1.

საახალწლო

რად გინდა ჭეშმარიტება,
რომელიც სიკვდილს მიანიჭებს
სიცოცხლეზე უპირატესობას
და იმას დაგიმტკიცებს,
რომ აღარყოფნა უმჯობესია ყოფნაზე.
მოაშორეო აქედან  იტყვი  ეგ ხომ შმორია.
კარგი, ზედმეტად არ შეგაშფოთებ იმით,
რაც შენთვის ნაადრევია.
თუმცა არც იყოს იქნებ ზედმეტი,
თუ დაუკვირდები,
რომ განსხვავება აღარყოფნას
და ჯერარყოფნას შორის
შეიძლება ნიშნავდეს რამეს.
მათ შუა დევს სიცოცხლის
არც ისე დიდი, თუმცა მაინც ზღვარი.
თუ ასე შევხედავთ, თვითონ სიცოცხლე
გამოტოვებული არყოფნაა.
უფრო ზუსტად,
ყოფნა დროებით შეჩერებული არყოფნაა,
რომელსაც მოსდევს განახლებული,
აღორძინებული არყოფნა.
სიკვდილით იწყება არყოფნის რენესანსი
და რესტავრაცია.
ხოლო სიცოცხლე ინტერვალია,
არის ლაკუნა თავდაპირველ
ანუ წინასწარ არყოფნას
და სიკვდილით აღდგენილ
არყოფნას შორის.
სიცოცხლე სიკვდილის ლოყაა.
ასე რომ, ყველგან და ყოველთვის
არის მხოლოდ არყოფნა:
ან წინასწარი არყოფნა
ან შეჩერებული არყოფნა
ან აღდენილი არყოფნა.
შენ შეყოვნებული არყოფნა ხარ,
და თუ არყოფნა უფლებაა,
შენ ხარ არყოფნაშეჩერებული.
როცა ორი შიშველი არყოფნა 
წინასწარი და აღდგენილი 
ეხვევა ერთმანეთს,
მაშინ ხარ შენ!
როგორც ქვაბი ცეცხლზე,
დაეტიე და დრო ხარშე, დრო ხარშე.

 

2.

პერიმეტა ხან იგია,
ხან იგია მეტაპერი.
ბორბალივით მოგორავს ეს სიტყვა,
არ დადგება ხანაგასა,
რადგან მთავარი სიტყვაა
და თუ ის იცი,
არ გინდა მეტი არაფერი.
ხოლო იმ იდიოტს ან თაღლითს,
რომელმაც დაწერა,
რომ პირველად იყო სიტყვა,
სამყარო ლექსი ეგონა,
ან ის ცდილობდა,
რომ ასეთ გაუგონარ სისულელეში
დაერწმუნებინა სხვები
ან თავი მაინც.
არა სამყარო, არამედ
სიტყვით იწყება
ლექსი, რომელიც
მერე წელავს მას
და ზედ იხვევს, და ზედ იხვევს,
როგორც ძაფის კოჭა  ძაფს,
ვიდრე არ ასწყდება თავის დასაწყისს
პირველი სიტყვა,
რომელიც მერე მოქრის,
როგორც წვრილი ხურდა ფული
ძუნწი ხელიდან ნოქრის,
ან ქვა შურდულიდან გამოვარდნილი.
შენ კი ის უბრალო წერტილი გგონია,
დასმული ლექსის ბოლოს.
თუ ლექსს სცალია,
სიტყვაც ცალია.

 

3.

ყლეებისდა სანუგეშოდ უნდა ითქვას,
ამ დაბრედილ და პანტარეიულ
რომ სამყაროდ შეცდომით წოდებულ
სათხიეროში  არ აგერიოს მანდ სამოთხეში 
ძეხორციელი ვერ გახდება მკაფიოდ რამე.
გარკვეულ ვინმედ ან რამედ ყოფნამდე
ბოლომდე მისული გახდომა
მაინც არ ესწრება,
ამიტომ გადასდის დუჟი და ქაფიო დრამებს.
ამიტომ მეფობენ არა დრონი და მეფენი,
არამედ მეფობს მარტო მსგავსება.
მეტნაკლებობით გაზავებული
მსგავსების ელფერი ადევს
ყველას და ყველაფერს
ყველგან და ყოველთვის.
და მზე ანთია როგორ მწვანე
ტორშერიდან და დღეც ისე იღება
და იკეტება, როგორც უქმი სეკრეტერი,
რომელსაც ჰკიდია უფეხო მაგიდა.
უფეხო მაგიდა კიდია,
როგორც მტაცებელი ეკლესიის
მათხოვრებს გამოსხმული ჭიქახარბი ხელი.

 

4.

