>>>

ახალგაზრდა ყოფილი უსაქმურები

წინასაარჩევნო ლოზუნგებს აკრავენ ლამპიონებზე

და სხვა პარტიების მიერ

შთაგონებულ ყოფილ უსაქმურებს

აგინებენ.

თავშესაქცევად.

მაგრამ ახლა უკვე

თითქოს უფრო ვნებიანად და თავდაჯერებულად.

თითქოს ლეგიტიმურადაც,

რადგან მიზეზი დიადია.

ის,

რომელიც მე მიყვარს

და რომელსაც თავის მხრივ ვგრძნობ

რომ ვჭირდები,

ჩვენი საძინებლიდანაც ჩანს,

აივანზე სარეცხს როგორ ფენს.

ცხოვრება კი თითქოს უჩემოდ გადის

მაგრამ ჩამესმის

ის,

ლამაზი და სასტიკია.

და ამ ორიდან არც ერთია მისი ბრალი.

უკვე შემოვიდა საძინებელში.

ჩემთვის არ შემოუხედავს

ისე წაიღო ნივთი.

ცოტა ხანში კი ისეთი სიტყვებით მეჩხუბება

რომლებსაც არ იგულისხმებს.

ახლა კი მის ყველა სხვა

მხარეს მიჩერებულ

თვალებს ვაბრალებ

საკუთარი

ვალიუმით გაჟღენთილი

გულის აჩქარებას ‒

ცხოვრობენ

ჩემი ორგანოები

მე კი არ ვიცი

როგორ ვიცხოვრო საკუთარი თავი

ამ ოთახებში

რომლებიდან რომლებშიც

ჩემი სხეული

ჩემსავე ორგანოებს

არცთუ ისე ორგანულად დაატარებს,

ასმევს ყავას,

იმ ქუჩებიდან აბრუნებს

სადაც ლამპიონებიდან წინასაარჩევნო ლოზუნგები ანათებს.

უნდა

არსებობდეს რაღაც

ენის მიღმა ‒

რაღაც პოეზია.

თუ არ ვცდები,

სადღაც იქ დაგვრჩა.