1.

ეს წიგნი ვთარგმნე, უცხო მკითხველო,
ჩემთვის უცხო და მშობლიური შენი ენიდან,
და, როგორც ხედავ, წაღმა ნათარგმნი ისევ უკუღმა
უთარგმნიათ შენთვის უცნობი, მშობლიური ჩემი ენიდან;

როდის, არ ვიცი, ცხადია. ნუ მეკითხები, შენ უკეთ იცი.
მასში ჩასმული შენიც მომავალი, რაკი ესაა წიგნი სამკითხაო,
შენს მზერას თვითონ ისე იპოვის, როგორც ხელს ეხება ატმის ხაო.

და ნუ გადარდებს, რომ დაიკარგა, გამქრალია ორიგინალი,
რომელიც, ვინ იცის, სწორედ ამ სიტყვებით იწყებოდა.
გამოუცვლია ფლოქვს გაცვეთილი, მორიგი ნალი.

 

2.

არა ზემოთ, არა ქვემოთ, არა წინ და არა უკან,
არამედ განზე, მარცხნივ ან მარჯვნივ,
ნაბიჯი განზე, ნაბიჯი განზე
არის სიარულის კარაოკე.
და რეალობა დარიალივით
ნაბიჯით განზე მიიკლაკნება.
თანაც სიტყვა გაცრუვდა:
რაკი სამყარო უწოდებიათ,
დაუკვირვებლად ნუ გვეგონება
მართლა მყარი და ყალიბში ნამყოფი;
ღამით თუ ბნელა, დილით ანთია,
ის მაინც ყოფნის დილეტანტია.
და გახსნილია მათი მარაო,
და რომელიმე მათგანში
კი არ რჩები და ცხოვრობ
ვითომ ვინმედ და რამედ,
კი არ მიდიხარ, ვთქვათ და,
თუთუნის საყიდლად, არამედ
მთელ უზარმაზარ ახალ სამყაროს,
გვინდა თუ არა, ვირჩევთ განზე ნაბიჯით
ჩვენი ყოველი წვრილმანი განზრახვის შესაბამისად,
როგორც რომ თვალის შესავლებად,
პოემების შესავლებად.

 

3.

როცა ჟინჟღლავდეს მზიანზე,
ვამბობდით, მზე პირს იბანსო,
და შეაბჯრული ქალაქის მიწაც
უცხადებს ნაფლეთ საბანს ომს.

ახლა ვბაასობთ კამათ-კამათით ახალ ზიანზე,
როცა პირს იბანს და თავს პირწმინდად
ქოსა ტყუილა ფულით იქოსებს.
ეგ გაზაფხულმა იცის,

წვიმას რომ იწყებს თანხმოვნების მძიმე წვეთებით,
როგორც სჩვევიათ უმეტესობა პოლიტიკოსებს.
ღამდებოდა, როგორც ლაპლაპა ნახშირი,
გაფანტული გარშემო, განა ხშირი.

რასაც სცინცლავდნენ ბოთე პოეტს,
მას ფულადი ფლიდი ფლობდა.
შუაშია შინაური შიშის შუშა,
ვინც არ გატეხოს, აბუეტია.

 

4.

შენ კი კარგად, ომის ღმერთო, ერთობი,
მაგრამ მდარე მოკვდავისთვის
რაა უარესი არესის,
როცა დახედავს ბადედაც გაშლილ
და ღონით სავსე ამ ომის ვენებს.
მაგან რა იცის, რას ნიშნავს,
როცა ტყავივით გამაძრობ გონსაც,
თან ტან ანტენას მომისვენებ.
მაგანაც უცბად გემო არ გაუგოს
გულუხვად გამასპინძლებას,
როცა ახალი მთვარის
შემოატარებ სახნისს,
მოკლე, ბასრი ბიძგებით
გახსნი სიკვდილის კონსერვს.

 

5.

