1.

მეტი კი არაფერი,
ბუნებაა ბუნიობის ნება.
ტალახიანი ტალღების ტოლი,
ბრმად წინაპრები
ჩემი ხელით თვალს იჩრდილებენ,
ჩემი მზერით სწვდებიან ნაპირს,
ჩემი სიტყვებით სწვდებიან სმენას,
ჩემი აზრებით სწვდებიან ცხადს,
და მაინც არსად
მათ მიერ მე არ
ვიგულისხმები.
ესეც რამეა,
ესეც წესი და რიგია,
როგორც ექცევა
ბუნება უნებართვოებს.
მიწა არ მოგწონს?
შეცვალე რუკა!
მიწა აგყვება
და ვერც თავს იცნობ.

 

2.

ო, ნურას, ნურას,
ნურას, ნურას უკაცრავად!
რუკა ააკარი სარკეს,
ან სადმე დაკიდე რუკა 
სარკედ იხმარე, სარკედ გექნება
და შენი მასზე მოსეირნე მდებარეობა
შენ ხარ, შენ, მთლიანად შენ.
რუკაზე ცხოვრობ, რუკაში ცხოვრობ
ამ ერთი რუკის, ამ ერთადერთის
გამორჩეულ მდებარეობად
და თუ მას წაშლი, მდებარეობას,
განიფინები მთელ რუკაზე.
ამას დაბრუნებას ვინმე დაარქმევდა
სამყაროსთან,
ბუნებასთან მაინც.
ყოველი ჩვენგანი რადგან
ცალკეა რუკად და თავის
რუკაში ცხოვრობს,
როგორც მასში ხმებივით მოარული ადგილი,
ამიტომ ნურას, ნურას უკაცრავად
არც სადმე არსებობს, არც მოიპოვება
რუკა ერთადერთი, რუკა ჭეშმარიტი,
ყველასთვის საერთო და სავალდებულო.
მაგრამ, მაგრამ, ნურას უკაცრავად,
უერთმანეთოდ არ იქნებიან რუკები
და ჩვენც ვართ ერთხმად
და ერთმანეთის მიხედვით შედგენილი რუკები.
და ერთმანეთს ვხვდებით ერთმანეთის რუკებზე.
ვცხოვრობთ ატლასებად, ვცხოვრობთ ტომებად აკინძულ რუკებად,
ტომებად, ტომებად, ტომებად, ტომებად.
და დაბრუნებაც ნიშნავს ტომთან დაბრუნებას,
მიტოვებულ ტომში გაღვიძებას,
მოდი და ნუ მოიხიბლები
ცოტა ხნით მაინც.
ოღონდ ცოტა ხნით
და მეტი აღარ!

 

3.

აღარ ვაღიარებ ღარიბ თარიღებს.
ეგენი არის სახელურები
კალენდრის, რომელიც
ქვაბია, რომელშიც
იხარშება გარშემო
შემომსხდარი ტომისთვის
სივრცე ხორცად,
რომლის ძვალი
არის დრო, დროა, დრო.
ნანადირევია ღამით ცა
და დღისით მიწა.
მიწა იწამლება
ნასროლი ისრის ბასრი ბუნიკით,
ცა მომაკვდავი ცოდვილობს.
ნთქავენ ორთქლიან კვირებს და თვეებს,
წლებსაც და საუკუნეებს.
აღარ ვაღიარებ-მეთქი,
თითქოს ოდესმე რამედ ვაგდებდი.
ვართ ბარი-ბარში.
არშიები შემოივლეს ოხშივრის,
მათი ზურგების ფარღალალა
ღობეს ვშორდები.

 

4.

გონებას გულის სიღრმეში
ისევ ჰგონია,
რომ მისი სხეული,
ტანი ტომია,
რომ სიხარული შეკრებას ახლავს,
ხოლო განცალკევება,
რომელიც დახუჭობანას
არის თამაში, მაშინ მაშინებს,
როცა ვიჯერებ.
და რომ საკუთარი
და უხილავი კეფა და შუბლი
ყველა მათგანია,
ვინც მოკვდა ბარემ
ან დაიბადება მერე და მერე.
მთვრალი გონება მიდრეკილია,
რომ თავისად დაიგულოს
არა მარტო ტომი,
თუ საამისოდ მოიცალა მიცელიუმმაც.
თუ გამბედავი გული მიიმხრეს,
გადაიბირეს
თავზე ხელაღებული,
მეტის დანახვა შეუძლიათ
დახუჭულ თვალებს.

