1.

გონების თვალზე,
ვგონებ, გადაკრული
ლიბრი რატომაა 
ბუნება სხვაა, იგია სხვა 
კი ვერ აგიხსნას ლაბორატორიამ.
გავიდეთ გარეთ, დავუგდოთ ყური,
ხომ ბუნებაში კატასტროფად წოდებული
დიდ-პატარა უიღბლობის
შემთხვევითი რეკურსიის ზარი რეკს.
დღე კი არაა, უფრო იმას ჰგავს,
ზღვა კოვზით დაილიაო,
კენჭმაც სამეფო დაამხო ლოდის.
მზე სულ თვლემს, თუ დროა ეგეთი?
ზამთარ-ზამთარ გამწესებული
ვარსკვლავების დაწურული
ღვინის მონადაა მხოლოდ ის.
მოკლედ გითხრა, დილიდან
რომ მითის მითრა მთვრალი მოეთრა.
ახლა მან მარანს უკვე ჩააკითხა,
მე კი ჩემი ფხიზელი
ამბები მეცნენ იერებად,
ბრიყვთა ყვითელი რელიგია
ჰყვებოდა ჭორებს,
სიმართლეს თხზავდა თან მეცნიერება.
ამ ჭორ-მართალში რაღაც რომ მაინც დაიკარგა,
შეამჩნიეთ ეს რად არვინ?
როგორც მიწა შრეებად და ქანებად,
შენ სიცოცხლეც თაობებად
როგორ დაგილაგებია, გეოლოგო,
რომ სუსტი ზუსტით მოგესრა, დარვინ.
მოდი, დავუშვათ,
რომ დაღუპვის შემთხვევითი რეკურსია,
სულ სხვა რამით
დატვირთულია და დაყურსული,
თუმცა უჭირს ამბად ქცევა.
აზრის კიდეა
ეს იდეა,
რომ შემთხვევითი
აუცილებლად გროვდება,
და შიშველს მივდევ,
მწყემსი ქაცვია, ევას.

 

2.

დრო მოგონილია იმისთვის,
რომ ყურადღება გადავიტანოთ
სივრციდან მასზე  დროზე,
რომ ვეღარ შევჩერდეთ ადგილზე
და გვერდით მყოფის მაგივრად
მთელი ჩვენი დაფხავებული ყურადღება
მივაქციოთ მანამდელსა და მომდევნოს,
მიზეზსა და შედეგს.
ან ესენი რაა?
მიზეზი და შედეგი მითი ხომ არაა,
რომელიც დროს აბჯარ-საჭურვლად აუსხამს?
მიზეზი ქარქაშია, დრო საიდანაც
შედეგის ალესილ ხმალს ისე ამოზიდავს,
როგორც ივლისელი ქალები
ტერფებიან მაღალ ფეხებს
იშიშვლებენ ხოლმე.
დრომ ახლო ახლათი შეცვალა,
შორი გააპო წარსულ-მომავლად.
დრო ცბიერი და სიაბანდია.
ზედამხედველი დროის გარეშე
ვერც ვინმეს მიეკარები.
ანკი დრო ანკესია,
ურომლისოდაც მას ვერ დაიჭერ
და ქერცლიანი სივრცის თევზი
გაგისხლტება ხელიდან.
იქნებ დრო ტარია საჩვენოდ მორგებული
გავარვარებულ სივრცის ტაფაზე,
და დრო ვადაა, ბასრ სივრცეზე დაგებული,
მისი სიშორ-სიახლოვის ორლესულ პირზე.
დროა თუ ალაგ მათრახი, ალაგ ლაგამია,
და დროს სივრცესთან აკავშირებს
ტრადიციული მონოგამია.
ანდა სივრცე ტროტუარზე ღვთის გლახაა
და მის გაშვერილ პეშვში,
დრო გამვლელია,
სალუკმაპურე წუთებს სათითაოდ ყრის.
დრო და სივრცე იქნებ კენტავრია.
თუ დრო დაბრუნებას ნიშნავს,
სივრცე კი  დახვედრას?
მსგავსების აწმყოდან
განსხვავების აწმყოში.

 

3.

წერილს გწერ ჩუმი საგიჟეთიდან.
ადამიანზე მოგახსენებ,
დაბალი ღობეა.
ძნელია, რამეს რომ ვერ მიადგეს იგი ვერსაიდან
და, ლექსის არ იყოს,
ხან წახნაგების ტყვე კამათელს გაეკიდება,
ხან კი ხელს მიჰყოფს რევერს-ინჟინერიას,
ან რომ ააგდოს რამე მიზანი,
მერე ცხოვრება მიუსადაგოს
მას მახინჯ ხიმინჯებად,
ან მომხდარ-მოსახდენს უპოვოს
გამნატიფებელი ახსნა-გამართლება.
ლექსი დავწერე კი არა,
ბუნების ძალებმა
ამიღეს გონების სინჯი,
რომ დაადგინონ,
თუ მჭირს რამე გადამდები;
თუმცა ჩინეთში არაა ნამყოფი,
მაინც თითქმის მთელი ცხოვრება
პეკინის ქუჩაზე გაატარაო.
როგორც ამბობენ,
ხალხიც მარტო მაშინ ერია,
როცა მოირგოს რამე ტანკენარი სცენარი
და სამართავად მოიხელთოს
ისტორიის მაშინერია.
კაცმაც მიაგნო
თავის დიაგნოზს,
დაუდგენია სინდრომი.
თვითონ რომ წასულა,
დატოვა შინ დრომ ის.
ეს ჩემი თეთრი კამათლის
შავად დანომრილი წახნაგი
თუმცა უმწეოდ ოცდაცამეტია,
მილიარდიც რომ ყოფილიყო,
თუმცა კი გადამაჩვია
კარგად ამ პალატამ სმას,
ვინმეს რომ ეკითხა,
ჩემს ხელში, ჩემსას,
ცხოვრებას შევადარებდი,
ნოქარი არიფს რომ დაიგულებს
და შეასაღებს მწიფის სახელით
დამპალ ატამს მას.
შემოდგომაზე ცრის
და გაზაფხულზე ჟინჟღლავს.

 

4.