ძილით აღარ ღირს ღამის ღალატი,
ერთი შევსება დარჩა.
აიკრიფება დღე ლათინური ანბანით,
ჩემთვის კი ღამის ფლოქვებმა
კვალი დატოვეს მხედრული,
ჩემი კუნძულის არშია.
გულს გამიკეთებს ანდაზა:
„დაბალი ღობის ძალა სარშია".
სადღაც ღელავდა ისტორია,
მადას თუმცა არ უჩივის,
წვრილმანები მას არ შია.
არა ღამის ან დღის,
უსუფთაო ქაფით შრება
ისტორიის შრიფტი,
რომელიც მას ჩემს ნაპირზე
ყვითელ ეშვებად უწყვია.

 

6.

მეთქი, არც ერთი წამით წარსულს შენ არ შორდები,
ახლახანდელსაც,
არც ერთი წამით არ უახლოვდები
შენ არც ახლავე მომავალს.
ასე რომ არ იყოს, ვერ იქნებოდი
მიზეზის ჩიხი და შედეგის სათავე ანუ
თავისუფლების შაჰნამე თუ ავენიუ.
მოკლედ მოგახსენებ ამას აქ მე,
სხვა რამეშია საქმე.
უხეშ ნიმუშად, რომ დაირწევა ასე პწკარებად,
ლექსის სტრიქონი იქონიე.
რომ არ დაიბნე, თვითონ ვერ ამჩნევ,
მარცხნიდან მარჯვნივ
და, პირიქით, მარჯვნიდან მარცხნივ,
როგორც თვალის ტრაექტორია ბუსტროფედონია,
სამყაროდან სამყაროში შენ გადადიხარ
და ცვლილება გხვდება იქ, თორემ
თვითონ რომელიმე მათგანში
არც არაფერი არ იცვლება.
მთელი ცვლილება, რომელიც შენ დრო გგონია,
ამ სამყაროებს შორის განსხვავებაა,
თითოეულში მზამზარეული.
გზა ზიგზაგია.

 

7.

სასულიერთო სასწავლებელში
ექლესიის მსახურებს წვრთნიან.
მე სხვაგან ვცხოვრობ,
ვცხოვრობ მათ შორის,
ვისაც არქმევენ ქაოსებს:
აქეთ მოსადილე ოჯახია კატასტროფების;
დღესასწაული მართავს
იქით ათას თრობა სუფრას.
ასე ცხოვრება, ცხადია,
დაგღლის, დაგაოსებს.
მეც მივალ და ვესტუმრები,
მაგრამ რომელს?
მე ორად ვერ გავიყოფი,
და რომელ მათგანსაც არ უნდა მივადგე,
ეგ იქნება და ეგ,
სხვა დამრჩება უნახავი.
ორი ქაოსის მადევარმა სხვა რა ვიღონო,
უნდა გავმართო წვეულება,
მოვიპატიჟო მეზობლები აქეთ-იქიდან
და დრო დავუთქვა,
აუცილებლად ერთად მოვიდნენ,
თორემ თუ ერთმა მოასწრო,
ეგ იქნება და ეგ, მეორე რაღას მოგვაგნებს.

 

8.

ლექსის სქოლიო

მივდივარ, ვუთხრა:
- რადგან კარზე „სამკერვალო" გიწერიათ,
იქნებ ჯინსები შემიტეხოთ,
ცოტა გრძელი მაქვს ტოტები.
თანმიმდევრობით შეპყრობილი არსებაა ადამიანი.
თანმიმდევრობის ცალკე მოკვეთა, თაყვანისცემა
იქცა რიტუალ-რელიგიებად;
და ყოველგვარი რელიგიისგან
ადამიანი
თანმიმდევრობის ტრენაჟორს ელის;
და ამ ენასაც,
ასე მოქნილს, ყველაფრის მიმწვდომს
კეფიდან ქუსლამდე დაუვლის, აერთიანებს
თანმიმდევრობის ჟრუანტელი;
და ყოველგვარიც მორჩილება
მორჩილებაა
ამა თუ იმ თანმიმდევრობის;
და ბატონობაც ნიშნავს,
რომ ბატონი ხარ
რომელიმე თანმიმდევრობის;
და მთელი ჩვენიც საზოჯადოება
თანმიმდევრობის
მეტ-ნაკლებად ბლანტი ბელტია.
საითაც გინდა გაიხედო,
დაბალ-მაღალი მკაფიოა მდგომარეობა
ჩვენი და სტატუსი;
და გონებისაც ფილაქანია
ეს შინაგანი დასტა ტატუსი.
თანმიმდევრობის ზედმიწევნით მოსურნეობამ
გამოგვარჩია ჩვენ, კოსმოსური მაიმუნები.
- ბარემ მითხარით, რა ეღირება,
მორგება ახალი ჯინსების
რა დამიჯდება.
ამასობაში დამიგრძელდა, დამთრევს
ცხოვრება, ლექსის სქელი სქოლიო.

