1.

მოსასწრებად შეჩერდი.

რა განგაშია?

ზანტი მიზეზი მოიზლაზნება გზაზე ზოზინით.

თავს ნუ აჰყვები.

ხომ მიზეზი იმისაა,

რომ დაეხუროს მომხდარს ნამუსის ქუდად

და მას დაარქვას თავისი შედეგი,

ახსნას, განმარტოს იგი

და გაამართლოს,

ასე დაუდგეს კიდეც ვექილად.

ვითომ არ გინახავს, ქუდს თავი მოჰქონდეს?

შეეშვი, რა გინდა?

გახსნეს მიზეზებმა კეკლუცებისთვის სარფიანი ადვოკატურა.

ცივი უარით გაისტუმრებენ

და პარმაღიდან აპანღურებენ,

ვისაც ვერ გამორჩებიან

ვერც სახელს, ვერც რამე

სხვა  უფრო მცირე მოსახვეჭელს.

და ჩვენ გარშემო, მეტიც, ჩვენ ირგვლივ

სულ ეგეთები იკრიბებიან,

ვისაც ჯიბეში არაფერი უჭყავის.

ზოგი მათგანი გუნებაში განაფიქრია,

ზოგია ნათქვამი,

ზოგი კი ნამოქმედარია.

შენ ვინც მოგადგება თვალებით მძრწოლი,

შენს მეს დაუგებ კვიმატ მიზეზად,

ქირას აართმევ მის გვერდით წოლით.

შენი არ იყოს, მეც ასეთივე უანგარო

და გულჩვილი ვარ.

შენს გასაგონად თავსაც ვეუბნები:

რა განგაშია?

შენ მოსასწრებად შეჩერდი,

სხვა ყველაფერი თვითონ მოესწრება.

თუ შეჩერება ვერ მოვასწარით,

გაღმა-გამოღმა მყეფარე

არა ბულბულები, არამედ

ამგვარი ბუკი და წინწილა შევრჩებით

ორგაზმებს, ორნაგაზიანებს.

და როცა შემოგვაცვდება

ნაფიქრი, ნათქვამი და ნამოქმედარიც,

ერთმანეთისთვის მაშინ კი მაინც მოვიცლით

და ისე აქედან გადავმთიელდებით,

სულ ვერ შეგვნიშნავს ნუმიზმატი ავტორი

ჩვენ, უშედეგოდ უმიზეზოებს.

რაკი შუქი

ხარ რამე და ნაპერწკალი, ეჭვიანმა

ცამ ღრუბელი მოყარა და მოაყორნა, გაზიანებს.

 

 

 

2.

ისე მითხარი, არ მოიშველიო ოღონდ ქიმია,

შენ რა გგონია, მაინც რაა ეს, რაკია ცეცხლი?

დასასიზმრებელს როგორ მიხვდები,

არ ვიცი, თორემ პასუხს კი გაგცემ მე აქ იმიანს:

ცეცხლი, მცირეც კი, შიშველი საცერია, რომელიც შეშას

და ამ ჩემს გახვეულ სიგარეტს, ორივეს გაცრის ნაცრად.

მოდი, შემოვდგეთ მაღლობზე,

რომელიც კიდევ დინჯი კლდის ქიმია.

ნაცარი ჟანგი არაა, მიწამ რომ ჭამოს, მას აიტაცებს

და თან წაიღებს ქარბორბალა ვარსკვლავი.

ან შენი თავი შენ ვინ გგონია?

ესა ვარ რაც ვარო, რომ მეუბნები და მხრებს იჩეჩავ,

არც ეგ გცოდნია, თუმცა

შენს შეკითხვაში მაგის პასუხიც

წინასწარ გამოკვერილია.

ცეცხლის არ იყოს, შენც ხარ საცერი,

ოღონდ რომელიც ქვეყნიერების ბელტებს და კოშტებს

ცრის და ცრის, გრძნობად და გრძნობებად

სულმოუთქმელად ცრის.

ამიტომ გვიქვია კოცნას კოცნა და კოცონს კოცონი.