მიდი, იდიოგენეო,
უთხრეს და
ხელშიც
დააჭერინეს
ლამპის მაგივრად
ადამიანი, როგორც ხელსაწყო,
რომელიც განკუთვნილია
დღისით-მზისით მოსანახად
სინათლის და შუქის.
მუშაობს კი იგი ამგვარად ასე.
სინათლის უდავოდ დადასტურება
რას შეუძლია და  ჩრდილს,
რომელიც შუქსაც დასერს.
და დიოგენეს ხელში
რომელიც უპყრია,
თაკარა მზეში გათანგული
ადამიანი ჩრდილისკენ მიიწევს,
სადაც კი მას თვალს მოჰკრავს.
მას მიჰყვება დიოგენე,
როგორც მისდევენ
უტყუარ გუმანს,
და იქ ჩერდება,
სადაც ხელსაწყოს
შვებით ამოსუნთქვა
ჩრდილს ადასტურებს.
ხარ ჰარბინგერი,
ჩრდილო, და
მაცნე სინათლის,
და განბანილიც
ხარ სინათლეში
და ნურავის ეგონება,
რომ შენია ბინძური რასა.
ხოლო შენ ჩრდილი გიამბობს,
დაუგდე ყური, რასაც:
ხელსაწყოს აუღებ ალღოს
და უბაცესი ჩრდილების
უეჭველ აღმოჩენაში
ცოტა რომ გაიწაფები,
წახვალ და ძებნას დაუწყებ 
ხელცარიელი დიოგენე 
ისევ იმ შენს ლამპას.
და პოვნის მძებნელი,
ძებნის კი მპოვნელი
ჩვენი გენერლის
დაირტყამ ლამპასს.

 

5.

ო, ინერციის პრინციპო,
ვინც არ გიცნობს, რა ხარ!
როგორც ბროუნის მიდებ-მოდება,
შენც ნიშანი ხარ გამოღმა რამის მეტყველი.
თუმცა მთელი ეს გაღმა და გამოღმა
სულ ხილულობის გარშემოა
მკაფიო, შემორაგული.
ღვინოს რომ მოსდგამს
სიმთვრალე, ინებრიაცია,
მერე ინებე ბრიალიც
შავის თვალების, რომელიც
არ დაიშალა ლამაზმან
და რომ სასიძომ შეიტყო,
ატყდა ხანჯლების ტრიალიც.
თავისუფლება ორნაირია,
მაგრამ არა ისე, ისაია ბერლინს
როგორც ეგონა:
არა რაღაცისგან ან რაღაცისთვის
თავისუფლება ორგვარია, არამედ
თავისუფლება
ან ცვლილებისაა,
ან  უცვლელობის;
და უცვლელობის თავისუფლებას
რიტუალის ანუ ჩვევის ბადე ბადებს,
ხოლო ცვლილების თავისუფლება
დაუჭერელი თევზია,
და ორივე უნდა გახლდეს შენ,
რა იცი, როდის რა მოგეპრიანება,
რა იცი, როდის რომელი ერთის ართმევას,
ანუ მეორის იძულებას დაგიპირებენ.
ყოველ ცისმარე დღეს
დილამ დილემა იკითხოს.
ახლა კი პირველსა ზედა მივიდეთ.
როგორც ბროუნის ბრუნვა-ბოდიალი
ამჟღავნებს ყოფნას ატომებისას,
ზუსტად ასევე ინერციის პრინციპიც ამხელს,
რომ ვიმყოფებით განსხვავების აწმყოში,
რომლის გარდა და მის გვერდით
ძევს მსგავსების აწმყო.
ხოლო დროა
ამ ორ აწმყოს შორის
ორი თავისუფლების
მიმოქცევის ამბავი.
ვინც არ გიცნობს,
პოეტო, რა ხარ!

 

6.

გამოიარე, გზა მოიზოლე,
თუ გზამ მოგზილა ილუზიად,
რომელსაც თვითონ შენ იზიარებ,
რადგან დამჯერად ხარ შეზღუდული?
თუმცა საქმეს თუ სჭირდებოდა,
თავიც გემი ჰგონებოდა ღუზას,
თუ სხვანაირად ვერ შეიკრიბება
მსოფლიოს დამპყრობი ფლოტი.
ჰალუცინაცია
გაქვს, თუ გეჩვენება
რამე მაშინ და იქ არარსებული,
ხოლო ილუზია
იმას ჰქვია, რომ
რამე სავსებით არსებული
გეჩვენება მეტ-ნაკლებად სახეცვლილად.
უნდა დაიწვას ყველა ცხადი ცხედარი
და დაიცალოს ყველა საფლავი,
სამარე, მავზოლეუმი,
ყველა აკლდამა და სეფელქარი.
უწმინდეს ფერფლად უნდა დაიწვას და დაიბუგოს
მათი ბარგი, რომ წაიღებდეს მთელ ნაცარს
მზიდან მობერილი კოსმოსური
სოფელ-სოფელ ქარი.
დატვირთული საფლავები
ხომ სანგრებია, რომლებშიც
ჩასაფრებულია ტრადიციული
ტრაიბალური კანიბალიზმი.
და თუკი არ ხართ კაციჭამია ტომები,
დროა, ნებით შეელიოთ ყველა ცხად ცხედარს,
მხოლოდ მკვლევრებმა შეინახონ
გამოსადეგი ნიმუშები, ეგზემპლარები.
აქეთ მაშხალები, გიჟის პერსონაჟო,
და დაგზნებული ლამპრები!
გესმით დროის ხმა?
დროის მთხზველებო,
წამოდით და წამოიღეთ ამბების
აქეთკენო ტაფები!
ილუზიაშიც იბადება
ლამაზი სიზუსტე.
იკმარეთ და აღიარეთ,
ადიდეთ და აქეთ კენოტაფები!

 

7.