 

9.

დასაშლელია ჭერი, რომელიც
ზურგს მოედო მყუდრო ობად.
შენ კი გეყოფა, რაც გაწვალე.
სამნაირად მეც ამიტანს
მხოლოდ ერთი უდროობა.
ვარ, ესე იგი, აქ არ ვარ.
მიწის თვალებში ჩაწვეთებული
წლების რიგია ქარვა.
მზე ემზადება,
რომ ჰორიზონტზე
წაქცეული
წითელი სხივი დააბჯინოს
ბებერ ბერკეტ კეტად,
რომლის შორი ბოლოთი
გადაღმა აიღებს ღამის საღილეს
და თავის ბოლოს მთელი ტანით დაეკიდება,
რომ ადგილიდან დაძრას, ამოსწიოს.
ღამეს მოჰყვება მთვარე და სხვაც ჟანგი.

 

10.

წლების ცალობა
როცა ოცამდე გაცვდა,
დადგა დაბრუნების დრო, ცარიელი.
გასავლელი ადგილების ნელი ლაქების ამოსაყვანად
იხმარა ცვლილება, სარეცხი ფხვნილი, რომელსაც
არ შეედრება სხვა რომელიმე და რომ არც არიელი.
დაბრუნება ვინ დაგაბრალა, ვინ დაგწამა ოდისევსობა,
საკანცელარიო მაგიდასავით გადაკრულ თვალებს
გახუნებული მწვანე მაუდის მოუდის სევდა.
წელის მოწყვეტამდე მძიმე იქნებოდა
ჩვენი ამდენი ცხოვრება,
რომ არ გვშველოდეს, გვიმსუბუქებდეს
გაპოხილ თოკებგადაგდებული
სიკვდილის უხვი ჭოჭონაქები.
ჩამოვიარე ტაძრები, ჭერმაღლები და ქურუმსაღები,
და ლაწირაკი მღვდელმთავრები, პატრიარქები, ყურუმსაღები,
წყალს წაუღია საქართველოს ყველა მეფეც და თავადიც,
თქვენი ნაქები.
საქართველოს ისტორია
ყველა ნაგავს რომ დაიცავს,
გაამართლებს, ის ტორია.

 

11.

შუბლზე დავკიდე სახე ფარდებად,
დრო დაუბერავს, მოქარავნე, დაანაოჭებს.
ქოხია, რაც ქუხს.
სხვა საიქიო არ არსებობს
სააქაოს გარდა.
ხალხის თვალების გარდა
მითხარი, სხვაგან ეს გამოხედვა,
სხვის მოჯალათე ხელს მინდობილი,
ნარევიც სადიზმ სად იზმორება?
არც სახეებად დაცალკევება
არ უხარია, აშინებს ხალხს, რომლის მკერდში
უმანკობამდე უბრალო ძგერს ბრბო.
რა ქნას, დაემუქრა, ატიალებს
მის სულსა და გონებას
დემოკრატიები -
ჩემი ერთი ხსნა ვიცი,
გვიპოვიდეს ვინმე ნეტა კარგი,
სისასტიკეზე პირკატა რომ არ ეტაკა,
და არ დაიზაროსო, მოიტანოს დიქტატურა.
გიჟია თავისუფალი.
კეფას ავიპარსავ,
უნდა დავიხატო
გაფრენის ნიშნად იქ ტატუ რა.

 

12.