თავისი ფასი რომც არ იცოდეს,

გულჩათხრობილი ცალი მარგალიტი გადაგიწონის

ჭორფლიან, გულხელდაკ მიწაზე განარეკ ოც ონიქსს.

 

 

 

3.

მერე რა, თუ, ვთქვათ,

ცბიერი გარჯის გასამრჯელოდ

ოდესმე ისევ მომიმონაგარე, შემაშფოთე.

ძალიან ცდილობ,

რომ დამამსგავსო

გახუნების ხრიოკ ზღვასთან ფოთოლივით მოთევზავე

და ბრაზიანი კაპრიზის მონა, გარეშე მაშ ფოთელს.

ვნახოთ აბა, ვისი აჯობებს,

გაგახსენებ, შენთვისაც რომ მოუგდიათ -

სადაც შენი დაიკვეხნო,

იქ ჩემიცა თქვიო, მოდი.

თუმცა ნურავინ მომაწერს სიქველეს,

თუ ისევ შენთან ვიომო, დიდს.

ისევ არ ვიცი ცურვა.

არ მეხერხება დარდი, არც  ურვა,

ქალები ვიდრე ჩამოივლიან,

ჩამოატარებენ ხოლმე

აპრიალებულ წვივებს და

აკაპიწებულ ნიკაპებს.

მე ერთ მათგანს დავუნიშნავ პაემანს

შეყოვნების მოედანზე,

რადგან სიტყვა და სიკვდილი უნდა მოსწრებული.

იქ მთისბროლის ჯადოსნური ორი პრიზმა დგას და გვიცდის.

ერთი მათგანი მისია, მეორე - ჩემი.

თითო მათგანიდან გაიშლება თითო ჩვენგანი

თუმცა კი თანაბარ, მაინც არ ვიცი

რამდენი ფერის, მარაოდ, ეს მე.

ის კი უდავოდ მეგუმანება,

ჩვენი ფერები ცალ-ცალკეც

ერთმანეთს იპოვის

უმალ მალე და

რომ არა ოდესმე.

 

 

 

 

4.

კოსმოსური ადიექსოდოფილია

 

მასის მქონე სხეულებს შორის

მიზიდულობის მსგავსად

თურმე სამყაროს

თანდაყოლილი მისწრაფებებიდან

ერთ-ერთია

ჩიხისკენ ლტოლვა.

სამყაროს მემკვიდრეა ადამიანი,

ჩიხისკენ ლტოლვით თვითონაც შეპყრობილი.

ამ თვალსაზრისით, ადამიანი სამყაროს რელიგიაა,

რადგან რელიგია ადამიანის უებარი და უბნელესი ჩიხია.

სიკვდილს გაურბის ადამიანი,

რადგან სიკვდილი ადამიანის

მიერ თავისი თავიდან,

როგორც ჩიხიდან,

უკანდაუბრუნებლად გამოსვლაა,

გამოსვლა თუნდაც პირწმინდად არარსებობაში.

ამას რომ გრძნობენ ადამიანები,

ამიტომ აუგებენ, გაუთხრიან, გამოუჩორკნიან,

გამოუძერწავენ, გამოუქანდაკებენ

ასე დაჟინებით სიკვდილს გამოუვალ ჩიხს -

კუბოს და სარკოფაგს, საფლავს, სამარხს,

აკლდამას, ურნას, კენოტაფს.

ადამიანში დამალული სამყარო გარედან არ ჩანს.

სიკვდილის გარდა კიდევ ერთი მტერი ჰყავს ჩიხთმოყვარეობას,

არანაკლებ ძლიერი,

რომლის სახელს აქ არ ვიტყვი,

რომ თუნდაც ცალი სიტყვით

მახე არ დავუგო მას

და არ გავახვიო ის ამ უცნაური ლექსის ბადეში.

ქაჯეთის ციხისკენ მიმავალი ბევრი გვინახავს,

უკან კი დაბრუნებული - ცოტა ძალიან.

სამყარო ადამიანში იმალება.

 

 

 

5.

