26 მარტს, ინტერნეტში, ჰიროში იოშიდას ნახატი შემომხვდა - a Glimpse Of Ueno Park. ქუჩაში ადამიანები ერთმანეთს ელაპარაკებიან. მათ ზემოთ ხეები კი, თითქოს ვარდისფერი თოვლითაა შეფუთული - ალუბალი ყვავის. 
მე 11 მარტიდან სახლში ვიყავი გამომწყვდეული, უკვე აპრილი დგებოდა - საკურას აყვავების თვე. გაზიარების ღილაკს დავაჭირე, ნახატს სამი წინადადება წავაწერე და მეგობარს გავუგზავნე. საღამოს მისგანაც სამი წინადადება მივიღე პასუხად - დიალოგი იწყებოდა. 
ყოველ დღე ერთ ჰაიკუს ვწერდით და ერთმანეთს ვუგზავნიდით. ზოგჯერ გამოდიოდა, ზოგჯერ - ისე რა. შინ იძულებით ყოფნისას ემოციის გამოთავისუფლება, ბნელ ოთახში შუქის ჩამრთველზე ხელის აკვრას ჰგავდა. 
ახლა კარანტინის ყოველდღიურობა გაქრა, მაგრამ ჩვენ ისევ მზად ვართ, ერთმანეთის სამსტრიქონიანი მონოლოგები მოვისმინოთ. 

ეს, კარანტინის დროს დაწერილი სულ რამდენიმე ჰაიკუა.



ზაფხულო გაზაფხულდი

იასამნის ყვავილს შევყარე მზერა და
დავინახე დამარცვლული ამბები ჩვენი
ამ სამ თვეში რომ არ მომხდარა.

 

***

თითქოს
ერთმანეთს მიუჩოჩდნენ
დაფოთლილი ხეები გარეთ.

 

***

მზეს ველოდები
მტვრის წერტილად
რომ ჰაერში დამკიდოს.

 

მომავალი

ფანრჯისკენ ზურგნაქცევი
კედელს შევთხოვ,
გადაფაროს ძაღლების ყეფა.

 

***

იქნებ, დილამდე
ჩემს მატყლის საბანს
წვეთად შევაშრე.

 

***

აზრი არ ჰქონდა ღამესთან ბრძოლას
და ჩრდილთან ერთად
სიბნელეში გადავიღვარე.