ტრიალებენ
ტრიალებენ
და ფეთქდებიან მოლეკულებად.

ნინი ელიაშვილი

დიდი ქვებია და დიდი ქვების დიდი სიმშვიდე.
რასაც ვერ აღიქვამ, მუდამ ქვებს ან წარსულს გაგონებს.
თითქოს ჩაგეძინა და გამოღვიძებას გიშლიდნენ.
სიზმრებს შეეფარე, მშვიდი რეალობის არმქონე.
უცხო სოფელში ხარ. ირგვლივ არაფერი გეკუთვნის.
უმზერ უცხო ხალხს და მათი წინაპრების ნასახლარს.
ალბათ, მზად იყავი, მათი სიყვარული გექურდა.
ალბათ, საბოლოოდ ხარ და საბოლოოდ არცა ხარ.