გაკოცო, არ გაკოცო

და ჰა, გაკოცო.

ახლა დილამდე უნდა გკოცნო.

მადლობა სტოკჰოლმს:

ბოლოს და ბოლოს.

 

და ამ უეცარ საღამოს

მსურს ცხვირით ცხვირთან სუნთქვა დავღალოთ.

მსურს მანახო სად ხარობს ამ დროს

ალუბლის ხე? საუბრის ხვედრს წყვეტს

თითქმის შეუმჩნეველი შეხება დღეს.

მინდა გაამო, რომ მაამო

და მალამოდ დამადო

კოცნები ნელა.

ისე ნელა, რომ არც კი მჯერა

და დროს შენი ლიფის ზონართან ერთად ვწელავ.

 

შენი ხელები შენკენ მეწევა და ამჯერად,

დავჯერდებით თითის წვერებით შეხებას კანზე.

ტუჩებზე. ცხვირზე. ყურის ძირას. ყურს უკან.

საყურის უკან.

ჩემო საკურა.

 

თმა

გეცემა წელზე.

როგორ არ უნდა ვწერდე.

ლავიწის ძვლებთან, მხრებზე,

ჩრდილი ადის და ჩამოდის, ჩქარდება,

წელამდე გორდება ტალღებად.

მაბრუებს რხევა,

მინდა შეხება.

გონისდაკარგვამდე ირკალება ზურგი_

ჩემს მივიწყებულ მეს ხარკს ვუხდი

გრძელი კომიდან გამოსული ვნებით

და ჭკუისშმეშლელი ღელვის ხლებით.

სურვილი ლეღვის გახლეჩვის.

მზით გაჟღენთილი ხილი მახსენდება.

და სველდება

ენის წვერი.

და გრძელდება თმის რხევის

და უსიტყვო ხვეწნის

დაუსრულებელი სპექტაკლი, სანამ თმა

გეცემა წელზე.