1.

სად იყო და სად არა,

ვის რითი და რით ვის ება.

უბრალო და სადა რა,

დროა სივრცის თვისება.

ხოლო თვისება ისაა,

რაც არსად სხვაგან,

და ისიც  რებუსად,

მხოლოდ და მხოლოდ

მოიპოვება გრძნობაში, რომელიც

რამეს გრძნობს თვისებად,

როგორც, მაგალითად, ფერსა და გემოს,

ღორღიან ხმასა და ხორკლიან შეხებას.

მაგრამ ამ გრძნობას,

სივრცის თვისება დროს,

ვინმე სუბიექტი კი არ გრძნობს,

არა, არამედ

ის თვითონ იგრძნობა,

უსუბიექტო ანუ ობიექტურ

ცნობიერებაში,

გარშემო რომ გვაკრავს და რომლის ნაწილიც

ჩვენ ვართ, ჩვენ ჩვენი დროებითი ტანებით.

კი, კი, ჩვენთვის უჩვეულო

აბსტრაქციების გარდა, ვერსად შეხვდები

სივრცეს უდროოდ,

რადგან ყველგან და ყოველი ადგილი

განუყრელია დროისგან, ამ თვისებისგან,

რომელიც მას

სულ თან ახლავს,

ამიტომ ვასკვნით, დროის მგრძნობელი,

თვისების ამთვისებელი,

გრძნობის მგრძნობელი ჩვენი

სუბიექტური ცნობიერებით,

ვასკვნით, რომ სადღაც

სივრცეა უდროო და უთვისებო.

თუმცა ვერასოდეს ჩვენ მას

უშუალოდ ვერ შევეხებით,

რადგან ჩვენია დახურული ცნობიერება

და, ესე იგი, გრძნობის მგრძნობელი ვართ არსებები,

სხვა არაფერი და არც არავინ,

გრძნობის ბეწვზე ვკიდივართ,

ზოგს რომ ებაგირება.

სად იყო და სად არა,

ვის რითი და რით ვის ება.

უბრალო და სადა რა,

დროა სივრცის თვისება.

 

 

 

2.

ყველა მიიღებსო თავის ულუფასო.

და ჯამ-ჯამ ჩამოსხმულია

დროის შეჭამანდი,

მოურიდებლად და ნაჩამჩარად.

აქ ყველას ერთად ესადილება,

ვიღაც რომ იტყვის:

ჩუმად ვიარე.

ეხმიანება მეორე:

მე რაც ჩამძახეს,

მხოლოდ ის ამოვიძახე.

მესამის ლავიწს პირი დაუღია:

სიტყვა მე კი არ გამძვირებია,

პასუხად დანა ჩამჩარეს.

სუფრა თვალებს აჯამჯამებს.

სივრცის პური, დაგლეჯილი,

ზოგზე ზედ ხიდად გადებულია,

ზოგიდან თავი ამოუყვია

მხოლოდ წელამდე ჩაწობილს,

ზოგში წინასწარ ჩალაგებულია.

წვიმას რომ მაინც იჭერდეს,

და მერე რა, რომ

ქვეყნის სახურავად ჩალა გებულია.

მარტო, პოეტო, შენი ადგილი

არც მანდ მოძებნილია.

ეტყობა გაგიგეს,

ან გაგიტეხეს სახელი,

რომ ჯიბე-ჯიბე

და აქეთ-იქით

სულ ნათქვამებად ალესილ,

ხარბებ ხარ ბებუთებიანი.

შენ ან საგზალი რად გინდა,

თრობით სახელებს გაიმეორებ.

შენ გარდა ყველა მიიღებს თავის ულუფასო,

ზოგს რომ წვალებად, ძვირად დაუჯდება,

ზოგის იქნება თითქმის სულ უფასო.

 

 

 

3.

როგორც ახლა ვარ,

ისევ ასეთი,

ყალთაბანდობის

და სიტყვებს შორის მაჭანკლობის

 თუ იქნებოდა,

გინდაც ოდესმე გამოჩენილიყო;

იქნებოდა სხვა ის მაქნისი,

ჰიპოთეტური, საჩემო ვაკანსია, რის?

