კრისტიან კარლსონი თანამედროვე შვედი პოეტი, პროზაიკოსი და ვიდეოარტისტია. მისი პოეტური პრაქტიკა გულისხმობს სტილების და იმიჯების ცვლასა და შერევას, რაც ენობრივ ექსპერიმენტებსა და სოციო-პოლიტიკური ფაქტების ირონიულ-ფილოსოფიურ ინტერპრეტაციაში გამოიხატება. "მე მინდა, გამოვიწვიო ენა და მისი წესები", - ასე აღწერს კარლსონი ერთ-ერთ ინტერვიუში საკუთარ შემოქმედებით პრაქტიკას. კარლსონი ბილინგვია - წერს როგორც შვედურ, ისე ინგლისურ ენაზე. არის 20-ზე მეტი წიგნის ავტორი.

 

> > >

ბზუილი სიტყვების ნაცვლად:

ეს მძაფრი სუნი,

თითქმის ფოიერვერკის

ნარჩენივით; მაგრამ უფრო

ხუმრობის ტონალობაში ნათქვამი,

ჰო, ისევ იმ ძველი ხუმრობის ტონალობაში,

არასდროს რომ მოგვისმენია, მაგრამ ყოველთვის ვიცოდით.

კრებულიდან „A Crack at the Origins“, აშშ, 2016

 

> > >

ჰარმონიისთვის განწირული კონცხი

როგორც ხიდი ამოიზრდება საგანთა სიმრავლეში

ამ ახალი ქვეყნის საკუჭნაოში

სადაც შენ ფრთებს კარგავ.

პირველად დაიბეჭდა Konceptuella samtidsstudier-ში. შვედეთი, 2016

 

> > > 

მუდამ ავხორცები არიან ენები.

სიტყვების გზნება მუდამ ასაკობრივია.

ასოებს შორის არის ვარიაციები

პოეტური პროდუქციის გამოსაჩეკად;

რემბოს შეფერადებულ ხმოვნებს

ისევ აქვთ დრო განავითარონ

საკუთარი სტრუქტურების ზედაპირი.

პირველად დაიბეჭდა One-Hitting the Wonders-ში, შვედეთი/აშშ, 2016

 

თანამედროვე სასწაულები

დეჟა-ვიუს დეჟა-ვიუ

შანსის ხანდაზმულობა.

სიცხადის ილუზიურობა.

ცხოვრება უფრო აშკარაა, ვიდრე დრო.

სიკვდილისშემდგომი დეჟა-ვიუ.

პირველად დაიბეჭდა ანთოლოგიაში Over Yonder. აშშ, 2012

 

ტრაქტატი

ურთიერთდაკავშირებულობა – ლინგვისტიკის ირიბი სამხილი.

მძიმის ბუნდოვანი სამართალი დასჯადია.

სიმღერა არის ენის ბოდიბილდინგი.