ქერცლიანი თევზი,
საახალწლო ბადეში გააბა
ქალაქი მერიამ.
მიდი, აღნუსხე ქვეყნები.
სიას სხვა თვალი გადაავლე,
ჯერ იმ ბოლოდან, მერე ამ.
ხომ ხედავ, ყველა ნომერი ნაომარია
და ყველა მიწა, ადრე თუ გვიან,
გაცვეთილია, როგორც  სახელი მარიამ.
კოვზი ნაცარში ჩაგივარდება,
თუ მოექცევი,
როგორც მოექცეოდა სიას ამური.
ისრის მაგივრად პალო იხმარე,
რადგან ადიხარ მუხანათ კლდეზე.
ნახე, რამდენმა ჩაიცვა თალხი,
ნახე, რამდენი ქვეყანა,
სულდგმული სულ რომ არ ვახსენოთ,
შეეწირება და შეეწირა
რელიგიის გესლს,
როგორც თვალხელის
სიამოვნებას  სიასამური.
წერას და რწმენას ატანილს
თვალს ნუ გაუსწორებ,
იგია მედუზა გორგონა,
დაგბუგავს, წარბს არ შეიხრის,
თუმცა სირცხვილის
ცეცხლით და მურით
სახე მისია სამური.
მომაკვდინებელი კი არის რწმენა
და მასზე დამყნობილი
რელიგია
და თეორიაც ნებისმიერი,
რომელიც პირველის ან უკანასკნელის,
ანდა ორივეს ამომწურავია.
ჭეშმარიტებას ბადებს:
არა მარიამი, არამედ მარაო!

 

8.

მე იმ სოფლის გზა ჯერ არ ვიცი,
ვიცი თუმცა, რომ დასავლეთშია
და, რომ იქ ყველა ჯადოქარია.
ზოგი ორღობეა მხოლოდ აღმართი,
ზოგი კი არის მარტო დაღმართი.
სტუმარს გეტყვიან: მაგია მაგია!

 

9.

თუ ჯადოქარია, რას იქადნება.
საქმეა მქმნელი მქმნელისაც,
როგორც რომ ოღონდ ძაფი იყოს
მთელი თავი ანუ გორგალი
და თვითონ მოიბას არიადნე.
მეც თავიდან დავებადები,
ახალშობილი, თაზა თეზევსი.
თუ სიბნელის ბუნაგები ნაგებია,
მოვლენ მინოტავრებიც.
წამოედება ტუჩით
ცა რომ მთის წვერს,
წვიმს, ზედ იქ ადნება.
ხანდახან წვიმის ხიმინჯები
თუ არ შეუდგი,
ამ ქალაქშიც
ჩამოიქცა ცა,
როგორც კედელი,
ნაბათქაშარზე თან აფორაჯებული.
უჯადოქრო ქალაქში
აცვია ტყუილის ჯარს ანაფორა
და ქალაქს შობა
მოედო ობად.

 

10.

სიკვდილს თესავენ,
მკლავით მოგრეხილ
კისერზე ხნულსაც ავლებენ
და მონადიმე კაცების დანა ხვასტაგის ხარბია.
ისე ყელამდე ხარ ცხოვრების პატივისცემით
და დაგროვილი იმდენია ბარგი-ბარხანაც,
რომ თავიდან მის მოცილებას
მთელი ცხოვრებაც არ ეყოფოდა.
იმისთვის როგორღა აბა, მოიცლი, რომ შეეცადო
თუ რას ვერ ხედავ, იმის დანახვას. ხარ გატარების
ამიტომაც მჯობინებელი. დროს გაატარებ?
გაგატარებს დროდ, რომ დრომ  დრო დროის წილო.
და ერთმანეთის თანდასწრებით
სადაც ერთი შიშველია,
იქ არც მეორეს მცმეოდეს, მებადოს არა რა.
როგორც ველურების წესია,
ალბათ მეც მეოდესმება,
შეკრული გეოდეზია.
განსაკუთრებით აშვერილმა ეგვიპტელებმა
მოიგონეს საიქიო,
რომ გაავრცელონ, გააზვიადონ
მოკვდავების სტატუსი,
რომლისგანაც ააგებს
და სააქაოს ქაოსს
გარს შემოავლებს მომწესრიგებელ ხარაჩოს
და განიმტკიცებს თავს სოციუმი.
ითაკაზე დაბრუნებას
ჩემმა სეხნიამ, რომელმაც ჩემსავით იარავინა,
მოანდომა წელიწადი, ოცი, უმი.
და მაინც დაბრუნდა ეშმაკი დროის
მოხრაკულ კერძად.
ვის არ შეხვდა და
ვის არ დაუსხლტა,
როგორც ჩრდილი უსხლტება ნაბიჯს,
საიქიოშიც კი მიაკითხა ბრმა ტირესიასს.
აღუნუსხავიც დრო მხოლოდ ლეშია.
და მისი საქმეც არც მუტელში და არც ყლეშია,
თუ არ აღნუსხა, კაცია უკაცრიელი.
მანაც არ დაიზარა და დაწვრილებით შედგენილს
არ მოაკლო ტირე სიას.
ფსკერი ვიყო,
მეც ამიტომ შევადარებ ყოველ ლექსს
დროიდან მორჩენილ ლექს.

 

11.