ბევრსაც არაფერს, რომ დაამჩნიოს

ტატუ-სვირინგი, ფერ-ხაზიანი,

სამყარო გემოს გააგებინებს,

მოვა, კანს იარის.

თუმცა

რა ჭრილობა, შეღებილი ნაკაწრებია.

ზოგი მათგანი მრავლის უმრავლესჯერ

ადრე ნაცოცხლებმა გონებამ

კი, ნაწილობრივ მოიგერია

და შეაფერხა ზიანი.

რაღაცით მაინც სამარცხვინოა სიცოცხლე,

სულ წინაპრების, რის ფასად აღარ,

მწვერვალია, გადარჩენების ჯამია ყოლა.

ეს ვინც იყნოსა,

თავთხელ ცხოვრებას

ღრმააზროვანი ბაასი,

სჯა მიაყოლა.

გონებიანი არსება ცხოვრობს,

რომ ის მოიგერიოს,

მაგრამ აბა, როგორ გინდა, რომ

ყოველთვის უკვე ზედ დატანილი

სვირინგი მოიგერიო,

მით უფრო, რომ,

რომელშიც

ხარ გახვეული,

ეგ კანიც მოტანილია,

როგორც მაღლა ცა

და ოტარიდი, ასპიროზია,

მიერ მისივე ხაზ-ფერიანი მასივის.

ნულადაც შევიკრიბები,

თქვენ გადაწყვიტეთ,

გაინაწილეთ, ერგოს

ათასი ამ რომელ ამას

ან იმ ასი ვის.

 

 

 

4.

რას არ იწონის, რას არა,

ერთად რომ შეკრიბო

ქვეყნიერების ყველა კანონი და საიდუმლო,

აიწონის, სულ დიდი, ერთი-ორ კილოს.

და მაინც გყოფნის,

რომ ილასლასო, ნაბიჯ-დაბორკილო.

და დადებული მკლავზეც

ბაწარ-თოკ უპირებ ასე რას,

როგორ შეჰბედავ, შეჰკადრებ

ოკუპირებას ერას.

ზანზალაკებით როცა მოვიდა, დადგა ეპოქა,

მადლიერებამ გა და ასერა

და ჯვარედინად ბაგე გაეპო ქალს.

მე თვითონ ვარ უმითო.

მე ვარ თქვენი მითოლოგი.

და თუ თქვენთვის დღე შეკაზმულია,

ღამე - შეკმაზული,

აქ არც წვიმაა ანადუღარი,

ჩემთან თოვლიც უმი თოვს.

თუმცა უთქვამთ, მაფრთხილებდნენ,

ვერ გაითბობ იმითო ლოგინს.

შენ აქ ნუ მოხვალ, სადაც

ათქვეფილია ნისლი ბურუსში,

სადაც სერები სერიულია.

თქვენთან პასიურ სადისტებს

კერპებად რომ ჰყავთ სტალინი

და სხვა სერიული მკვლელები,

მართლა დრო ხომ არ მოვიდა,

უეპოქო და უერო.

და რაკი ვერ ძლებს

კაცი, უჯოგო, უტომო, უერო,

მართლა იმის დრო ხომ არ მოვიდა,

მადლიერებით მოვიხსენიოთ

ყველა სერიული ის მკვლელი,

რომელმაც აყარა, ახსნა

სიცოცხლის ბორკილი, თოკი და ბაწარი

ცხოვრების ამდენ ტყვესა და მონას.

ან რაღას ვერჩი

გვამების თაყვანისმცემელ

და დახარბებულს ხალხის გონების ოკუპირებას,

რწმენით მომწამვლელ ანაფორიან იფრითებს.

თითო გვამი ხომ, სულ მცირე,

თითო მონობის შემწყვეტი დასტურია.

