რეზი გვარამაძე დებიუტანტია. ოღონდ ისეთი, რომელმაც, რატომღაც, უკვე მოასწრო, პირველი პირის ნიშანი სრულად გაექრო ლექსებიდან და ეს სივრცე ენობრივი თამაშით შეევსო. ქართულ სალიტერატურო სივრცეში არათუ დებიუტანტები, გამოცდილი პოეტებიც ცდილობენ, გვერდი აუქციონ ე.წ. L=A=N=G=U=A=G=E-ის სკოლის გამოცდილებას, რადგან ის, გამოცდილებასთან ერთად, მოითხოვს იმასაც, რომ საკუთარი თავი გამიზნულად დააყენო ლირიკის არსებული გაგების მიღმა. სწორედ ამას აკეთებს ავტორი. რეზი გვარამაძის ლექსებში ყველა სიტყვა დასაქმებულია ისეთ ენობრივ სამუშაოზე, რომელსაც ვერც სუფრაზე წასაკითხად გამოიყენებ და ვერც პოტენციური შეყვარებულის შესაბმელად, და საერთოდაც, საგანგებოდ დაცლილია სამომხმარებლო გაგებისგან.

 

ქალაქი

ქალაქმა კიდეზე
ქალაქს კიდეზე
ოკეანის პირას
დაუსვა წერტილი.
სიზმარშივე დავიწყებული
მხოლოდ ჟრუანტელში ნაპოვნი
ისევე უხერხულად,
როგორც მწვანე ნათება
პალტოს ვერცხლისფერ ზოლებზე.
სულ სხვაგან,
მხოლოდ სუბიექტის უშუალო
გამოცდილებიდან გამომდინარე.
ირიბმა პირდაპირს
მისცა ის, რაც ვერავინ ვერ გასცა
მანამდე.
ძირში წადი,
ქვემოთ,
დაიხარე,
დაწექი
მობოჭე ან აიღე და შეიზილე
სანამ ძალა გერჩის.
5-6 წამი თითოზე
და საზღვარს მოშორებულ წარღვნაში
დაინთქმება ჩვენი ალმაცერი მზერები,
ჩვენ გარეშე.
შენიშვნა, პოვნა,
უპიროვნობა
განპირობებულობის ნიღბის ქვეშ.
გამოყოფა-დაჯახება.
ჩკრ, წკრჩ,
ტკაც.

 

გრძნობების ეპოპეა

ჩამჩის ჩაცრეცილს
ჩემი ჩოჩრის ჩაქაფულის
მოხრაკულ ფსკერზე
მოეტყნა პატრონი,
მზის სხივის მკერდზე,
მიშვერილმა
ვერ ჰპოვა ბოლო.
ყველა ხერხებით იმის თქმა, რომ
კიბეზე ხმამაღლა მხოლოდ
პატარა ბავშვები დარბიან
ან
და ამ ღრიანცელის სათავე მხოლოდ
მათთან ძევს,
არის მტკნარი წყლის
საზარელი
სიცრუე.
მოგმართავთ ყველას, ვისაც სმენის
ნატამალი მაინც შემოგრჩათ,
ეცადეთ, რომ არ მიაქციოთ ყურადღება
არანაირ სიმწყობრეს
და უშუალო ინფანტილურ,
გულუბრყვილო ტავტოლოგიებს
ნუ დაუგდებთ ყურს.

ოხშ-ზე დაწყებული ყველა სიტყვა
ატარებს ერთ არსს,
შინაარსის ყველაზე ღრმა,
დახვეწილი ფორმით.
კონდენსირებულ
კოლონიალურ თვითშეგნებას
თუ გავაცნობთ
კოლხეთის დაბლობზე
მცხოვრებთა იმ კატეგორიას,
რომელსაც კორკიმელი ცხოვრებაში არ უჭამია,
მივიღებთ სრულ კაპიტულაციას ყველა
სტატისტიკური მაჩვენებლისა.
მე მტკიცედ მწამს!
და მჯერა,
რომ მიზეზი
არის შინაარსის ძებნის ყველაზე
არასწორი და პროჭული გზა.
და ისე, როგორც ფხიზელი თვალით
ჩემმა მტერმა უყურა ამ ცხოვრებას,
მე გავყვები მოვარდნილი დინებებიდან
ყველაზე სუფთას,
რომ ჩავიღვარო
მინგეჩაურის წყალსაცავში
და ნკინთან იქვე.
ოკეანის მაგალითი,
კულინარია,
სტატისტიკური მაჩვენებლები,
ზუსტად ისევე, როგორც თვითონ
ის, ხან ზემოდან,
ხან ქვემოდან,
სად – როგორ,
გვესახება და გვიჩურჩულებს იმას,
რაც ჰგონია რომ არ გვესმის ან
არ განგვიცდია, არ განგვიცდია,
ვერ განვიცდით, ან ვღაფავთ.
პ.ს.
ჩელუსკინელების ჩარდახის გვერდით,
რუნიკოს სარდაფის თავზე
რომ ჩაკეტილი ლუსკუმაა,
სწორედ მაქედან მოისმოდა
ღამღამობით ჩელოს ნარნარი,
დაჭრილი კაცი ერთ კვირაში რომ
დააყენა ფეხზე,
და სიყვარულიც თავდავიწყებით რომ
შეაყვარა.
და სწორედ მაშინ, როცა მკაცრი
მოლოდინის სატუსაღოდან
მისი გვამი ფორთხიალით გამოჰყავდათ,
ჯიბიდან ერთი დიდი თაბახი
ამოუვარდა:
„ლა ლალაა ლალა ლალალალააა,
ლა ლა,
ძუმძუმ ძუმ
უუუულალალა

აქ და ასე იკვრება ყველაფერი.
სიყვარულით ჩემს მხსნელს".

 

ააოა (2)

ამოვა,
ცოტა უხერხულობის განცდის შემდეგ,
ცოტაც
გაზეთებიდან, ცოტაც სტოპსიგნალებიდან,
ბოლოს ყველაფრიდან.
ცოტა კორექტირებები
ოდნავი ცვლილებები
და გადაყოლება,
ამწვანება,
ჩაგნესა
და შეზელა –
ისევე როგორც ის მღერის და მას
უძღვნის –
შემოგცქერის.
მონობა უსასრულო სიყვარულამდე,
ომებისგან თავის დაღწევის მიზნით.
მორთული ქრონოლოგიის მარშიდან
გადმობიჯება,
რომ უწყვეტობა შესისხლხორცდეს.
რაში უნდა დაიხარჯოს ამდენი, ან
ვის უნდა რომ აიკაპიწოს,
რომ ჩაჰყოს.
სიტყვის მადნის
კრიზისიდან გამოსვლის ძებნის
მტკივნეული კვდომები
ყველა ფეხის ნაბიჯზე.
თითოდან თითოს გამოსაყვანად,
ხანდახან უბრალოდ შეყოვნება
გაჩერება და ჩაფლობა ფუფუნებაში.
სარკით მოძრაობა
და მის მყრალ ნარჩენებთან
გავლა,
ისე, როგორც ამას ყოველდღე აკეთებ.
ღრღნა
ჭინთვა
მიმართულების მიმცემებად
და ჩამომყალიბებლებად.
მისტერიული დრტვინვა
იისფერი ლანდების მხრებთან.
ჩურჩულით გაცრეცილი
ყურთან მომდგარი ცვარი,
სიახლოვის ომენად ნამტვრევი ფაზა,
როცა მსაზღვრელი ინთება
ეგზისტენციების მობიბინე ნიშნებში



და ასე შემდეგ.