არ დაიჯერებ. ეს ჩვენი სამყარო,
მთელი ეს უზარმაზარზე უფრო უშველებელი
და, თანაც, თვალუწვდენელი სამყარო
არც სივრცეში არსებობს და არც დროში,
რადგან არ არსებობს არც სივრცე და არც დრო,
რომლებსაც ჩვენ მივეჩვიეთ.
სინამდვილეში, ამ დაწყევლილ სინამდვილეში
მთელი სამყარო არის საანგარიშო, აბაკუსი,
რომელიც თვითონ ანგარიშობს,
უფრო ზუსტად კი, ითვლის იმას,
თუ მერამდენედ გადაიღვრება
მსგავსების აწმყო განსხვავების აწმყოში
და, ესე იგი, მერამდენედ ბრუნდება უკან.
ძაღლის თავი დამარხული სწორედ ამ დაბრუნებაშია,
რომელიც განსხვავების აწმყოს
მთელ შინაარსს წაშლის
ხოლმე ყოველ ჯერზე.
ამ გამუდმებით და განუხრელად წაშლის გამოა,
რომ გვგონია,
რომ აწმყო წარსულს ბარდება,
ის კი ბერდება.
სინამდვილეში
არც არასოდეს არ არსებობს წარსული
და არც რამენაირ წარსულს
არც არასოდეს უარსებია.
ცხადია, იყო განსხვავების უთვალავი აწმყო,
მსგავსების აწმყოდან შევსებული,
უფრო ზუსტად,
იარაღივით დატენილი.
მაგრამ ყოველი მათგანი უკვალოდ წაიშალა,
უკვე დაიცალა, გაქრა,
დაუბრუნდა რა მსგავსების აწმყოს.
მხოლოდ აბაკუსი აღრიცხავს
მსგავსების აწმყოდან
განსხვავების აწმყოს დატენვის
და მისი დაცლის მერამდენეობას,
რომელსაც შეესაბამება, ცხადია,
არა რაოდენობრივი, არამედ რიგობითი რიცხვი.
მოგეხსენება, რომ რაოდენობრივ რიცხვებს
არაბული ციფრებით აღვნიშნავთ,
ხოლო რიგობით რიცხვებს  რომაული ციფრებით.
თუმცა „აბაკუსი“ არაბული სიტყვაა,
სამყარო, როგორც აბაკუსი, წერა რომ იცოდეს,
მხოლოდ რომაულ ციფრებს გამოიყენებდა,
ყოველ ჯერზე – თითოს.
არც აბაკუსი და არც რომაული ციფრები
არ შეიცავენ ნულის აღმნიშვნელ ციფრს,
რაც იმას ნიშნავს, რომ
სამყაროს დასაწყისამდე არაფერი
და არც არავინ არ იყო.
სივრცე და დრო კი ჩვენი ჩვევაა, სხვა არაფერი.
აბა, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი?
საიდან და რატომ დაიწყო სამყარო?
მაპატიე, მაგრამ პასუხად,
რომ არ მოგატყუო,
კითხვა უნდა შემოგიბრუნო:
მაინც რა იცი, რომ სამყარო უკვე არსებობს?
ასეთია ამ ჩემი
არალექსის პარალაქსი.

 

12.

მანდ ანდა რა ამბავია?
ორფერდიანი სახურავია ამბავი.
გილგამეშის იქნება თუ სინუჰესი,
ოდისევსის იქნება თუ ტარიელის,
ყველა მთავარი ამბავი წასვლის
და დაბრუნების ამბავია,
ასვლა-ჩამოსვლით
შემოსვლა-გასვლის.
რატომ ასე ხდება,
მანდ ანდა
ანდამატია, თუ რა?
ჩასვლის ფერდზე მაქვს
მე ფერ-ფერხული,
ცნობის ფერხული გამართული.
ამოსვლის ფერდი კი უცნობოა
და მეც უცნობოდ ამოვიარე.
მეხსიერება ჭრილობისაა,
მან დაიარა იარა ავმოიარე.
ცნობა კი სისხლად მოსდის
ამ დაფერდებულ მეხსიერებას.
მყოფად ყოფნის აღმავალმა ფერდმა
თავის სუფრასთან მიმიწვია
ან დამატია, თუ რა?
გონებაც სველი მოსვლისაა,
გადაღმა ფერდზე ცნობის არმქონე
ვიდრე ეგდო რა
იგი, მუდრეგი.
აქეთ კი ცნობის ელდორადოა,
რომელსაც ვერავინ თვალით ვერ ნახავს,
რადგან თვალიც იქითურია.
აქეთურები კიდისკენ
გაუქმების ვართ,
აქედან წაშლის,
ამ ორფერდიან
სახურავზე
უკან ჩამოსვლის,
თან  ყანჩასავით ყინჩად.

 

13.

ოყნა

ყური დაუგდე, ჭიქა ჭიქაზე ჭექს, რომ
ჭეშმარიტება განჭვრეტისაა
და არ ჰგავს ყველა
გზის შემკრებ ექს-რომს.
ყველა გზას და მერე ქუჩას,
ყოველ ველო-ბილიკსაც კი
თავისი წილი ქალაქი
ზურგით თვითონ მოაქვს.
ჩვენი შეკრების მუჭში
ჭეშმარიტება ველვეტობს.
სადაც ეჭვის წყალი შეგხვდეს
და ვერ გატოპო,
იქ მოიხმარე
პირისპირ განჭვრეტა
და პერსპექტივა ნავად და ბორნად,
სახიდედ კი, თუ გაჭირდა,
გაილაგებ შენს სახეებს,
მათ აქეთ-იქით
მიმომხედავებად.
კაცად გონება ცოცხალია,
ვიდრე ედავება.
შუქსაც აცვია ჩრდილის ძონძები,
ფეხითაც წახვალ, ნაბიჯის მხედარი,
გაგიძვირებენ თუ ბილეთ-თიქითს,
რომ ოხრად ოხერს და,
შინ მიმავლმა,
თვალი კარამდე მოჰკრა ტიალს,
ბუდასი არ იყოს, გაუტამასი.
მიეტმასნები მას ნებით
თუ უნებლიეთ,
ატამი ატმის უატმესია
და ყველა მოძღვარი ძღრენია.
ცხოვრება თუმცა მგელია,
ზოგჯერ ჰგავდეს ძაღლსაც ძალით ღრენიანს.
და პოეტების მკვლელი მუჰამადის მიმდევრებო,
ძაღლ იყოს თქვენი მკვდრისადა.
ქრისტიანებო,
თქვენი რწმენაა კაციჭამიობა,
ევქარისტია გაუმაძღარი, ჰა, მადის.
ბოლოს მათ მე ვუწოდებდი ბუდას ტურებს,
ერთგულებას ვინც მშვიდობას უდასტურებს.
და ყველა მოძღვარს თუ გამოვრეცხავთ
კაცობრიობის მღვრიე გულ-მუცლიდან,
შეგვრჩება რა და  სუფთა ჰაერი
და, აჰა, დემოკრატია.

