1.

განა ფიქრის,
ნაირი
რამე მითქვამს განაფიქრის.
დრო, როგორც
კეფით კანაფი, ქრის.
და აიჭრა,
აირია დასტა კარტი,
თითო სულთმობრძავი
თითოს ელოდება,
აქამდე მოეცალაო,
ექიმ-დასტაქარ ტიპს.
ნაუცბათევად მომკვდარს,
პირიქით, იქით უცდიან.
ჯერ შეუმხმარი ნოემბერია
და ძირს არ ყრია
ქუჩის ფოთლები,
რომლებზეც მისვლისას,
უფრო ხომ,
ვიდრე თვითონ შეხება,
შეხების ხმა გეხება.
თუმცა რის ქუჩა,
კალენდრის ტოტზე გავდივარ.
სად არ ბოზობენ სადარბაზოები?
კვირებს ასხია დღეები,
სახლები დგას თვეებად.
არეული აქვს სათვალავი
კვირას დღეების და თვეს კვირების,
წელმა უწყის,
რომელია, რომ ელიან.

 

2.

ღვინო სულის სანდალია
და ისე ვერ გაივლი,
სულ ის უნდა დალიო.
ადამიანი მოწოდებით ეგზემპლარია.
რომ იყოს რამის განსახიერება,
რომ იყოს ნიმუში და მაგალითი,
მისი ზრახვაა ეგზომ ფარული.
ხომ არ ხარ ხეპრე ან გომბიო,
მოდი და რატომ ხდება, გიამბო,
როცა თავსაც მოიბეზრებს
და იგი აგიმბოხდება,
ვინც რამის მაინც მფლობელის ნიმუშად
ვერ გაისარჯა და ვერ იმუშა.
შენ შიმშილით გაშინებს
მაშინ შინ უნიმუშობა.
სიცოცხლის ფასი,
ცხოვრების აზრი
მეტაფორულმა საკვებმა, საზრდომ
კაცს გაუჩინა, უშობა.
მეტაფორაა სულიც სტომაქის
და შიმშილისგან მაინც გაყმუვლებს.
და ყველაფერი ამქვეყნად
ან შენი ტანია,
ან მას ეტანება ის,
რომელიც ამცირებს მას ან ზრდის.
ეს ყოველივე იმიტომ ხდება, რომ
ადამიანი მეტაფორაა.
ნიშნავს კი მეტაფორა
გაყოფას ისეთ ორად,
როცა ერთი მეორეს ანსახიერებს,
ეეგზემპლარება.
ლოთს უთქვამს, ჯანდაბას,
დამიჯდეს თუნდაც ბოლო ლარებად
და ეშმაკისაც
ვიყო კერძი
და ნადავლიო,
მაინც უნდა დავლიო!

 

3.

აი, ია

შენ, ერთის ერთ-ერთო,
ხარ, ვიდრე ერთის ერთ-ერთი ხარ,
რომელიმე ერთი მაინც სანიმუშოს ერთ-ერთი ნიმუში,
რომელიღაც ერთი მაინც განსასახიერებლის ერთ-ერთი განსახიერება.
ადამიანო, მათ შორის შენც კი, პოეტო, ხარ მეტაფორა,
ანუ ხარ ნიმუში დასახული სანიმუშოსი,
ხარ მაგალითი სამაგალითოსი.
ადამიანად დაბადებამ
ეს მოგცა შენ და
შენთვის ეგ
გაიმეტა ფორად.
შენ, ადამიანი ხარ კი?
გადაიხადე
ხარკი!

 

4.

დაფა დაფანტულ ზედ ნაბეჭდავებს
არ ათქმევინებს,
ისეთი რა იქნება,
და რბილი თიხის ტაბულა
ჩლიქის ტოლიც კი
ფარას დაიტევს,
წაიღებს პატრონ-მეცხვარიანად,
თუკი გაშრა და იხისტა.
აფრენილ სიტყვებს იჭერს ის,
როგორც რომ ჩიტი ვერ დაუსხლტება
ბადე-კაკანათებს.
ადამიანიც ეგრეა,
ჯერ ამოკითხვა ჭირს,
მერე კი ხვრეპენ ვარიანტები.
ცოცხალს მოგხედავს,
პოეტო, სიკვდილი.
რაც უფრო უკუნი ღამეა,
მით უფრო ირიბიც
სხივი გეყოფა და გაგანათებს.
ლექსის ხელობა დალოდებაა,
პოეტმა კი მოკეტოს,
ვიდრე გამოთქმას იტყუებს,
როგორც ჩიტს  ბადე და
კაკანათები.
მერამდენედ ჰპირდება
მას ვინმე,
სიტყვაგაუტეხელი,
მოვალო და გაგანათებ იმ
შავი სხივის ანაბეჭდით:
ბიმ, ბიმ, ბიმ.

