ზვიად რატიანს


13.
კოჭლი ქარი ვარ,
ქუდმა დროსავით მიხელთა.
მეტი არაა ჩემი მტერი,
მე მიამიტი ამინდი მენდოს.
ქუჩა მოვიარე წვიმის ასაკრეფად,
ვნახე, ნახევრად გამყიდველი
ქალის თითებში
ფერი ლიმონებს როგორ იმონებს,
და თქვენს შხამიან გარეგნობას
ინახავს გაუბზარავი
სარკე - ქოფაკი და სარკოფაგი.
პოეტი ვიყო, ბედი მქონია,
მის არც სიფათს და არც კეფას
პოლიციელიც კი არ დაჰყეფდა.

 

12.
ძალაუფლების ძაღლები,
ტიტინა ლიტერატორები,
პამპულა პოლიტიკოსები
არ თაკილობენ, შესაბამისად,
ქოფაკობას, ტირილს და კვნესას.
პატრიარქიან, პატრია რქიან
ანუ პირუტყვ
ქალაქ თბილისს კი
ეხამუშება,
არ ეხერხება
და არც მოსდგამს
დაუგეშავად უთანხმოება.
ძალის უფლებას
ეკეკლუცება,
ფეხქვეშ ეგება
და უკეთებს ნეტარ მინეტს
უფლების ძალა.
და მსუყე უყეფს
ლუკმა უკმაყოფილო
მოქალაქე ლაქებს.

 

11.
სადაც ქალაქის შუბლი დახავსდა,
ძაღლი პოეტის ტყავს დახევს და
არა ძაღლისას.

 

10.
დაბლა გატყორცნილი
ჩემი ოღროჩოღრო ჭერი
მრავალ ქუდს
არგებს და ახურავს
სევდიან გონებას
გუნების მიხედვით
და როგორც კალიას,
რომელიც გაქცევას
ნახტომით აპირებს,
იჭერს მეშვიდე პეშვით.

 

9.
სიცოცხლის აზარტი
სიკვდილმა გაზარდა,
როგორც იდიოტი,
იოტის ოდენა
გონების გარეშე,
ფიქრს კი არ ეშვება,
და მისი თავი,
ავი ან კეთილი,
არა აქვს რაკი,
აზროვნებს ტრაკით.

 

8.
თაგვი თხელი ხალიჩის ქვეშ ხოლმე
ისე ნართაულად მოჩანს,
როგორც ალუჩა ადარდებს ლოყას.
ქუდებს მიაქვთ თავები
და უკვდავებით ტრაბახობენ,
როგორც მოცლილი ხალხი.

 

7.
ნელი მზის ბოლო წვეთი
ითვლის ბალახის ღერებს.
მაინც სხვა ოთახში ენთო,
ჩრდილები ავეჯად მედგა.

 

6.
ამათი ღმერთი ზომბია,
გაცოცხლებული გვამი.
როგორც რამე ლოკოკინა
ტრილობიტს,
გამეტებით მოექცნენ,
მიუთვალეს ხუთი და
კაცი მოკლეს ჭრილობით.
ცოცხალს სცემეს, დასცინეს,
გვირგვინივით დაადგეს
თავზე ეკალ-ბარდები.
მან კი მაინც იძია
უნებლიე შური
და სამარიდან ამოზამბარდა,
მოისხა ზამბახის ტყავი,
შეაჯამა ცოცხალი და მკვდარი
და მოედო ფანტაზიას ობად,
როგორც რამე ურჩხული
და ფრთოსანი ლომი.
მას მერე როგორც
ქარის ქრის ორი
მტვრიანი ტერფი,
იესო და ქრისტე.

 

5.
საღამო ქუდად
ახურავს უფერულ შუბლზე.
თვალები არა,
მძივი მოუჩანს.
ქალის ტანი აქვს
სახით მოკაცოს.
„ოთხჯერ დამპირდი,
უნდა მაკოცო!"
ქუჩა ბუნდოვნად
ოთხივეს ითხოვს
და ღარიბ მოხუცს
გზაჯვარედინით მომდევს.

 

4.
სივრცის ფერ და
გულხელდაკრეფილ
ფოთოლზე ცვარია დრო

 

3.
სივრცე კარია,
რომლითაც
გარედან შედიხარ დროში,
ოღონდ არა
ვიგინდარა
თეთრი დროშით.
ზავი ავია,
არ გაიკარო,
სურსათიანი მკლავით
ომი მომიწამლოს,
სურს.

 

2.
გასწვრივ უჩნდება გაწელილ ქსოვილს -
ვთქვათ, ზეწარს -
ამობურცული ნაოჭები,
როგორც სიმტკიცის ბოლო ღერძები.
ჩვენც ასე ვჩნდებით,
ცოცხალი ხალხი,
უსიცოცხლობით მოჭედილ ცის ქვეშ.

 

1.
ვითომ ჩქარობდა და საქმიანიც ჰქონდეს იერი.
რომ არ დავაცლი დათვლას ათამდე,
ისე გავყვები მოარულ სიკვდილს,
ტომ სოიერის ნაირ ყალთაბანდს.