1.

გადავარდებოდა
ვიდრე ხმარებიდან,
რაც იყო ხმალი კაცისთვის,
დღეს იგივეა დროისთვის კაცი.
კაცი ხმლის ვადას იგდებდა ხელში,
დრო კი ვადას მოარგებს ყოველ ჩვენგანს
და მოიხელთებს, რათა იშიშვლოს ადგილიდან.
სივრცე ქარქაშია, მჭიდრო და მყუდრო,
რომელსაც, დროის რომ არა მაჯა,
ვერ ვერსად წაუვიდოდა,
ძუ იყოს, თუნდა
ხვადია.

 

2.

ჩაატარე, ჩარჩო, სერჩი.
მიდი, მოძებნე, ვაჭარო.
ნაბიჯის მძიმე მაკრატლით,
მაუდის იყოს, ქუჩას მაგრად თლი.
ჩაიარე, ბასრი პირით
კაფე კაფე, კაფელი,
აქეთ-იქით გაკრული
და ვიტრინების ოდნავ ოდენა.
მთელი ცხოვრება ეგრეა,
ჩარჩოს ირჩევ, ჩარჩოს ერჩი.

 

3.

ვინც არ გიცნობს, რა ხარ!
ეს რა მასპინძელი ყოფილხარ,
თუმცა არავის ეგებები, ას-ასს აცილებ.
შენ რომ სტუმრები გეგონა, ოფოფები აგიშვია.
თავს რატომ მარტო ისასაცილოებ?
შეკითხვა დაგდევს, რიტორიკული,
როგორც ფანჯარას  ჩამოღვენთილი რიკული.
შენ კი ნიავი გეგონა, მოკლე გზებივით სისინებენ ასასინები,
და ნიავივით გრილია ღვინო, სასას ინებივრებ.

 

4.

მარადიული სურნელისთვის
ასკილის ეკლიანი ვარდივით
ჯვარს აცვი კრისტიან დიორი
და თვითონ, შენ კი გაქრი, გაქრისტიანდი.
ღრმად ისუნთქები, შე ბოზო ოზონის,
და მისი დედაც ღრმად დაამწუხრე,
ვინმე უბრალო მარო დიორი.
ნაბრძოლ ველებზე გვამები ყრია
დახორცილების.
მათ შორის ის დააბიჯებს,
ჯიბეებიდან დროს აცლის, ართმევს,
რადგან იგია მარადიული მაროდიორი.
სული კი დროა,
ამოსახდელი, სახადი,
როგორც ყბაყურა.

 

5.

დღე იქ ეცემა, სადაც ჰორიზონტს მხარზე ცა უზის.
სიტყვების მშრალი ქვები კი ყრია
ფსკერზე და ნაპირზეც აუზის.
მუხლები თბება თაბაშირის,
მიწას აცდენილი მფრინავი წვიმის
გრილი რგოლები
სრესენ სერსოებს,
სადაც კორპუსების
ქორფა ფუსფუსია.

 

6.

ჟესტმა ეს თმა უსიტყვოდ
გადაივარცხნა სათქმელის:
„მე თვალსაჩინოდ
და გონებიდან ხელებით
გამოგონილი გეგმა ვარ“.
და მიუთითა საკბილო ენაზე:
„გეგმას, ეგ მასრულებს,
როგორც ავსებენ ვაზნები
მასრებს და მასრულებს,
და სხვადასხვაა მათი კალიბრი;
ალი ბრიალებს აზრების, ათბობს“.
თავისთვის კი გაიფიქრა,
მოიფშვნიტა ხელებიც:
„თუმცა ზოგი აზრი ისე აზრობს,
რომ ძვალ-რბილში კაცს დაუვლის,
უმოწყალოდ ყინავს, აზრობს“.
ან ეს ოხერი აზრი რა არის?
საგონებელში ჩავარდნილი,
შეჩერებული და უხილავი,
ჩუმი ჟესტია ეს ტიალი.

 

7.

ფრთები

ვიდრე მორალი ძალადობის იარაღია,
დარჩება ყველა ჭრილობა, იარა ღია.
და ჩემ მაგივრად ჩემმა ბევრგან
ამ მორიელის მიერ მორეულმა ორეულმა,
რომ მოეძებნა კარი,
ბევრი თუ ცოტა იარა, ღია.
თანდათან გაცვდა, დაიხარჯა,
როგორც ქაღალდზე  ფანქარი.
ან წვიმა წაშლიდა, წაიღებდა ან ქარი.
არა ჭრილობა, არამედ კარიო გვინდა ღია,
კარგად შემომხედე,
შუბლზე რომ ერთი დაღია,
ჯერ კი გზაშია,
უნდა გაჟონოს და გაიშალოს კეფის გაზონზე.

