1.

არ მოისვენოს მეხსიერებამ,
წყვილფეხამ, ბიპედალურმა
და ორივეთი მკალავმა,
რადგან ორივე მოიკოჭლებს,
ჩვენი წარსულიც და მომავალიც.
მკლავიც ორი აქვს,
მარჯვენა დროა, მარცხენა  სივრცე.
სივრცე დროის მოადგილეა.
პეშვებს კი ხმარობს ხაპებად ალმურის,
რომელიც ასდის ველებს, სანგრიანს.
ისვენებს ხოლმე, წრუპავს ჭიქიდან,
რომელშიც უსხია
წითელი ყურძნის გრილი სანგრია.
ასე დალასლასებს და სადაც გადაეყრება,
იგი საველეს სთხოვს 
შემომიშვი, კარი გამიღე,
ვითომ მეც ნაომარი ვარ, ჰოსპიტალო;
უარი არ მითქვამს საუბარზე ხევ-ხუვებისთვის,
ვეუბნებოდი კლდეს ჰოს, პიტალოს!
მეხსიერება ასე იცინის,
ცრემლადაც იღვრება.
ის თუ გაქრება,
ჩვენც ღაპა-ღუპით დავიღუპებით.

 

2.

ვერ ვნახე უდაბნო,
იენს ბიერეს კალაჰარი,
ვერ ვნახო მიწები, არა ცბიერი,
არამედ უკვე ნაღმერთალ-ნაალაჰარი.
არც ისაა ფუჭი ეჭვი,
თეთრი ქალბატონი სინამდვილეში
რომ შეიძლება იყოს ფიგურა შამანის.
რომ აზროვნება  თუნდაც ხელებით,
გინდაც გრძნობების ციებ-ცხელებით,
უნდა დასრულდეს ორაზროვნებით,
არ დამავიწყოს, უნდა გამახსენოს მაშ ამან ის.
სიკვდილ-სიცოცხლის, ყოფნა-არყოფნის
ფიქრი ფიგურებს უფრო აგროვებს.
მიწას თუ ერქვა და მიწის ქალღმერთს
ლიხი, ხან ლეხი,
მიწათმოქმედი იქნება გლეხი.
რასაც ნაკვეთზე დათესავს, მეტსაც მოიმკის,
ნაკლებს კი არა.
გადაარჩია მარცვალი,
გამოთქმის გუთნით
მოხნა ეგ არე და შეაქვს.
ერთადერთობა ფიქრისთვის
უბრალოდ გარე და შეა.

 

3.

სინამდვილეში
ორაზროვანია
ყველაფერი,
ესე იგი,
ამ ფრაზის ჩათვლით.
ორაზროვნება,
თვითონაც
ორაზროვანი,
იანვრისაა.
თავქვე ეშვება,
მალაყებს გადადის
თვე
დაუდეგარი ზამბარის.
დაბლობს თავს,
თუ მთა ხარ,
ახარბებ.
ხოლო მთისთვის,
თუ ხარ
უხარისხო,
რას არ იზამ, ბარი.
ორაზროვნება
ზრუნავს გამეტებით.
ორაზროვნების გამა გამატარე.

 

4.

გზაჯვარედინთან
მოქუჩებული ქუჩა იქაჩება,
მორიგეობით ორივე,
თავის გასწვრივ,
გარდიგარდმო მეორის.
ეუბნებიან ერთმანეთს,
ახლა ხომ ჩემი ჯერია,
თორემ თვლემა მომერია,
ახლა ცი მე მომეო, რის
მოლოდინში ხარ,
ბორბლების ქშენა და გარბენა,
ჩაფახებული ფეხების ნაბიჯიც
ახლა მომეო ცი.
არარსებობა-არსებობიან,
ობიან ანუ
და გზაჯვარედინ ეპოპეაში
ოდისევსის დაბრუნება არ მოხდება,
ვიდრე თითებზე გადათვლილი
არ გავა რიგი წლისაც მეოცის.
გაუყადრო თავი გინდა რა,
ყურს დიდად მაინც ნუ დაუგდებ.
როდის რა უნდა მეთქვა, მე მცმოდა
ქუჩამ რა იცის ან ხალხმა, ვიგინდარამ.

 

5.

ველი ვალი ველი,
როდის გახდება ამ მთის გადასახდელი,
და არა ჩემი, მერყევი ცისთვის.
თუმცა რა მთა, ყოველ ნაბიჯზე
მომცრო ბორცვივით ბარბაცებს.
მოთმინებას ვიდრე დამაცლის
ეგ, ოდებ და ველი,
მაინც მოსთხოვენ, რადგან ვერავინ დაარწმუნა
თავის სიღატაკეში,
ამასობაში თავს თუმცა იმცირებდა, მოთქვამდა,
არ გამაჩნიაო, გოდებდა, ველი.
ვინ იფიქრებდა, რომ რამეს დააკლებდა
ყეფა პირამიდას ტურების.
დრო, როგორც ძალა, იწვევს ცვლილების აჩქარებას.
მკითხველო, ჩემო გუმანო, დამარცხებულმა მამამ,
გამოეხიზნა, რომ დააპირა, მიდასტურებ, ის.
თავიდან მზის ღმერთის შვილი ყოფილა ანუბისი,
გრძნეული და საიქიოს გიდი,
ხოლო მის ასულს
და მზის შვილიშვილს რქმევია კებეჰეტი.
სახელით რატომღაც მაგონებს მედეას,
რომელიც მიწის ნილოსის ქვეყნიდან გადმოსახლდა
კავკასიონისკენ, რომელიც ეგონათ, ვინ იცის, ცის ნილოსი.

