1.

ურემისიოდ
მიგვერეკება გახედნილ რემას
მხედარი აწმყო.
მომავალი და წარსულია
მისი დეზები
და მათრახივით დევიზია 
ახლა აღარ ხარ!
როცა დრო მოვა
და გაიჭრება თავისუფლების
ლარივით არხი,
როცა დრო მოვა და ამოიდგამს
ისარივით ის არხი ენას,
მე მას დროებით მივეხმარები
ხმად და ნაპირად,
მე, უდარდელი და არხეინი.

 

2.

ლურჯი ლაჯები ჯებირებია
და ჰორიზონტი ზანტი გეგონოს.
ცენტრალურ წერტილს
შენ შურდულივით გავარდნილიც
ვერ მოშორდები,
დაუზარელი დასკვნის ტანი კი
დისტანციას დაგიდასტურებს,
გოჯით გაზომილს,
და შენნარევი
სახლი ახლაში არ აშენდება,
თუნდაც დაეცეს მეხი მუშებად.
არარსებობის ნაპირები ვართ,
არყოფნის ფონი  თითო გასვლა და შეხება.
რით გაგამხნევო ან განუგეშო,
როცა ტყუილი მეხამუშება.

 

3.

გადაბირებას უპირებ
უბირებს რაკი,
რა დიაცია ტრადიცია,
მოგეხსენება,
მიდი, მოიხმე,
მოგერგებათ
ყველა პირუტყვს,
ყველა მორწმუნეს,
ყველა პატრიოტს,
რომ ტრადიციის მსუყე ტრაკი
როგორც გინდათ,
ისე ათრიოთ,
ვიდრე ის დღეც მოვა,
როცა თქვენი გმირები
და წმინდანები დანებით
დაგერევიან
და დაგსერავენ,
სირებო,
რადგან წართმევა დაუპირეთ
იმ ერთადერთის,
რაც კიდევ ჰქონდათ შერჩენილი,
რაც ვერ გააძრო
მათ ისტორიის
უმადურმა ზუმფარამ.
ცვალებადობას ცვალებადი
და წარმავლობას
წარმავალი ვერ შეელევა
და დაბრუნდება,
რომ დაიბრუნოს.
ეგაა ჩემი ვერაგი რჩევა.

 

4.

სადილი
უმ ისტორიას მითს მიუმატებს
და რიტუალით მიუალერსებს 
ტრადიცია იხარშება
კერძად დროის
თავქარიან ალზე.

პატარა ტომის პატრიოტი
დანა-ჩანგალი ალაგია
და რელიგიის გლუვი მათლაფა.
ნარდის მაგივრად გაჰყავთ
ვადა დევებს დავებით.

და რადგან ყველგან მოინახება
თითო ჩათლახი,
ერთი მათგანი, უკბილო,
გულის სიღრმეში მათ უკადრისობს,
მას ტომი ეთაკილება.

ადრე და გვიან,
მის სუნს იკრავენ, ასეთის,
და საქართველოს ისტორიაში
მას მიუჩენენ ადგილს, ქაფიანს.

 

5.

თუ საუბარი ბაასია,
თვალი შორიდან აფასებს
იაფ კაპასებს
და გლუვკანიან
დაღამებაში
ხედავს, სიბნელის
რომ ვულკანია,
იყოს შეთხზული
სურით ღვინო და სურათი,
რომ შუადღისას,
ვიწრო ქუჩაზე,
ელენეს კაფე ბაუჰაუსთან
მიედინება წონასწორობა,
მეხსიერების ავსებს აუზებს.

 

6.

ცოდნა ოდნავ,
ნამცეც-ნამცეც იცრება
და კვერივით ცხვება,
როგორც გამოღვიძება,
რომ ყოფნა ყოფილა
არყოფნის ოფლი,
რომ მადანია ადამიანი,
დრო გამოდნება
და ისტორია,
რომ შენი თავის
აბრევიატურა
მოივლი მოედანს
ნეონის უკმეხი
აბრების დასტურად
და მაინც პირიქით,
ანიმდე ჰოედან.

 

7.