 

8.

მამუკას კანონი

შენ აგიტყდება ხარხარი,
როცა, სადაც და,
დაცდა ამდენი,
ლოდინიანად მორჩება
და იმას გაიგებ,
რომ არასოდეს
მაშინ არ ხარ, ხარ
როცა,
და არსად იქ არ ხარ, ხარ
სადაც.
კანონთა შორის უკანონესია
მამუკას კანონი,
რომლის თანახმად,
თუ უნდა იყოს ერთადერთი,
რაც გინდა იყოს,
ვერ იარსებებს
და ვერ იქნება.
(ამიტომ ტყუის მონოთეიზმი
და ყველა მისი მონათესავე.)
მისი კი აბა, რა ბრალია,
თუ შენ გგონია,
ერთადერთია რომ რეალობა.
არამედ, რადგან
იგი არსებობს,
არის და რეალურია,
უკანონესის ძალით,
არც ის იქნება ერთადერთი
და არც მათი რომელიმე წყვილი
დარჩებოდა კენტ კენტავრად.

 

9.

წესრიგია ენა ენერგიისა
და როცა ენა ებმის,
გობი დგას უწესრიგობის.
რომ გამორჩე ენერგიას,
შლი და ანგრევ.
და საერთოდ,
ანგარება ანგრევს.
საგანგაშო რა არის,
ანგარებას განგარიდებს
მხოლოდ ქვემოხსენებული.
კაცობრიობა მაშინ კი არ დაიწყო,
როცა სამოთხის შინ და გარეთ
ადამ და ევა
ცხოველებივით ეყარნენ,
არამედ, როცა კოშკი დაინგრა ბაბილონისა;
არა მაშინ, როცა
წინაპრებმა ააყოლეს ხელს და
წამღერებით ამოიდგეს ენა,
არამედ მაშინ, როცა ენების დოლი დაიწყო.
სიკვდილის ნემსქვეშ ვბრუნავო 
სიცოცხლის ფირფიტამ.
ისმის ცხოვრება,
ცვივა მარკებიც ბრუნეის.

 

10.

 და მერე რა ვქნათ,
რომ რეალური არეულია,
მოდი და ვნახეთ,
დავადასტურეთ ობიექტურად?
სად გაგონილა,
რომ თეთრი ზეწრის ნაოჭები
თვითონ ზეწარს აუთოებდნენ;
მოეშვი-მეთქი, გეუბნები,
მე შენ გეტყვი, გიცნობს,
შეეწყობი, ეგ თუ რა!
დამიჯერე, რეალობა ქლიბია,
მისთვის სულ სულერთია,
ვინმე პოეტს სიფათი თუ
ისტორიის კონტინენტს
მოაქლიბოს რომელიმე ლიბია.
ვითომ დრო მართლა მზე იყოს
და შენ კი იყო ჭრელი ქსოვილი,
თანდათან ისე ხუნდები,
ვეღარ აგკენკავენ
მტვრიდან მტრედის ხუნდები.
კიბეს რამდენს უნდები?
სანაცნობოდ კიდევ ვინმეს უნდები?

 

11.

აი, ძალიან ლიანდაგია ძალიანდაგი,
რომც იყო ვერსეტაილი,
ვერსაით მიტრიალდები,
შეგაგდებენ და მორჩაო, ვაგონო.
მიმიყვანე ხმისხელაზე,
მივუთვალო მისხალი,
გულთან ახლოს მისატანი
შორიდანვე გავაგონო.
გულთან ახლოს მისატანი სატანის
სახე ისე სახეხია,
როგორმე რომ მოსცილდეს,
გზადაგზა რაც მტვერი ყლაპა,
როცა ამოიარა
დაბლა-დაბლა დალექილი დალაქების ქალაქი.
 რატომ დაბნელდა,
გლუვი გლოვის სუნი რად მცემს?
 მოიცა, ვაცალოთ, სული მშვიდად,
სიჩუმეში განუტევოს.
– ვინ, ვინ, ვინ?
 უკვე რამ, რამ, რამ!
 რატომ დაბნელდა
და გლუვი გლოვის სუნი რატომ მცემს?
– სინათლე ჩააქრო ჩრდილმა, თავი მოიკლა!