ენა რომ ჰქონდეს თვითნაკეცობას,
ასე ეტყოდა უსათუო გრძნობა-გონებას:
ჩემო სკაფანდრო, რომელიც კი თურმე მოაქვს
ამ უნებლიე ჩემს სირთულეს, რომლის მოღწევამ
გადამიწყვიტა, რომ ვიქნებოდი კოდი და პაროლიც,
რათა თავი ამომეყო ურთულესში, უფრო სწორად,
თავი მეპოვა იმ ბაღის ღობეზე გადაპარულად,
რომლიდანაც მხარს იმას გამოვაყოლებდი,
რომელიც თავისით მომერგებოდა,
ზედგამოჭრილიც ჩემზე,
სკაფანდრად.

 

13.

დრო, ღვინოდ ნადავლი, დავლიე.
არ გადავღვარე მღვრიე,
ბოლო დავისხი, დაველოდები,
როდის ბოდვას
დალექს ლექსის ჭიქაში.
გასაყოფი გაიყოს და მორჩებოდეს დავები,
ცასაც გამოვეკერე
და მიწაზეც დავები.
სიჩუმის ყეფა შეწყვეტს ყოფნას,
რომ არ დააკლეს, იმ ცდად ავების.
ვართ, ესე იგი, აქ არ ვართ-მეთქი,
როცა გითხარი, ეს არ ნიშნავდა,
რომ ვართ სხვაგან სადმე.
შარშან შენ იყავი დროით დაშაშრული,
ვიქნები გაისად მე.
შარშან და გაისად ორი ბასრი პირია მაკრატლის,
რომელიც ცხოვრების ქსოვილს
ცარცით გავლებულ ახლაზე ჭრის.
უნდა ვიცოდეთ, თუმცა არ მოჩანს, მაგრამ აქ რა თლის.
რას დაეძებდა იარაღს,
კაცმა იარა იარა-იარა.
აქვე რომელი ექოთი
ქედია მთებით, მოოქროვილით?

 

14.

ახალ მაცივარს შენ რომ არ დაადო ყინული ვალად,
ეგ იგივეა, სუფრა გიკვირდეს დალევიანი,
ხოლო მე, მიწად მოწოდებულს,
ისე მომმართავდე, ვითომ
არ ვიყო ინვალიდი.
კი არ მაქვს პერგამონი,
საქვეყნოდ ვერ გამომიდია
თავი, თავიდანვე დახეიბრებული,
თავი, თავიდანვე მოსაჭრელად მონიშნული,
თავისი ფესვებით მიწაში დაბმული,
როგორც საწმისის ყვავილი
და ხე, იბერიული.
ვერა ვარ, არა?

 

15.

ფიჭვის გვირგვინი,
ჩამოცვენილი მსუბუქი ნიშანი,
ხელიდან ხელში ათამაშე, გირჩად აგირჩე.
თავს ძალას არ ატან, არამედ გზებს ატან, სიარულიანს.
ზოგჯერ აშკარად მოთენთილი,
ზოგჯერ კი ღალატლატენტური
განსაკუთრებით მაშინ მაშინებ,
როცა სამიზნედ შიში აგირჩევს.
არ დაგვტოვებს, გზები დაგვიტევს,
იტევდა როგორც ის ცის ბაღი ლიანებს.
მოსულა მტერი და გვიტევს.
ზიხარ და სადაც აწყვეტილია,
აბჯარ პერანგებს ლექსებით აღილიანებ.
გზა იმდენია, ყველას რას მოგვიჭრის.
თითო გზას, სულ მცირე, ორი ბოლო აქვს,
ორივე მხარეს ვიაროთ, სულ მცირე,
გაორმაგდება მარაგი გზების,
მტერს აერევა თავგზა.
თუმცა ბორძიკით,
მდევრები მდევარს დავედევნებით.
პოეტი გასწავლის სიკვდილის სიყვარულს.
შენკენ და შენგან მიმომავალს,
შეხედე, გზებს როგორ დავედე ვნებით.

 

16.