 

6.

ცხოვრება რქმევია ამ უცნაურად
დაცემ-დაგებულ ბანაკ-ლიანდაგს, მე ნიადაგ
თავს ვაფარებდი, ვადექი რომელსაც
მთელი ჩემი კოჭლი ნებით.
ისინი მხოლოდ სიკვდილმა შეიბრალა,
რა მას გული მოულბა ნაკლიან და, გსმენია, დაგენიძლავები,
თითქმის უნებლიეთ ამნაირებზე,
როგორებიც ჩვენ ვართ.
რომ გადაქლიბო
და ქვას მოაკლო
ცოტაოდენი ქვობა,
ქარს გაატანო მტვრად,
მასში აღმოჩნდება გრძნობა,
ქვის დაიწყება ლხენა-წვალება,
რასაც შეიძენს და ამოიდგამს,
დაეხარჯება დაკისრებულ ენაც ვალებად
და უბადრუკად მყუდრო ტყუილებს
აგზნებული ენაცვალება.
თუმცა არც ეგენი გვაკლია,
აქ არ ითვლება დეფექტები,
ხინჯები და ნაკლები,
ქვები უბრალოდ მეტია,
ჩვენ ვართ ნაკლები.

 

7.

კატასტროფა

არასოდეს იქ აღარ მივიდა,
ფეხი ამოიკვეთა. ან ხმებიო, ღონდები
ბზარებად, ან იფანტები მტვრად.
თუმცა თავს თვითონაც ასე აფრთხილებდა,
და მეც  საწყენი იყო, მაგრამ დაივიწყე
და დი ამო იქ!  ვეთანხმები ოღონდებით.
რადგან ის, რომელიც
წვეთავს, თავს ავს არ დამართებს
და მაინც დაიწრიტება,
რატომ ბარემ არაო;
რატომ არ დაიცალო,
არ დაიქცე მთლიანად,
როდემდე უნდა იდგე ტბად,
ინტიმურ გუბედ ბაგეების.
წვეთავს კი წარა-მარაო,
ვიდრე ცოცხლებში ვწერივარ,
არ გამაგრილოს ნიავმა, არც არა მარაომ.
ხმა აქვს იმ ქვიშის,
რომელიც ქარში ეყრება კლდის სახეს, პიტალოს,
აზრი კი გამოაქვს ხმიდან ისეთი,
როგორც რომ შეცდომის გამო პილოტის
დაშვებისას არ გაიხსნას შასები.

 

8.

რომელიც არის, ჰგიეს მონიან
უძრაობად და ჩვენი ყოფნით დატვირთული
თურმე ურმების პატრონ-ბატონიც,
როგორც შიმშილის მოსაკლავად
უთვალავისთვის დარჩენილი
ფრანგული პურის ერთი ბატონი;
რომელიც ჩვენი ყოფნა-არყოფნის ჰეგემონია
და ძველებურად ჰქვია სამყარო,
სინამდვილეში კია უდავოდ თხევადი ვადის,
მის ერთადერთობას
როცა იგი-მან განუდგ-უგანა,
განანებ განა ნებითო,
მაიძულებენ ძვლები.
მაგრამ აბუეტ პოეტებს
აბა, რა დაგვეჯერება,
ჩვენი ხელობის მიმდევრები
რას არ იტყვიან, ოღონდ ფრაზების
კი დალალები ისე დალაგდეს,
არ დაესიზმროთ დალაქებს.
ჩემი არ იყოს, რატომ მარტო არ მგონიხარ?
შენს წამოცდენილ ცნობებს
მაშინ მენიშნა, მიშენ,
როცა დავიწყე მათი აკრეფა
შავით თეთრზე და,
როგორც მივლია კვალზე.
მე, მხოლოდ პოეტს, რას მიხარია?
რომ ტყუილად ჰგონია
მთელ ამ თხევად სამყაროს,
რომ რომელიმე ჩვენგანი
მისი ლუკმა და სადილ-სამხარია.

 

9.

ოქროს საწმისისკენ მიმავალი
სამეფო გზის დასაწყისი
ცალი სანდალია.
კლდის თვალიდან გადმოქცეული ჩანჩქერი,
დალის დალალი
მზემ მიზეზად ხელზე დაიხვია,
ეგეც შენ ოქროს საწმისიო,
მისიონერო.
ყველას გვეყოფა და მზემ მაინც ვერც დააშრო
ის ან დალია.
დედა კი ორდედიანის
ირემ-დალია.
წლები კი თუმცა გადაგორდება,
კაცმა არ იცის,
რამდენამდელი,
თაობა ყოველთვის მაინც ორია,
რომელიც იყო და რომელიცაა.
ხოლო მათ შორის დისტანცია ლიბრია,
გადაკრული ისტორიის თვალზე.
ცა შემოდგომის დაა, დღეც მზიანია,
გავხედავ, ეშვება და მაინც არ წყვეტს
ცეკვა და შიშველი
დის ტანციალი ბრიალს.

 

10.