 

5.

მაგას რა ვუთხარი!
დრო თუ ხარ, შენი საქმეა,
ადგილს რომ ცრემლად ადინო მგზავრი.
თავი მე ის, რომ
მეცადინეობს გაფრენაში
და არ მოისრა,
დინოზავრი მგონია.
მიწამ დარჩენა მიწად ინება,
წყალმა წაიღო მორევების
მორკალული მოწადინება.
ჯერ კი ძველისთვის ვერ მომივლია,
მოძველებული სახელის ძალით
თან ოსტატობად და თან სიგიჟედ ჩამომერთმევა,
ვიცი, ახალი ხელობა.
ამ ზერელე ჩვენი ქვეყნის ყველა მტერი
დამცრობილ და კნინ იყოს.
რაკი მიგვიღია სამმაგი დასტური,
ამ მაგიდას, ტურისტულს,
გურჯისტანადაც წოდებულს,
კონკურენტი კერპების
პანღურით დამაქცევარი
და რელიგიის მიმტანი
ემსახურება წმინდა ნინიკო.

 

6.

მთებზე გადადის ჩემი პრერია
და მომდინარე საღამოებს,
როგორც თევზი დასაყრელად ქვირითის,
აღმა რომ აუყვებიან,
ეგ აჩრდილები ჩემი ერია,
რომელმაც კვამლით ცაზე მიბმული
დადგა ვიგვამები.
წითელკანიანს რომ არ ჰგავს,
არც მკრთალსახიანს,
რომ არც ყვითელი
და არც ზანგია,
ასეთი რა განა ტომია,
ვისია რა ტიკი-ტომარა,
თუ გაიკვირვებ,
მოდი, ჯერ მოვსვათ
ძელგი ღამით პირამდე სავსე
ჩემი მათარა.
ვიცი, დალევა არ გინდა,
ჩემი ხათრის მიუხედავად,
და ყელამდე ხარ პატივისცემით.
მაინც მოგიწევს, ცოტა გადაკრა
და ჩიბუხს ბოლი კბილით მოწყვიტო.
ბევრი არ დამრჩა, ბოლო მომივა, გავიგვამები.

 

7.

ასფალტის სარუხეთს თვალს აჩვევენ
ნარინჯისფერი მტრედის ხუნდები.
ქარი მეგონა, კი შეგხებივარ,
დაგიდია მარჯნის ხუნდები.
მზე მაღლა იყოს, გადაღამდება,
ფანჯრის არ იყოს, შენ არ ხუნდები.
თვალებს ახელ, ახტნენ ახტაჯანები,
ხეკორძულას წყალი მესვას,
ციხე სულ არ ამეგოს,
მკლავი შენთვის დამეგოს.

 

8.

მუზა, უზანგებ ზანგებიანი,
დეზებად მორგებულ
ჩვენს თავს შემოკრავს, პოეტებისას 
შენ იყავი მარჯვენა, მე ვიქნები მარცხენა 
და გადააქცევს ნაუნაგირებ ენას, ამ ჯაგლაგს,
ისევ ისეთ გაუხედნავ ცხენად.
რადგან უკვე მიაჭენებს 
არაფერში არ ვჭირდებით,
მეტი აღარ  უბელოს.
შიშველქუსლიანს დეზებ-უზანგები ეზედმეტება,
გადაგვყრის სადმე ჟანგის პირასაც,
გადაგვიარო, დაგვიტირო, ნისლო, ღრუბელო.
მიწამაც გვჭამოს ტალახიანმა, ახლა ციფრულმა,
მეტი მაინც არაფერი
ჩვენგან აღარ გამოდნება.
სხვებმა აბა, რა იციან,
დროის წმინდა ძეწკვი
მიწის დაძახებულზე
როგორ იცრება მუჭიდან,
მეგობარო, ჩემო, დნება.
მაგათი იყოს ცხოვრება,
მაგათ დარჩეთ ჩალაგებულ
ჩანთებად და ჩემოდნებად.