 

12.

კი, ადგილები გახედნილია
და საჯინიბოდ დგას კალენდარი.
მეჯინიბე საათები, რომ ასეირნონ,
ულაგმო აღვირს ამოსდებენ
ცხენებს, ავშარებს.
გგონია, სივრცეს ადგამ უნაგირს,
არ შეგეშალოს, ჩვენ ერთმანეთთან,
სხვა არაფერი, დრო გვაკავშირებს.
გგონია, რომ თვითონ
შესწევს ძალა დალაგების,
მაგრამ მოაკლებ დროს და
ხელში შეგრჩება
გაძვალტყავებული ჯაგლაგები.
არ არსებობს, გეჩვენება სივრცე,
ერთდროულობის წვეთები
შენ ადგილები გგონია.
შენ რომ სივრცის გგონია,
მისვლა-მოსვლის დროით გამოკვებილი
გზა და ზოლია ილუზია,
უზიარებ რომელსაც
ვინმე თანამედროვეს.
დარჩენასაც დრო მიაქვს.
სადაც ცხენი ვერ გაივლის,
გაივლიან დრომადერები.
ხან საჯინიბო ქარვასლაა,
ხან კუნძულები გემირაჟება
და თავს ეხვევა რომელიმე
დრო მადეირას.

 

13.

 რატომ ჩამობნელდა, უკვე დაღამდა?
– არა? თვალსა და ხელს შუა დღე აბა, დაობდა?
სინათლე საგნების ქერქიდან ამოდის, ზემოდან ედება,
ობი და ხავსია, მინახავს სია.
ჩემი გონების გუნებას გინების გარდა ახასიათებს
რაღაც მსგავსი ფლუორესცენცია,
რომელიც არაა სანდო, როგორც არაა სანდო
ღარიბ ჯიბეში ძლივს რომ გიჭყავის,
იმ ფულის ცანცარი.
ხმა და სინათლე საგნების
მოაჯირი და სახელურია.
ცხოვრების მოაჯირიც ხომ, ამბებია.
 თუ აღარ დაღამდა, დღე აბა, დაობდა?
თუმცა კი კიბეზე ამოდის ქოშინის ქოშებით,
ზღაპრების მოყოლა სულ არ ეზარება ამ ბებიას.
ხან თუ კარგად გამოსდის, ზოგჯერ ისმის აბდაუბდა.

 

14.

ხალხური სახით მოვა რეგვენი,
რამეს თუ მკითხავს,
გამომრჩება  რა გვიანია!
ერთადერთი, რაც იცვლება,
წარსულია, სულ იაფად, თანაც.
არ იცვლება მხოლოდ მათთვის წარსული,
ვინც კი უკვე მკვდარია.
ზოგჯერ გვაშორებს თითო ნაბიჯი,
ზოგჯერ ჩვენ შორის
თვალუწვდენელი ასი მეტრია.
კაცი კვდება? კვდებოდეს
ცვალებადი მომავლის
დამნახავი თვალით,
გასწორდებოდა ჩვენ შორის
ჩამოგდებული ასიმეტრია.
და ჩემს ადგილზე ვინმე იმასაც ეტყოდა,
სასაყვედურო არავისთან მაქვს,
დიდხანს ვიარე გამონაკლისის
მე სახიფათო სახითო;
ზოგი რამ სამართლიანი
ამქვეყნად მართლაც მინახავს:
ამ ქვეყნისაა ღირსი ეგრე ვინ,
მას უნდა მართავდეს რეგვენი.

 

15.

მომარაგება სავარაუდოდ დასახარჯის შესანახად მოპოვებას,
ხოლო დაზოგვა ჰქვია, ვარაუდი რადგან მართლდება,
უკვე მარაგის ყაირათიან ანუ მომჭირნედ ხარჯვას,
შეძლებისდაგვარად მიახლოებულს ნულთან.
ვინც ელოდება ქარის მოტანილ ახალ მარაგებს,
იგი მომავლის გეგმებს არ აგებს.
მომარაგება-ხარჯვას დრო ჰქვია,
დროის ფარგალი.
ვისაც მარაგი არ გააჩნია,
მას არც წარსული ჰქონია.
და უმომავლო უწარსულობა 
დროის ფარგლებს გარეთ ყოფნა 
კი შეიძლება, რატომაც არა,
მაგრამ ამოდის ყელში
და თავიდანვე
საკმარისია.