სიზმარს გავხედე,
რომ სახიფათო სახის სიფათი
დროისად მეიერება.
ის მემუქრება, რომ გავიღვიძებ ნებით
თუ უნებლიეთ, ისევ იმ ცხადის
დაუყოვნებლად მე მიერ მოვიძებნები.
მიცნობდე დამყოლს ან მე თუ ნებით ურჩს,
მაინც დამტოვებს თიხად
ცხადის მეთუნე ბითურ.
თავიდან გგონია, ყოფას უტირებ ულმობლად,
მერე კი თავს აღმოაჩენ ამპუტირებულ
კიდურებს შორის. გაგეღვიძება,
როცა გაივლის ანესთეზია.
მაგრამ პოეტი მომტანია უფრო ზიანთა,
რადგან - პოეტი, შენ ხარ ან პროთეზი,
თავიდანვე გადასაგდები,
ან მიერ ბრმასავით თვალისჩინქებულის
ბრბოს ტან ბოსტანზე მიპაჩინკებული.
ადამიანებს აღიზიანებს შეუსაბამობა ნებისმიერი.
თუ პოეტი ხარ, ტიხარი ორ სიზმარს შორის,
ხელობით ყოფილხარ შეუსაბამო,
ხოლო თუ მკურნალი ხარ, აი, დაჭრილი,
მიდი, ჭრილობა, აბა, მობანე.

 

11.

შენ რომ გგონია,
უშენოდაც ფერი ფერია,
სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ,
უშენოდ ისიც არაფერია.
ცხოვრების თიხა, ქოთანი
როგორც მოისპო,
ისე მოისრა.
ის რა გემია,
მაინც აგემებ,
რისი ღირსიცაა,
როცა დაუშენ უშენობას.
სახურავგადახდილ სახლებში უფრო მძიმედ წვიმს,
ვიდრე ქუჩაში.
და შენც ქედმაღლობ,
როგორც გადაყრილს შეეფერება
შიფერს და პერიფერიას.
მადლი ვის, თორემ
ფერი ფერია.
უნდა ვიკმარო ეს შემპარავი ორაზროვნება,
რომელიც წვიმასავით ცრის,
დამხვევია თანაც რეტის.
მაგრამ რა ვქნა, რომ ზღვის გარეწარ
მეკობრეებს შორისაც მოიპოვება უპირატესი.

 

12.

ან აწმყო რაა, მართლა ყორეა
ღრძილებიან მიწაზე?
არა, აწმყო ზეწარსულია,
სულ ზეწარია,
რომელზეც მომავალი
ქალი შიშველი წვება.
ამ ზეწრის ნაოჭებს
ჭკუათმყოფელი რომელი ქალაქი
არ ჩაიკლაკნიდა ქუჩებად.
და ამ ქალაქში ფრაზები კაფეებად ჩამორიგდება.
კაფე-კაფე კაფე კეფა,
რადგან ღამეა შუბლუბლანტესი.
ჭექს და გრგვინავს  ვინ ავსებს გრძნობით
გამჭვირვალე აზრის ჭიქას, დაცლილ-დაწრეტილს?
თქვით ახლა, ვინ ავსებს? ან ვინ ინავსებს
ისე, რომ დამტოვოს ფხიზელი.
ისე უნდა დავთვრე, ჭაკმა ცხენებმა რომ გამასვენონ.
არ ენდო ენდოკრინოლოგს,
რომელიც გეტყვის, რომ არ არსებობს
სიცოცხლეზე ზოგადი ალერგია.
შენ მე მისმინე, რომელიც იმას გეუბნები,
რომ ეს ჭრელი კულტურა,
რომლითაც ასე ამაყობენ ჩვენი ჯიშისანი,
სხვა კი არაფერი,
ალერგიული რეაქციაა სიცოცხლეზე,
ხშირად, სახელდობრ, რელიგიური.
პოეტი, თუმცა იუველირი,
თავს იველურებს,
რომ არ მიაგნოს აგნოსტიკურმა მხეცმა,
რომელსაც დააჭენებს
კაციჭამია რწმენა.
აწმყოს ზეწარზე წვება შიშველი მომავალი,
ტუჩები, კერტები და ბაგეები.

 

13.

თუმცა უხამსად გაპობილს ნიშნავს ჩათლახი,
უმანკოა კარვის პალოდ ჩათლა ხის,
რათა ზედ ბაწრით დაიჭიმოს
კარვის ზანტი ბრეზენტი
და ვერ გაჟღინთოს წვიმამ.
ჩემი თითო ლექსი
თითო ასეთ პალოდ ინებე.
ახედე, ზემოთ ხომ ცაა ბრეზენტის
და იმ ქალაქისაც,
რომელიც დიდხანს
ნატარები ბრაზით ნეტარებს.
ძლივს ანაწილებს სემაფორი აქ ფორიაქს,
მესაჭე და ქვეითი მორიგეობით ერთმანეთს
და დაუნდობლად ალოდინებენ.
მე ქუჩის ქვეშაგ გადასასვლელშიც
ხვალინდელი დღეების თესლი მეგონა ნესტი,
ახლა ირკვევა, თვითონ თბილისი
თურმე ყოფილა რომ ეგ ონანისტი.
ლექსი ისაა, რომელშიც
გაუბზარავი არავინ რჩება,
რადგან ყოველი სიტყვა,
თან დრეკადობას მიუჩვეველი, იზნიქება,
სხვებსაც თავისკენ მიეზიდება.
ლექსი ისაა, რომელშიც სიტყვები
სიტყვა-სიტყვით წელში წყდებიან.
გაუგებარ ენაზე მოსაუბრე ისიც ხალხია,
და მაინც ლექსი და პოეტი
ამ ქალაქში ცხოვრობენ მეორე იეზიდებად.