 

9.

ძმაო, ძმაო, ბრო,
რომ მიდის და მიირწევა,
ქუჩა კი არა, ორგვერდიანი ფურცელია,
ვის არა რომ? სხვებთან ერთად
მე მიკადრებს სადეკემბრო.
რაცაა, თვითონ ავივლი,
ნავი ივლისის.
ჩამოწერილი აქ მაღაზია, აფთიაქი, ბანკი ან კია.
წერტილ-მძიმეს რა უქნია,
შუქნიშანი თვითონ ავსებს, თვითონ სვამს.
ეს აბა, რა აბრაა, უფრო აფრაა,
მელნად ნახმარი ნეონია ზედ კი.
გზას მიიკვლევენ ქალები
კანიან კანიონებად.
ქუჩას ჩაივლის, ჩაიქროლებს, ბაიკ აიკლებს,
ვინმე შეშლილი არქიტექტორი კი არ გეგონოს,
თუმცა გაუდის კვნესა და ზათქი.
თუმცა გგონია, ვინმეს უჩუმრად შლეგობ,
არავინ იცის, შენი ლახვარი, ჩუგლუგი, აფთი აქ არის,
მაინც ყველაფერს გატყობს, ერთს კი თავისას,
ბარათზე დაგროვილ ღიმილებს გითვლის აფთიაქარი.
თუმცა ეს ჩემი პეკინის ქუჩა ფურცელი კი არა,
ძველებურად კონსტრუქტორი ყოფილა, ახლებურად  ლეგო.

 

10.

ჩაცხრები, ჩაინაცრები, გუნების აყალმაყალო.
შინ რომ ამინდი გეგონა, გარეთ ტაროსი გეწევა.
სიკვდილმა კარზე მიაგნო იმასაც, სანთლით საძებარს.
სხვას ხომ არაფერს, ითხოვს მხოლოდ დასვენებას 
შენ მეუბნები  მიდი, უთხარი და მას უენე კარგიო.
არყოფნის ხელში ისე იქნები, არც დასვენებამ დაგღალოს.
უკეთესს რას დავპირდები უენერგიო კაცს.
ბარით იჭრება და მზეზე ბზინავს მიწა, თიხნარი, აყალო.
ის დროც მოვა, დრო რომ წვიმდეს. ენერგია ნერგია.

 

11.

ჩავასწორე, მოსპე წინა.
ჩვენი სამყაროს პირველი
და პირდაპირი მნიშვნელობა,
როგორც გაჩეხილ ტაფობში,
ეყრებოდა უაზრობის ნაფოტებად.
მაგრამ აღმოჩნდა გამოგონილი,
გადატანითი მნიშვნელობა.
ამბობენ, რომ მან შემატა არსებობის,
ამ მეორემო, პეწი ნაღდს.
წყალნი წავლენ და წამოვლენ,
სახეს ვერ ნახავ ვერც უიეროს,
ვერც  უსახეო იერს.
ყოფნის ჯამში ჩავარდნილი
მხოლოდ ისაა და ის არსებობს,
რომელიც იმას განასახიერებს,
რაც მხოლოდ მაშინ
ვარდება ამავე ჯამში
და იმყოფება, თუ ხდება მისი  კი,
რა თქმა უნდა  განსახიერება.
მისი ერთადერთი განძი და არის იერი ქონება,
ურომლისოდაც იგი, მეტაფორა  სწორად გაოცდი,
დაუხმარებლად ასე მბრუნავი, უნავიგაციოდ -
ანუ სამყარო დაინგრეოდა აქა-იქ იერიქონებად.

 

12.

ჯერ დაიჯერე, რომ ჯეროვნება ეროვნებაა,
კომპეტენცია კი ითარგმნება სათანადოობად.
დაჯერებულის დაჯერებას ვერ დასჯერდები,
თუ ის ხარ, ვისაც
მარტო შემოწმების
გრძელმა ბაწარმა, როგორც ფრანი,
მხოლოდ ხელმეორედ შემოწმების ტალღამ,
როგორც რადიოდრონი,
მაჯიან ხელზე
ნდობა დაუბა, ნდობა დაუბა, ნელი.
რწმენა ღმერთის და
საკუთარი ერთადერთობის,
რწმენა გონების წვირეა
და  ხელი, დაუბანელი,
რომელსაც ფარავს ან ანაფორა
ანდა პიჯაკი შარლატანი პოლიტიკოსის.
(იხ. პატრიარქი და პრეზიდენტი, შესაბამისად.)
მათ შორის მიდებ-მოდება,
მოგეხსენება, უძველესია დეფილე,
კაცი კი რაა? ცოცხალ ფილაქანზე
ფილა მიადე ფილებს.
გამოცდილმა კაცმა აცმაც
აცმაცუნა სიცრუის.