გინდაც გაგმარგლონ,
იყო მარგინალი,
მაინც არ იქნები მარტო:
სიკვდილს ახსოვხარ,
ოღონდ ნუ უღალატებ
მას და ნუ შეეცდები,
ისევ სიცოცხლე მართო,
ნუ მიუბრუნდები
ამ განდონების გუნდებს.
ფეხსაც აიდგამს როდესმე
მეორე როდოსის კოლოსი,
უშენოდაც გაიტანს,
გალეწავს კალოს.
კალოში იგულისხმება,
ცხადია, არა ფრიდა.
და არც კალოში მითქვამს
ტალახში სასიარულოდ.
ყოფნა არ ნიშნავს
აუცილებლად
ყოფნას სადმე და
ოდესმე.
ყოფნას ჰყოფნის
ყოფნა არაფრიდან.

 

17.

სწორედ რომ რასაც არ ელი, იგია
მორწმუნე ადამიანი და მისი რელიგია -
გულში აქვს შიში ან სიხარბე, მტკნარები,
გონებაც უკვდება მთქნარებით.
როცა ვიდექი ფლატეზე,
შენ მთავაზობდი ფლოტს.
გეუბნებოდი - გეგმა მაგემე, მაგ გემებს,
თორემ თვინიერ ხმელეთშიც
მაგმა გმინავს და გუგუნებს.
შენ კი აქვე ხარ, კოსმოსო,
მაგრამ სიცივე იცი ველური,
არ შეისმები უზმოზე.
მე სხვა ლექსიდან ვითხოვე სკაფანდრი,
მაგრამ არ მომერგო,
აღმოჩნდა უფრო საკაფანდარე.
სხვის ლექსშიც ვეძებე ქალი - ანდარე,
გადავიპარე და ლომის ტყავში გავეხვიე, ფაფარასხმულში.
დიდხანს ვიარე მზვერავად,
მაინც შემნიშნა
და ვეფხის ტყავში გადაცმულმა
მსტოვარმა ქალმა მაცდუნა,
სიყვარულისთვის გადამიბირა.
თურმე მათავებინა ვებინარის თვალწინ.
ბრიყვი იყვირებს,
რა ხმითაც მე იქ ვიყვირე.
დაუყოვნებლად მომინადირეს
და იქაურმა გმირმა
თავზე მოირგო ჩემი ფაფარი,
კლანჭები მაჯებზე გადაიკიდა,
ესეც ასეო, სამგლოვიაროდ გამოწყობილი
ტყე-ღრეში გადაიკარგა.
უდავოდ იყო შუამდინარელი
გილგამეშის შთამომავალი.
წამოწყებული ცხოვრება,
შენი მოწონებული,
კაცს რელიგიამ ისე მდარედ უქცია,
პატიოსანი საოცრების იოლად შეძლო
ტყუილზე დაყვანა და რედუქცია.

 

18.

როგორც ორია მონაწილე ერთი მინეტის,
ორი მხარეა ერთი მონეტის
ილუზია, რომელიც გმართავს
და ილუზია, რომელსაც მართავ.
რომელიც გმართავს,
არ თავსდება
მხოლოდ შენ გარშემო,
რადგან ის უნდა იყოს საერთო;
შენთან არ თავსდება არც ის,
რომელსაც მართავ.
იგი მანამდეა, იქნება მერეც,
რაც აღარ ზიდავ და გადააგდებ
სხეულის მასას, მას ასე ბალასტს,
როგორც საზღვარი მოიშორებდა
რომლისაც თვითონ არის საზღვარი,
იმ ტერიტორიას.
დრო რომელსაც მძიმედ გადებს,
როგორც თავის ნანადირევს,
მითქვამს,
ის შენი მტერი ტორია.
და შენი მომხრე არც ადგილია,
რომელიც ხოლმე მოგეჩინება.
შეიძლებოდა,
ყოფილიყავი ჩემი სიკვდილი,
შეიძლებოდა,
გრქმეოდა მართა,
შენ, გრძნობასავით მართალს.
მაგრამ არ ვიცი, რა გქვია, მქრქალო.

 

19.