 

14.

მან მიიარ-მოიარა, რომელიც
ქუჩის ორივე დაა ტროტუარი.
ჩემი ნათქვამი მინას შეხლილი
ფარვანასავით ფრიალებს.
არავინ გამოგრჩეს, ყველას ჩამოუსხა,
მანდ ვინმე ჯერ კიდევ ფხიზელი,
და უნდა დაათრო, თუ არის.
დროა, დრომ რომ კუდი ამოიძუოს.
რას ელოდები, მოგძახიან ჩვენი ჩრდილები,
ღამის ნადიმზე ადი, მზეო.
მიმოიარა და ორივედან
დაფად გაშლილ
ცას ასძახოდა
ას-ასჯერ მაინც,
მოვალ, დაკუთხულ
ორ ცალ კამათელს გავაგორებ
მალეო, ნარდო, და ვინ ჩივის,
რომ მზე ზანგია.
მაინც ზღვასავით მიმოვიქცევით
და სულერთია,
თავიდან თუ რომელ ადგილს მიუჩენს,
იმ კამათლებით გამოხმობილი
ლეონარდო და ვინჩი ვის.

 

15.

ხალხია ახლოს,
რომ თვალყურმა ხელი ახლოს.
კაცი გონებად, გონება ქუჩად აგდია.
ხალხია ორი ზამბარა.
ერთი შენკენ იკუმშება,
მეორე შენგან გაშლას კადრულობს,
მათ შორის შენივე
შენთან გონების კომში ომშია, მშიაო.
არც დაგიზავდება,
აქახლაობის ფახლავა კერძად არ ჰყოფნის,
მოჰყირჭებია,
თუმცა მისით უდგას სული, გასული
საშოვარზე ქუჩაში.
ხან უწვრილდება, ხმა უბოხდება,
ქუჩას აყივნებს.
ხალხი ხმის ახალუხია,
ძველს მოიბეზრებს,
გამოიგონებს ახალ უხიაგს.
ხალხი ირყევა,
როგორც სარძევე, რომელიც
ქუჩას კბილებად დაუკრეჭია.
ხალხი ადვილი მოსაცვლელია,
სამაგიეროდ
ერთხელ იოლად დაითესება,
მეორედ მოვა აბჯარასხმული
და იასონის მაინც სამკალი.
შენ კი ჩივი, მე ამ ქუჩით მომეხაზა
გავრცელების არეული არეალი,
მაგას კი რა მოეკითხება,
გონება დაქრის
ხან აქ, ხან იქო.
ერთ იასონს მეც ვიცნობდი ოდესღაც,
დაბერებულს ოღონდ გლეხად ეხადა
ქირა, სააგარაკო, ცოლად ჰყავდა
სომხის ქალიც ანიკო.
ქუჩა რასაც ვერ გასწვდება,
გაიკეთებს მოედანს,
იმას სიტყვა მოიტანს.

 

16.

ძველი წინასწარმეტყველების ასრულებისას,
ხედავ, წრედ როგორ შეიკრა ლებისას-რუ-ლებისას,
და რომ ის ცენტრია, ლიანდაგებად საიდანაც მოედინება,
ახლანდელობის თავთხელი რუ.
ქვები ალაგია, როგორც შპალები, ცრუ,
რათა ნაკადს მისცენ ტრიალი ან დაგებადოს
დრო მორევებად, თითო ნაფოტის თითო ხაფანგი.
და დრო დინება, ნაკადი
და რუ კი არა,
მორევების ფარღალალა ჯაჭვი ყოფილა.
როცა აწმყოა ძველი წინასწარმეტყველების ასრულება,
მაშინ აწმყო ადასტურებს წინასწარმეტყველების უდავობას,
ხოლო ამგვარად დადასტურებული წინასწარმეტყველება
ვალში არ რჩება და თავის მხრივ აკანონებს სწორედ იმავე აწმყოს.
ხოლო უკვე დაკანონებული აწმყოს მიერ ასრულება
თვალით ნანახ ანუ უეჭველ ჭეშმარიტებად გადააქცევს
წინასწარმეტყველებას და წრე კვლავ იკვრება,
როგორც ქამარი წელზე ან საათის სამაჯური მაჯაზე.
ვიმეორებ, როცა აწმყო მორევია,
იგი ვის არ მორევია.
მარდუქის დოქი გადმოაქანე
და დრო ღვინოდ დამისხი,
დავთვრე.

 

17.

ვიცი, შეცბები, მაგრამ
ლოშნა თუ ლაშების საქმეა,
კოცნა კაცების საქმე იქნებოდა,
რადგან, როგორც ჩანს, ტუჩს ერქვა კაცი,
რადგანაც არის თანაც ნაკეცი, როგორც თიხისგან.
და ორნაირი მაგრამ თანაბრად
მრავლისმთქმელიც განირჩეოდა 
დედაკაცი და მამაკაცი.
და, საზოგადოდ, ადამიანიც
ბერძნულიდან ნათარგმნი
ალოგონ-პირუტყვისაგან
სწორედ მეტყველი პირით,
უფრო ზუსტად კი,
მრავლისმეტყველი
ტუჩ-ბაგე-კაცით განირჩეოდა.
ამიტომ მოხდა, რომ
პრომეთეს ხელით
თიხისგან გამოძერწილი
მეტყველი კაცი დაერქვა
ადამიანის ხვადსაც და ძუსაც.
ვიცი, ჯერ კიდევ შეცბები,
მაგრამ გეუბნები,
მოდი, რომ კაცები კოცნით შევაერთოთ.