 

14.

რატომ აღარ ანთია,
გადაიწვა განა, თუ რა,
შინაურთა ჩემი მითრაც,
თეთრი კომში  ნათურა?
დენი ხომ არ გამორთეს?
არა, თურმე არ იყო და
ანთებული ჩამიქრია.
აი, უკვე მოვიდა,
შუქი უქირავებია.
შენ იატაკს წაუთაქებ,
შუქო, და
ჭერ-კუთხეებს მოივლი,
დაედები მალამოდაც.
კიდე-კიდე კიდეც
გამიმართე კედლებზე
დაფენილი დეფილენი,
მაღალფეხიანი ჩრდილების
თან მოიყვანე მთელი ამალა მოდა.
თუმცა მალე მოიბეზრე
მუქთა მუქთად სიარული
და თითო ბზარში თითო შერეკე,
უფულოდ დაფალი დეფილე.
ზოგჯერ მზეც შემოგეშველა,
ქარმა რომ ამოსდო აღვირი
და გადააქან-გადმოაქანა.
პოეტს ცეცხლივით აშინებს
ჭეშმარიტების აივნები
და უშეცდომო ბანები,
როგორც მეომარს ეშინია
ომობანების.

 

15.

სივრცეს ხომ დროის
ნასახი ასახიფათოებს,
და დრო სივრცეში
ჩაყრილი ანკესებია.
სულთმობრძავ ჭიაყელებად
წუთები თვალწინ გეკლაკნებიან.
ყველა თევზს შეხვდება თითო,
რომ თავს რამე მაინც აპატიოს.
სიცოცხლე სიკვდილის
ეზოა, შიდა, პატიო.
სიკვდილი გაუქმებაა ბრალის,
ხომ ნათქვამია,
მთელ რომ პარტიას აუქმებს
ერთი პატიო.
ცნობაც ყურადღების არის გაუქმება ასე,
მოდი და გამიადვილე,
აქ დამიჯექი შიშველი ტანით
და მებაასე.
მე წავალ, შენ კი დარჩები
და როცა ჯიბრიანების
ჩაგიქროლებს,
შენი ნებაა, დადებ თუ არ დადებ, რალი.
ჩემზე ნუ დარდობ,
მიჩვეული ვარ,
მე პოეტი ვარ
და წამდაუწუმ მაუქმებენ ჩემი ლექსები.
და ქუჩის გადაღმა
მე რომ სიფათი ვაფათურე,
სახეც ხელია.
ჩემი თუ არ გჯერა,
მოდი და სიტყვის გული დაადე,
გასინჯე, ნახე,
აბა, თუ ცხელია.

 

16.

იქით ყურძენი დადუღებული ღვინოა,
აქეთ კი ჩამიჩ-უმია.
იქ ხმაურია, აურია ურიამ რადგან,
მთვრალმა მოისარმა.
ჩვენ სიფხიზლეში ვიხრჩობით,
აქ ისმის ჩამიჩუმი არ.
არა თან აქეთ, თან იქით,
ნახავ მათ ან აქეთ ან იქით,
საზღვარს არ დაუწყო იწილო-ბიწილო.
ქარს გაუტარებ, მოწმენდს,
თუ აჰყვა მიწის ბიწი ლოდს.
უხუმრობოა სტუმარი,
უმარილოა თუ მასპინძელი.
მტერი ტორია,
რომ ემუქრება ტერიტორიას!
„რა მოუქნელი ყოფილა!“ 
თუკი შესძახე,
რადგან გემაგრა გეოგრაფია,
ფიქრი იაფრე,
ნუ დასჯერდები იაფ რეჟიმებს,
ძვირი არც დაიბადება,
და ფიქრიანი ფანქრით
თავი მოაბი ახალ კანონებს.
შენ კი, კანონის კანო, ნისლი ხარ,
ჩამოწოლილი საზღვარზე.
ვერა კაცი ვერ ეტევა თავის კანში,
და მეტ სხეულად მოისხამს ხოლმე
ჯერ რომ ოჯახს, მერე გვარსა და სანათესაოს,
მერე მთელ ტომს ტომსიკობას დასწამებს,
თავის ტანად უნდა ერი და,
თუ არ დაერიდა,
ბარემ კი კაცობრიობაც;
თავის უმეტეს სხეულად მოისხამს,
ქუჩას და უბანს, ქალაქს და სოფელს,
კუთხეს და მთელსაც ქვეყანას.
მაგრამ საზღვარიც უნდა დაუდოს,
რადგან მთავარი საზღვარ-კანია,
ანიავებს რომლის გარეთ
სხვას ყველაფერს დროის ფაფუკი ქარი.
ბოლოს ხვევნა არ ასცდება არავის
ამ მტრის უმტრესი მატრასის.
გამეორება ხომ ცოდნის დედაა,
ცოდნის დედაც!
მიეცი ღატაკთ საჭურჭლე,
კანონს  ანონსი!

