1.
გაიგონე ფრაზა,
რომ გაიგო, რაზეა.
თარიღებს ჩემგან
მიაქვს წარსული
და ჩემთან მოაქვს
ისტორია სამაგიეროდ,
რადგან ყველაფერს აიტანს
ეს შაითანი აწმყო.
ერთდროულობის საბელს
თოკზე მოსიარულე
მუშაითი ფეხის მაჯით აბიჯებს,
არ დახედავს უფსკრულებს
ლუკმა უკმარისობის.

 

2.
ჩემი ბილეთია
გამოთქმის ილეთი,
ქუჩა კი ვაგზალი,
ამომაქვს საგზალი.
ჩემი ოთახები,
ბინა და თახჩა
და მაჯლაჯუნა ლოჯი
სტუმარს და მასპინძელს
ვაგონებს აგონებს.
თუ სადმე ჩამოვრჩით
და ჩვენი ჩრდილები
მოედანს მოედნენ,
კი ნუ დავიბნევით,
გავშალოთ კარავი
და მოუწვეველი
დავტოვოთ არავინ,
და ხალხი მილეთის
მოვა და ილოთებს.
ამ ქვეყნის ბითურებს
რა გააბათილებს.

 

3.
დღე იყო, როგორც არბალეტი,
დაღამდა, მოჭრა ბარმა ბელტი
და, როგორც ღიმილი ტუჩების,
დააგდო გაცვეთილ ქუჩაზე.
აბრა მისრიალებს,
აბრამის ბატკანი.
ჩვენ განსხვავებამ გაგვათანაბრა
და ვითომ დიდი ხნის წინ იყო,
ბოლოს რომ ვნახე,
ვხვდები ცინიკოსს.
ვპატიჟებ ყავაზე ავაზებს
და კარზე კაკუნით
ცარიელ ბინაში
ვთესავ მასპინძელს.
სიჩუმით ირწყვება
და სწრაფად ამოდის,
კარს აღებს მტვრიანი
ჭაღივით ჭაღარა.

 

4.
ორი ობოლი ბორბალი,
ველოსიპედი ფიქრია ქუჩის,
მისი შუბლი და ნიკაპია
ტროტუარები.
დრო თუ არ გარბის,
მკლავებს იკაპიწებს,
სახლებს ალაგებს
და ნაჯახის ყუასავით მძიმე
ეჯახება ოჯახების ავეჯს.
ხელს ვინ შეუშლის,
საქართველოა,
იოლი ბიოლოგიის.
ოღონდ ნუ იქნება ბერწი და
ქალი ჩარჩება ჩარჩოში,
კაცი თიხაა, ბრბოდ იძერწება.

 

5.
აბსურდის სურდო აქვს
გონებას მონების,
ორპირ ქარს უძლებდა,
გაუვლის, მორჩება:
მართლმადიდებელი
ურდო ურდულია,
კარ-ფანჯარაზე
მართლა დადებული!

 

6.
კავკასია ავგეოსის თავლებია.
კეფადაკეპილ იმ საუკუნეს
მოსდო სტალინის
ტალახიანი სული.
დღემდე აქ გავლას ველური
არ ერიდება მერიდიანი,
თავი ქუდში აქვს.
აქ რელიგიაც ჩაკეცილია
უტიფრის ხელით,
როგორც უმწეო
წიგნში ფურცელი
სამუდამოდ ჩასანიშნად წარსულის.
გამოისხეს ასი თვალი თავლებმა,
რომ სამოსი, გაჟღენთილი შხამით,
როგორც ცეცხლი მაზდეანს,
დროზე მიაგებონ მას და
წაშალონ პოეტი ლექსიდან.

 

7.
როგორც ბლანტი მკლავები,
ოთხივე კუთხიდან
თუკი თოკებია
გარშემო გაშლილი,
უცნაური ვარაუდის რაუნდი,
მგონი, ისევ გრძელდება,
მგონი, გონგიც ადრეა,
თორემ ჩაკეცვას აქვე რა უნდა.
ვითომ ჩრდილიც გამქრალა,
ისეთია რინგის რანგი.

 

8.
ბგერის ბრგე გერები
ბარგია, რომელიც
ლექსებად აწვება,
რა ჩემი ბრალია,
ლორწოვან ქართულ
პოეზიაში გართულ
თანა და მედროვეს.

 

9.
უცბად არ გიცნონ,
როცა საღამომ
მოწამლა შუბლი
და ჰგავს ოფლიანს.
შინაა შენი შინაარსი,
შენ სტუმარი ხარ
და ღვინის ირგვლივ
მთელი ბოთლია.

 

10.
ვინც არ დავობდა, დაობდა,
ცხოვრება მერერაობდა.

 

11.
უამრავი ამრევი ჰყავს ქვეყანას,
ოღონდ არა ვიგინდარა ქონდრისას.
თუმცა ქონდრის ფერის ცა,
რომელიც მეც მინახავს,
იქნებ და რას გულისხმობდეს,
ღრუბელი იყო მაშინ სმარტფონი,
ქარს მოჰქონდა ტაატით.
დათბა, გადის მარტი ფონს,
ეზოში ყვავის თუთა მეჩხერად
და უჩინარი კლოაკები იკლაკნებიან
და კვირაობით იკბინება ეკლესიები.
რა დროს ლექსია,
სუფრა აფრაა, მაგიდა - გემი,
და კაცის საქმე იქ ლაქლაქია.
ამასობაში კი არ დაღამდა,
ქალის ფრჩხილებზე მუქი ლაქია.

 

12.
ხათრი ათრიე ხორთუმივით,
ეგ რა ბარგია,
როცა გარშემო ზოოპარკია,
შუაში წყალი ჩამოუდის,
დიდი მდინარე
და მოცურავენ წარსულელი
პრიმიტივები ტივებით.
ყველას დაგვიტევს ინტერნეტი
და ფეისბუკის გალია,
და დღემ ცხოვრება თუკი გალია,
არ მოიწყინო,
ახლას ახლავს ყველა დრო,
როგორც კვალი ბორბლების
მიტოვებულ ველოდრომს.
ერთი გუნების გონებას
სასაცილოდ არ გეყოფა
განჯინაში შენახული
კლანჭიანი ისტორიის ტორები.

 

13.
აჯობე ტყუილ უილაჯობას
და ალაგ-ალაგ გადაალაჯე
დეფისნარევი
ფართო ნაბიჯით,
და არგონავტის მკლავით
დაწურე თასი
ჰალუცინოგენ ჰაომა ღვინის.
და თუ ჰა და ჰა იცინიან ეგენი შენზე,
ამის უარესს რას წარმოიდგენ,
რა უარეა მამაცსა ომშიგან პირის მხმეჭელსა.
შენი და მათი
ამ ორი როლის მორალია
ბრმა მორიელი,
რომ უმარილო ცხოვრებაში
არ აგერიოს ალი და მური.

 

14.
ალიბი ალბათ ყალბია
და უდავოა დანაშაული.
ცა მოწმენდილს ჰგავს,
ქარი ნაწვიმარს,
მზე მხართეძოზე ერთობა.
რადგან არ ხარ ხარჯიანი,
ხარახურებს უხარიათ ხარხარი.
ვიდრე გამქრალა,
რქისტანიანი ქრისტიანი
ქრის და პაექრობს ეპოქებისთვის.
საზარელია ლაზარე.
მკითხველო, ალბათ
არ გეხუმრები,
დაბადებიდან სიკვდილამდე
შენ ხარ სამება
და ყველა შენნაირია.