ცალი ღრუბელი ცას გამოეკიდა,

მჟავედ ჟღრიალებს ჟანგის ეჟვანი.

ჩვენ რომ აქ ვალაგ-ალაგობთ,

უკვდავი გმირები

სიცილით კვდებიან

სადმე ვალჰალაში.

შენ რომ უდავოდ შენი გგონია,

ეგ შენი გრძნობა-ცნობის უნარი,

უარავისო და უსულგულო სამყაროს

იმ ღრუბელივით ცალი სიზმარია,

რომლის არშიად შემოქსოვილი

შენ ხარ, შენ, აი, თვითონ ეს,

რომელმაც ცხადად დაბრაწული

სიზმრების თონედ ითონე.

დანის პირი რომ ჩამოფხეკს

პურზე აკრულ ნახშირს და

მიმწვარ კიდეებს,

იმ ნახშირივით შენც დადიხარ გამოხშირული,

ფარღალალაში გახედავ

და მიწა მოჩანს ან ცა,

შემოგცინებს ანცად.

თავისუფალი უნაყოფობის ხათრით,

როგორც ალებიანი

ქალი ასაკში ემშვიდობება თვიურებს,

შენც შეუწყდები სიზმრად მსოფლიოს

დე ფაქტო და

დე იურე.

 

 

 

6.

უკაცრიელი რას მიქვია.

ჩემი თუ არ გჯერა და არც გეზარება,

შენ თვითონ ირგვლივ შემოუარე.

სრული ვინაობა და მისამართი

სალტეზე გარედან ჰქონდა მიხატული.

ნახე, წაიკითხე, იქნებ კიდევ გაირჩეოდეს,

მთლიანად არ იყოს ჯერ აქერცლილი.

ზედ უნდა ეწეროს:

ეს მამუკას კუნძული და

ნურასუკაცრავადრიელია.

ეზოდ წოდებულ ნაპირზე

ერთიც მტვერში გაცრილი პალმა დგას.

მე ვერ გამოგყვები,

ფეხსაც ვერ მოვიცვლი აქედან.

აბა, როგორ წამოვიდე,

მე ხომ ამ ცალი ბორბლის ღერძი ვარ

და ოთახშიც მიკიდია პალმასავით მღვრიე სარკე

დაფხავებულ კედელზე.

შენ რა გგონია, თუკი შემთხვევით გავხედე,

ვის სახეს მაჩვენებს და აღნაგობას,

მე თვითონ ასე გაქუცულ ბერიკაცს, სარკე?

ოდესღაც ვინ არ ვყოფილვარ,

მაგრამ თურმე განსაკუთრებით

ვყოფილვარ ბერსერკიც,

რომელმაც იცის,

რომ დალაგებულ ადამიანებს

თუნდაც იგი სძულდეთ და ეჯავრებოდეთ,

მათთვის იმდენი სიკეთის მომტანი არაა

არცერთი ექიმი და მასწავლებელი,

არც რომელიმე ქველმოქმედი ან მეცენატი,

რამდენი სიკეთეც მათთვის მოაქვს

მათ უანგარო მკვლელს,

რომელიც ოღონდ არც თვითონ გაურბის,

გაურბის კი არა, ისე ელოდება

თავის ჯერსა და მომრევს, მკვლელს,

როგორც ბორბალი უცდის ბრუნვას.

ეს რომ გაგიმხილე, ახლა  შეგიძლია

ამრეზით გვერდი ამიარო

და იქით გაცურო,

სადაც საქებარი ეპითეტებით დაშაქრულ ჭაობში

ბინადრობენ ქართველები.

მათ წვრილმანების ქება-დიდება,

სულ ბუმერანგის

ტყორცნა ჰგონიათ

იმის იმედით,

რომ თვითონ მათვე დაუბრუნდება.

ან შეგიძლია, ნება შენია,

სხვაგან კი აღარ გაცურო,

ბეცი თვალების ამოსაკაწრად,

გაცეცხლებული

სწორედ ასეთ მეცე ნატიფს.

 

 

 

7.

ქსოვა შეერთებას ნიშნავს,

ქსოვილი შეერთებულს ჰქვია.