თილისმასავით უმაქნისი
ჰანტელის სახელური,
როგორც რომელიმე
გამრჯე თოხ-ბარის ტარი,
არის ბარისტა,
რომელმაც თითებს
ჭიქებივით ჩამოურიგა
მრავალი კოჟრი:
ო, ჟრიამულიც ისეთი ატყდა
შეკრებილების,
მათი ერთმანეთზე გატკაცუნების!
რა ქნან თითებმა,
ხალხი რომ ბუდედ მიაჩნიათ
მაგათ კაცუნების.
ბოლო იყოს და
თუნდაც ნეკივით იყოს უმოკლესი,
იგია არა აგონია,
არამედ თავისებური
სიკვდილის ჟარგონია,
რომელიც თუნდაც პირველად გესმოდეს,
უცხო და გაუგებარი
რატომღაც მაინც არ გგონია.
წყალია თალესის თესლი თილისმა.

 

20.

წუხელ მონასტერმა,
რომელიც, რა თქმა უნდა, თავისი მონის მტერია,
შეგახსენა თავი
და იგი მოარგე არგენტინას.
სიზმრის შუქზე რუკა იხაზება,
და გაღვიძება იმისთვის ხდება, რომ
ჯაფა ჯიპიესს დაადგეს და მოგეთითოს,
სად იმყოფები იმ რუკაზე. რაც, თავის მხრივ, ნიშნავს,
რომ თავს მოგეხვევა არა შენი, არამედ, სინამდვილეში,
რომლისაც თვითონ
შენ ხარ, ის რაკურსი
და, რომლიდანაც ახლა დანახული
ცხადის მთელი შემოგარენისთვის
ისე უცხოდ ჩანს სიზმრის შუქზე მოხაზული რუკა,
რომ თითქმის არაფერი აღარ გესმის მისი,
აღარც გეცნობა იგი და
რამე ყალბივით გემეტება დასავიწყებლად.
როგორც იკისრებდა ვინმე სუფრას ან
არც თუ ისე საამაყო რამე საქციელს,
რუკას რაკურსი არ უკისრია.
მონასტერი მონსტრია. სტუმარმა კი მითხრა,
მეტი არასოდეს შეხედოო ქალს შიშველ ტანზე ასე სიბრალულით,
თორემ გულსაც მოუკლავ.

 

21.

კარს ება არსება.
არ იყო მასში რამე კატური,
შესაბამისად, არ იყო კარი კარიკატურის.
ნუ მეკითხები, ვარ მიმდევარი, მე აქ, არიქა, თუ რის.
შენ ელოდები ჩემგან პასუხებს,
შეუფასებელს, ფასუხებს.
ო, მე რამდენჯერ დამიკარგავს,
ხვადი სიცოცხლის მკერდზე ამოსულ
შავ ბალანს ბალანსი.
სულ სხვაა შენი მკერდის ორი თეთრი აღმართი,
პალტოს სახელოს შეშურდება, ისეთია
მათ თავზე სადაფის ღილები,
მათ შორის დამირბის, ზოგჯერ კი გულაღმა
ფრჩხილების ციგებზე სრიალებს
თითების რაზმი,
ხარბი და სადაფტაცია.
აქაც სამყაროს საზღვარი გადის
და ფანტაზიაც აყოვნებს ზღურბლთან.
ისაა არსება,
რომელიც კარს ება,
ახლა აიშვა, უკვე კარს აღებს.
გავა და დაიღუპება, კართან დაბმულმა
თუ განიცადა ადაპტაცია.

 

22.

იმ, მე, მისული საზღვართან,
ერთმანეთისგან
რომელიც
არაფერს არ ჰყოფს,
და, ესე იგი,
გავლებულია
ყველგან და ყოველთვის,
სადაც და როცა მას მიადგები,
ვითომ მანამდე ნამყოფი,
ან მერე წამსვლელი
იყო სადმე;
იმ, მე, მისული
საზღვართან,
რომელსაც ხომ ვერ გადააბიჯებ,
ვერც კი გადააფერფლებ,
რადგან არაფერს
ერთმანეთისგან არ მიჯნავს,
გავიცნობ ნაცნობს
და აღარ ვიქნები.
თუმცა არც ახლა
და არც აქა-იქ ვიქნები,
უკვე ისე ვარ გაქნილი.