მომსვლელი მოჩანს,
წამსვლელი ხედავს,
ამიტომ თავისთვის და იმისთვისაც,
ვინც კი ეძებს მას, უხილავია.
რომ მიწის იკვლიოს ცამ ეტიმოლოგია,
შეკითხვების ნამსხვრევებად მთა ამოიფრქვა.
მიდი, ჩაერიე, გაეცი ვულკანს პასუხი, ლავიანს.
თარსი არაა არც მარეხი და არც ცამეტი:
მიზეზის მუქთად მოსახელთებლად
მოგონილია ბედ-იღბალი
და შეთხზულია თარსი, არსით
რომელიც ფუჭია, ცრუ და რიოში,
როგორც აქედან შორია
ქუსლების ცეკვა რიოში.
კარვის ქობინი, შუბის ბუნიკი,
ყველა დარჩება მიწას
თავისი ამბით ანგაჟირებულ ჟანგად,
მსმენელის მოლოდინით რომ გაითანგა.
ირგვლივ სულ გარშემოს ამბებია,
და რაც დროს ჩემთვის მოუყოლია
შეშურდებოდა სამ ბებიას.
პირს რომ იპარსავ,
კაცი ხარ თუ პერსონა?
ან რაღა ქალაქელია,
კაცს არც საყურე უკეთია
და წვერსაც ისე ელოლიავა,
რომ დაწებებულს მიუგავს.
თუმცა მომცლია, სად გაგორდება
დაბადებულიც ქლიავად.
ვიდრე ქალი, ჩემი სატრფო,
ტროტუარზე დარონინებს,
მე კი სიტყვებს თავს ვუყრი,
მაინც ვერ მოგვერევა
თუნდაც ასეთ, უმეთაურო,
სევდა რონინებს.
რადგან მოცლილიც ვარ და უმაქნისიც,
უპასუხობას შუბით შევები
ეს ენოსანი მელექსე
და ბუნიკ-უნიკალური.

 

5.

ფრთხილი სინდიოფალა
ოლეანდრების ქუჩაზე ცხოვრობს.
ანდაზა გვირჩევს,
სხვა რა უნდა ქნას,
სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობსო.
მაინც ასეთი რა ვართ შხამიანები,
რით ვემუქრებით,
სულ რომ გაგვირბის
და თავს გვარიდებს დროდ წოდებული.
თუმცა ორ ფეხზე ისე დავდივართ
და ჩრდილებს ყოველ ნაბიჯზე გზად ვკრეჭთ,
ზოგი ბლაგვი და ზოგიც აბასრული,
რატომ მაკრატლები არ უნდა ვეგონოთ.
რაღაც ამბავში ალბათ ვართ კიდეც.
ჩვენთან შეჩერებაც ეტყობა ასე იმიტომ ედარდება,
რომ დრო ქუჩისაა დრედები.
მეც გამოვისხი ასი ასფალტის ფილტვი,
რომელსაც ეთათუნება თუთუნის ბოლი,
ჩემზე რომ იყოს,
არც კანაფს გავკაფავდი
მე რომელიმე სემირამიდას ბაღებში
და ზოგ სოკოსაც მოვამრავლებდი.
ან იქნებ დავიარებით ამდენი აწმყო
და ყველა ჩვენგანი დროის მწარე ხაფანგია;
ან ყველა ტალახის გუბეა, საფლობი,
რომელშიც ფეხი თუ ჩაუვარდა
და თუ შეჩერდა, ვეღარც წაგვივა,
მთელ დროს ჩაითრევს ყველა ჩვენგანი,
კაცმა არ იცის.
მეც მოვიდოდი და შენთან ერთად
ვიქნებოდიო, მაგრამ...
მისი რა მიკვირს,
ისიც ჩემსავით შეთხზულია
და ვერც მე გავივლი,
ცხოვრებად წოდებული
ფეხქვეშ ფილაქანი
თუ არ მემაგრა მე მაგ რამე მაგრამების.

 

6.

იგი იგონებს იკონოსტასებს,
ქვეყანა თაობებს აობებს.
სათვალავში არც ჩაგვაგდებს
და თუ მაინც ჩავუვარდით,
პათეტიკური ხელით
ისე მარჯვედ ამოგვიღებს,
როგორც ძეძვიან
და შავ კორომად დაკუზულ დედაკაცს
ბოსტნის კვალიდან ამოვუღივართ
კონა სტაფილოდ, ინისკარტებდა
მიწა რომლითაც თავს თავდაყირა
და უხალისო ალისოდენად.
მას ვერ გადადებს ვერც ნელი მოცდა,
ვერ ააჩქარებს სწრაფი ლოდინი.
დავდგეთ და მოვა,
ხომ დაუყრელი ჩვენი ფარ-ხმალი,
მხოლოდინია.
და არ გეგონოს,
ვინმე ხელმრუდი
ლამპარს ამპარსავს,
გაუხედნავი ეს ხომ ჯინების საჯინიბოა.
ჩვენს დანახვაზე იკანკალებენ
ამ ქვეყნის ზღუდე და კანკელები.

 

7.

მე ზამთარივით ვაჭიანურებ
დაბნელებულზე უკვე დილიანს.
ამდენს იმიტომ მიაწერენ,
რომ გულახდილი კედელია.
ამდენ, ამხელა მნიშვნელობას
მას თან იმიტომ ანიჭებენ,
რადგან თავისი
არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნია.
არარაობის ნაპირთან მიზიდე რაც გინდა,
არცერთი მხრიდან მომკითხავი
და გამკითხავი არავინაა.
სხვა კი არაფერი,
ზოგჯერ უეცარი,
ხან უცაბედი ანდა წვალებით
ნასკვის კი მაინც გახსნა სიკვდილია.
საყიდელი მაქვს,
ბეწვზე კიდია ცალი თასმა.
ტანკენარობას ამ ბატინკებს ვერ დააბრალებ,
სამაგიეროდ
კოჭებიანად რადგან ყლაპავენ,
ვერც იმას იტყვი 
ფეხებს ეგენი მე ვერ მომჭამენ!
არარსებობის მდინარე
რადგან არც თვითონ არისო,
რომელი ნავი მას გადაცურავს,
განა რა ტივი?
სქელია თხრობა, თხელი  ნარატივი.
ნუ გადაყვები ასე სინდიყის დაყოლიებას.
ქუჩა ჩაივლის ტანმიმდევრობით.

