ანდრეი სენ-სენკოვი - წარმოშობით ტაჯიკი, რუსულენოვანი პოეტი. თანამედროვე რუსულ ლიტერატურაში მას ახალი, გამორჩეული ხმის მქონე ავტორად მიიჩნევენ კრიტიკოსები. შუალედურობა, ერთგვარი განყენებულობა, მისი პოეტიკის მთავარ მახასიათებლად ითვლება. "არც ჰერმეტული, არც გახსნილი" - სწორედ ამ ოქსიმორონით ახასიათებენ მის სტრატეგიას. 2015 წელს მიიღო ამერიკის პენცენტრის ჯილდო.

 

EINE KLEINE NACHTMUSIK **

დუმილის სიღრმეში

გამონასკვულია

კივილის ტკბილი ძარღვი

 

კვანძი

პატარაა

 

როგორც ქალაქი

სადაც დაკრძალვებზე და ქორწილებზე

უკრავს

ერთი და იგივე ორკესტრი

 

**მოცარტის „ღამის სერენადა“

 

ხის სათამაშოების შვილები

ჩემი ბურატინო განსხვავდება თქვენი პინოქიოსაგან

რაღაცნაირი თბილი სინათლით

არავითარი უიმედობა

თვალები უბრწყინავს

ხედავს

მოახლოებულ თოჯინურ სოციალიზმს

ჩემს ბურატინოს ჩაჩიც უფრო ლამაზი აქვს

ცხვირი კი გაცილებით ბასრი

როგორც სამართებელი

როგორც ფანქარი

მუდამ წათლილი

მუდამ მზადყოფნაში რომ მიაწეროს

უნიჭო გულიდან ამოხეულ

არტერიულ ქაღალდზე

არავისთვის საჭირო ავტოგრაფი

 

ფოტოს გადიდება,

ფოტოს შემცირება

რობერტ კაპას „რესპუბლიკელის სიკვდილი“

უაღრესად ეფექტური კადრია

შესაძლოა – საუკეთესო სამხედრო ფოტოც

 

კაპას სიკვდილიდან

ათწლეულების შემდეგ

სხვა კადრებიც დაიბეჭდა

იმავე ფირიდან

აღმოჩნდა

რომ ეს ადამიანი არ მომკვდარა

ის ცოცხალია

და მირბის საბრძოლველად

ცნობილ ფოტოზე

ტყვია კი არ მოხვდა –

ფეხი დაუცდა

 

მართლაც დღემდე მირბის

ეს რესპუბლიკელი

ისვრის

და ვიმედოვნებ აცდენს

ისევ სწამს რაღაც ნათელი იდეალების

მე

რომელსაც უკვე აღარაფრის მჯერა

სწრაფად ვხურავ ფოტოალბომს

და გთხოვთ

ეს ტკაცანი იყოს ხმა იმ ტყვიისა 

მაინც რომ გავარდა

 

სიყვარულით მოსკოვიდან

50-იანებში ლას-ვეგასი ტურისტებს იზიდავდა

არა მხოლოდ თავისი კაზინოებით

აზარტული თამაშების დედაქალაქის

ასიოდე კილომეტრში

ამერიკელი სამხედროები ცდიდნენ ატომურ იარაღს

ხალხი იჯდა აივნებზე

ბარებში

იწვა საცურაო აუზებთან

წრუპავდა მშრალ მარტინის

და აკვირდებოდა

აფეთქების შემდეგ ლამაზად ამოზრდილ

ატომურ სოკოებს

ყველანაირ – ბებერა ვერხვისძირა ღვინიო

შხამა მიქლიო ქამა სოკოებს

რომლებიც მრავლდებიან სპორების საშუალებით

არასპორადულად კამათობენ

დგება წვიმიანი

ოდნავ ცივი

 

ჩვეულებრივი საღამო

მოსკოველი ადამიანისა,

რომელსაც არ უყვარს მუსიკა

ის ხელისგულზე პოულობს

სიცოცხლის ხაზს

არ მოსწონს იგი

როგორც თავად სიცოცხლე

თითებით მოჭიმავს

და მოქაჩავს მარცხნივ

მერე მარჯვნივ

შემდეგ მასზე

დებს პატარა საგნებს

ქინდერ-სიურპრიზებს

გაყინულ კენკრას

ფლომასტერით პაწაწინა ტოტებს ახატავს

მაინც არაფერი გამოდის

ყველაფერი უცვლელია

ბოლოს სიცოცხლის ხაზთან მოზიდავს

სიყვარულის ხაზს

და ისინი ერთმანეთში

ყურსასმენის სადენებივით იხლართებიან

 

გასეირნება ფანქრით

(ანტანასს, პალმირას და რუტას)

ვილნიუსის ეკლესიები

მაჯებია

რომლებზეც ახატავენ „კრესტიკებს“

რომ მეორე დილით გაიხსენონ

რაღაც მნიშვნელოვანი

 

„კრესტიკების“ გვერდით

წვიმა რომ „ნოლიკებს“ ხატავდეს

შეიძლება შეეცილო

პირველად

რომელი გახაზავს ელვას

უბის ღრუბლიდან ამოხეულ

ცაზე

 

ვარდისფერი უკვდავება

უფროსი მეგობარი ხუთი წლის პავლიკა

მასწავლიდა როგორ გამესრისა ნაწვიმარზე ჭიაყელები

რაკი სახეები არ ჰქონდათ

 

ზოგჯერ მეჩვენებოდა რომ ჰქონდათ –

ჩვილის

 

ასეთები ცოტანი იყვნენ და ვუშვებდით

ძალიან გაუმართლათ

 

თითქოს დღემდე ცოცხლები არიან

ეს ვარდისფერი ოდნავ ადამიანები

 

ჩვენ სწორად მოვიქეცით, რომ წავაგეთ ეს ომი

ჩვენი ტყვედჩავარდნილი მოკლე წინადადებები

ზედსართავ სამხედრო შინელებში

ბარბაცით გვერდით ჩაგვივლიან

 

მათ პატარა წიგნებიდან შორს გადამალავენ

როგორც ბასრ და წვეტიან საგნებს

 

ჩვენი წიგნის თაროს ხორხიდან კი ამოიღებენ

ჯერ კიდევ არგამოგონებულ

ხაოიან ბურთულებად დახვეულ ქაღალდს