 

13.

აზრი მიზანში, აზრი...
არა, არა, კი არ მოარტყა,
აზრი მიზანში არ აგერიოს,
როგორც არევია სტაგირელს.
აზრი აქვს ყველაფერ არსებულს
სადმე, ოდესმეც, რამენაირად მაინც.
აზრი მიზეზი, აზრი მიზეზი ზეზეული
კი არ გეგონოს, რაკი იოანეს ასე ჰგონებია.
აზრი აქვს უკლებლად ყველას და ყოველს.
აზრმა არსებულს გადასძახა  სადაც იქნები,
ყველგან და ყოველთვის,
არა უადრეს ან უგვიანეს,
მეც შენთან ერთად აუცილებლად მოვალ;
ვერ გამექცევი, როგორც ორბიტის
ვერ დააღწიოს თავი თავისით ნეპტუნმა ოვალს.
არ მინდა, მესამედ ისევე რომ ვთქვა,
როგორც შელოცვის რამე ფორმულა:
მას არც განზრახვის, აზრს, არაფერი სცხია.
გადაწნულია აზრი
და არსებული
ისე რასებივით,
რომ არც კი დაესიზმრება
ოთხ კვარტერონს, ორ მულატს.
გაგიმეორებ მაინც გამხელილს:
თითოეული რამ, რაც არის და ხდება,
განასახიერებს რომელიმე
კანონს ან კონას კანონებისას.
ზუსტად ასეა მთელ სამყაროში,
უსაზღვრობიდან უსასრულობამდე
გადაჭიმულიც რომ იყოს იგი.
მაგრამ ერთ მაინც დასაწვავ მარცვალზე მასში
აზრისგან შექმნა და მოქსოვა
მიზანი, მიზეზი, განზრახვა
ერთმა მოცლილმა არსებამ,
თანაც რომ რთული ლექსების მთხზველმა.

 

14.

დაუბერა
და ფორიაქს
ფქვილი მორთავს,
არმისული მაგიდამდე
შეახვედრებს ჩვენსას ორ თავს.
კეფას კი ზომავს შუბლის მტკაველი,
თავს კედელზე თავისი უპოვია ჩრდილი და.
მარცხიან იმ შუქს ღამით მოვიტეხ,
დამცხვარს, მოზელილს
და გადარჩენილს
დილიდან.

 

15.

როგორც ცოფი ცოფიანს,
გზაო, ეგ რა სულიერი დაგმგზავრებია,
სირბილ და სიარულიანი, ლასლასიანი
ხან რა ზის მანდ და ხან მანდ რა გორავს?
გზამ, ახლა თბილისის მაღალმა ქუჩამ,
მგზავრს აღმართში აასწრო და
გადმოხედა ზემოდან.
ხმა გამცა 
ეს ის ყოფილა,
ვინც მოიწონა წონამ ადგილის,
დროის ლორწოა და ფოთლით ლერწამი,
ფესვით მანდრაგორა.
ამასავით შებერტყილი რომ ვიყო,
მეც ზურგზე ჩრდილების ბეწვს შევიბერტყავდი,
ქარის ჩოგანს ავუგდებდი
ამას, როგორც ვოლანს.
მაგრამ უკვე გვიანია,
არც თავზემოთ ძალა მყოფნის.
ნოემბრის ქარიც თებერვლის წყალივით
სადღაც ხეში ჩადგა.
კარგი, მოგცლია-მეთქი, ნუ დარდობ,
ერთის თავი და ბოლოა
გამო და გაერთ-ერთება.

 

16.