 

8.

რადგან სამყაროს, შენი ჩათვლით,
ხან დაფანტულ, ხან კი შეკრებილ,
დროში განბანილ ცნობ სნობ იერებად,
რომლებიც თავს დებენ იმისთვის,
საერთო ფერხულის შუაგულში
რომ როგორმე მოთავსდებოდნენ,
ამიტომ, გამოგიტყდები, გამოგრჩებოდა,
რომ დრო არ ახლავს თვითონ ცნობას და აღქმას,
დროში არ ხდება ცნობიერება:
მას და მის არცერთ შინაარსს შორის,
აღქმასა და აღქმულს შორის
დროის უბასრესი სოლიც კი ვერ ჩაესობოდა.
აღქმას და აღქმულს ერთმანეთისგან დრო არ აშორებს.
როცა რამე ბუნდოვანი ხდება მკაფიო
ან, პირიქით, მკაფიო ბუნდოვანდება,
დროში იცვლება გნებავს აღქმა, გნებავს  აღქმული.
თორემ აღქმა აღქმულისაგან,
ცნობიერება თავისივე შინაარსისგან,
ნებისმიერი მათი ცვლილების ყოველ ნაბიჯზე,
ერთნაირად განუყრელია
იმნაირი განუყრელობით,
რომელიც
აღემატება ერთდროულობას,
რადგან მასში არ ურევია დროის არცერთი წვეთი.
ამიტომ მცდარია დებულება:
ვაზროვნებ 
ვგრძნობ, აღვიქვამ, ვაცნობიერებ 
ესე იგი, ვარსებობ.
ცნობიერება არარსებობის ბეჭედია
დასმული არსებობის სურგუჩზე.
გილოცავ, რადგან არარსებობა წარუშლელია.
უფრო ზუსტად, მოგილოცავდი, მაგრამ,
ადამიანო, ეს ლექსი რომ წაგიკითხავს
ან მოგისმენია, ამისთვის მოიცალე?

 

9.

მე დავიღალე,
გარკვევით,
ვამბობ,
ვერაფერს ვამბობ.
პირზე მომადგა, მაპატიე,
დუჟი, დუჟინი,
და ქაფი ქშენის.
თვალს ნუ მოატაცებინებ,
რაკი იაფ,
ათასნაირ კიაფს.
ზოგან სხვისია,
აქა-იქ  შენი.
ალბათ მითქვამს, რომ
დრო და სივრცე
ორი ყაისნაღია,
რომელმაც
არარსებობის ძაფით მოქსოვა,
ამოგვიყვანა, ამდენი თვალი,
ასე რომ, დასაშლელიც
ბევრი არაფერია.
ცხოვრება მირჩევნია
თანაბრად შეთხზული,
წიგნი  ნონფიქშენი.

 

10.

სახელი ჰქონდა რა ქონდარს ბინდის დოსტის,
სხვა რა უნდა ყოფილიყო, იყო კონტრაბანდისტი.
ვნახოთ, თუ თავისას გაიტანს, უკვე აქვეა აკვიატება.
ცოტას მეც მივეხმარები და მიხმარების ჩემი სურვილიც
ისევ ხომ მისი ინსტრუმენტია.
ნუ იტყვი, შუქიც თავისით
ამ სიმთვრალიანს თურმე მინთია.
არ გინდა, თავს ნუ იკატუნებ,
ნუ ხარ პოეტი, ნუ პოზიორობ, ითქვა.
მხოლოდ ცალობით!
დელიკატურად ჩაქოლვისას,
არ ითვლის ბოზი ორობით ქვას.
რად უნდა ბაზარი, რომ ლექსის კეთების
მუქთა ნარკოტიკის ბედმა მოგიგდო დოზა ნაშიერს.
და კიდევ კარგი,
თორემ სადაც იცხოვრე
აბა, რა უნდა მაგ დოზანაში ერს.
მე ამეკიდა ეს ოთახი და დერეფანი.
მხატვარი არ ვარ, ნუ მკითხავ 
როდის დადე და რა ფენა?
ძაფები დაბლა დასთრევს,
დახლეჩილია დროის მფრინავი ხალიჩა,
რომელიც სივრცემ გაიჩალიჩა.

 

11.

მოვედი, მე იქ ვიარე,
სადაც იბრალებს
ტრადიციულობას
მკვეთრი მსგავსება
და განსხვავება თავს იქვიარებს.
თუმცა ორივე შებოჭილია
უერთმანეთობის
შეუძლებლობის
კონტრაქტით,
რომლის ძალითაც
მანუფაქტურაში,
როგორც ხელები,
ციებ-ცხელებით
დროს ამზადებენ, რომელშიც
მსგავსებისაა უწყვეტობის ილუზია,
და განსხვავების არის ცვლილების მირაჟი.
და მთელი სამყაროს
დერეფნები, კორიდორები,
რომლებიც არ დაილევა,
რამდენიც გინდა პარსე პარსეკით,
წარსულიც, რომელიც ისე ძველი ჩანს,
რომ თავის ასაკს ზღაპარს ეკითხება,
ეს ყველაფერი
მთლიანად თავსდება
ორად ორ აწმყოში.
ერთი მათგანი განსხვავებისაა,
მეორეა მსგავსების
და პირველიდან მეორეში
გადაისვლება ერთი ბორნით,
რომელიც უკან ცარიელი ბრუნდება.
საიქიო იმას ჰქვია,
საითაც მიდიან
და არა იმას,
საიდანაც მოდიან.
მსგავსების აწმყოში
ვისთანაც უნდათ,
ერთად არიან,
და განსხვავების აწმყოში
ცალ-ცალკე არსად არიან.
ჩვენი ცხოვრება, ჯანდაბას, ეჯიბრებოდეს
ამინდს, ავდარ და დარიანს.

 

12.