 

16.

თვალზე რული თუ მოგეკიდა,
ძილმა თუ მოგაგნო მღვიძარს,
თუ თავის ფეხით ჩავარდა მახეში,
მაშინ მე ვიყო
ძილის მხსნელი და მესია რულის.
ვიყო მხსნელი და მესია მე სიარულის
ერთდროულად
არაერთი მიმართულებით,
ორით ან მეტით, ოთხით, ჰა და ჰა,
რომელსაც ბუნებამ დაადო ყადაღა.
ბუნება უნებართვოა.
თუმცა აკრძალვა წყალი რომ იყოს,
მთელი ბუნება იქნებოდა
ხელით კარგად გაწურული
და სველიც ბოლო ძაფამდე ტილო,
ასე სასტიკად საიატაკე.
სივრცე, რომელიც ასე აგდია,
შენ მართლა სივრცე კი ნუ გგონია,
დროისგან დიდად განსხვავებული.
სივრცეა დროის შესაძლებლობა.
რად უნდა სივრცეს ვინმეს ცრუ პოტინი,
სივრცე დრო არის პოტენციური.
სივრცე მძინარე დროა,
რომელსაც ყველა ნაბიჯით,
ოღონდ აქა-იქ,
არა მთლიანად,
თვითონ აღვიძებ,
თუმცა მიდიხარ ბუნებაში
ნებადართული ერთადერთი მიმართულებით.

 

17.

წყალი რა არის? შენ გზა მიეცი,
იგი კი წავა განზე მილებად.
სივრცე დარჩება შენ გარდიგარდმო,
წმინდა სამების
ამ სამ ცალ განზომილებად:
წინ და უკან, ზემოთ და ქვემოთ,
მარცხნივ და მარჯვნივ.
სივრცის ღერძები ეწოდება სამ აბსტრაქციას,
რომელმაც სივრცე ციფრებად აქცია.
მოგეხსენება, რომ ყოველთვის
ჯერ წარსულია და მხოლოდ შემდეგ  მომავალი,
და არასოდეს ხდება პირიქით.
რატომ არის რომ უპირატესი მიმართულება
არ გააჩნია სივრცეს,
სამაგიეროდ დრო მიმართული ისარია
წარსულიდან მომავლისაკენ?
ძველი და ძნელი, ერთი შეხედვით, კია ეს კითხვა,
მაგრამ პასუხი მარტივია:
დროს ესიზმრება სივრცე და არა პირიქით.
როცა ატყდება
ხოლმე ცვლილება და მოძრაობა,
დრო იღვიძებს და არა სივრცე,
და გაღვიძების მიმართულობა
გვგონია დროის მიმართულება,
დროის ისარი ის არის!
უთვალავთავიან
დევს რომელიმე თავით
ყოველთვის სძინავს გასაღვიძებლად,
ხოლო სიზმარი, გამოყოლილიც, სიზმარია.
სივრცის ღერძები ეწოდება ამ სამ უამურს,
სამ აბსტრაქციას,
რომელმაც სივრცე ციფრებად აქცია.
ისე გეცხოვროს, რომ მოსახდენი
ყოველთვის უკვე მომხდარი იყოსო.
დავაზე დავაზიანე დევიზი სამურაული.

 

18.

როცა ახლოს ვართ ერთმანეთთან,
ვართ ხოლმე ერთმანეთამდე.
როცა შორს ვართ ერთმანეთისგან,
ვართ ერთმანეთის შემდეგ.

ერთხელ ღამდებოდა და ერთხელ იწყებდა დილა არზებს
გამოღვიძების ამ სამ სამყაროში: ნასიკვდილარზე,
დაბადებამდე, დაბადებიდან სიკვდილამდე.
და დროსთან ერთად მეც ვიღვიძებდი,
ასე ვცხოვრობდი მეც ზეზეულად.
მეც ვენარცხები ინერციით,
„გეცოდინება დინება!“
ინება გვიან თქმა,
მეც მეცინება.

როცა ახლოს ვართ ერთმანეთთან,
ვართ ერთმანეთის მიზეზები.
როცა შორს ვართ ერთმანეთისგან,
ვართ ერთმანეთის შედეგები.

 

19.