მრავალი სიბნელის დამჯამებელი ღამე ტიტანია.
მე პირუტყვების ჯიბრი ბრიალით რას არ მაბრალებს.
ასე ჰგონიათ, მით უფრო დიდია თითო მათგანი,
ერთად შეყრილი მათი რაც უფრო მეტი ტანია.
ჯერ მიხატული, მერე წარწერილი,
ბოლოს კი წიგნი, თვალწინ გადაშლილი
საშოა, საშო და საერთოა დედის მუტელი.
მასში ჩახედვა, ჯერ მიკაწრულის, მერე ნაწერის წაკითხვა,
ხსენება მაინც, ჭიპლარია გადაუჭრელი,
რომელიც ყოველ ჯერზედაც თავიდან გამთლიანდება,
ის შეფერთხილი ანბანის ჯაჭვი, მირონი ამირანისა.

 

17.

უფრო უპრაგონო,
ვიდრე სრულიად უპარაგონო,
ზეცა სულ წუხს
უხსოვარი დროიდან,
ახლა კი  განსაკუთრებით,
რადგან სიბერისაგან
მოსდუნებია ბეჩავს სფინქტერი,
და რასაც ვეღარ იკავებს,
სულ ნექტარია.
ხალხი ცას შარვლად აცვია,
ხალხი ამიტომ სულნექტარია.
კავკასიონის მთას დაყრდნობილიც
ზეცა აღარ ჰგავს, რაც იყო, ხმალსაც,
დრეკად პირიანს, უზნექ ტარიანს.
მთვარეც პირსველი სალესია,
მისგან გაყრილი ნაპერწკალი,
თუკი ქალაქი არ ააფარე,
არა და არ ქრება,
ცაზე ნახტომის მქნელი ირემიც
საწყალდიდობე ზოოპარკშია.
მაინც ზეცა და ჩვენი სულების წყაროა,
ამიტომ ისე მოვექცეთ,
არ სჭირდეს ვითომ ცისტიტი.
თუმცა ბებერი,
ბებერი ხარის რქასავით
ეგეც მხვნელია.
მოკვდება, არ გაგვაგონებს
ენის მოჩლექას, ცის ტიტინს.

 

18.

შუშის მაინც ყოფილიყო,
ვინ ჩაიბაროს ასეთი,
ჩემით სავსე ტარა კანის.
თუმცა როგორ არა,
მასაც მიადგება
საფლავის ფლავის მსანსლავი
ხარბი ჭია-ღუა.
გზასაცდენილიც მათ დაეწვევა
შავი ტარაკანი.
მაგრამ ეგენი რას გადაიხდიან,
თანაც წინასწარ.
და თანაც ისე მედიდურობენ,
რადგან მათით შთაგონებულებს
შეუკერავთ ხალხებს ღმერთი, იეღოვა.
თუ რომელია მისი სახელი,
შინ და გარეთ პირდაფჩენილ
მაგ ბლანტ უფლის?
სავალალოა კი,
რომ არც კი უჭერთ
გომბიოს ქუსლივით ბლაგვ გონებაზე
ეგ ფლატუნა ტუფლი.
სავალალოა კი?
სხვებს რაც გაუტკბათ,
რისთვის უნდა აუშალო,
რატომ უნდა არიო?
არც მაგათ ჩემი ვალი აქვთ,
არც მე  მაგათი.
ააფრინე ალალიო,
რაც არ არი, არ არიო.

 

19.

ჩაიწვა წამი, აურაცხელი,
თავს დასდგომია აუ, რა აურა, ცხელი.
და პურს კი არა, თონიდან ამოვყრი
ცეცხლის ყვრიმალებს.
მანამდე უნდა ჩააკრა, დანამო. ვარაყსო
როცა მოიხდენს, ხელით გატეხო,
რომ ნამგლის ყბაში ნამყოფი
არ გაჭრას დანამო.
ტყუილ-მართალი კარგად მოზილე,
თუ საფუარი არის ცხოვრება,
ცომი ომია.
წარსულს მომავალი, გულმავიწყს, არ ახსოვს.
მოდი, მომაკვდავს მომიარე,
დარჩები გულმშვიდად.
და ნუ ცდილობ,
რომ შორიდან შემარცხვინო,
სიკვდილი რომ არა,
ხომ არც ღვინო დაილეოდა.
როგორც მირაჟია გამოსახულების
არეკვლა ცის თვალზე და გადატანა,
მოთავსება უგონოდ სხვაგან,
ზუსტად ასევე მეტაფორა, მოგეხსენება,
რომ ნიშნავს გადატანას
სანიმუშოსი ნიმუშში.
ამ გადატანის იგი გზაც არის
და განუწყვეტელიც
ომი ნიმუშისა
სანიმუშოსთან.
აწმყოც ეცემა, როგორც მირაჟი,
და ციდან ვარდება,
როგორც კვერცხი ციცრის.