ტალახში ნაქუსლარს
უცბად რომ ავსებს
წყალი, ლაფიანი,
ხომ გინახავს.
ამგვარად სხვების
ნაფეხურებში
ჩამდგარი წუმპეების
ო, აცაბაცა თანმიმდევრობა
არის საქართველოს ისტორია,
რადგან საქართველოს ისტორია არა აქვს,
თავისი არ გააჩნია.
გუბიდან გუბეში მოხტის
არა მორიელი, არამედ
პუტკუნა გომბეშო  ეკლესია.
და ბოლოს წინა წუმპეში
ცხოვრობდა ერთი საბჭოთა ტომი
და სულ ბოლოში ახლა ბინადრობს
მცირე ხალხი, უკვე ნასაბჭოთარი,
ქართულად დედამეტყველი.
მიწვეთებ-მოწვეთებულიც
აქეთ თამარი და მარიამია,
იქით  ლევან და ოთარი.
იმპერიების ნაფეხურებში
ჩამდგარი გუბე როცა ხარ,
როგორ გინდა, რომ თავი არ იქო.
უახლოესი ჩლიქოსანი პირუტყვი
ახლა რუსეთია,
იმის მემკვიდრე,
რასაც ერქვა ბიზანტია.
მათ ნაკვალევში გუბდება
მათივე ალი-კვალი ქვეყანა,
ადამიანის ჩამშვები ბოზი და
ნაგვის შესანახ-შესანარჩუნებლად
ბიოგრაფიების მცხრილავი თუშფალანგი
და შლეგი დურშლაგი, რომელიც
სხვა მხრივ ხომ იცი, მეც მითქვამს,
რა საცერ-ქვაბი ზანტია.

 

13.

დღესა და ღამეს,
ამ გაგორებულ წყვილ კამათელს
მაჯა ჯებირად დაუჯდეს,
ყველაფერი გახელახლავდეს
და თვალს თავიდან
გახელა ახლავდეს,
გახელდეს, გახელმეორდეს
და რაც იქნება, ჯანდაბას, იყოს.
თავიდანაც დატრიალდეს,
შეუძახო, გაუქმების უნდა უთხრა „ქესტუმ“, რომ.
შენ უმაქნისი პოეტი ხარ, მაინც მოცლილი,
გზას გაუყევი, იქნებ მიაგნო,
სადაც შემთხვევა და ალბათობა
კამათლებს ამზადებს რებუსებისგან,
და ჩაუსწორო, რომ ერთზე მეტი
ნიშნავს სიყვარულს,
ერთზე ნაკლებში სიძულვილს ნახავ,
ერთის ტოლი კი ისე მკვდარია,
დარია ნივთის.
დაპატიჟებას ნუ ელოდები,
შენნაირ გარეწრებს როდის იყო,
სადმე იწვევდნენ,
უნდა ადგე და თვითონ მოძებნო და აქ ესტუმრო.

 

14.

იფნის ლაფნის დერეფნის
მივხელცეცეობ, მივდივარ
ტიხარ მე ტიხარ,
ეს დერეფანი დახლართულია,
როგორც შეპარვით სათქმელი სიმართლე,
რომლისაც დახლა რთულია,
რადგან არ გესმის ანდა გებრალება.
მე მერამდენედ გადავივლი ამ ნამოედნარს,
ნაბიჯი თვითონ ხედავს
მთელ ამ ნადახლარ თუ ლიანდაგებ
აყრილ მიწას, რადგან
ნაბიჯები სიარულის დაღლილი თვალებია,
რომლებსაც მტვერში
მაინც ხშირ-ხშირად ახამხამებენ.
თუ პოეტი ხარ, ტიხარი გააპე,
ზოგი კვანძი არ გაიხსნება გარედან,
დანითაც არ გაიჭრება.
უნდა ის ცადო,
რასაც ყველა დალაგებული
გაურბის კისრისტეხით,
რაკი პოეტი მეტისმეტი ხარ,
როგორც სასარგებლოს და საზიანოს
შორის საზღვრის მოსასინჯად
ადამიანის მოდგმა უყოყმანოდ წირავს,
აგზავნის მზვერავ რა შიზოფრენიკებს.
და ვინც მოწყალედ დაგიდასტურებს,
რომ ის, რაც ხარ, ხარ,
ზურგსუკან მაინც მოგირთავს ხარხარს.
რას იზამ, იმ გზის ბოლოს,
რომელშიც ქარი ერია ჭორფლიან ყანებად,
დაკონკილია კონკისტადორი.
მას კი რომ ჰკითხო,
იმან იკითხოს,
ვისაც ცხოვრება
ის ჰგონია,
რაშიც კარიერა ეჭყანება.

 

15.

სრული სრიალი სერიალისაა,
მოსრიალება  ცხოვრების.
ხალხი კი ივლის ფერხებ-ფერხებით,
ხახვი ხოხავს უხმაუროდ
როგორც წითურ ბადეში,
მე რომლიდანაც მითვალთვალებენ,
სამზარეულოში შემოხეტებულს
ასე ბითურად,
კეფას მიბურღავენ
მიწის დურბინდები.
მიწის, რომელსაც
თქვენი მონა-მორჩილი
ძალიანაც რომ ეცადოთ,
როგორ დაუბრუნდება,
იქიდან ხომ არ მოდის.
არც მისკენ წასვლას აპირებს,
მან წესიერად არც მიწის
გზა, მისამართი ანდა ნაყოფი,
ქინძი და ცერეცოც არ იცის.
მისთვის არც თქვენი ნაქები
სხვენის კარი აიხსნება,
არ დაეყრება თავზე
მტვერი და ნაცარი ცის;
ახვეული ხალიჩა
და სამყაროს რულონი
დაჭრილია ალყა-ალყა,
ვისაც არ დაუწყია,
ნუ ცდილობენ,
დაასრულონ ის.
ცხენიც დარჩეს
წარწერილი ჰაეროვან
წამზე ყალყად.

 

16.