 

23.

თვითონაც ღოჯებიანი
ქალაქი ერთად აგროვებს
დაჭრილ და მკვდარ ტახებს,
და სულთმობრძავებს
ადებს ქუჩების არტახებს.
მიწამ რომ პირი დაღრიჯა,
ცაა ნაჯღაბნი,
შიგადაშიგ ქუდს მახურავს,
მე მასველებს,
ასფალტს ალტობს.
შენ კი ასეთ მოუქნელს მთხოვ,
რომ გრძნობით ყირა გავჭიმო
და გონებით გავაკეთო სალტო.

 

24.

შეუშინდა ანუ შიში
შეუსახლდა შინ.
ასეთი მდგმური მურია,
ხოლო ცხოვრება არის მღვრიე ალი რა,
მურავს ხალხს, რომელიც
ლამპის შუშასავათ მყიფე და
დამთმობი არე, არეალია.
თუ გაიხიზნე, ზნე გაგეხა
და ხასიათი ხელში შემოგეფშვნა,
დაგარწმუნებენ, ვინც გაერიდა ხალხს,
არეული აქვთ ფსიქიკა მათო.
შენც დაიჯერებ, გულიც გაგიწევს
და გაერევი ხოლმე ჯამაათში,
რათა დადგე და,
ეკადრება როგორც არიფს, იქ იკამათო.
მოგიშორებენ, როგორც რომ იყო
გიჟი და ჟანგი.
თუმცა გადასახდელი
ხარკი ხარ კიდეც,
არასანდო და მერყევი
ნაპირი, ზღვარი და კიდეც.

 

25.

ცხოვრებამ თუმცა მისცა გაცილებით, არგუნა მეტი
განმარტება ყველა გუნების და ყოველგვარი საქციელის
ასახსნელადაც, მაინც მთავარი და ძირითადი, წყალგაუვალიც,
რომელსაც მოიხმობს იგი მიზეზად, „ჩვენ" მეს მთავარი არგუმენტია.

 

26.

ნაღდი
რარიტეტია
ჩარჩო, რომელიც
საკმარისად არის მკაფიო
და, რომელშიც შენ შედარებით
ხარ თავმოყრილი, შეკრებილი, ძლიერი.
და ასეთია, რომელსაც შენ იცნობ,
თორემ სხვებმა რა იციან,
ეს შინაგანი რაა იერი.
რატომაც არა,
ჩარჩოც
შემთხვევით
ჩარჩოდ დაყრილი
თუ ტოტებია ან ტოტემი,
უფალი ღმერთი და რელიგია,
ერი ან რასა, ან საწყალი
მიწაწყალი სამშობლოსი,
წინაპრების რაზმები ან ოჯახის ბანდა,
როგორც წყარო, რომელიც
სინდისს ბანდა,
ღვინის ბინდი და წამლის დოლბანდი,
რომ გაეხვიოს სულის მუმია,
სანამ მისი გვამი უმია.

 

27.

ისიც ხომ ჩვენი ნათესავია,
აფრიკელი პრიმატი,
დიდთვალა და კვიმატი,
ბუჩქის ბალღად წოდებული
ცეროდენა გალაგო.
მაინც ნასახლარს მიგავხარ,
სახლო, როდემდე უნდა გალაგო!
ან ეგ რაა, აზრიანი
ცხოვრება ხომ მიგავს იგავს.
ამბობენ, რომ გალაგოს
გვამს ვერ ნახავ მიწაზე,
არამედ არამ ედრება წუთს რა,
მომაკვდავი გალაგო
ფოთოლ-ტოტებით იწნავს ბოლო ბუდეს და
ჰამაკ-სარეცელს.
მიბაძე, მამუკ, და ბოლო სტუმრის
აუგს ნუ იტყვი, ამაგს არ ეცე.
მერე რა, რომ შენ გარშემო
მოუცელავს არე ცელს.
შენც ყოველდღე იქნები
მომაკვდავი გალაგო,
როგორც გილაგებია,
ისე უნდა ალაგო.