 

20.

დიდი-დიდი
არაუთხელეს
ურთხლის ფოთლის,
მაგრამ უდავოდ მის არაუსქელეს
აწმყოზე მე ვარ გართხმული
და ვაბურთავებ ბოროტ ბარათებს,
როგორც კედელი შვიდთვალა თებესი,
ვიდრე მოვა და საანალიზე სისხლივით
ამიღებს ალღოს
მეც ზღვის ხალხების ტალღა,
გამლღობი ღობის და
ყოველი ყორე-გალავნის.
სქესმა ისქესა,
როცა ისქესა
საქმე სექსისა.
მოვიდა დრო და
მე და ეს აწმყო
ერთმანეთის მუჭებიდან ამოგვისროლა,
ჩვენ კი ერთმანეთს ვეგალავნებოდით,
შესაბამისად, ვექალაქებოდით კიდეც.
მოვიდა დრო და
ყიამყრალსაც კი
მოხუცს მომხოცა ნამუსი,
ერთი ნაოჭიც გაესწორებინოს
თითქოს ორთქლიან უთოს
ამ უცხვირპირო დღისა და მიტკლის.
ის კი,
სიკვდილი აწმყოს დაშლაა.

 

21.

ო, რა შიშველი
იყო შენი ატმისფერი ატმოსფერო,
თვალისთვის მაინც შემომენახა ნეტა კოსმოსურ კომპოტად.
მე ეს უნიჭოდ დაგმანული ღრიჭოები რომ შემომიღრენენ,
გადავაყოლებდი გულსაც და ზამთარს გადავაგორებდი,
როგორც ხელისგულზე მზე დედამიწას უყოყმანოდ დააგოგმანებს.
რადგან ერთმანეთს არაფერი ისე უზადოდ არ დაემთხვევა,
არარსებული არარსებულს როგორც ემთხვევა,
მე კი წმინდანი არსად მინახავს
და არასოდეს არ შემხვედრია კახპა და მრუში,
მაშ, ესე იგი, ყველა წმინდანი არის მრუში,
ყოველი კახპა კი წმინდანია.
უშუქობისას ნავთის ლამპა და სანთელი
ზოგან სადაც ამინთია,
კედლის და ჭერის ცარცი მურშია.
სიტყვების მთლელიც
მიგავდეს ხელი 
რატომაც არა? -
მინდა, დანიანს.
მეჭიროს ზოგჯერ ბარიც და წერაქვიც,
ხან კი  ქლიბი და ლანცეტი.
მთელმა ამ უცნაურობამ
ხან ხასიათში დინჯი წამიქეზა,
დამიღალა ან ცეტი.
ეს უცნაური საჭურველი რა საჩემოა,
წესიერად სწორზეც ვერ გამივლია,
და მე რომ მომთხოვო 
ჟანგიანი ანგლობაა 
თოკზე გასვლა და ჟონგლიორობა.
არა, არა, რა თავიდან?
გაგიცნობდი პირველად,
გაგიცნობდე
კოცნის მტკავლით ავლითაც.

 

22.

ყოველი მინა, რომელსაც
ან მოაქანებს მანქანა,
ანდა იკავებს
ჩარჩო ვიტრინაში,
კარ-ფანჯარაში,
სათვალეში, შუშაბანდებში,
ყველა ასეთი
მინა, რომელიც
გზად შემოხვდება წვიმას,
წვიმის მხარია.
წვიმის წვეთები მინაზე ბარგია,
რომელსაც წვიმა მხრებიდან იხსნის
და დაბლა უშვებს აუჩქარებლად.
ძალა გაძლებას და დაყოვნებას უნდა,
და არ გეგონოს, რომ ინაზება.
მყარის მყარია ყალიბი ალიბის,
რადგან არავის არა აქვს სხვა გზა
იმ გზის გარდა,
რომელზეც დგას და მიჰყავს ნაბიჯს,
ნაბიჯს, რომელიც სიარულის ჩარჩოა.
არჩევანის მირაჟი იყო მარყუჟი,
რომელიც წარსულმა
უახლოეს მომავალს მოსდო
და უმოკლესი
გზით მიიზიდა იგი თავისკენ,
როგორც სჩვევია უნებართვო
და უნებლიე ბუნების ძალებს.
ასე რომ, ჩემი არ იყოს,
შენც ხარ ხელსაწყო,
შენ ხარ სათვალე,
ჭოგრი და დურბინდი, რომლითაც
ის უმოკლესი გზები უკეთესად მოიძებნება.
მათ თან ან ატრიზავებს,
აინუნშიც კი არ აგდებს,
და თუ აგდებს,
ჯაგლაგი მუხლუხოების
ფრუტუნით აფარატინებს
თავისუფლების ოაზისი,
ომი, ნანატრი, ზავებს.