დროს მოაქვს მხოლოდ დრო,
დრო მოიტანს მარტო დროს,
როცა ურჯულოები
არ ვეჯვარებით
მორჯულებულებს.
წინაპარს პარსავს პერსევსის ფარი,
გველებისთმიანს,
და მხოლოდ სარკეში
მოკრავენ თვალს
ერთმანეთს ჩვენი
შთამომავლებიც,
და ჩვენი გაყრა,
განშტოება სახეობებად
არ დააბრკოლებს ანარეკლების
უწყინარ გაცვლა-გაჩუქებას,
ამას ვაჭრობაც არ დაერქმევა.
მითიდან სისხლის
შავი ნაკადულიც მოიკლაკნება
შემზარავ ბზარად,
რომელსაც მარტო,
რომელსაც მხოლოდ
დააშრობს და დაგმანავს,
აგვაშორებს სარკესავით ფარი.

 

8.

აბა
როგორც ერთი ილეთით,
აბათი აბათილებს,
ორჭოფობის უფლებას
გონება, კაპასი,
რომელიც აფასებს
უშფოთველ, ველოსიპედივით
ორთვლიან პორტრეტებს,
სულ მცირე, სამმაგი
სამყაროს მაგივრად.
თუ გალერეა აგერია,
ნუ იუარებ,
რომ მოიარო,
სამი მოირა
ბედის ქალღმერთია.

 

9.

იწვიმა და შეშრა.
ესროლე! ეს როლი,
დაიდება გამყოფ შრედ რა,
როგორც რუკა,
უკარნახებს  არ ნახო,
მთაგორიანის მაგივრად
აქ რელიეფი იაფია
და უნადირო.
თუ გაგიმართლა,
გადამთიელად გადაიხვეწე,
როგორც ბორბლები მიგორავენ
სამანქანო ღამის მკლავებში.

 

10.

რუკა არ არის ტერიტორია.
ა. კორჟიბსკი


რადგან ცვალებად, დრეკად, კადნიერ
რუკად მოხაზული, შენ გრძნობების ძნებით,
როგორც ფუნჯებით, დაფერილ
სწორედ რუკად უკადრისობ
ყოფნას და თავის დანახვას,
ესე იგი, ამის ცოდნას
ეგ ვერაგი გონება
შორს გიმალავს,
ჰიმალაებს გადაღმა.
ისედაც გადატვირთული,
აუმღვრეველი უნდიხარ
ბუნდოვანი სამყაროს
მკაფიოდ შეთხზულ რუკად,
ზედ დატანილი
თვითონ რუკისვე
ცვალებადი მდებარეობით.
მაგრამ გონების და სიმყუდროვის მტერი ორია,
ამას იკისრებს
ვინმე უფასო ფილოსოფოსი ან მეოტი პოეტი
და მოგახსენებს  დროა, რომ დაღი აღიარო
და, რომ რუკაა ერთადერთი კონკრეტული ტერიტორია.

 

11.

აბრეშუმის ბურუსი
ორაზროვანი რებუსია:
თვალისთვის არის ნახატი რუკა,
რუკა უკარება, რუკა უკარებო;
ამოიკითხავ, თარგმნი მარცვლებად
 იწვნება დასკვნა,
გამოკვეთილი აბზაცებად:
ერთი ტანია; მეორეა გონება;
მესამე არის სამყარო, შემოგარენი;
დასკვნის შესახებ მოგვითხრობს მეოთხე.
ასე ყველაფერს აიტანს
ჩვენი ცირკი და არენა.
კარტოგრაფი  ფიქრობ მარტო,
პოეტი კი  აკეთებ.

 

12.

მედეა
არგოდ იკითხება ნარკოტიკი,
იკითხება არგოდ იგი
და ხომალდია არგონავტების და მოაქვს ტვირთი,
შვების მომტანი და მოჰყავს მგზავრი 
წამლის ქალღმერთი მედეა.
ხოლო მედეა
სიკვდილ-სიცოცხლის გასაყარი
და აწყვეტილი პრომეთეა,
ხელმეორედ მომავალი.
ბნელ ბუნებაში პირველმა
ცეცხლად დაანთო ადამიანი, მეორე მოდის,
ადამიანის ბუნების გამოქვაბულში
რომ გამოკვესოს ახალი ცეცხლი 
თავისუფალი ცნობიერება  არა უბირი ნაცარი.
თავისუფლების ფიტულია სიამოვნება,
რომლის მონები ხალხს აშინებენ,
და ბრმა შიშისგან გაავებული
ბრბო და ბორბალი თავისუფლებას ემტერება.
სადაც ცეცხლია, იქ ნაცარია,
როგორც სიცოცხლის უფლება
თვითმკვლელობისას გულისხმობს.

