დაინახავ

იმ ადგილისკენ შეტრიალდი

გასულ ღამეს სადაც გეძინა

დაინახავ რა ხანმოკლეა ყველაფერი

ეს თითქოს მკვდარი თხელი საბანიც 

დიდი ამბების მიყრილ-მოყრილი ასპარეზი

ეს ავბედითად ძველ ფინჯანში ნარჩენი წყალიც

შენ დაინახავ როგორ ცდილობდი არსებობას

ამას როგორი მოთმინებით

ელოდებოდი

რაღაც მომენტში სიზმარმა როგორ აგაწრიალა,

ყოველთვის როგორ მიიწევდა ეს ბერწი მიწა

დანიშნულების ყველა პუნქტის მიმართულებით

იმ ადგილიდან, სადაც იწექი

როგორ გაკვალე მერე შენი გზა

და კიდევ ერთხელ წინ აღუდექი

სინათლის ჩქერის საშინელ სწრაფვას

 

 

 

 

 

კულტურის ცენტრში

მატარებლების სადგური

ცარიელი ოთახი კულტურის ცენტრში

ლარნაკები და წიგნებით სავსე ერთი თარო

უსარგებლოდ სქელტანიანი წიგნებით სავსე

ცოტა ხანში ჩვენ გაგვიყოლებს

შორეული სიმღერის ხმა და

მატარებელს ადევნებული ზეცა

მოდი ერთად გადავშალოთ რომელიმე წიგნი

აი ეს მაგალითად  

მეჩვიდმეტე საუკუნის ფლამანდიური ფერწერა

ცოტა ხანს შევხედოთ

შუქ-მოციმციმე მინის სურებს

კალის შანდლების ვერცხლისფერ ცქრიალს

ყურძნებსა და დანას

 

 

ტიტანი

ტიტანი სატურნის მთვარე ყოფილა

თურმე მასზე

ველური წარმოშობის მეთანის ზღვაა

ზღვიდან ნარინჯისფერი შეფერილობის

გაყინული კლდეებია ამოჩრილი

 

 

 

შენ ამის სათქმელად

გაქვავებული მზერით შემოხვედი

ხელები უმწეოდ გეკიდა მხრებზე

თითქოს განჯინები შეუყენებიათ

საყრდენად კედლებისთვის

 

რამდენი წელია

სულელურად გაყვითლდა ჩემი ყალიონი

 

ახლა კი

უეცარი და მოულოდნელი სიახლოვე მათი

ვინც უკვე იცის

ტიტანზე ზღვის არსებობის შესახებ

 

 

ხედვა

თითქოს ძველ ჰოლანდიურ ტილოს უყურებდეს

კაცი ღია კარში ხედავს

მეორე ღია კარს

მხოლოდ ამის შემდეგ

ჩნდება სანახევროდ

ქალის ფიგურა

ქალი ცივ ფილაქანზეა დახრილი

და დიდხანს დაჰყურებს

ჭუჭყიანი წყლის უძრავ ნაკადს

 

ეს ადგილი

არ ვიცი, ეს ვერხვის ხეებია თუ თელის. ქარმა თითქოს ქადაგება მოინდომა. შენი გემებიანი კაბა ფრიალებს. მახსოვს, რა ადგილას კიდია ეს კაბა კარადაში. მისი ყვითელი ფერი გზის ბოლოს ნისლში იცრიცება. მანქანასთან ვბრუნდებით. რაღაც უმნიშვნელო მიზეზით შევჩერდით. ახლა ისევ გზაში ვართ. კვლავ ვეღარასდროს მოვაგნებთ ამ ადგილს, ვერც ამ ხეებს, რომლებიც აქეთ-იქით ირწეოდნენ. ალბათ, თელები იყვნენ.

 

ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ ...

სხედან. დილის მზე დასდით სახეზე. ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ ქალი ფინჯნებს გაიტანს და სამზარეულოში დარჩება, მაგრამ უცებ ის შვეიცარიულ ქარბუქზე იწყებს ლაპარაკს. იხსენებს, ერთხელ როგორ დააბზრიალა მისი ახალგაზრდა სხეული ძლიერმა ქარმა ისე, რომ ეგონა, მამაკაცის ხელი შემოეხვია წელზე. ეს შეშლილივით ანამქერებულ თოვლში მომხდარა.

ისინი მზეზე სხედან და კაცს ვერ გაუგია, როგორ მოხდა, რომ აქამდე არაფერი იცოდა შვეიცარიული ქარბუქის შესახებ.

 

არაფერი

ქალმა ის შემოდგომის ტოტივით შეანჯღრია და უთხრა: იქ ვიღაც არის, მაგრამ როცა კაცმა გვერდით ოთახში შუქი აანთო, ნივთების სიმყარის გარდა არაფერი გამოჩნდა. შიგნით  რადიო და დილისთვის გასალღობად გამოღებული ხორცი მოხვდა თვალში, გარეთ კი ქერიფქლას მაღალი ყვავილები, რომლებიც ისე იდგნენ კედელთან, როგორც კაცები ლუდხანასთან ვარსკვლავიანი ცის ქვეშ.