სინამდვილეში ორი ძაფისგან იქსოვება

საზოგადოების ჭილოფი:

ერთია მისი მდევარი,

ალერსით სექსს მიქსეული,

მეორე კია მისგან წასული

და გაქცეული, გამქრალი

ანუ სექსიდან გაქსუებული.

სულიც ნაქსოვია.

არ მოგატყუოს ოღონდ

გარყვნილმა მართლმადიდებლობამ

ან რომელიმე სხვა რელიგიამ,

შენი სული არ არსებობს,

ეგ არც მე გამაჩნია.

სული გაქვსო, ის გეუბნება

და ამ სიცრუეში მხოლოდ იგი გარწმუნებს,

ვისაც რეგვენი ჰგონიხარ,

შენი შურს და შენთვის ენანება

და არ უნდა,

რომ ის ერთადერთი,

ნამდვილი სული

გვქონდეს, რომელიც

მართლაც არსებობს

და მხოლოდ მაშინ ჩნდება,

როცა მე და შენ

ვქსოვთ სექსის ფარდაგებს.

ძალიან თუ არ გეჩრება,

ზედმეტს ნუ მოსთხოვ,

საზოგადოება გამოზოგილია ზოგისთვის.

ზოგჯერ სახელი აღიარებას ნიშნავს,

და საზოგადოც, ზოგადიც

ხომ იმას უნდა რქმეოდა,

რაც საერთოა მხოლოდ ზოგისთვის,

ზოგისთვის კი - სულაც არა.

დროში გაფანტულ დაცალკევების კორომ-კორდებზე

ჩვენ ასეულიც რომ შევიკრიბოთ,

ის გზას განაგრძობს, საზოგადოება, ისე მთლიანად,

რომ არც კი მოგვისაკლისებს,

ყველა გაჰყვება ამ ასეულის მას გარდა.

ჩვენ კი საომარს რა გამოგვილევს,

შენ რომ ქალი ხარ,

არმური აგდის

შენ, ომის რძალო.

მე და შენ დავრჩებით

სექსის მქსოველები,

საზოგადოება წავა და

რელიგიამდეც გზა ჰქონია,

გაველურებულს და გაქსუებულს.

რა შეცვლის, ჩვენი ქალაქი დაგვრჩება

ცოტა ცარიელ, შემოგალავნებულ

ასე ამ ასგარდად.

 

 

 

 

8.

ადამიანი რადგან

ბრჭყალების ყალიბში

ჩასხმული არის სამყარო,

მოდი, სიცოცხლე მომიძებნე,

როგორც ღირსება, რომ ის ამყარო.

აქეთ-იქიდან, როგორც ორივე ზვიგენი,

 შემოგვდგომია ცხოვრება საზოგადოებიანი,

ისაა ბრჭყალები, რომლებშიც

სიტყვასავით ჩასმულია

მსოფლიო, რომელიც

ის აღარაა, რაც იყო, არამედ

იგი სხვა რამე ხდება,

და ეს რომ ხდება,

ხომ ტანზეც ისე შეიფერთხება, ხდება,

რომ გამჭვირვალობს ჩვენი სამყარო,

როგორც ბრჭყალებში ჩასმული სიტყვა,

და იცქირება ამიერიდან

თავისი თავის ამ იერიდან.

ნიშანიც ისაა და მნიშვნელობაც.

არ აგვერიოს ერთმანეთში ოღონდ ეს ორი.

თუმცა მათ შორის კიდევ ბზარია,

ვისთვის ბზარი და ვისთვის ალაყაფი,

ნუ ეტყვი, შეწყვიტონ,

მაინც არ გაჭრის,

ლაყბობა, ლაყაფი.

ბრჭყალების ყალიბში

ჩასხმული არის სამყარო.

მოდი, სიცოცხლე მომიძებნე,

სხვა მაინც რადგან არ გამაჩნია,

როგორც ღირსება, რომ ის ამყარო.

შორიახლოს შური ახრჩობს,

ვუმზერ, ტირის

დეზერტირი.

 

 

 

 

9.