 

17.

ბრალის ბრიალით სავსე დღეშიც მოინახება ღამე.
პოეტი ბრმაა, რომ თავის ტყავზე იწვნიოს, ამოიკითხოს
ის, რაც თავთხელი სამყაროს კანზე ბრაილის შრიფტით წერია,
არ დაიქცევა ქვეყანა, რომ დაიჩემოს ავტორობის მან ცრუ პატივი.
ხალხი ბრძენია: ან რა პატივი ეგაა, შერჩესო,
პატივი ნეხვსაც გვიქვიან ყოფა-ცხოვრების ენითა,
ის კი წინასწარ დასჯილა თანდაყოლილი სენითაც.

 

18.

ტერფი

თუკი ძალები ოსტატებია,
მათი თავკაცი და უსტაბაში
თავად ოსტატია უზუსტობაში.
არ გამოდგება სანდო დოსტების დასტად,
იგია დრო და ყოველი წუთი
ამ უსტაბაშის სტამბაში
დანაბეჭდია უსტარი.
უზუსტობის დამცველია
ყველა მყოფის და ნაყოფის
მედ მუდამ მედროვე დრაივი.
თავისებური გამეტებით
ფოსტა ოსტატობს,
მოლა-მუეძინის ხმასავით
მიედინ-მოედინება,
თუმცა აბრაზე უწერია „ქვეყნიერება
სამყაროს ჯიშის“. შენც მიიხედ-
მოიხედე, სივრცემ სივრცეში.
ირგვლივ ხომ ლაზარეთია,
ჯიშის ჯაშუშებს აშუშებს,
რომლებიც ასე სიზუსტემ,
დაუზარელმა, დაუზარალა.
რამ განასხვავა, რომ გაყო
უზუსტობა და სიახლე,
რომელსაც, შეეპუება რა,
კაცი გულით იახლებს?
დრო რომ დაბეჭდავს
გარემოების გამეორებას,
სივრცის მახედაც დამგები,
ასლებად მასალა ასალამდება.
სიახლე არ მეორდება,
ხოლო უზუსტობას 
როგორც მოსული საიქიოდან
ბაიათივით გასტარბაიტერი,
მუდამ რომ მუდო მუდარის
დგას ტბად 
დაჰფრენს სიზუსტის
ტარიფის ტერფი.

 

19.

იგივენი

არ მოგატყუოს ათასმა ფერმა,
სულ მომავალი გვამების
გულუხვად გამომკვებავი,
სიცოცხლეა გვამების ფერმა.
მუნჯის ენა დედამ იცის.
ვერ დაგიცავს ვერა ჯავშანი
და ჭაობში დედამიწის
რაც გევალება, ჩამოქნილო მაჯავ, შენ ან,
ტურფა ტერფო, ტარიფია ტორფი.
არ მოგატყუოს ფერმა ათასმა,
სიკვდილმა მოირგო ღრმა ფეხსაცმელი,
კარგად შეიკრა,
თასმით ყელამდე ათასმა.
არ მოგატყუოს ღვინით სავსე
ასიათასმა თასმა.
მასზე რომლითაც გამობმული ხარ,
არ გაუწყდება სიკვდილს ის თასმა.
სიცოცხლე რაა,
ვერ დაანაყრებ,
რადგან მთავარი მიდრეკილება
მისია ავტოფაგური.
ხოლო ურჩებზე სანადიროდ,
გამოსაკეტად კი მორჩილების
მოუგონია, მოჯამაგირე სიკვდილისათვის
მას მიუცია, როგორც ხედავ, თოფ-აგური.

 

20.

დამინდე
ამინდებიან
ქუჩაზე
ქალები
მოდიან
და
მინდებიან.

 

21.

გატეხილია ღამე და
დამტვრეულია,
ყრია დღეებად ახლა,
აღარ დაიდგმება დახლად
მჭრელი, ჭრელი ჭურჭელი.
ხან დამჯერია, თვინიერი,
ხან კი ველური, ურჩია
იგი, ვინ და რა
მას, გააჩნია, ურჩია.
ჩემნაირი ქვეითიც კი
ზებრას გახედნის, ვიგინდარა.
საჭე რად უნდა,
კაცმა თუ იავარია,
იავარქმნილი ჰქვია.
და დაკეპილი კეპიც
კეფის პეპლების საჭერად უნდა.
ეგეც აბრა და ფინიკის
ხარმა ხრა ხურმა.
ხალხი ქუჩაშიც ყრია.
ხალხი რა არის,
ხან მადანია, ხან  ხარახურა.
მზემ თუ ნათურა გააბითურა,
თურ ამად ესე ბინდდების.
ისევ ღამეში ჩავეწვეთეთ
და ქრისტიანი ქუჩა-არენის
დაიხუნძლა ციკლოპებით
მთელი შემოგარენი.
ერთი მათგანი მეკითხება
და ამას მირჩევს:
თავს როგორ იცნობ,
თუ არავინ ხარ?
დაიმახსოვრე,
რომელსაც ლურჯი ველვეტი,
ის ხარ, ახურავს.

 

22.