 

18.

აბა, არათი ბარათი ხომ არ დაიწყებოდა.
ჯერ იქნებოდა სალამი, თუნდაც ყასიდად, მოკითხვაც.
და გარდიგარდმო გადებულ პწკარებს,
სადმე სადუქნო სარდაფში
ჩაუყვებოდა არას კარამდე.
უარის უარესი რა იქნებოდა,
და მაინც, ჯანი გავარდეს,
დაბლა ნათქვამი უარი,
ცრუ იმედს კი არ გიტოვებს, არა,
მაგრამ გამხნევებს მომავალი უარებისთვის,
რადგან ყველა და დღეც, დღევანდელი,
არის უარების თვის.
პოეტის ნათქვამს თუ დავუჯერებთ,
ჩამოიარე, სადაც კი დარჩა ქუჩის ეზონი,
როგორ თანდათან ილურსმება,
ღამედ წოდებული,
არ ინდობს ბლაგვი ჩაქუჩი სეზონის,
და ქუჩისქვეშა გადასასვლელში
რაკი იპოვე იაფი ოპტიკა,
გაგახსენდება,
ზოგი არა კი
რომ არის ხოლმე
კვიმატი არაკი.

 

19.

ზოგ რამე გრამებს
გადამწყვეტობის წონა აწვეთებს.
ზოგ რამე წვრილმანს, ვთქვათ, სიცივეს
ძლებ მე ვერ ვუ ზამთრისას.
და რას ვუზამ,
ბზარი რომ ვიყო,
შევიყუჟებოდი კედელში.
კართან ვინმეა გვიანი,
ან სიზმარს მიზომავს
ქალების ქუსლების
პაკუნი პეკინზე.
ბზარი რას მითქვამს,
ან რას მიქვია კედლის სიღრმეში?
თორ-აბჯარ-მუზარადს ბზარი გახეთქავს
და ბოლო ბზარი დაანგრევს კოლოსს.
გავერთობოდი, თორემ
მე სარგებლობას ან მომიტანდა
ბრაზი რა ზიანს?
ფეხის ათრევით ამ გზას ბოლომდე
მე კი მივიყვან,
კარსაც შევაღებ რაზიანს.
თუ თავმა თავი მომაბეზრა,
ქუჩის შვილობილ ველობილიკზე
თვითმკვლელობის
სკამცარიელი ველოსიპედი უხმაურობს,
ნაივური ნიავის ნაირი.
თითქმის არ მოჩანს,
მხოლოდ სპიცების სავსავი ელავსავით.
მაგრამ გრამებს ხომ
წინასწარ ვერაფერს მოსთხოვ,
მათ უნებური წონა აწვეთებს.

 

20.

ლექსის წესი ეს ის წესია,
რომლითაც ითხოვს მსგავსება გავსებას,
როგორც ბოთლი, რომელიც ღვინის ბოცაზე დაბლაა;
ცალკე კი იცლება, დგას განსხვავება ხვავებად,
შავი ასფალტის ცხელი კონუსები.
ადამიანის წესი სულ სხვაა
და რაკი მიდრეკილებით
გუნდრუკის იგი მკმეველია,
სამაგიეროდ
მას უნდა რა, რომ
თავის ეზოში შერეკოს მეტი კარგი და
ცუდი ნაკლები,
ამიტომ ღმერთი, მით უფრო, როცაა ერთი,
ხვადის უხვადესი ალფა ხვადია,
რომელსაც სიბერესავით
ვეღარ დამალავს შენიღბვის დარგი,
ვერა კოსმეტიკა.
იგია, რომელიც კაცმა ყველაზე მაღლა შემოსვა
და ყველა თავისთვის ნანატრი ნიჭით
არ დაენანა მისი შემოსვა.
ნელთბილი, ცხელი თუ გრილია,
იგია გონების სიბერე – რელიგია.
ადრე თუ გვიან ალბათ მიხვდებიან
ამას ალფა ხვადები და სხვა ხროველებიც.
მზე, მთვარე და ვარსკვლავები
იყო ძველთაძველი დარაჯი პიესის,
მერე რელიგია შეიქნა შმაგი ჯიპიესი,
რომელმაც თურმე უნდა გიკარნახოს,
როდის და ვინ ხარ, სად იმყოფები,
რა გევალება ან გეკრძალება.
თუ მას ჯერჯერობით მაინც გადავურჩით
იღბალთან ერთად მხოლოდ იმიტომ,
რომ ყველა კულტურა,
მეტ-ნაკლებად მარტივიც და რთულიც,
სხვა კი არაფერი, კრებულია
სხვადასხვაგვარი ჯიპიესების
და ყველა მათ შორის,
ისევ უტყუარი ვარსკვლავებით,
მზით, მთვარით და ცთომილებით დაწყებული
რელიგიასავით როდია შლეგი ლეგიონი.
წესით, ლექსებიც
რაღაც ამდაგვარს უნდა აკეთებდეს,
ოღონდ პირიქით, იქით რომ მიჰყავდე,
სადაც შენ ადგილიანი ამ და იმ არ ხარ,
რადგან ეს ყველაფერი
წყალსაც წაუღია
და მიწაშიც დაიმარხა.