შევხედოთ, რა მოიხვეჭე, რა სამაგიერო ფანტე.

შენ, რომელიც ნაბიჯების ხმიადებს მიადებს ხმას რა

და ხმარებას დახმარებას არ მოაკლებს გამოწვდილს,

მთლად შებერტყილიც ვერა და

გადმობერტყილი კი ხარ მასრა.

არ დავუწუნო ფერი ან რასა მაგ იეროფანტებს.

არ მოწყვეტილა, გამოკიდებული ცაში სამიზნეც,

ტოტების ჰამაკუზიანოა.

ცას რომ მოადგა მოოქროვილი აქლემი,

გავხედე, ავძახე: რადგან გადამირჩი,

ნუღარ შეჩერდები,

დღეო, მზით კუზიანო, აქ.

თან გაიყოლა და მიაქარა, მიაქარავნა ხე რა.

სულ ტყუილად გამიწვალებიხართ,

მხოლოდ გაგაწბილეთ,

ჩემი ნახელავი აქ არა ვნახე რა.

ჩალის გემო ჰქონდა დროს,

ამიტომ თუ დაურჩი

ხახაში ჩალაგამოვლებული.

ეგეც ალერსად მიმიღია,

ნამდვილი წყევლის და ავი თვალის ასარიდებლად

როგორც ყასიდად ბავშვს რომ მიაწყევლიდნენ,

შენ არ დაურჩი დედაშენსო.

 

 

 

 

10.

და ქარშედგმული დარი დარაბას აუტეხავს დავიდარაბას.

მზის შუქი დღის საფუარია

და დღე თეთრ ცომად რაფაზე გადმოდის.

მისი გამოცხობა რომელ ჭკუათამყოფელ

ღამეს უუარია?

თუმცა რომც ჰქონოდა,

რა დარაბები ეყოფოდა ამ შუშაბანდებს,

და მათში, მოგება რომ ვერ გაფლანგოს

ფლამინგო საღამომ,

მზე იმდენ სხივს აბანდებს.

ამათ აღარ იკითხავ? ამ ღია და ქამრებად

ბოლოაპრეხილ აივნებს,

მათზე ჩემი სიარული უჩემოდაც რომ,

მინდა, მიაბიჯებდეს.

მერყეობა ვუანდერძე,

სხვა მე რა მქონდა რომ.

ბასრია დრო და ზედ

შუქი სინათლედ ითლება.

ღამედ ამოზრდილი ხართ

სიბნელის ომბალოვ, ქინძო და ქონდარო.

ჩემი ტვირთი ჩემს სიარულს

დიდად კი არ აზიანებს,

თუმცა მაინც აი, ვნებს.

 

 

 

 

11.

სიტყვა-პასუხი

 

- მორჩილსარჩულმირჩილული

მარჩიელი სარჩოს ერჩი,

გნახავ მალე გამორჩენილს,

თუ დროულად არ მორჩები!

- ნუ გეგონება თავის გამორჩევა,

წამომცდა მე თუ, ნუ - ქება,

როგორც მოწეულს - მუხლქვეშ იატაკი,

დრო რომ მეთუნუქება.

ზრუნვა-მუქარით რადგან მაფრთხილებ,

ჭკუას მოვუხმო, თორემ ამათ მე

თურმე მართლა რამეს გამოვრჩები,

შენ რა გგონია,

მადლობის მეტი რა მეთქმის,

ამ წვრილმანების მელნით შევსებულ

ხალხის სიაში ჩემი სახელის შეტანას

თუ დაიზარებს და გამომტოვებს,

კალენდარს საერთოდ თუ გამოვრჩები.

ასეთი ქება მხოლოდ სიამოვნებს,

ელამუნება საიქიოებს.

და საიქიო რადგან ვახსენე,

ერთი-ორ ჩემნაირს

ადრეც აუხსნია,

ნუ შემადარებ არათანაბარ აქ იობს,

ნუ გეგონები წუწურაქიო.

სიკვდილსა და სიყვარულზე უკეთესი,

ერთი მითხარი, თუ გახსენდება,

მათგან ვის რა უსურვებია.