 

13.

სიმბოლო
სიმბოლო იმ ბოლო წვეთად
იწურება და ისმება,
ურომლისოდაც დაბნეულისთვის
გაუგებარია აზრის ნიშნები,
გაუგებარია თვითონ თავისი
როდისობა და სადაობა,
ვისიანობა, საიდანობა და საითობა.
არის სიმბოლო ბოლო ინსტინქტი
ხასიათის, გამბედაობის, გამმეტებლობის,
რომელიც როგორც კლანჭი, ეშვი და გესლი,
ისე აკლია, აკლდა, ეკლება
ჩვენს სახეობას,
სუსტსა და ცოტას მტაცებელს
ბევრის და ძლიერ მტაცებლებს შორის.
და რაც გაკლია, ეკლესიად მოგელანდება,
სხვადასხვა ფერის, ფორმის და ჯურის.
საკრალურია და სიწმინდეა რამე საგანი
ან რამე სიტყვა, რომელიც
სადაც არ უნდა იყოს,
იმ შენი შინაგანი ორგანოს პროთეზია,
რომელიც
არ გაგაჩნია სინამდვილეში,
ნეტა კი გქონდეს,
შენი სხეულის გარეთ კი
იგი იმიტომ ძევს ან გაისმის,
რომ თქვენი საერთო ორგანოა,
როგორც საერთო ღვიძლი
ცალკე უძლურის.
და მას იცავთ ისე,
როგორც რომელიმე სათუთ ორგანოს,
რომელიც შიგა გაქვთ.
როცა პოულობენ ადამიანები
გარეთ მდებარე, მაგრამ საერთო შინაგან ორგანოს,
მაშინ იქმნება მის გარშემო
მსხვილი სხეული 
ტომი, რელიგია, ერი, სამშობლო და სხვა ჯანდაბა 
რომელსაც უცხოს არასოდეს ანდობდი.
ამიტომ ერჩიან სიმბოლოებს ხოლმე,
როგორც ერჩიან ერთმანეთის სხეულებს,
რათა გულ-ღვიძლი ამოგლიჯონ.
მტერი ტანია.
და შენი შინაგანი ნაკლის
გარეგანი პროთეზია,
რომ უთავაზებ ავაზებს, ჯიქებს,
ადამიანებს, ვინც შენი თქვენის ჯობნით
იკვებავს თავს და იქებს.

 

14.

ჩვიდმეტი მაისი
მენდე, თარიღი არ იღიმება,
რადგან ბუნებით საზიაროა,
მოღუშულს ერთი სული აქვს,
რომ საკუთარი ციფრი იფრინოს,
როცა იპყრობენ ან იტაცებენ,
იმის მაგივრად, რომ ითხოვონ
ან ძველებურად ისესხონ მაინც.
თარიღებს არ იღებს თავის რიგებში
ადგილების შურიანი რაზმი,
ადგილი სხვაა, ცოტას ეყოფა,
ხოლო თარიღი უსაზღვროა,
ყველას დაიტევს.
ძალაუფლება სივრცეში ცხოვრობს,
როგორც სოროში,
მას დრო აშინებს
და მის გარშემო
ციხეს აშენებს,
მოსვლისთანავე იწყებს,
სადამდეც ხელი მიუწვდება,
სივრცის თარგზე დროის გამოჭრას.
სივრცე პროკრუსტეს სარეცელია,
რომელზეც წამებით კლავენ დროს.
და ეკლესია სიას აქვეყნებს
თავისი წილი დროის
წმინდა ნაწილების
და საჩუქრად გასცემს
ზოგიერთ მათგანს
და ჭკუასაც გარიგებს.
დროა, რომ ითქვას,
რატომაც არა,
თავისუფლება დროს,
თავისუფლება თარიღებს!