მოდი, მივაკითხოთ ბიუროს, რომელიც

არ დაინანებს საგზურს,

ერთს კი არა და,

ერთად ასტურიანს.

 

 

 

 

5.

როგორც დამიწყო ცხოვრებამ,

ისევ ისეც დამამთავრებს

ციფრით ის.

რომ არეული გზებივით გვევლო,

არ დაუკლიათ ცდა მამამთავრებს.

თქვენ რაღად მინდიხართ,

დასატირებლად ვინ მოვა და -

აბოლებული, ავსულიც იფრითი.

სულ ჩრდილებში მითქმა-მოთქმით

შემოირტყამს თავზეც ხელს,

ცრემლსაც დაღვრის, ცხელს.

დაიჩივლებს:

როგორ დროზე ვერ შევნიშნე,

გასაცნობად არ ვეახლე.

თუმცა მის სუნს აბა, მე როგორ ვიკრავდი,

სული სულ არ გააჩნდა,

თორემ ო, რას

აიქოთებდა, წაიწყმედდა და

არ დასჯერდებოდა ოცსა და ორასს;

ბოლოსკენ მაინც სადმე წავწყდომოდი, მომესწრო,

ვიდრე მაგის სიკვდილთან

ზერელე კინკლაობას შეწყვეტდა მედიცინა

უხარისხო ექიმად და

უხეირო მედდადაც.

ამას მერე ვინც გაიხსენებდეს, იტყოდეს,

გაფითრებულმა იფრითმა

მართლა კი არ იტირა,

უხვად არამედ იცინა.

მან გადაყლურწა ღვინო სიტყვებით:

თუმცა მიწას ამძიმებდა,

ცასაც გამოეკერა,

ვერ მოირჩინა, არც მოიშორა

ავადმყოფობა პოეტმა, სნება.

მისი ლექსიც, ერთი, ნახე,

სასას როგორ,

სულ რომ დაუქუცმაცო,

ნაფოტებადაც დაუპო, ეტმასნება.

 

 

 

6.

რაკი მკაფიოდ დაკიდე

საკვლევ-სამკურნალო სამიზნე,

მერეც წარმართე ტარგეტირება,

უკეთ გეცინებას თუ არ მოგიტანს,

მოგიტანს მაინც მეტ არ გეტირებას.

ქუსლი უდგას მინებიან სახლებზე

და რა გასაკვირია,

რომ ვიდრე ღამეში,

ჩემ მაგივრადაც,

კაფე-კაფე გაისეირნებდეს,

მზეც რომ გასრისოს,

უცბად ჩაიცვას

თვალში მსროლელი

ცამ გეტრი ალებად.

ზოგჯერ მოხდება, გამოფიტული

დრო გებრუნება, გეტრიალება.

ძალიან ზოგისთვის,

მაგრამ მაინც ხომ

არა მარტო სათქმელადაც იოლია

სხვისი ამგვარად ყოფნის გაზიარება.

თუ მაგარი ხარ, სხვისი არყოფნა გაიზიარე.

თუ ამას შეძლებ, სამაგიეროდ,

რადგან კაცი ვაჭრობისაა,

მოგაძებნინებს შენსას,

მიგაგნებინებს

აქ და ახლა შენს

თურმე არყოფნას,

და გულდასაწყვეტიც

დიდად აღარაფერია.

მითი თუ ზღაპარი მორჩა და

ჯორივით

დადგა ნაბოზარი,

დალიც და სიბერემ

დაღარა ფერია.

გინდაც ძელქვას შემოკრული

ან ისედაც გაბზარული

ახლა შეგიძლია,

სულ რომ გონების განაბო ზარი.

 

 

 

7.

არ გაიგო ზედაშედ და

აღაპ-აღაპ ირიბად ეს:

უცნაური პანდემიის ამბავი

ძილ-ღვიძილში რომ ჩაესმა,

თუმცა რა უნდა მაგან დამაკლოს,

სიფრთხილეს თავი მაინც არ სტკივაო,

ხალხში რაკი გადიოდა,

გაიკეთა ნიღაბი

და მიანდო პირი ბადეს.