მსგავსების აწმყოდან განსხვავების აწმყოში,
რომელმაც კითხვიდან მოგვრეკა პასუხში,
კაპას, უხშირეს ამ დაბრუნებას
უზუსტობის ძალა მართავს,
შეეპაროს რომ არ მას
და სამყაროს კარვის კალთამ
არ დაიწყოს მობოშება,
და სივრცისაც ყიჟანამ, საომარმა,
გვდევნოს მომთაბარე კოსმო-ბოშებად.
ხოლო სხვაობის დაე ზეპირი დიაპაზონი
დაახლოებით ისეთი იყოს,
რომ არც დამთხვევას
და არც მოწყვეტას ის არ უდრიდეს.
ერთგან გამეფდეს ვეზირი აზონი
და მეორეგან მწუხარებდეს დეირდრე.
რასაც განზრახვას მიადევნებ,
თუ დააწიე,
არის განზრახი.
საშაქარლამო, საბაყლო,
ცხოვრება აყოლისაა.
მოდი და, შეკითხვას ნუ აჰყვები,
დაბადებული პასუხად.
დრო აღმა ქრება,
როგორც მოქურუმო
ქალი იპარსავს
ხორკლიან, მუქ ბოქვენს.
მითი და ისტორია
რამდენი ამბის სავალზეა ერთმანეთისგან?
კიდევ რამდენი ამბის სავალზე ვართ
შენ აქედან და მე მაქედან?

 

23.

რადგან სიკვდილი არყოფნას ამთელებს,
მე და ჩემი წილი არყოფნა ერთად მოვრჩებით.
და თუ ცდა  ბედის, როგორც ევროპა  ევრაზიის,
ყოფნაც არყოფნის მონახევრეა.
ყოფნა არყოფნის ჭრილობაა,
იქიდან მოსდის არყოფნას სისხლი
და სულ იმისი წვეთები ვართ.
მთელი სამყაროს ნამდვილი რუკა,
შეხედავ, ორი თასია:
ერთია მსგავსების,
შეკითხვის და არყოფნის,
მეორეა განსხვავების,
პასუხის და ყოფნის.
პოეტია გუთანი,
ლექსი სახნისია.
წინ წყალი, უკან მეწყერი
ჩემი ხარუღელი
და გუთნისდედა არიან,
და რადგან ახვარს ასე მერხევა,
ერთი ხელი მეხრეც აქვეა,
ხარუღელს სახრეს გადაუჭერს
და სულ ზვირთებად მიერეკება,
ერთს არ შედგება, არ შეისვენებს,
მუხლებში ქარი რომ გაატაროს.
მე კი, ამ ვერან, გუთან პოეტს,
ორანგუტანი გოთვერნების
ქალაქშიც გამივლია
და ორ თასს შორისაც
ხნული საზღვრად გამივლია.

 

24.

მსტოვრის სიმარტოვე მეტისმეტია!
მას რამე მსგავსი მაშინ ემართება,
როცა გაიგებს,
რომ თავის ტანსა და თავში
ჩანერგილია მეთვალყურე ენატანიად,
ჩანერგილია, მერე და, ვის მიერ!
ასეთი რამე გემართება,
როცა გაიგებ,
რომ აზრი გონების ომახიანი პატრიოტია,
გრძნობა კი არის
მორწმუნე ანუ სენტიმენტალური აჯაფსანდალი,
უხვად შეკმაზული
ამპარტავნების მდაბიო მარილით,
ზიზღის ზეთით და
სისასტიკის ცხარე თესლითაც.
აზრსა და გრძნობას შორის კი,
როგორც გაქნილი კურიერი,
ფიქრის მაქო ქრის.
აზრის, გრძნობის და ფიქრის
თვალისთვის უხილავი
მიმიკა-ჟესტიკულაციით
ესაუბრები შენს თავს,
ასე აბრუებ და ასაუბრებ;
ხოლო საგარეო ხელია
ენა, დასიტყვული,
რომლითაც შენს თავს
აუცილებლად საჯაროდ გათქვამ,
როგორც ლიანდაგზე შეაგდებ ვაგონს.
ცალ-ცალკე ხალხი ყველა მსტოვარია,
თავის თავშია ჩანერგილი 
მერე და, ვის მიერ! 
თავისი ტანიდან გამოუტანელი
რომ არც არავინ დარჩეს,
თორემ მიესჯება აუტანლობა,
ხომ იცი, რის მიერ!
პოეტიც მსტოვარია,
ოღონდ პირიქით,
სარჩულით გარეთ.
ისიც ყურს უგდებს და თვალს ადევნებს
ყველაფერს, რასაც ხვდება
გონების შემოგარენთან,
გუნების მისადგომებზე
და მიდამოში გუმანის.
და საერთოდაც,
ჰუმანურობა გუმანურია!

 

25.