 

21.

შენ არ ხარ ვენახი.
შენ ხარ ხურდა, რომელსაც
დრო სივრცეს უბრუნებს.
თანაც ვაჭრობის წესისამებრ
მეტის გამორთმევა-მიწოდებით ნაკლების
დროა ნოქარი, სივრცე მუშტარია,
რომელიც თავისთვის ყიდულობს ყოფნას,
ფულად კი იხდის ცოცხალ არსებებს.
შენც ერთი დიდი ამბავი ხარ,
ჯიბის ეპოსი,
და რადგან მეტაფორის სიზუსტეს
ვერაფერი შეეჯიბრება,
იმავეს მივუბრუნდები,
რომ გითხრა ამჯერად,
რომ ნებისმიერი მე და ფსიქიკა,
გონება, სუბიექტური,
ცოცხალი არსების ჯიპიესია.
და ეს იღბლიანი ის შემთხვევაა,
როცა კონკრეტული მეტაფორა
ერგება ზოგადად მეტაფორასაც.
მართლაც, მკითხველო,
თვითონ მეტაფორა
გონების ჯიპიესია,
რომელიც მას ეუბნება,
თუ რომელმა აზრმა
საიდან სად და რომელ
უმოკლეს გზებზე უნდა მიმართოს ტერფები.
ცოცხალი არსების სიკვდილის გამო
სადაც გაზედმეტდება
ჯიპიესი,
არსებობის პერანგიდან აწყვეტილი ღილი,
მისვლას გვიან თუ ფსიქიკა ადრე,
ყველა ჩვენგანის,
რომელიც ავსებდა
ხარბი ამბების ხაპს, იქ იკადრებს.

 

22.

აქ, წაქცევიან ნაბიჯებს
სიარულმიუჩვეველი,
ნუ შეჩერდები დასასახლებლად,
საძირკველს მაინც ვერ დაიმაგრებს
ქება-განქიქების ნამქერი ქანები.
და გზა დაგზარდება, თუ რა,
შენც გაუყევი.
ქალო და კაცო, ჯეელო,
ამას არ უნდა დიდი მსჯელობა,
ხომ ნათქვამია,
წონასწორობის დასაჭერ ჭოკებად,
ზოგჯერ კი მოაჯირადაც,
კეთილინებე, გამოითალო
ლექსები, დღიური გასამრჯელოო.
ნუ შეუჩერდები ამოსახსნელად
აქაურობიან ბებერ რებუსებს,
ქვეყნის მაგივრად დახვავებულია
ქვეყნის ლოგოგრამა
და ისტორიას ჰყვება პიქტოგრამა.
აქ რა უნდოდა ფონოლოგიურ ანბანს?
მღვრიე მორევებს შორის რომ ფონია,
გზააბნეული ვინმე მისანი მისანიშნებელ
ქვებად თუ ჩაალაგებდა,
ვაი რომ, თითქმის ფუჭი სასოებით.
ისე გადაირბენ,
ფეხს არ გაისველებ,
ოღონდ არ შეჩერდე,
თორემ დაგიცდება.
ეს ხიდი,
ლაპიდარული თუმცა,
მაინც ლიპია.
წაქცევა, სიარულიანი,
თავს არც სხვაგან მოგანატრებს.
მე აქ ვიქნები,
ჩახედვა ჩიხის თვალებში
ჩვეულებრივი ჩემი საქმეა.
შემთხვევით იქ თუ გადამეყარე,
არ შეიცხადო, იქაურობის ამ აჩრდილს
გზა აბნევია, აქ რა უნდაო.
ზოგჯერ ხდება, რომ
ჩიხი ჩახმახად მოიხმარება.

 

23.

დამაცხრა ცხრაასი
მომხრის ხროვა,
რომ მხრას
ოცდაცამეტი კბილით.
მე, ლიბერალი,
იბერიული, ბარემ თუ ყაიდის,
შეღამდა, თავს მივცემ პეკინის ქუჩას,
ხალხისგან გასიარულებულს.
სულ არ დავეძებ, რასაც დავეძებ,
ვერ ვნახე ჩემი ბარათი, დაკარგულიყო აიდი.
რომ არა ქვეითი ქალების ქლიბი
პეკინს პიკანტურის არაფერი უგავს.
თუმცა მეტი არც მოეთხოვება
ასე ხალხად დაწვრილმანებულ ქალაქს
და ისტორიას,
ფოტოებად დანაფოტებულს.
ხალხის ადამიანებმა მაინც რა ქნანო, მე კი მეკითხები,
მაგრამ რა გიპასუხო, უნდათ თუ არა მათ, არ იღება
ისტორიის კარები თარიღებად.
ხოლო სიმართლე შეიძლება, ისეთი იყოს,
სიცოცხლეს სიკვდილი რომ ამჯობინო.
ამიტომ არაფერს გეტყვი,
რომ არ გიკარნახო,
სიმართლის ველის შესახებ რამე ისეთი,
უჩემოდ რაც იქ არ ნახო.
უჩემოდ იყოს, თუკი თავისით ოდესმე
გასაკვირადაც
ის მოგადგა და შენდა,
სიმართლე, რომლის ძალითაც
ცის კაბადონზე, ვინ იცის,
რამდენი ცივილიზაცია
აორტებიდან ნებით აორთქლდა
და სიხარულის სმოგად გადაშენდა.