 

23.

უბრალო და სადა რა,
კუტი, ტაკვით კანტიკუნტი,
სად იყო და სად არა,
ფიცრის ლაჯებით უდაღმართო
ქუჩას ბაღისკენ მიაგორებს რომ და,
როდინდელიდან მოდენილია.
თუ ამ ქვეყანამ
უკვე რამდენიმე ანთროპოლოგით,
როგორც გვინეამ, დაიგვიანა,
შენ არ იდარდო,
კაცმა რომ კაცობრიობა
ერთად დალანდოს,
უნდა ახედოს იმ თვალს, რომელიც
ჩვენია სარკე და,
არქეოლოგის კი არა,
პალეონტოლოგისაა,
რომლისაც ბარი
და პალო ენდო ალაგ ლოგინს მიწისას.
არსად მიდის, არსაიდან მოდის,
მიწა დროა, დროა, დრო.
ხელმა, რომელმაც,
კი არ ისურვა, მიწა იწადა,
სივრცის იხმარა საცერი,
გაცრა და გადაგვარჩია ჩია კენჭებად.
ახლა დაგვყურებს,
ახედე იმ თვალს,
ყველანი იქ ვართ,
დროისგან გაცრილ-გაწმენდილები.

 

24.

ცოტაც და ჩემს თავს თქვენობით მივმართავ.
ვინ რა იცის, რომ მე არ ვარ საერთოდ,
არამედ რომ მე დრომ
საქმედ გამიჩინა საორეობა,
თავშესაფარი ყველასი,
ვინც უმაქნისია.
ცდა კი ბედის მონახევრეა,
ასეთ ჭეროხერს
და კარებ, ორო, ტიალს
ვინ მოგისმენს,
ან დაგიჯეროს,
რომ რელიგია ბოროტია.
მართლა რომ ეარსება, რაღას უზამდნენ,
იგი, მოგონილი,
ისე გაყიდეს, გასცეს სარფიან ნისიად.
და მეტ-ნაკლებად
ფეხის ხმას აყოლილ,
თუმცა სხვანაირი არც მოიძებნება,
მორწმუნეს
უსასრულოდ ახდევინებენ,
თითქოს მართლა წიგნის და ბოდვის გარდა
იყო სადმე და, ღმერთო, ერთობოდე
უბადრუკი კურტიზანის სტრიპტიზით.
შეგხვდება ვინმე, ძველი ნაცნობი,
ერთი გგონია, ჰა და ჰა, ორი შენსავით,
ენას ამოიდგამს და აღმოჩნდება,
რომ ერთკაციან ბრბოდ ყოფნა
უჯობს მას თურმე,
ხოლო გონების მაგივრად
ჰქონია ჯამი, რომელშიც
სადმე ყურმოკრულის
ძმარში ჩაუწყვია
სხვისგან მოსმენილის ბასტურმა.
სადაც შენ ხარ, ბრბოკაცო,
იქ არც ვინმე გულად ერთს
და არც ჩემსავით პოეტობისგან გაორებულს
არ დაედგომება,
და თუ მაინც დაედგომება,
დაუჯდება ომებად.
სადაც შენ ხარ ბრბოკაცო,
იქ სიყვარულს არ ქადაგებს ბოკაჩო,
შუა გიზით დიდი ზღვარი;
შეთქმულების უნიჭობით ნაკვებია
მთელი შენი, სიძულვილის პოლიტიკა.
სადაც კი გველის ხვრელი გეგულება,
მიდი და გაგორდი
გოგირდის ბოლით იქაც.


25.