ადამიანო ანუ უფრო ქალო,
თუ შენი დიაგნოზია
მძიმე აგნოზია,
არა მარტო იწვევს იგი მას,
არამედ თანაც შეუძლებელს ხდის,
რომ თვითონ მიაგნო ზიანს.
და თუ მასზე სხვა მიგითითებს,
რომ გჭირს, გკარნახობს,
იძულებული
ხარ, რომ აშკარა არ შეამჩნიო
და თვალსაჩინო მაინც არ ნახო.
ეს აგნოზია ვიღაცამ ალბათ
უკვე გაიმეტა მეტაფორად.
მე არსებობის დაუზარელი ავადმყოფობა
რომლითაც მკვებავს,
სივრცის და დროის შეჭამანდია.
და შენც ხელს მიწყობ,
რომ არ ვიშიმშილო,
გადაგიწყვეტია,
ტაფად მეტაფო რა.
რადგან შენთვის
აქ და ახლა
ყველაფერი ზუსტად ისეა,
როგორც იქნებოდა,
შენ აქ და ახლა რომ იყო,
და რადგან შენთვის აქ და ახლა
ყველაფერი ზუსტად ისეა,
როგორც უნდა ყოფილიყო,
შენ თუ აქ და ახლა იქნებოდი,
ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს,
რომ შენ აქ და ახლა ხარ.
ხოლო ის, რომ
შენ შეიძლება არ იყო
აქ და ახლა,
შეიძლება იმასაც ნიშნავდეს
რომ ხარ სხვაგან და სხვა დროს,
ან შეიძლება იმას ნიშნავდეს,
რომ არასოდეს და არსად არ ხარ,
არ იმყოფები არცერთ ადგილას
და არცერთ დროში.
მე გაგახსენებ, რომ ყოველი თავმოყვარე
ჰალუცინაცია
აუცილებლად ზუსტია.
მე მოგახსენებ, სიზიფეს წყევლაც სიზუსტეშია,
რომლითაც იცავს იგი წესს.
მოგეხსენება, რაც უფრო ზუსტია
და უეჭველი ღმერთის რწმენა,
იგი მით უფრო დიდი ტყუილია.
ხოლო არცერთი პატიოსანი გაზომვა
არაა სრულებით ზუსტი,
არამედ მხოლოდ თითქმის ზუსტია.
რაც იმას ნიშნავს,
რომ უთითქმისობა
ამხელს სიზუსტის სიყალბეს.
მიმოიხედე, აქ და ახლა და, თანაც, ხარ, არა?
იქნებ სიზუსტემ მოიტანა ეგ აგნოზია,
შენს ლამაზ სხეულში გაახარა რა.

 

17.

მავანზე სამტკვრო-სასიცოცხლოდ
გადამტერებული
იდაყვში მოხრილი მკლავის ქალაქია,
მყესებად ხიდებდაძაბული,
და რა ხანია,
აღარ ჰგავს მისი ხრტილი ნატივარს.
დიდი არჩევანი არც ოდესმე აქ მექნებოდა,
ახლა ამ ქალაქში ჩემნაირისთვის
ლექსების წერის ერთია მხოლოდ ალტერნატივა.
გარეთ გავალ და შემხვდება,
ქუჩაში დადის უშეცდომო,
ძუ ქირომანტი,
და როგორ იქნება,
მოწყალების თვალით
მეც რომ არ გადმომხედოს
ასეთ უფასო,
მუქთა,
უქირო მან ტიპს.
გაქრობა მოაქვს გააქაურებას
და აორთქლება 
გაუაქაურებლობას.
რადგან ქალაქია ნაკომუნისტარი,
ახალ ხალხიანს დრომ გადმოასო
ათას ჩათლახში ნაქონი ნესტარი
და ქალაქს მოედო ეკლესიები.
ყველა ტაძარი და ეკლესია
წყვდიადის ბლოკპოსტია.
ზოგი საჯაროდ,
ზოგი კი კდემით, მოფარებულში,
მორწმუნეები იწერენ პირჯვარს,
ანუ შიშველი ხელით
შუა ქუჩაში და ჭერქვეშ ჭიმავენ
ხუთქიმიანი ვარსკვლავის
ადრე წინაპარ, ახლა მემკვიდრე
ოთხეკლიანი ჟესტის მავთულხლართს.

 

18.

უხსოვარ დროში
ადამიანის ნახელავი
უძლიერესი ჰალუცინოგენი
არის ეს ცალი სიტყვა „შენ“.
ხოლო სიტყვა „მე“,
რომელიც არიფებს ჯადოსნური ჰგონიათ,
მხოლოდ დამხმარე ხელსაწყოა,
ტარი და სახელურია,
რომელსაც მოირგებს „შენ“.
„მე“ კი მხოლოდ სამიზნეა,
რომელმაც უნდა მოიხვედროს
გამოტყორცნილი „შენ“.
„მე“ მხოლოდ ჭიქაა, რომელშიც
ბოთლიდან გადმოქცეული
ღვინო ისხმება.
ადამიანის ყველა სახელი 
ვთქვათ, აარონიდან დაწყებული,
მამუკას გავლით და ჰამლეტით დამთავრებული 
მხოლოდ კაპარჭია,
რომელშიც აწყვია
ფრთოსანი ისრები  შენ, შენ, შენ....
რადგან საკმარისად მთვრალმა მე ვერ ვიცხოვრე,
როცა მომაკვდავს მომადგები,
ჩასაძაღლებლად გამზადებულს
და გუდანაბადაკრეფილს,
არ დაინანო, ბოლო სიტყვად ეგ გამაგონე
და შენ მითხარი შენი პირით „შენ“!
თუ არის, აბა, იგია ბანგი.

 

19.