 

24.

და რას გაიგებ, ეს კი ლექსია
თუ შელანძღული შვედური კედელი,
თუ გარდიგარდმო სახელდახელოდ გაყრილია,
სათადარიგოდ უვარგისო, გისოსები,
თუ თავისებური ფრაზებ-რაზები,
ბრაზები, უმისამართო,
ცალ მხარეს მორღვეულ
კარ-ფანჯარაზე ბითუმად მოჩანს.
რა საჭიროა მოცდა აქ ამათი?
არა დარწმუნების, არამედ
შემოწმებისაა კამათი.
იყო დრო, როცა
მეტ-ნაკლები იყო ცალ-ცალკე.
მერე ნაკლები მეტს შეერია,
გამეტიანდა, გამათიანდა.
ან უკეთესი მათგანები
არსებობით განებივრებას
მან, დავიწყებამ, გადააჩვია;
რადგან ირგვლივ თითქმის არაფერია,
რამედ და ვინმედ ყოფნის
ცრუ აბჯრისა და ბექთრის
გაიმეტა სრული სპექტრი
ანუ გამათი ანდა.

 

25.

თანდათან ყველაფერს
დაედო ფასი და ნიხრები.
და შენ თუ შენი ნამდვილად ყოფნის
ხარ ალბათობა,
ყოველ ნაბიჯზე
ნულისკენ ბეჯითად ასიდან იხრები.
ამას დრო ჰქვია
და თუ ატარეს იგი სათუო სახელით,
შენ რაღას შეუშინდები.
ჩრდილი დათაგე, ჩაიზიარე,
იარეთ ერთად.
თუ იქით თუთუნს სველი თუნუქის გემო აქვს,
მეც წავალ, აქეთ მოვსინჯავ.
ხან მე ვჯობნიდი,
ხან დრო ძილივით მერეოდა.
დაზოგე, გადაარჩიე
ზოგი მათგანი სამერეოდაც,
გზები, ზეპირად სასიარულონი.
ნაბიჯის ფარგალი ერთია
და მისი გასაზომი
ასია რულონი.
იქნებ წარსულიც ისე ქრება,
როგორც ქრებიან დედ-მამები ამების.

 

26.

მომავლის დაფაზე
ორომივით ბოლის რაკი ტრიალში
ხშირად კარგად არ მოჩანს
ზოგი კონკრეტიკა,
ეჭვი მაინც ნუ შეგეპარება,
ორივე თარიღი
არტყამს იქ ციფრების
ცისფერ ნაფაზებს.
ცხოვრება ვისაც მიუგავს
მეტ-ნაკლებად ოფიციალურს,
ავიწყდება ხოლმე,
რომ წარსულზე
მას, მან თვითონ
რომელიც დადო, ფიცი ალურსმავს.
იგი იქნება უდავოდ სანდო
და საიმედოც ადამიანი,
ვინც გადაკეტა მოულოდნელის ვენტილი,
პლომბად დაადო
ფიცი, ამჯერად
გეგმებად ჩამოღვენთილი.
შენ კი ნურაფერს ხელს გადაღმა ნუ დაგეგმავ,
თუ გინდა,
რომ მომავალი
წინასწარ წარსულად არ წახდეს.
თუმცა მოლოდინის
შენთებულ სიამოვნებას
ბევრიც ვერაფერი ვერ შეედრება,
გვარწმუნებსო ლუდომანია,
თუ შენს დროებით თავში
ბანაკი არ დასცეს დროის აბრაგებმა,
ისე შენს სიცოცხლეს
ან, მით უმეტეს, სიკვდილს
ექნება აბა, რა გემო?

 

27.

სიკვდილს იმით, რომ დღე-ღამის ჭიქიდან
ძელგის მაგივრად ძმარდაკრული
სიცოცხლე წრუპო, ეზიარო,
იგივეა, შემოგეკითხოს,
ნამდვილის ყდაში
თუმცა ჩასმული,
ცრუ პოეზია რომ.
კი, აქაური სიმთვრალე
ვერ შეიძინება ფულით, იქაურით,
ხოლო აქაური ფული
სიკვდილ-სიცოცხლის თამაშში
ფრეზე არ იდება,
მაგრამ
პირველიც,
მესამეც,
მეხუთეც,
ყველა კენტი პრეზიდენტი
გვყავს შარლატანი, პოლიტიკური.
მე არ დაგისვამ კითხვას, რიტორიკულს,
რომ არ შემომიბრუნო,
უვიცობით გაბრუებულების,
ახალი უფლებით გაბრბოებულის
სახელდახელოდაც ცერზე მორგებული,
თუმცა საკმარისად ბასრი
საარჩევნო მაკრატელი
უკეთესს აბა, რას იზამდაო.
ნიავი ხომ არაა დემოკრატია,
თავისით, მსუბუქად მოქროდესო.
წუმპეც გვინახავს საღამოთი მოოქროვილი,
სიკვდილსაც კი უნდა ზოგჯერ მიღწევა.

 

28.