სხვა ყველაფერი, მოგეხსენება,

რომ ხორციელი ანდა ციფრული,

ზოგჯერ რომ სულაც სულმოკლედ

მონატრებული ინტერნეტის

უსურ-ვაზი და უსურ-ვებია.

 

 

 

12.

ცხავი და სამტკიცავი

 

ეს ორფა საცრის პრინციპი ყოფილა,

რაც კი ყოფილა ყველა ჩვენგანი,

ყოველი ჩვენამდეც ადამიანდელი.

ზედა საცერი მსხვილად დაწნული ცხავია,

რასაც გაცრის და გაცხრილავს,

ხომ კარგი. გადაარჩევს,

დაიტოვებს მსხვილ-მსხვილ ქვებს.

ეგ სულ გადაიყრება,

წყალსაც კი წაუღია.

ქვედა საცერი წვრილთვალა სამტკიცავია,

წმინდად გაცრის,

გაატარებს მარტო სილას.

ეგ სულ ქარსაც წაუღია,

ხოლო რასაც დაიტოვებს,

აღარაა მასში მეტი

აღარც მომსხო ქვები და

აღარც ქვიშა-მტვერი.

ამას როგორ იფიქრებდი,

კენჭებიანი ნაპირი ყოფილხარ.

აქ რომ გუბედ ტბებია,

ქალაქის ორი მღვრიე თვალი,

მათთვის მოწყვიტე,

მას კი არც კუსი იუკადრისებს,

ჩააგდე ცა და მიანდე ლისს.

ეს ორფა საცრის პრინციპია,

თურმე რაცაა ყველა ჩვენგანი

და ყველა ჩვენამდეც ადამიანდელი.

 

 

 

 

13.

ჯერ ელვა, მერე მეხია,

სიტყვა სიფათში, ჯობდა, მეხია.

ამასობაში ქართველი ხალხი მოგროვდა

უშნოსიც, შეუხედავის, სიფათაგლისა,

რომელსაც დაუზარელმა ცხოვრებამ

ფლანგებზე გადაყრილ და მოსროლილი

დრო, გაფლანგული,

სულ წამ-წამ შეუგროვა

და შუბლ-ნიკაპზე ქაფჩით აგლისა.

მე ვინმეს ნაკვთებს კი არ ვუწუნებ,

შორეულ მაინც წინაპრებში

მაიმუნი ვის არ ჰყოლია,

მაგრამ უნებლიეთ წამოცდენილი გამომეტყველება

ხომ ხელმოწერა და ბეჭედია, რომელიც

ყველა ჩვენგანმა თავის ცხოვრებას თვითონვე

ისე დაუსვა, როგორც დაასვა.

და ცოცხალმკვდარი რომელიც მივუგდეთ,

ბედის მონახევრე ცდაა, სვავს.

ხო და, რა გიკვირს, რომ ბევრნი ცოტას

ან სულაც მარტოს მისდევენ და ასე კლავენ.

როგორც ჩანს, ვიღაცის მაგივრად

შური იმაზე უნდა იძიონ,

ვინც არ მოაწერა რომელიღაც

სავალდებულოდ შეთავაზებულ

კონტრაქტს ხელი, ან

გადასწვდა ხელშეკრულებას,

რომელიც სხვისთვის განკუთვნილია.

და ზუსტად ამიტომ, თან სანიმუშოდ

მის დასჯას ბრძანებდა მკვლელობის ბატონი.

ხოლო ჩემს პასუხად

გინდაც მივიღო

მათი უშვერი პირებიდან

გამოშვერილი სიტყვები,

რამეს თუ შემმატებს ისინი ლექსის მასალად,

თორემ რა უნდა დამაკლოს.

ამასობაში მოგროვდა ქართველი ხალხი.

სიტყვა ამ აგლი სიფათების

დანახვისთანავე

მათთვის პირში უნდა მეხია.

თუმცა სწავლა სიბერემდეო,

ჯერ ელვა, მერე მეხია.

ავტორი :
  • მამუკა ლეკიაშვილი