პოლიტოლოგიური პოემა

იქნებ ქარი დააფრთხოს-მეთქი,
კარს შემოვავლე მშრალი ლატანი.
აზრიც მოვავლოთ ქვეყანას სალტედ.
ის, ვინც ავადმყოფს დღეს მკურნალობს
პირველყოფილი ტომის შამანის მეთოდებით,
ექიმბაში და შარლატანია.
იგი, ვინც დემოკრატიულ ქვეყანაში
ტრაიბალური პოლიტიკით მოქმედებს,
უდავოდ არის პოლიტიკური შარლატანი.
დღევანდელი საქართველოს პოლიტიკაში
ორი მთავარი პოლიტიკური შარლატანია 
ივანიშვილი და სააკაშვილი.
(იმათზე რაღა ვთქვა,
ვინც მათთან წლების განმავლობაში ითანამშრომლა?)
ნუ დამძრახავენ ანთროპოლოგები,
რადგან უნდა განვმარტო,
რომ ტრაიბალური ანუ ტომობრივი არის პოლიტიკა,
რომლის თანახმად ტომის ბელადის
ბელადობა-ლეგიტიმაციის საშუალება არის
ტომის მიერ მისი ბელადად აღიარება
სათანადო რიტუალებით, ვთქვათ, არჩევნებით;
ცხადია, ამ დროს ტომი თავისი ბელადის ჯერ გაბელადებას
და შემდეგ უწყვეტ ბელადობას ემსახურება;
აი, პირიქით მიმავალი გზა კი ჩიხში შედის:
ტომი თავისი საზოგადო ცხოვრების წარმართვის
საშუალებად ვერ იყენებს თავის ბელადს,
ბელადი ტომს არ ემსახურება.
ასე განსაზღვრული
ტრაიბალური ძალაუფლება, თანაც,
მიდრეკილებით ფრაქტალურია,
ანუ მთელი ტომის, ხალხის, ნაციის
სულ უფრო და უფრო მცირე შემადგენელი ნაწილი
იპყრობს და ეპატრონება მთელი ტომის,
მთელი ხალხის, მთელი ნაციის ფუნქციას,
რომ გადაწყვიტოს ძალაუფლების ბედი და
იღბალიც ბელადის ბელადობისა.
ამ შემცირება-შემჭიდროვების შედეგად ძალაუფლება
ბელადს სხეულის ბლაგვ კონტურად შემოევლება.
მაგრამ ხსენებულ მიდრეკილებას აყოლილი ძალაუფლების
ფრაქტალიზაცია შეიძლება არც აქ შეჩერდეს,
რათა ბელადის ადგილი თანდათან დაიკავონ
მისივე ცალკეულმა და სულ უფრო წვრილმანმა
წარმოდგენებმა, აკვიატებებმა, შიშებმა
და სიხარბეებმა.
ასეთ შემთხვევაში,
ნამდვილი ძალაუფლება
გადადის სწორედ ამ შინაგანი
წვრილმანების კლანჭებიან ხელში,
რომელიც მთელ ტომთან, ხალხთან, ნაციასთან ერთად
თავად ბელადსაც იმორჩილებს,
თავის მსახურად აქცევს
და მასაც იყენებს თავისი,
მხოლოდ თავისი ძალაუფლების
განხორციელების გამწარებულ საშუალებად.
ეს რომ არ მოხდეს და მეთაურად ისევ რომ არ შეგვრჩეს
რომელიმე პოლიტიკური შარლატანი,
ან ეს ქვეყანა უნდა შეეშვას დემოკრატიას,
დამოუკიდებლობას, თავისუფლებას,
უკეთესისკენ განვითარებას
და ტომს წესისამებრ უმკურნალოს შესაფერისმა ექიმბაშმა;
ან აზრის სალტე უნდა მოერგოს პოლიტიკას,
უნდა მოერგოს მტკიცე სალტე,
მაგრამ არა გარედან,
არამედ იგი შინაგანი უნდა იყოს,
როგორც უჭირავს ბორბალს საბურავი.
ამ ბედოვლათ ქვეყანას
ალქაჯ შამანად და შამანის შეგირდებად
პატრიარქი
და ეპისკოპოსებიც ეყოფა.

 

20.

იმას ამახინჯებ,
ამას ალამაზებ,
გამოგყავს სახე,
საზრუნავია მასალა.
მშიერ ლუკმებად
დროს კბეჩ ავი,
მეტის ღირსი ხარ,
თუ ხარ ბეჩავი.
თუმცა გულზეც დაგადგება,
მაინც არაა დრო ტორი,
და დანიშნული
წარსულ-მომავლის მთარგმნელად,
იგია თავად როტორი.
და საათების
დრო გადარეულ
დაირებად დაიარება,
მას მუყაითი სივრცე დაჰყვება,
თარგმან-თარგმან ავს,
და სადაც გმინავს ქარი,
რასაც მოასწრებს 
გულმოდგინედ,
და რასაც ვერა,
საერთოდ არ გმანავს.

 

21.

და-დავ-დერ, და-დავ-დერ, და-დავ-დერ,
ასე დავდივარ და დავდერვიშობ, იორღა მე შინ.
ერთი დროა და მეორე  სივრცე,
სიკვდილი გადავდე,
ჯერ ამ ვიშობი ორ ღამეში.
მეტემფსიქოზი იმას გულისხმობს,
რომ დრო წრედ იკუზება,
რათა წარსულის ტანიდან
მომავლის ტანში
გადაიტანოს სუნთქვა.
იმას გულისხმობს ტელეპათია,
რომ გამანძილებულ, მაგრამ
ერთდროულ ტანებად ნაგდებ,
ორიდან ერთ-ერთის მაინც გონებას
მეორისასთან შერწყმა-არშიყი,
როგორც რომ სიტყვა გადატანილი
პწკარიდან პწკარში, ხელგაშლილი
სივრცის მიერ ძილ-ღვიძილის სიზმარში კი
არა, არამედ დღენათელ ეპატია.
რაც მეტემფსიქოზი დროშია,
ისაა სივრცეში ტელეპათია.
ხოლო სიკვდილი სიცოცხლის პირველი
და ბოლო სიფათია.
და უსივრცეოს, უდროოს
შენ გრძნობ ალღოს,
ფეხარეული სიბერის ბალღო.
ხოლო შენ კი, დანარჩენო ადამიანო,
მაშინ დაგერხა,
როცა თავში დაგერხა
ღმერთებისა და ღმერთის შესახებ
პირველი აზრი და
რელიგიური სიფთა აგენთო.
რადგან ყველა სიკეთესთან ერთად
ყოველგვარი უბედურებაც
თარგმანით იწყება,
ვინმე შეთხზული იესოს ამბავიც,
თავს დავდებ,
სასცენო და სასეირო
პიესად იქვე დაწერეს,
სადაც ითარგმნა სეპტუაგინტა.
თუ მორწმუნე ხარ, სამყარო გგონია
ჰორიზონტიდან ჰორიზონტამდე
გადაჭიმული ტესტი რორშახის
და იმას, რაც ხარ, როშავ.
და-დავ-დერ, და-დავ-დერ, და-დავ-დერ,
მე კი დავდივარ და დავდერვიშობ.

 

22.