არ გეგონოს, უნიავოდ დაგდებულ სიცხეში

შემოპარულ ქარს მოჰქონდეს

ალიკაპი, მაღლა ატაცებული.

მხედველობიდან ნუ გამოგრჩება,

სხვა ყველაფერი როცა მღვრიეა,

გამჭვირვალეა სიკვდილი, ანკარა.

ხოლო ყოველი დღე საკურთხია,

უკვე დაფლულ

გუშინდელ დღეს რომ გაუკეთებენ,

რათა გაგვიხსენონ,

ჭიქა წაგვიქციონ

და მოგვიშორონ სულაც თავიდან.

ზოგი დადის მწარსული.

თქვენი თვალები ერთადერთი

ჯიში და შტამია ვირუსის,

რომელიც არ მევასება.

ამიტომ მიკეთია უჩინმაჩინის პირბადე.

დღე გაგეღება, ზეგამდელი,

დილიან კარად.

შენ გაიკეთე, თუ გირჩევნია, ნიღაბი,

კარგად რომ ჩამოჯდეს,

შენს საფეთქლებზე დაუდგი

სკამი სანიტარიას.

ხალხი დაიპნა ლურსმნებად

და ჟანგმა რომ არ შეჭამოს,

ჩვენ სამმა უნდა მიმოვაჭედოთ:

ქალაქის - ქუჩა,

ლექსის - პოეტი

და ჯადოქრობის

მისანი ტარია.

არ მოგატყუოს,

დამრეცია ფლეიტის ფლატე,

დაშაქრულია სიმი სიტარის.

მკითხველო, თვითონ განსაჯე,

ხარ რისი ტარი.

 

 

 

8.

მე მაწამებენ წუთები,

რადგან მათ თვალში ვეპატარავები

და თითო მათგანს

თავისი თავის

ვემესამოცედები,

თუმცა აუცდენელი,

თანაც მაინც მოცლილი

სამოცი

ციფრების ცმაცუნით მიცდის.

უკვე უთვეურმა,

სამიოდე კვირაც

მან რიგრიგობით უნდა მოიშვლიპოს

და ეთამაშოს სარებიან კალენდარს

წაუგებელი სერსო.

შემთხვევით თუკი მოესწრო

აქაურობის გაუჩემოება

და ჩემი ბეხრეკი სიბერე

არ ემუქრება,

არ ელის ერსო,

სამოცს რა დაუშლის,

წელია, წუთი ხომ არა,

რომ ხელი ჯიბეზე გაიკრას

და, დიდი-დიდი,

მარტო ჟეტონი და დიეტური სიტყვა გაიმეტოს:

„გახდებოდა“.

ვერ დავუწუნებ ამ სიტყვას

მე სამართლებრივ დემოკრატიას,

იგი კანონია,

რომლის წინაშე ყველა,

ამა თუ იმ თარიღის

არა უგვიანეს,

თანაბარია.

მისგან გასწორდეს ყოველი.

შენც თავს ნუღარ გაიწვალებ

მისი მონათესავე

რა მოხდებოდათი

და რა იქნებოდათი.

წლებს ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ,

მე მაწამებენ წუთები.

 

 

 

9.

თუმცა კოჭლი და თანაც ასეთი

ჯანჯალი შენ მაინც

დროის ხელშუბი და ხარ ჯაველინი,

ვიდრე შენს ათას

ხელში გამოვლილ მემკვიდრეობას

ბოლომდე გაცვეთ და დახარჯავ ელინის.

დრო დაუმიზნებს, სტყორცნის

და აფეთქდება ადგილის ტანკი.

ვინმეს შეხვდები, რომელსაც

მაინცდამაინც დღეს

აუარება ეუარება;

ვინმე შემოგხვდება, რომელსაც

ჯერ კიდევ ყოველ

ჯერზე აკვირვებს თავისი თანხმობა.

