„You look so tired and unhappy
Bring down the government
They don't, they don't speak for us"
RADIOHEAD – „No Surprises"

მე ვიცი, რას გრძნობენ ადამიანები სამუშაო დღის ბოლოს,
როცა დაღლილ სხეულებს სახლებისკენ მიათრევენ.
მათ იციან, რომ ყოველი მომდევნო დღე
წინა დღის რიმეიკია,
ოღონდ ცვლილებების გარეშე
და ფიქრობენ, რომ გამოსავალი, უბრალოდ, არ არსებობს.

მე ვიცი, რას გრძნობენ ადამიანები, რომლებიც დიდი ხანია, სიყვარულს ელოდებიან.
სიყვარულს, რომელიც შეცვლის მათ ცხოვრებას.
სიყვარულს, რომელიც ერთფეროვნების ბასრი კლანჭებიდან დროებით გაქცევის შესაძლებლობაა
და რა არის სიყვარული, თუ არა გაქცევა?! –
გაქცევა მარტოობის ბლანტი ჰაერისგან,
ოთახის კედლებისგან,
„ფეისბუკის" უაზრო სქროლვისგან,
საკუთარი უსუსურობისა და შერყეული თვითრწმენისგან,
მუდამ ძიების მდგომარეობაში მყოფი საკუთარი თავისგან.

მე ვიცი, რას გრძნობენ ადამიანები იაფფასიან ბარებში: –
ჰიპსტერულად გამოწყობილი, მოწყენილი თინეიჯერები,
სააფთიაქო ნარკომანია და იაფფასიანი ლუდი,
სევდიანი თვალები და უმიზნო ამბოხი,
სასოწარკვეთა და მომავლის რწმენა,
რომ აუცილებლად რაღაც შეიცვლება,
რადგან ცვლილებები აუცილებელია.

მე ვიცი, რას გრძნობენ ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად
გადარჩენისთვის იბრძვიან
და მათ თვალებში დიდი ხანია, სასოწარკვეთამ დაიბუდა.
ხვალინდელი დღის აუტანელი სიმძიმის შიშმა
მათი ინდივიდუალიზმი და ნერვული სისტემა გაანადგურა.
ისინი ვერ ფიქრობენ პიროვნულ განვითარებაზე
და ვერ პოულობენ საკუთარ ადგილს სამყაროში.
მათი გონება პარალიზებულია ყოველდღიური რუტინის მიერ,
მათი პირიდან არასოდეს გაისმება პროტესტის ცოფიანი სიტყვები,
მათ არავინ გაუწვდის დახმარების ხელს.
მათი გეტოების თავზე არასოდეს იფრენენ ლურჯი ანგელოზები.

სად არის მათი საშველი და ხსნა?!
კიდევ რამდენ ჯვარზე უნდა გაეკრან?!
მე ვიცი, რომ იმედის სუსტი ფესვები
კვლავ განაგრძობენ მათ სხეულებში არსებობას
და ისინიც
ელიან, ელიან, ელიან,
დიდი ხანია ელიან
სინათლეს, ნაცრისფერი დღეების იქით.