თარგმანი ფრანგულიდან: ბაჩანა ჩაბრაძე

(ძველბერძნულიდან რენე ვივიენის

1909 წლის თარგმანის მიხედვით)

 

საფოს ფიგურა დღეს უკვე სოციო-პოლიტიკურ დატვირთვასაც იძენს. ის მხოლოდ ანტიკური ხანის ლირიკოსი აღარაა, მას უკვე სიკვდილის შემდეგ უწევს ქალთა უფლებების ფრონტის წინახაზზე გასვლა, აკრძალული და რეპრესირებული სექსუალური სურვილების ლეგიტიმაციისთვის ბრძოლა. თუმცა, ბრძოლა, როგორც მწირი საისტორიო წყაროებიდან ჩანს, მისთვის ჩვ. წ. აღრიცხვამდე მეშვიდე საუკუნეშიც არ იყო უცხო. ტირან პიტაკოსის წინააღმდეგ აჯანყების გამო, ის გადაუსახლებიათ კიდეც. მაგრამ, საბოლოოდ, საფო ლეგენდარული პოეტია. პოეტი, რომელსაც პლატონი მეათე მუზას უწოდებდა.

 

ოდა აფროდიტეს

(საფო)

ო, ცისარტყელასტახტოვანო,

მარადიულო აფროდიტევ,

ზევსის ასულო,

გულთა მბეჭველო,

გევედრები, უზენაესო,

ნუ მისცემ ჩემს სულს დარდს და ნაღველს.

 

მომიახლოვდი,

თუ ჩემი ხმისთვის ერთხელ მაინც მოგისმენია,

როცა ტოვებდი მამაშენის ოქროს სასახლეს,

მიანდობდი ეტლს წარმტაც ჩიტებს,

რათა უსწრაფეს ქროლვითა და ფრთათა კამარით,

მაღლით, ზეციურ სილაჟვარდით გამოტყორცნილი,

წამოეყვანე ამ პირქუში ნაპირებისკენ.

 

ჩიტები უმალ აქ ჩნდებოდნენ, უნეტარესო,

და შენც უკვდავი, მომღიმარი ბაგით მკითხავდი,

თუ რა ახალი კაეშანი შეჰყროდა ჩემს გულს,

ან ხელახლა რისთვის გიხმობდი,

ან რა სურვილი მაწვალებდა სასოწარკვეთილს:

 

„მითხარ, ვინ არის ის ქალწული, ვის სიყვარულსაც

გაშმაგებით მე მევედრები?

ვინ შეურაცხყო გული შენი, ძვირფასო საფო?

დღეს თუ გაგირბის, გეტყვი, რომ ხვალ დაგედევნება.

დღეს შენს ნახვაზე უარს ამბობს? ხვალ თავად გნახავს.

დღეს არ უყვარხარ? ხვალ გინატრებს, უნდა თუ არა“.

 

კვლავ გეძახი, დაბრუნდი ჩემთან,

განმარიდე ურვა სასტიკი,

ამისრულე გულისნადები,

დამიფარე ამ ქარიშხალში.

 

თარგმანი :
  • ბაჩანა ჩაბრაძე
ავტორი :
  • საფო