არა იყო რა და იყო,
ყოველი ერთი ორად დაიყო.
ყველა ლაერტი თვითონ კოჭლი და
შვილის მტერია,
და ბრმად უჯერებს ტირესიასს,
რომელსაც შეერქვა იმიტომ ბრმა, რომ
მას ბრმად უჯერებს ყველა,
და თუ ვინმე გაუჯიქდება,
ბოლოს მაინც ეუბნება ბრმადლობას.
ყველას მიუწერს განაჩენს,
ჩამოუყვება რა ტირე სიას.
თვითონ ტირე კი კეპია, რომელიც
ახურავს აწმყოს.
სხვას კი არაფერს,
ტირე აღნიშნავს აწმყოს.
ტირე აწმყოა, რომელზეც
ისე ბარბაცებს ფრაზა,
როგორც  ქარქვეშ კარზე რაზა.
როგორც ასეთი,
ტირე ნეტარი ტარია,
რომელიც დრომ დაგიგო,
როგორც დაბრეცილ ბარის პირს,
რომ გათხრევინოს ბნელი ღარტაფები
და შიგ სივრცე რუდ მიაგდოს,
თვითონ შემოეწყოს
გვიმრად და ბუერად.
მიედინება სივრცე,
დრო აძლევს მიმართულებას.
შენ კი ჟანგი და
ის პოეტი ხარ, ამაო,
რომელიც
მიწამ ჭამაო.

 

23.

მეორე პოლიტოლოგიური პოემა

ახირებულმა პოეტმა რამე თქვას,
ეგ იგივეა, კუმ ფეხი გამოყოს,
მეც მინდა ნახირ-ნახირაო.
როცა ყველაფერი არის ნათელი,
რად უნდა ნახვა ახვარ ნახირებს.
რა მუზა გამიწყრა ასეთი,
რომ ისევ ამათი ხსენებით
უნდა წავბილწო ლექსი.
მაგრამ რას ვიზამ, არ იქნება,
რომ არ ვახსენო ივანიშვილ-სააკაშვილი,
რაკი ამ ბეჩავი ქვეყნის
პოლიტიკაში ღრმად ჩაეჩარა
ორივე ხარბი და, ესე იგი, თანაც ლაჩარი.
თუმცა ეს აბა, რა გასაკვირია,
უერთმანეთოდ, როგორც ერთი თვალის ორი ქუთუთო,
ვერ ძლებს სიხარბე და ლაჩრობა:
ლაჩარი იგია, ვინც უსაფრთხოებას
და სიმყუდროვის თუნდაც ნამცეცებს
დახარბებულია;
ხოლო ხარბია ის, ვისაც
ვერ შეუბედავს უარი ნებისმიერი რამის მოხვეჭის
მოჭარბებული სურვილისათვის,
მაინც დამჩაგრავს, მომერევაო.
მგონი, სხვაგანაც მითქვამს,
როგორც პირამიდის საფუძველი
მის მასტაბაშია,
ზუსტად ასევე, პოლიტიკის და ძალაუფლების განმსაზღვრელი
არის მასშტაბი.
ხომ პოლიტიკა მიმდევარი და მეკვლეა ძალაუფლების.
იგი კი მიდრეკილებით ფრაქტალურია,
რაც იმას ნიშნავს,
რომ თუ შეიცვლება მასშტაბი,
ნებისმიერი მისი დეტალი
მთელის გახდება ნაირი და ტოლი.
ასე ქვეყნის სამყოფი ძალაუფლება
ხდება საკუთრება სხვადასხვაგვარი ელიტების,
რომლებიც ძალაუფლებას
უკვე მთელი ხალხის მაგივრობას უწევს,
და თუკი მასშტაბი კიდევ შეიცვალა,
ძალაუფლება მთლიანად ვინმე ცალკეულის
ხელშიც შეიძლება ისე მოექცეს, შენი მოწონებული.
ასეთი ვინმე და დეტალი არა მარტო ელიტას,
მთელ ხალხსაც უდრის და უტოლდება.
თავის ამბავში იგი მართალია,
რომ ძუძუმწოვარა, გონებაჩვილი არიფების
ერთადერთია თვითონ უსტაბაში;
და მას ვერც ვერაფერი გადაარწმუნებს,
თუ არ შეიცვალა და საზოგადო არ გახდა,
ისევ და ისევ, ძალაუფლების მასშტაბი
და პოლიტიკის მასტაბა რაცაა.
ყველაფერი რომ იყოს
მიზეზით განსაზღვრული შედეგი,
ეს ყველაფერი იქნებოდა გარდაუვალი,
ხოლო ის კი იქნებოდა,
რომ ცდილობდე სასურველ ცვლილებას,
მხოლოდ უნაყოფო ფაფხური, ნძრევა და მასტურბაცია;
ძალაუფლების ფრაქტალური მიდრეკილებაც
აღმოჩნდებოდა ბუნების კანონი,
რომელსაც ვერავინ
და ვერაფერი გადააბიჯებს.
მაგრამ თავისუფლება თარგმანშია.
ყოველი წამი წინა წამის შედეგი კი არაა,
არამედ ყოველ წამს სამყარო ითარგმნება
მსგავსების ენიდან განსხვავების ენაზე.
აი, თარგმნა კი მინივენია,
რომელშიც ბარგთან
და სხვა მგზავრებთან ერთად
ზის თავისუფლება  მავნე მავანი.
ერთად ჩამოდით, დაპატიჟე,
გადაუხადე მგზავრობის ფული.


24.