დროს რადგან თვალში ვეღარ შეეჩრები,
რომ ისევ გთარგმნოს, რომ ისევ გთარგმნოს,
აი, მაშინ კი მოკვდები, იქ კი მოიღებ ბოლოს.
თარგმანი მთარგმნელს ვერ დაინახავს,
უხილავია დრო, დრო ჩვენთვის უხილავია,
მას ვერც ვერავინ და ვერაფერი ხედავს.
რამე არსებობს და ვინმე არის,
თუ დრო მას თარგმნის
ერთი აწმყოდან მეორეში,
და აღარაა, აღარ,
თუ მას დრო აღარ თარგმნის
ერთი აწმყოდან მეორეში.
დროა მთარგმნელი,
დიდი მთარგმნელი, რომელიც
ერთი აწმყოდან მეორეზე,
მსგავსების აწმყოდან განსხვავების აწმყოზე თარგმნის.
და თარგმანიდან თარგმანში
მთარგმნელს გადააქვს უზუსტობა, ახალს ამატებს,
და ყოველ ჯერზე ეს უზუსტობა ზუსტად იმდენია,
რომ დრო დროს ჰგავდეს, ვითომ მდინარე,
და თევზებივით მოაცურებდეს
დავიწყების ოქროს დინარებს.
არ ვარ მეთევზე, ნაპირზე ვზივარ
მე, უანკესო და უბადეო.
ეჰ, დროვ, დროვ, ვინ რა მოგთხოვოს,
თვითონ არ იცი, ვის რას წაართმევ
და ვის რა დაუბადეო.

 

26.

რადგან მას ვერავინ ჩაავლო
და ვერ განსაზღვრა ინფორმაცია,
ჯანდაბას, აღარ დავიზარებ
და ამას მე ვიზამ:
ინფორმაცია არის ის, რაც ითარგმნება.
ამ დროს ორ ნაპირს შორის
წელამდე გწვდება
ფონი, რომელსაც
გახვალ, გატოპავ,
ხელს ჩამოგართმევს
და დავიწყების წყალი ჩაგივლის.
თუ ბეიტსონის თანახმად,
ინფორმაცია არის განსხვავება,
რომელიც იწვევს განსხვავებას,
ჩემი ვარაუდი უფრო ფართოა
და, ვიმედოვნებ,
რომ მეტად ზუსტიც.
მართლაც, დაუკვირდი,
რომ ამ ახალი განსაზღვრების მიხედვით,
განსხვავებასთან ერთად
ინფორმაცია არის მსგავსებაც,
თუ იგი ითარგმნება,
გადაიტანება
ერთი ენიდან მეორეზე,
ერთი მასალიდან მეორეში,
ერთი ხელიდან მეორეში,
როგორც ნაზი და მსუბუქი
ან მძიმე ძუძუ,
რომლისაც ისე ფორმა ორმაგდება,
რომ მიიზიდოს ორივეგან
ენა და პოეტის პირი,
რომელიც მის კერტს კოცნის
და მარტო ამას ჩივის:
ჰე, ღმერთო, გეარსება,
პასუხს მოგთხოვდი,
რატომ არა ვარ მაინც ორპირი!

 

27.

შენ ის თევზი ხარ, მათგან ნაქსოვი,
ათინათებით ნაპირ-ნაპირ მოანარეკლე.
შენი ჩრდილებით დაბლანდული
და უსახლკარო რუხიც მგელი ხარ,
სადაც ტაფობი რომელმაც ნახოს,
ბუნაგად ძეძვებს დაუთმოს,
სადაც მორი და ორმოა – ნარ-ეკლებს.
და შენი თავი თივაც და ბარგია,
რომელიც ქვეყნად არავის არგია.
ზოგჯერ  პირიქით, ხან კი
მოილანდებდე ხოლმე
აკვარიუმად ურემს.
პატივისცემის საპირისპიროდ,
მე მერამდენედ გავიმეორებ,
თქმით იძულებას სწორად რქმევია დაპატიჟება.
რადგან დაგპატიჟეს, შენ ხარ სტუმარი,
ასე რომ, მადლობაც შენზეა;
მე გაგახსენებ,
თუ მაინც, აქ ვარ, იუმადურე.
ისე ჩაძაღლდები,
როგორც რომ მძიმე მიწა
შვებით აიდენს ხოლმე ოხშივარს,
ოხ, შე დიზაინ დაზიანებულო!

 

28.

როცა მოჰყევი თავის ძაგებას
და თავის გვემით გოდება მორთე,
შენ, ესე იგი, ნეგატიურად,
მაგრამ უდავოდ, წაინარცისე,
თუ, რა თქმა უნდა,
გარშემო თითქმის არავინ იყო,
რომ მიგემართა,
როგორც მელექსეს მოეთხოვება,
თუნდაც არც ისე.
ოღონდ თუ ერთი ხარ,
მეტი რა გზა გაქვს,
ეს ერთიც ხალხის ტოლია,
ხალხი კი მაინც არ ვარგა ერთად,
რადგან ადვილად ვრცელდება ბრბოში,
როგორც მკითხაობა, ვთქვათ, ვინმე ბოშის,
გონების ორი უმძიმესი დაავადება:
როცა ბრბოს მოელანდება,
რომ თავის თავთან შეუღლებული
არის ერთ ხორც და ერთ სულ,
ამ ერთობის განსხეულებად
დასტა ლინგამების,
პრეზიდენტების,
სხვა ხორციელი ვიგინდარების
მთელი გამების
იწყებს უმოწყალო გაბელადებას;
ან როცა თავისი თავით გაბრუებულ
ბრბოს რადგან ჰგონია,
რომ უხილავი ერთია,
იმ ერთს არქმევს  ღმერთს;
ორივე სენი, ზოგჯერ ცალ-ცალკე,
ზოგჯერ კი ერთად მაშინ ემართება,
როცა ბრბოდ ქცეულ ეულ ხალხს,
როგორც გითხარი, თავისი
მოელანდება ერთადერთობა,
მოელანდება, რადგან არა ჰყავს,
არ გააჩნია
იდიოტობის ანტიდოტი  პოეტი.
ან თუ ჰყავს,
ისიც თავისთვის
სადმე ერდოზე ერთობა.