XXI საუკუნის დასაწყისის პოეტი

ზარმაცებმა დაიწყეს ლექსების წერა.
წამოწვებიან დივანზე, ამთქნარებენ,
მუცელს იფხანენ,
არ იციან, რა აკეთონ და
ზუსტად ამ დროს თავპირისმტვრევით მოფრინავს მუზა.
ცერა თითზე ჩამოჯდება ან მუხლისთავზე,
მოუღიტინებს ზარმაცს და ისიც გახალისდება.
ლექსის წერა უქნარასთვის ხომ ის საქმეა,
არასდროს რომ არ დაეზარება.

ადრე იყვნენ რომანტიკოსები,
სიმბოლისტები,
ფუტურისტები,
დადაისტები,
იმაჟისტები,
კონცეპტუალისტები...
იყვნენ გაბრაზებულები,
დაკარგულები,
დამსხვრეულები...
ახლა იქნებიან ზარმაცები.
XXI საუკუნის პოეზია იქნება ზარმაცების პოეზია.
დივანზე წამოწოლილების,
ლეპტოპზე რომ აკაკუნებენ ლექსებს
და ამთქნარებენ,
ლექსების წერაში რომ დრო გაჰყავთ და
ხანდახან ამაში ფულსაც აკეთებენ,
სახელსაც ითქვამენ,
სხვადასხვა ქვეყნებშიც დადიან ლექსების საკითხავად და
პრემიების ასაღებად,
და ამ სხვადასხვა ქვეყნების სასტუმროებშიც
წვანან ფუმფულა ქვეშაგებში,
კიდევ უფრო გემრიელად ამთქნარებენ
და ასე აგრძელებენ
თავიანთ პოეტურ მოღვაწეობას.

ზარმაცებმა დაიწყეს ლექსების წერა
და არაა ეს არც ცუდი და არც კარგი,
უბრალოდ ახალი ეტაპია პოეზიაში.
ზარმაციზმს უწოდებენ ალბათ მალე მას კრიტიკოსები
ან რამე უფრო ინტელექტუალურ და ჟღერად სახელს შეარქმევენ,
და იქნება ზარმაციზმი რაღაც პერიოდი
ერთ-ერთი ყველაზე მოდური და
ახალი პოეტური ესთეტიკის განმსაზღვრელი მიმართულება
თანამედროვე პოეზიაში,
იქნებიან ნიჭიერი ზარმაცები და უნიჭო ზარმაცებიც,
მაგრამ ძირითადად ყველა ზარმაცი პოეტი იქნება,
მერე ეს ზარმაციზმიც მოძველდება,
მობეზრდება კაცობრიობას ასეთი ლექსები
და რაღაც ახალს მოიფიქრებს,
რაღაც ახალი გაჩნდება თავისთავად,
მანამდე კი იყოს ასე,
დაიღალა ძალიან კაცობრიობა,
გადაიქანცა,
აღარც იმის თავი აქვს, რომ
ანჟამბემანზე, ალიტერაციაზე,
ლექსის ზომაზე, გარითმვის წესებზე იფიქროს,
რთული სურათ-ხატებით და მეტაფორებით დაწერილი
რებუსივით ლექსები იკითხოს
და არც იმისი, რომ ასეთი ლექსები წეროს.

რაღაც გრძელი ლექსი გამომდის.
დავიღალე მგონი უკვე და მომბეზრდა კიდეც
ამ ლექსის წერა.
კიდევ თუ გავაგრძელე,
თქვენ წაკითხვა დაგეზარებათ,
ამიტომ ჯობს
აქ დავამთავრო ეს ჩემი მორიგი ზარმაცი ლექსი,
გადავბრუნდე და დავიძინო.

ძილი ნებისა, ჩემო ძვირფასო, ზარმაცო მკითხველო,
და არ დამიწყო ახლა, იქ ტავტოლოგიაა,
აქ რიტმია დარღვეული და ჩაასწორე,
გარანდე, გააშალაშინეო,
ლაკონურობაც აკლია, ცოტა შეკვეცეო –
არ მოსულა ამ ახალი მიმართულების პოეზიაში ეგეთები,
რაცაა ეგაა,
ალალად და გულმართლად –
აბა ტყუილა კი არ გამოიქცა ჩემკენ კისრისტეხით მუზა მაშინ,
როცა დივანზე ვიწექი ნებიერად და ვიზმორებოდი,
ტყუილა კი არ დამაჯდა მუცელზე,
ტყუილა კი არ მიხიცინა ამდენი ხანი...