გაწყვეტილი ისტორიის
ლეშთან ძერები,
ქართველები შეიკრიბნენ
და შეიკვრნენ ტომადაც.
თავზეც დაისვეს ბელადი,
ფლიდი თამადა.
გაჩაღდა ქელეხის
სუფრა სმიანი,
ქეიფი დალევიანი.
იქაც შემივლია,
მაგრამ მე დიდხანს
ადგილს რატომ დავიკავებდი,
და გზას ბარაქა დავაყენე,
უჩინმაჩინი ქუჩის
გაღმა ნაპირზე
რომ გამოგნახო,
ვიდრე თვალნაბიჯს აყოლილი
წელზეც ქამრის
ბალთა ბოლთას სცემდეს.
აქ შენობების ქშენა არ ისმის
და რაც წერია ერთ შვეულ აბრაზე,
არც არავის აბრაზებს,
ჭეშმარიტი სატირა,
რომელიც თავისი სიცილის
ცრემლებმა ატირა:
„დაყუდებული 
მყუდელი 
მღუდელი 
მღვდელი.
დაყუდებული 
მყუდროდ ანუ
განმარტოებით მყოფი.
ესე იგი,
მღვდელია
ის, ვინც
იმყოფება
განმარტოებით“. 
დამილოციხარ,
ხარბად მკითხველო, ლექსით.

 

29.

რა ძნელი მისახვედრია,
შეიქნა რატომ და საით სწრაფული,
ანუ დაუდეგრად ეგ რად დეგრადირებს.
მოგეხსენება,
ქალმა თუ გაიწია,
ვერ დააკავებს ცხრა უღელი ხარიო,
კაცმა თუ ერთი ხელი გაშალა,
ეყოფა რა ფარა, ფული,
ან ანჯამა კარმა თუ მოარყია,
იმას გაუძლებს შემდეგ რა დირე.
ჩვენ კი კვალში ჩავუდექით
ერთმანეთს,
ერთმანეთის ნადირებს.
როგორც მას მოინატრებდა
ავაზის ობოლი ცინდალი,
თავშესაფარი, თან სახიფათო
გამოქვაბული, ოდესღაცინდელი,
მაინც წინაპრების ძვალ-რბილში გამჯდარი,
მოენატრება ხოლმე
მავანს ადრინდელივით
და რომ როგორმე გამორჩეს
ავანსად ადრენალინს,
ცდილობს, გაიჩინოს
თუმცა ნამანქანარი,
ბნელი ლაქებით დაზეთილი,
მაინც თავისი სამყოფი
ეზო, რთული და ეზოთერული,
და შიგ პატარა გალია
ჩაიდგას, ჩაიქანაოს,
როგორც იადონმა,
ღაბუა ჩიტმა კანარის.

 

30.

ეგეთია კაცის გული,
ვით მორევი შავი ზღვისა,
ბოროტ სიძულვილს სიყვარული,
გაუბედავი, ბადებს.
ერთმანეთის შიშით
ერთმანეთის მალულად
და ერთმანეთის მოტრფიალე
მამაკაცების რანდევუზე
რანდო რაინდი,
უმსუბუქესი ბურბუშელა
კულულებად
გადაეყრება მხრებზე ნიავებს,
აღარც არავინ იავებს.
ფუყე ნული მსუყედ მოჩანს,
გუბეში რომ ჩაიხედავს,
თავი ერვიანება.
წყალნი წავლენ და წამოვლენ,
წუმპენი დარჩებიანო.
წყალწყალა ხალხმა თუ თვალი მოჰკრა,
ყელყელაობს სადმე ნული,
მიირბენს, რომ ქუსლით
გაიკეთოს იქვე ღრმული,
ჩაიღვაროს, ნულს დაუდგეს
მოჯამაგირე გუბედ და
თავიც ეგონოს რვიანის
ნაწილი, საწელქვემოთე.
აქაური ხასიათის ძალითაც
მხართეძოზე წამოწოლილ
რვიანს თავი ჰგონია
უსასრულობის
სიმბოლო.
აგერ რომ გორავს
საბრალო კაცი,
მართლა სიცივეს კი არ მოუკლავს,
აი, ნახე, ათასგვარი,
რითიც იგი
ნაფატრია, რკინის სია.
არ მოგაკლოს,
ღმერთმა მოგცეს,
ხალხო, არარსებულმა,
პატრიარქი ნისიად.

 

31.

არა იყო რა.
არ კმარა, იყო
დროის ბუში და ადგილის გერი.
ფონსაც ვერ გახვალ,
ვერც  სამშვიდობოს,
არ გამოგივა, რომ თანაც
შეკრა კამარა ამარა ამ არამარაგის.
დარეჯანის
ხომ არა და არ,
არც დალისა ხარ,
და რას მეამირანები.
დარაზმე ნაბიჯი,
კარი ნახე და კარნახად
საშენო რუკა იახლე,
სხვისი რას გამოგადგება.
ხვდება ზღვა ღრუბელს
იმ კარის ზღურბლთან.
და უანგაროდ მორწმუნეა
თითქმის მთელი სამყარო
გარდა უმნიშვნელო გამონაკლისისა.
რადგან რამდენადაც მორწმუნე ხარ,
სულ მცირე, იმდენად არ აზროვნებ,
ის კი, კისკისივით,
ყოველთვის ცოტაა ისედაც,
მიმოიხედე, მომყივანი ხალხის გარდა,
რამდენი არსება, ნივთი და რამეა
მთელ მსოფლიოში და მის გარეთაც
ისეთი, რომელსაც
ვერაფრით დასწამებ,
რომ ვერ იქნება იგი მორწმუნე.
ხოლო იმ ცოტას
თუ შეხვდა წელამდე წუმპე,
აი, ჩემი ლექსები,
იხმაროს ოჩოფეხებად.