აბა, კაცს იმის გარდა
მეტი რა მოეთხოვება,
რომ იყოს, როგორც
ქვა აბაკუსისა.
სხვა რა უნდა იყოს კაცი
იმის გარდა, რომ იყოს
სხვების მასლაათის ლაითი მასალა.
ან კაცი მეტი რა უნდა იყოს,
მიმთითებელი თუა არსება.
სწორედ რომ ამაზე ხომ მიგვითითებს
ზღაპარიც იესო ნაზარეველის და მითი თებესი.
რადგან ამის ხარ მკითხველი,
იოლად შენიშნავ,
თუ მიგითითებ,
რომ მთის მაჯაზე აშვერილი ის ჯვარიც
მისათითებლად შემართული თითი იყო და
მასზე გაიზარდა ფრჩხილად იესო
და, რომ იმ ლურსმნების
და შუბის ბუნიკის ლითონი
ფრჩხილის ქლიბის სათანადოა.
და ის კლდეც, რომელზეც
სფინქსმა დაიბუდა,
სხვა კი არაფერი,
ისიც მიმთითებელი
თითი იყო და წამოეზარდა
ბრჭყალი, სფინქსად წოდებული,
ვიდრე არ მიადგა კოჭლი მაკრატელი.
ხოლო მითითება თვითონ მიმთითებლის
სხეულს ზრდის და ავრცელებს
მითითებულამდე,
და როდი ამბობს,
იქ იმას შეხედეთო,
არამედ ამბობს,
მე იქამდე ვარ,
მოდით და თვალით მაინც იქ მნახეთ,
სამასჯერ მეტი გექნებათ
სამასლაათო ლაითი მასალა.

 

26.

ასე რამ გაგაგაიძვერა,
ხომ არც რომელიმე სხვა ეპარქიის,
არც ცეცხლოვანი
რწმენის შენ არ ხარ ეპისკოპოსი;
მაინც ასე რამ გაგაგაიძვერა,
არც რომელიმე სხვა დარგის არ ხარ
და  არც მინისტრი ალის.
ასეთი თავზეც მოუხდებოდი
შენ, მოდური კეპის კოპო, სირს.
ქატო იქა და აქ ქეიფია
და ღვინით სავსე
რქისა და მინის ტრიალი.
და ჩავიჩოქე ცალ ფეხზე,
მიწას მუხლით დავამჩნიე ფოსო,
რადგან ისე დავთვერი,
რომ ჩემივე ჩრდილმა
გამომდო სარმა და კვანტი.
იმ ფოსოში ჩაიღვარა, ჩადგა თვალი
და მთელი მისი თვალსაწიერი
ანუ სამყარო,
რომელსაც უფრო შეშვენის 
დროს გადახედე, დამემოწმება 
რომ დაერქვას სათხიერო.
უთხელესია, უსიფრიფანესი
და მაინც მასში დაცურავს
მოკვეთილთანაც დამარცხებისთვის
მაინც განწირული უძლეველი არმადა კვანტის.

 

27.

რადგან და ვიდრე ცოცხლებში ვწერივართ,
სქელი და უხეშად ნაქსოვი ჯვალოს ძაფები
არა ვართ, არა, არამედ ვართო
უფრო უფერო, სიფრიფანა სუფრის ფანები.
ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს!
მე ვიყო ბუდა რა,
და  ტყის კოდალაც,
შენ კი იყო ჭოტი,
არ შევისმინე მათი მუდარა,
გატანჯულ მოქეიფეებს აჩემებული შეძახილით 
ყოფნა კმარა მედ!  ვართობ.
ამათ მაინც ვერ გავაგებინებ,
ისევ შენ მომისმინე,
თვალის თანასწორო,
გზა გავიკაფოთ ერთმანეთისკენ.
ამათი მეც ხომ ხიდია,
ოღონდ სხვანაირი,
აქეთ-იქიდან კი არ აიგება,
წარსულიდან მომავლისკენ
ჭოგრიტ-ტელესკოპივით
და ბამბუკის დასაკეცი ანკესივით
თანდათან იშლება სექცია-სექცია.
როგორ დასვარეს, დაალაქავეს
ისე უდიერად,
ვითომ არც იყოს,
იმის მაგივრად
რომ ეს სიფრიფანა სუფრა აწმყოსი,
თავისუფლების ონკან-კანონად ექციათ.