 

პოეტური ფესტივალის ორგანიზატორი პლატონის კონცეფციას ასწორებს

პოეტები სახელმწიფოდან არ გაუძევებიათ,
ისინი არითმეტიკიდან გააძევეს.
ამაში რწმუნდები, როცა ცისფერ და ნათელ თვალებში
ჩაჰყურებ მათ და ეუბნები:
„აარჩიე და წაიკითხე დღეს მხოლოდ ერთი ლექსი".
ისინიც ამოგყურებენ თავიანთი უმანკო მზერით,
თავს გიქნევენ, და მერე, სადღაც ერთ საათში,
გადიან სცენაზე და კითხულობენ სამ ლექსს.
ანდა როცა მათ ეუბნები:
„დალიე დღეს მხოლოდ ორი ჭიქა ღვინო,
გამოდი, წაიკითხე ლექსები გამართულად და მერე
რაც გინდა, ის ვქნათ, თუ გინდა თავზეც გადავიჯვათ".
მათ კი ორი და ოცი ერთმანეთში ერევათ და მოდიან
ოცჭიქადანალევები და ბარბაცებენ მიკროფონთან.
ხდება ისეც, ეუბნები, რომ
საღამო 7 საათზე იწყება, მას კი რატომღაც
7 და 9 ერთმანეთში ერევა და მოდის მაშინ,
როცა ყველაფერი დასრულებულია.
ან პირიქით:
ეუბნები, რომ საღამო იწყება ცხრაზე,
ის კი მოდის შვიდზე, ზის, ელოდება დაწყებას,
სწყინდება, სვამს, ამთქნარებს
და ცხრას რომ ხუთი წუთი აკლია,
სასტუმროში ბრუნდება სევდიანი.
არა, პოეტები სახელმწიფოდან არ გაუძევებიათ,
ისინი არითმეტიკიდან გააძევეს.

 

ბოტიჩელი და კოზელი

ვითომ რა უნდა მომცეს ბოტიჩელის ვენერამ
გავიფიქრე გალერეის წინ წამით შეყოვნებულმა
ხელები გულზე გადავიჯვარედინე
რადგან დაცხა უცებ და ქურთუკიც და ჯემპრიც
მკლავებით შექმნილ ამ იმპროვიზაციულ საკიდზე
გადავიფინე მოხერხებულად
მაგრამ მხრებში მომხარა ამან
და ჩემი რეალური ასაკი თვალსაჩინო გახადა
ასაკი რომელმაც
ვითომ რა უნდა მომცეს ბოტიჩელის ვენერამ
გამაფიქრებინა და გამაგრძელებინა
სევდიანად გზა
იმ დღიდან კი
ცოცხლად რაც შემორჩა ჩემს მეხსიერებას
ის გოგონაა
ჩემი სახლის წინ
კოზელის პაბთან რომ დგას ხოლმე და
გამვლელ-გამომვლელს ლუდზე ეპატიჟება
კორპუსის თაღის სიღრმეში
პაბის სამზარეულოში შემავალ
ორსაფეხურიან კიბეზე
იჯდა ის ამჯერად
საკუთარ კურდღლის უნიფორმაში გამოწყობილი
ყურებდაცქვეტილი
და სიგარეტს აბოლებდა
რომ დამინახა გამიღიმა
მეც გავუღიმე
სახლის ეზოში შევაბიჯე და
ვითომ რა უნდა მომცეს ბოტიჩელის ვენერამ
გავიფიქრე კიდევ ერთხელ
რამდენიმე დღის შემდეგ კი
რომ დავაკვირდი
კურდღელი კი არა
თხა აღმოჩნდა
ფირმა კოზელის თილისმა
გათხავებული გოგონაო
რომ იტყვიან ხოლმე
აი ეგ გამოდიოდა
ბოტიჩელის ვენერას კი მახსენებდა მას მერე მუდამ
როცა არ შევხედავდი
ბოტიჩელის ვენერას მახსენებდა
ეს გათხავებული გოგო

 

სურათები მარტის მზის ქვეშ

(იოსელიანის 37. აივანი პირველ სართულზე)
1.
ბერიკაცმა ტეხილი მოძრაობებით
რობოტივით გაიარა ეზოში.
თითქოს მზის ენერგიით დაიტენა და ამოძრავდა.

2.
ნაცრისფერ მამაკაცს ხელში ცელოფნის პარკი უჭირავს.
პარკში პომიდორი დევს,
როგორც გული სამედიცინო კონტეინერში.

3.
ბაიკერი ეზოს პატარა წრეებს არტყამს.
ღიპიანმა ქმარმა ცოლს სიტყვა „მედიტაცია" უთხრა.
ლურჯი ჟიგული მზისგულთან ლაპლაპით გაირითმა.

4.
წითელი საბელი

ზანგ გოგოს თონის პური მიაქვს.
შავი კატა ჭუჭყიანი ჯიპიდან ჩამოხტა.
მგლოვიარე ქალი ტაქსას ასეირნებს.

5.
ნარინჯისფერმა ჟილეტებმა ცოცხები სარდაფში შეიტანეს.
ორმა წვერგაუპარსავმა სადარბაზოდან
წყლის გამაცხელებელი ავზი გამოიტანა და გადააგდო.