ომი მოითმენს, ზავი იზავებს,
დღეს დავითვალოთ ნაალაფარი,
აქედან ნაალაფარი არც მტერს ეკლება.
გულმგლოვიარე თვალს გაახარებს,
ალაფი ლაფია, ის მეტი რის კია,
ნუ ვეყოლებით ერთმანეთის თვალებს ეკლებად.
უთანხმდებიან მეზობლებიც ასე ვიზავებს.
ადრეც ნათქვამი, ისევ ყისმათი რისკია,
მხოლოდ გადათვლა ნაალაფარებს
დავიწყებისგან, გაქრობისგან,
იცავს და ხელსაც აფარებს.
ისევ ნაძარცვის იმედი გვქონდეს,
სულიერი ხომ არაა, უმადურიც რომ იყოს.
ეგებ ეგებოდეს იგი ფიანდაზად
ცვალებადობას და სამყოფ ყოფნას გამოსტყუებდეს,
გვინაწილებდეს. ის ხომ გამძლეა, ნივთებია,
თავისთან ერთად გადაგვიყოლოს,
რა იცი, იქნებ გადარჩენაში.
ანონიმურ იმურება ბარათებად
მთელი ჩვენი ცხოვრება,
ომია თუ ზავია.
სამხიარულოდ გვახლავს თარიღის
ემოჯი, გიფი, ანდაზა.

 

20.

არც ქართველები, არა ბასკები,
არამედ შემთხვევითობის ნელთბილ ალებზე
ხელს მოითბობენ, შემორჩებიან
ისტორიის არაბესკები.

 

21.

ისე ისევ დაღამდა ალბათ გასათენებლად,
რომ არც აცხელა დღემ ან აცია.
დროა ცვლილების ცალი ლებანი,
სივრცეა დროის ემანაცია.

 

22.

ვითომ ერთი ვარ მე დამთხვეულის,
მაინც ვერაფერს ვერ დავემთხვიე
გარდა ერთისა: მივდი-მოვდივარ
ლექსში ჩაგდებულ ან ნაგულისხმებ
ერთადერთმარცვლიან მეს დამთხვეული.

 

23.

სივრცეა სექტა. ექთანი როგორც
მისდევს ექიმებს, იგიც თან ახლავს
ორივე სახის დროს.
დრო ორნაირი მოგვეხსენება:
დასახარჯი ან დახარჯული.
დროვ, ასე გაორებულო,
ჩვენ, სხეულებად დაღვრემილები,
სადმეს ოდესმე ვაღიარებთ,
რომ მხოლოდ ერთი
და ხარ რჯული.

 

24.

ვიდრე ჩემთვისაც პირი უყვია,
მე ვნახე მიწა ხალხების
ნახირებ ახირებული.
ფშვნიან, თან ეჭიდებიან,
მღვრიე ფესვებით გალოთებამდე,
თავიანთ ადგილ გილიოტინებს
და თან სხვებისას ეტანებიან.
ხალხი რა არის? გუნდაობენ
მეტის-მეტის მეტისები.
მე რა ვუთხარი გასაწკეპლ კეპლერს
და მის ჯურს,
უდიერად რომ მიუგდებენ კაცობრიობას,
„რადგან ხარბი ხარ, ბიჭო, ჭორების,
აჰა, შენ კოსმოსის უძირო სასმისი!“
გამოუტანენ რომ გაგაციოს,
ისეთ განაჩენს, უკასაციოს,
და მიუსჯიან მისჯასაც მისჯურს.
მოდი, მისმინოს,
რომ არ დაებას,
არ მოიტყუოს თავი თუ ლაღმა
და არც გამორჩეს, ყველა ადგილი
წამოწოლილი დროის მხარია,
ანდა სძინავს მას გულაღმა.
ვიდრე ჩემთვისაც პირი უყვია,
რატომაც არა, დამრჩენს ვუამბობ,
რომ სივრცე დროა და ნუ ჰგონია,
რომ რომელიმე მისი ადგილი
წუთების გარდა რამე სხვა არის,
როცა მიადგები, ყოველთვის თუკი უკვეა.

 

25.