დადიან ქარის ქალები,

ტან-არა და ტან-კი.

აცალე, თვითონ გაიფცქვნას,

თვალის ჩქარი თქარათქურით

ნუ შემოაცლი

ქარს თავის ნიავებს,

ადროვე მძივების გამოძევება.

ერთსა და იმავე, მაგრამ

სიახლეამოუწურავ

მდინარეში

ათასჯერ შესვლაც,

ნუ გეგონება, იყოს საქციელი

გაუმართლებლად დევიანტური.

ვისი რა საქმეა,

ვინ რას დაგაკლებს,

ვიდრე ცოცხალი ხარ.

თორემ გვამად დაგდებული

მაჩვის საკბილო შეიქნება

ცხრათავიანიც დევი ან ტურის.

 

 

 

10.

აუშვებს ოფოფებს და გაშლის აფრებს,

უფრო ფრეა ფრე,

გამარჯვებაზე რომელიც აფრენს.

ცა იქუფრება, ზემომზიანი,

ალბათ დაალბო დაბლა ბათილი.

მე შეცდომა ვარ, გამორჩენილი,

დამარცხებისთვის

უფრო სადაგი, შესაბამისი და შესატყვისი,

ეპროპრიეტი.

რაღას გამორჩები უკვე გამორჩენილს?

დაარღვევს წესს და

მორიგი მკვირცხლი შეცდომა არევს,

რომ გამოგეპარა, მეტ რიგს.

რადგან ამ არვეს ვერ მოვუარე

და ვერ დავუდექი ვერც გამრჯე მწყემსად,

ვერც ფხიზელ დარაჯად გამოვადექი,

სამაგიეროდ იგი მე გავხდი,

რაც ახლა მათზე დაღია,

მათთვის საერთო ვარ მე პარამეტრი.

თითო მათგანზე მთლიანად ვჩანვარ,

ერთად შევკრებ და ისევ სულ მე ვარ.

ჩემი შეცდომების,

ამ ოღრაშების მე ვარ ჰოლოგრამა.

ჩემნაირს ბოლო

დროზე თუ არ მოუღე,

სულ შეცდომების გახსნის მარაოს,

რომელიც, როგორც აღმოჩნდება,

ცხოვრებას ცხვირწინ უქნია.

ასე აგზნებული ფარშევანგის

სადაფ-მარგალიტით მორთული

გოგმანით გაშლა ფერადია ბოლოსი.

ღმერთის არსებობა ღმერთს რომ არ უქნია,

იქნებ მიმასწავლო ამის გზა მაინც,

რათა მივადგე აღტაცებული.

თუმცაა რის ან სატანა

და რა დიაბოლოსი.

 

 

 

11.

შარში გაეხვნენ,

ცას აუვარდა სლუკუნი,

ასფალტს აუტყდა სლოკინი.

და მოიღუშა მარე - წამოწვიმასავით - არე.

და ვითარებად მისთვის სასურველი

უმოძრაობის მასა ვითარებს,

ჭორ-ამბის სასახელურე

ადამიანი მას ავითარებს.

გავკარი მარად ავტორებს,

რომელი მურა დათვი მე მნახე,

მაინც მათივე სიტყვით დავტორე.

რომ გაუვიდეს მარილი

და აღარ იყოს ქვასავით, მლაშე,

დამდუღრულია სულგუნი.

გამოგორდა დღედ და ქუჩას,

ჩემი მითრევ-მოთრევის

გამომჩორკნელ

არაერთი დაამჩნია გუბე დურგალს.

და ამ დუნდულებიან

ქართულ დუნიაზე

უქმად მელექსეობისთვის

ჩემს მოცლილ ყანყალს კი არა,

იმგვარ ფინიშს ვიმსახურებ,

როგორიც ექნებოდა

სადმე რომთან

ხურდაში მონად ნარგებ,

უკვე ყავლგასულ და გადასაგდებ

და დარგუბედურ გალს.

 

 

 

12.

გაულოთებელი ხელიდან

ჭიქას არ აცდება წვეთიც.

