დავითს

შენი სურვილების მალამოთი თვალებაგმანული დისკო წუის ჰაერში,
თითქოს კოსმოსურ სატელიტებს უკავშირდება და ჩემს სხეულს დაეძებს,
მფეთქავ, მოცახცახე, დაოსებულ ჩემს სხეულს.

წუის, ზუზუნებს ფოლადის დისკო.

მე ვიქნები მამაჩემი, რომელმაც არ დამილია არსობის პური
და მამაგრებდა პიროვნული დესტაბილიზაციის დროშას,
მე ვიქნები დედა, რომელმაც თმებით ბოქვენზე მიმიწნა
და არაფერი მინახავს მისი საკეისრო შრამების გარდა და
მე ვიქნები პირველ რიგში მე,
რომელმაც ვერ იპოვა ძალა,
აქ, ტიალ მინდორში აწურული არ მდგარიყო.

– რად არ ეცემი,
რა ჯანდაბას უდგახარ?
რატომ არ წაიქცევი და იფორთხებ კრისტინასავით?*

მატერიალური ინგრედიენტებით სავსეა უფალი,
ჰოდა, ასე, სწორედ ასე, იდექი და
შიშჩამდგარი მუხლებით
დაელოდე ყველა მის გამოვლინებას.

და ჰა, ხმალივით შემართული ველი შენი დისკოების ქალაზე ღრჭიალს.
სისხლის მოჩუხჩუხე შადრევანი ვარ ამ დამზრალ მინდორში,
სადაც გადამფრენ ჩიტებს პირიდან სევდის ბელტები სცვივათ.
გაგდებულ თავზე საკუთარი ტორსიდან მორაკრაკე სისხლი მახმება და
თვალებს მიოსებს.
მწყურია, მწყურია, მწყურის*

დაგვალული, გამხმარი ენა მიდევს პირში და მაინც გეტყვი
– მომიხსენე მე, უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა.*

 

შ ე ნ ი შ ვ ნ ე ბ ი
* იგულისხმება ენდრიუ უაიეთის „Christina's world“
* იოანეს 19.28. – „შემდგომ ამისა, რაკიღა მიხვდა, რომ უკვე დასრულდა ყველაფერი, რათა აღსრულდეს წერილი, იესომ თქვა: მწყურია".
* მართლმადიდებლური ლოცვანი სინანულისანი