მშიშრების დრო წასულია.
მშიშრების საქმე წასულია.
ხის ადგილზე დარჩენილი მარტო რტოა.
საგან-კედლის საგანგებო შეხვედრების ნიშანია
საგნის ჩრდილი კედელზე.
საგანი გაქრა, მისი საგანგებო
ჩრდილი დარჩა კედელზე.
რადგან გამოეცალა
მას თავისი საყრდენი საგანგებო საგანი,
ჩრდილის მთელი სიმძიმე
სად წავიდოდა? დააწვა კედელს.
საგანგამოცლილი ჩრდილის სიმძიმეს
ვერ უძლებს, ინგრევა,
კედელი უკვე ნაკედლარია.
ყველა მდინარის ნაპირს სჭირდება ქვა მისი, სიპი,
თუნდაც არ ერქვას მას მისისიპი.
მტკვარი ამთქნარებს,
ოხშივრად ამოსდის ქალაქი.
მოგესმა, ყარსი არაა, არამედ ყარს.
მტკვარი და თბილისი არის ტკბილისი,
კავკასიის რაჰათლუკუმი,
არც კი თამაშობს იგი სანდოს და მყარს.
მშიშრების დრო და საქმე აქაც უსასრულოდ წასულია.

 

26.

გადმოალაგე ყუთი, კოლოფი,
ხუთი კილოა მთელი ალაფი,
სულ საჩუქრები.
რა პატრონი ხარ, როცა ამასაც
სანთელივით სულზე უქრები,
და უდენობაც კომპიუტერებს
თიშავს, გომბიო ფოკუსს უტარებს.

 

27.

ისე ცივია, წყალი გადადის ლუკმებად,
და კი არ ცხელა, დრო აბრიალებს უტყუარ თვალებს
და სიცოცხლეზე დადებული ლუქი უქმდება.
დროსაც ჩვენსავით ორი თვალი აქვს.
დროის ერთი თვალია სივრცე
და იმ თვალიდან მას ადგილები
ცრემლებად და ღაპა-ღუპით სცვივა.
მეორე თვალი ცვლილებისაა, ცვალებადობის,
მისი ხამხამი ცილის დამდები და გადამდები სიცილია.
ორსახოვანი ნიღბით ამგვარად დრო მიგვითითებს
თავის ორ შთამომავალზე და არა ორ წინაპარზე,
ბერძენ და ფინიკიელზე, როგორც ჰგონიათ,
რომ იქცეოდა თავისი ნიღბით სიცილია.
თუმცა, ვინ იცის, იქნებ, კუნძულზე
უკეთ მოჩანდა დროის ვინაობა.

 

28.

მაზეგ მითხარი, ზეგ აქ რა გაქრა.
კატისებრია ზოგი გონება,
გამოყოფს კლანჭებს,
სადაც ნასკვია
და კალენდარმა
საკვირაო ირაო შეკრა.
მე გადავდექი ნაპირ ფლატეზე,
შაბათნარევი სახელები
და „პარასკევი“
ზღვაში ღუზებად ჩაუზიდავს
ლუწი დღეების ფლოტს.
გზების კი მიუგდო
დრომ, დრომ
ორფეხების ფარას კევი.
დრო იყოს ვითომ
რამე ქალაქის,
მიუჩენია
მისამართები
მისთვის კალენდარს
ცრუ დაბრუნების ნიშან კავებად.
და სანახევროდ გახსნილი ნასკვი
ლასო ან მარყუჟი, ყულფია,
გააჩნია, მას ვისი კისერი იკისრებს.
პეკინზე აკინძავს ნაბიჯს,
წავა და ივლის,
ვინც არ დაგიდევს, საგზაოს, იქ ისრებს.

29.

ცხადი დაირქვა ჩვენმა სიზმარმა, საზიარომ.
რომ არ მოიცელო, უნდა მოიცალო
და ვითომ არ გძინავს,
ისევ იარო,
ვიდრე გამოჩნდება უმეტოქეო ქალბატონი
და მოქნილობა, მონა ტანისა ტანური, სატანური,
ფონად კი დაიგო მონოტონურის აზია რომ.

 

30.

კუნძივით გააპე დრო
და ამოუშვი,
არ გააჩუმო
კამაჩო პედრო 
ჯუჯა დიონისე და მისი დელია,
დელიავ რანუნი.
თვალებზე მოირგოს შენი მიოპია,
შეეშვას რადიო პიესებს.
ამოიდგას ავიც ენა,
გზასაცდენილი ავიცენა,
და ისევ ყოველდღე თხზავდეს,
ოღონდ კი აღარ ღარიბულ
საპნის პიესებს და ესპანურად,
რომ გამოკვებოს ქალაქის რადიო,
არამედ შენი
ხელით რომ კრავდეს
ქართულად ლექსების კიბეს,
მკითხველს აქეზებდეს,
მიწვდები, ადიო.
ხრიოკ უდაბნოში
ძეძვის ბუჩქი
უმაღლესი ხეა.