მაღლა დაძაფულ რუებს,

შენ რომ მისდიე

და თითო-თითოს

ასე თვლით თავი გაისავათე

და დაიოსე, ბარი მათი ელის.

სიცოცხლე მორგებისაა.

ყველა ცოცხალს ხელად უცდის

თავისი იოსებ არიმათიელი.

რასაც მოერგები,

ის შეგერგება,

და რასაც არა, გადაკარგულია.

შეხედე, მზით ფეთქავს,

ღვინო მაგ ჭიქის -

მიდი, გადაკარ! - გულია.

უმისამართოდ ქუჩაში მომკვდარს,

მორგიც გერგება.

სინათლედ მიქცია,

ცივი მზე მოზილა ცივილიზაციამ.

მეც მისი ნაყოფი და შუალედური ვარ ნახელავი.

როგორც რაკრაკა ღვინოს - ჭიქას,

კოცნას უწვდის ქალი თავის ნახევარ, ნახე, ლავიწს.

 

 

 

13.

ჰერბარიუმი

 

- დრო ბრძენია?

- არა, არა, დროა გრძნობა და მბრძანებელია!

- დრო თუ გრძნობაა, ვინ გრძნობს ამ გრძნობით?

- არა, არავინ!

- დრო თუ გრძნობაა, რა გრძნობს ამ გრძნობით?

- არა, არაფერი.

- და თუ გრძნობაა დრო, რას გრძნობს ეს გრძნობა?

- სივრცეს. დრო არის გრძნობა, რომელიც სივრცეს გრძნობს!

- კარგი და, საიდან ჩნდება დრო, დრო, რომელიც თურმე გრძნობაა?

- სადაც ერთმანეთში ვეღარ ეტევა სივრცის ნაოჭები,

იქ აღმოცენდება

დრო აუცილებლად, აუცილებლად, აუცილებლად!

- მე რომ რამეს ვგრძნობ, მე, ცოცხალი, რომ ვგრძნობ რამეს,

ეს გრძნობა საიდან ჩნდება?

- როცა დროის ნაოჭები ვეღარ ეტევა ერთმანეთში,

მაშინ აღმოცენდება გრძნობა, რომელსაც შენ ფლობ,

გრძნობა, რომელიც შენ გფლობს,

გრძნობა, რომლითაც შენ გრძნობ!

- კარგი და, ეს ჩემი სხეული, ასე ტანიერი, ხომ სულ მთლიანად

ჩაწობილია სივრცეში, როგორც ბოღლიწოს პური - ღვინოში.

ჩემი გრძნობა თუ დროიდანაა, ტანი კი არის სივრციდან,

რატომაა ისინი, ჩემი ტანი და ჩემი გრძნობა,

ასე განუყრელი ერთმანეთისგან?

- შენი სხეული ხომ მართლა უბრალოდ სივრცეში არაა,

არამედ იცვლება, იცვლება, იცვლება და, ესე იგი,

ეგეც დროშია, იმ დროში, რომელიც

სივრციდან აღმოცენებული პირველი გრძნობაა.

შენი გრძნობა კი, რომლითაც შენ გრძნობ,

იმ პირველი გრძნობის გრძნობაა.

შენ რომ თავი ტანიერი გგონია,

ეგ ტანიც გრძნობიერია.

დრო რომ სივრციდან აღმოცენდება,

დრო აღარაა სივრცეში და არც სადმე ყოფილა მასში.

შენი გრძნობა რომ დროიდან აღმოცენდება,

შენი ეგ გრძნობა აღარაა დროში

და არც არასოდეს

მასში არ ყოფილა.

მიხედე გრძნობებს,

რადგან ეგენი მხოლოდ გროვდება.

- დაგიჯერო?

- ჩემი თუ არ გჯერა, ჰკითხე ბნელ ვარსკვლავს,

ისაა ჩვენი ჰერბარიუმი!

ავტორი :
  • მამუკა ლეკიაშვილი