ხმაურით ნუ გაჩუმდები,
სიჩუმე თვითონ უნდა ჩამოვარდეს.
შინაარსი უხინჯოდ ავსებს მკაფიო ფორმას,
მათ შორის არაა ღრიჭოც კი.
თუმცა ზოგჯერ მაინც გგონია,
რომ მდაბიო სამყარო
ალმაცერად იღრიჭება.
შინაარსის ვოლანს არ უჭირს,
მიაგნოს ფორმის ჩოგანს,
სხვაგან არც წაესვლება,
რადგან ორივე თითოა.
და ყოველ ჯერზე
ფორმა შინაარსით ისე იჟღინთება,
როგორც მტვრიანი მიწა  ცალი წვეთით.
შინაარსს ფორმაში ყოფნის
მოკლე ვადა აქვს და უცებ ქრება,
მხოლოდ სულ ოდნავ შეცვლილ
ფორმას კი ტოვებს,
თუნდაც ცვლილება უზარმაზარი იყოს ჩვენთვის.
მაგრამ მხოლოდ ჩვენთვის.
მოდის ახალი შინაარსი,
ერგება ფორმას და
გამოყოლილი ინერციით ისევ ოდნავ ცვლის მას
და იქვე, წინამორბედივით,
თითქმის უკვალოდ მასში იკარგება,
ქრება და მორიგ შინაარსს უთავისუფლებს ადგილს.
ღვინის ჭიქა თვალსა და ხელს შუა იცლება,
ვიდრე ისევ შეივსებოდეს.
კვალი კვალს ედება რა,
ტოვებს კანონების დაკანონების
მათემატიკურ შთაბეჭდილებას,
რომლის გარშემო იკრიბება
მიდრეკილებები და წესები
თხელი ნაოჭების ბადედ,
რომელიც მის სახეს ასაკს მატებს
და ეს წამიერი ქვეყნიერება გაცილებით ხნიერი მოჩანს.
და ყოველ ჯერზე შინაარსს მოაქვს
მემკვიდრეობით მიღებული
და ინერციად წოდებული მსგავსება,
რომელსაც ფორმა განსხვავებას ახვედრებს
და თვითონაც იცვლება.
ასე იყო და ასეა ახლა, ასე იქნება.
თუმცა სამყარო თანდათან თვრება,
სალაპარაკოს ნუ გახდი,
ხმაურის ყბაში ნუ ჩააგდებ სიჩუმეს.

 

25.

ან ვის რა ჰქონდა,
და რომც მოპრიანებოდა,
ვისთვის რა უნდა მოეპარა.
აბა, ეს საიდანო 
უპოვეს პოემა რა.
დაუნდობელო ქალო,
შენს დანახვაზე
გულმა გამლახა,
როგორც ლიხის ქედი  ქარმა.
უმისამართოდ გავჩერდი,
აქ კი კიდევ დევს,
რაც ნეონის კანიონია.
რომ დაჟინებით მეპატიჟები,
მიწვევ, მეძახი,
უქმად აქაც დავიქანცე,
საქმე მე იქ არ მაქვს.
მზის გორგალი,
ხეს რაც სხივით გამოედო,
სულ შავ ძაფად გაიშალა.
წავედი და ღამე ვნახე,
ვერ გაკრიფოს მევენახემ,
თუნდაც ენად გაიკრიფნონ,
ვერ მოქსოვოს ფეიქარმაც.
ყველა სიტყვას,
უბრად ნასაუბრალ ოსტატისას,
მაინც თუმცა უბრალოს,
რადგან პირი ვერ მოკუმა,
ხელზე კი ნუ დაიხვევ.
რა იცი, რომელი დაუმთავრებია
ბითურს ტექნიკუმი.

 

26.

ვერ დაეწევი შენს თავს და მორჩა.
სხვა ვერაფერი ვერ გააჩუმებს ამ ორ ჩანგს.
თავი ღარიბი ჰგონია და ერთმანეთი
ემდიდრება ამ ორ ფულიანს.
უერთმანეთობას სიკვდილი ახურავს,
როგორც ჭას  თუჯის სარქველი.
ამას თუ ფეხი დაუცდა
და არც ის არ დაუცდის,
დრო მოვა უიმათობის
და ყველაფერი ამორფულია.
და ჩვენნაირიც გაიძვერები
სიცოცხლე-წონასწორობას,
ორივეს ერთად კარგავენ.
გლუვი ნისლის გუმერაბიკმა შეაწება
ეშხიანი ქვიშხეთის
სერები და კორდები.
ყველა ხვალ და ყველა გუშინ ერთად ისმის,
უმარტივეს დღევანდელ დღედ აკორდები.
მე ვარ ქალაქის ქუჩა, რომელზეც
შეცდომების ყრია ხრეში.
ელოდება იგი, როდის გადაივლის ფინთი ამინდი,
მოუწევს ზაფხულის ცხელი ასფალტი
და გულზე მოეფინება.

 

27.

მესამე პოლიტოლოგიური პოემა

მოიხარშება წებოდ კრახმალი
და ნაპრალს პირი დაუფჩენია.
ზედ რომ ავაკრა,
რუკა კარივით მივუხურო
ისტორიის სიცივეს,
ამომაწოდე მე ეგ მურაბა, ავლესო.
ხელიც გამირბის, თვითონ მისხლტება
და მიიჩქარის ფუნჯი და ქაფჩა, გაშპა შპატელიც.
რაკი ტოლია ძალაუფლების ფრაქტალის,
ბრბოთა გამრიგე დემოკრატიაც
თავიდანვე მთელს ცვლის დეტალით,
უკვე იმიტომ,
რომ მთელის ადგილს
უთმობს, უბოძებს უმრავლესობას.
ის კი ყულფია, რომელშიც
დემოკრატია, ბრბოთა გამრიგე,
განსაზღვრების ძალით,
თავს თვითონ გაყოფს ხოლმე
და კისერზე სულ უფრო და უფრო იჭერს,
ვიდრე სულსაც გააფრთხობდეს.
შეაჩერე დემოკრატია, ნუ წააქეზებ მაინც!
დემოკრატია თვითმკვლელობისკენ
დაუოკებლად მიდრეკილია,
დრაკულა როგორც 
სისხლიანი ღრეობისაკენ.
ამიტომ ფეხდაფეხ უნდა მისდიო,
რომ შეაკავო მისი ამგვარი,
პოლიტიკოსად წოდებულო,
შენ, ფსიქიატრო, ატროვება.
მაგ ყულფის თოკი კი დაწნულია
არჩევნების ბაწრით,
და სუიციდი უცაბედი სულაც არაა.
თანდაყოლილი და უტიფარი ამ დამუქრების
ჭირსა და ვარამს
რომ გადაურჩეს დემოკრატია,
იქნებ ჯობდეს,
რომ ყოველ ჯერზე
ჯერ ის წყდებოდეს არჩევნებზე,
თუ ვის როგორი ურჩევნია,
რომ ჩატარდეს არჩევნები,
და მერე  სხვა რამ.