მეოცნებე სათესლე ჯირკვლები, გამქრალი ვაგინები.

ჰორასი, გვამი: "სულ მჯეროდა, რომ ხვალინდელი დღე დადგებოდა და დილით ისევ ავდგებოდი, ჩავიცვამდი წინდებს, ტრუსებს, გავიდოდი სამზარეულოში, გავიკეთებდი ყავას, წავიკითხავდი გაზეთებს და ერთი-ორ მეგობარს დავურეკავდი. ხვალინდელი დღე კი მოვიდა, მაგრამ მე მასში აღარ ვიყავი. ხვალინდელი დღის ნაცვლად, ხასხასა მდელოზე აღმოვჩნდი, კაშკაშა ლურჯ ტახტზე, რომელიც შეუჩერებლად მიგორავს". "საშინელებაა", თქვა მილდრიდმა, რომელიც ჯერ გვამი არ იყო, მაგრამ ახლო ურთიერთობა აკავშირებდა ჰორასთან. "რა საშინელებაა, ასე შორს ყოფნა, უსაქმოდ, თანაც სექსის გარეშე, სექსს გულს ცოტათი მაინც გადააყოლებდი. როგორც გავიგე, მანდ, ზემოთ, ყველა ვაგინა, ყველაზე თავისუფალი, გულწრფელი და ენერგიულიც კი, იხურება, ყველა სათესლე ჯირკვალი კი, ყველაზე მარჯვე და ნიჭიერიც, პატარა ჭაღივით ქანაობს ღრუბლებში, და ოცნებობს".

 

პოეზიის ახალი სახელმძღვანელო

1 თუ კაცს ესმის ლექსის,
უსიამოვნებაში გაეხვევა.

2 თუ კაცი ლექსთან ერთად ცხოვრობს,
მარტოობაში მოკვდება.

3 თუ კაცი ორ ლექსთან ერთად ცხოვრობს,
ერთს უღალატებს.

4 თუ კაცის წარმოსახვაში ლექსი იბადება,
მას ერთი შვილით ნაკლები ეყოლება.

5 თუ კაცის წარმოსახვაში ორი ლექსი იბადება,
მას ორი შვილით ნაკლები ეყოლება.

6 თუ კაცს წერის დროს გვირგვინი ადგას, 
მას აღმოაჩენენ.

7 თუ კაცს წერის დროს გვირგვინი არ ადგას,
საკუთარი თავის გარდა, ვერავის მოატყუებს.

8 თუ კაცი ლექსზე გაბრაზდება,
კაცები დასცინებენ.

9 თუ კაცს გაბრაზება მაინც არ გადაუვლის,
ქალები დასცინებენ. 

10 თუ კაცი პოეზიას სახალხოდ დაგმობს,
მისი ფეხსაცმელი შარდით აივსება.

11 თუ კაცი პოეზიას ძალაუფლებაზე გაცვლის,
დიდი ძალაუფლება ექნება.

12 თუ კაცი საკუთარი ლექსებით ტრაბახობს,
სულელები შეიყვარებენ.

13 თუ კაცი საკუთარი ლექსებით ტრაბახობს და სულელებიც უყვარს,
ვეღარ დაწერს.

14 თუ კაცი იხვეწება, მის ლექსებს ყურადღება მიაქციონ,
დაემსგავსება სახედარს მთვარის შუქზე.

15 თუ კაცი ლექსებს წერს
და სხვა პოეტის ლექსებს აქებს,
ლამაზი შეყვარებული ეყოლება.

16 თუ კაცი ლექსებს წერს
და სხვა პოეტის ლექსებს მეტისმეტად აქებს,
შეყვარებული მიატოვებს.

17 თუ კაცი სხვის ლექსს მიითვისებს,
გული ორჯერ გაეზრდება.

18 თუ კაცი თავის ლექსს ქუჩაში
შიშველს გაუშვებს,
სიკვდილის შიში დასჩემდება.

19 თუ კაცს სიკვდილის შიში აქვს,
ხსნას თავის ლექსებში ჰპოვებს.

 
20 თუ კაცს სიკვდილის შიში არ აქვს,
თავის ლექსებში ხსნა შეიძლება ჰპოვოს, ან ვერ ჰპოვოს.

21 თუ კაცი დაასრულებს ლექსს,
დიდი ვნებათაღელვის შემდეგ,
სიცარიელე განბანს
და თეთრი ფურცელი ეამბორება.