 

5.

ოაზისი და მირაჟი
რატომ ტომი ამდენჯერ
ვახსენე და მოვიხმე?
დიდი სხეულის, ღონიერის
და დიდი ტანის
ანუ ტომის ბინადარი
და მაძებარიც არსებაა ადამიანი.
როცა ტომს ტოვებს, ტომის
საპოვნელად მიდის მაშინაც.
საითაც გაიხედავ, ყველგან ტომია:
ნათესავების, ოჯახის ტომი,
ტომი ტოლების,
თუნდაც უბნელესი
უბნელების და მეგობრების,
და ტომად ხალხი,
გინდაც ბრბო,
და ტომი კაცობრიობის,
ტომად წინაპრები და შთამომავლები,
თანატომელად დადგენილი სიკვდილ-სიცოცხლე,
ინტერნეტ-ტომი.
ამიტომ ტომი!
ტომი გონიერი ტანია,
მეტიც, ტომი გონების ტანია.
ადამიანი ეძებს გონებას,
როგორც წყალს უდაბნოში.
მირაჟი გრძნობს,
როგორც ოაზისი;
მირაჟმა იცის,
როგორც ოაზისმა.

 

6.

პოეტი
ცოტა მოტაცების
რადგან ნაირია
(ცოტაც მუტაციის),
ნაიარევი დაიარება
აღარც ისე შორს
არა ცის, არამედ
კორპუსის ქორი,
პროფილით ერთი
ულუფა ყულფის
ან, სხვა სიტყვებით,
ლაპიდარული
წარწერა ლაფზე!

 

7.

დღემ ახოვანი
სთხოვა ნიშნები
ტანმორჩილ მზეს,
ჩამოიარეს ჩრდილებმა,
ღამე შორიდან აღმოაჩინე.
სძინავს  ინავსება,
ღვიძავს  ითარსება არსება
და ცრურწმენების ბეწვზე
ბედი კიდია.
ყოველი რწმენა ცრურწმენაა,
ნუ გაამართლებ,
და ნუ მიაჩვევ
გონებას ტყუილ უილაჯობას.
ვინც მოცლილია, იმან დათვალოს,
რა შენი დასათვლელია,
ბოლოს და ბოლოს თუ ვინ აჯობა.
ნიავს სიგრილე გამოერია,
ალბათ იწვიმებს.

 

8.

შენ აირჩიე, მოგეწონება მეტად რომელი.
„მეტადერმული“ მოვლენაა
ჩვენიანად ჩვენი სამყარო,
ანუ კანზედა:
ის თუ გრიმია, რომელსაც 
ან მაკიაჟი 
ჩამოიბან, ჩამოირეცხავ
და წარმავლობას უკიჟინებენ,
თუ არის ტატუ, რომელმაც
კანი გაჟღინთა,
და სვირინგია, რომელსაც
განუყრელობას აყივნებენ,
რადგან გაქრეს უნდა
კანთან ერთად,
არა უადრეს.
ორივეს ნიშნავს მეტადერმული
ანუ კანზედა.
თუ მიმიკარებ,
მოგეკარები,
უსაზღვრობაა გახვეული
შენს სასრულ კანში,
შენ ხარ კარები.

 

9.

ორკალმიანი
და მე მათ შორის მორკალული
რომ ვარ ავტორი,
მე, მოტრიალე პოეზიის
და, რამდენადმე,
მეცნიერების ეზოებთან
ქართულ ორღობეში,
შესაბამისი და შესატყვისი
რამის მთქმელად თუ გამოვდგები
(გამგონის დედაც ვატირე):
ხმელთაშუა ზღვის ნაირად
ტომთაშუა მე ვარ არსება,
ჯერ არც მთლად მანქანდაკი,
ბევრი მაკლია,
აღარც ძველებურად ადამიანი,
არამედ, რა ვთქვა, რა ვიწოდო,
განცალკევების კაცი ვარ,
რუკამ გამრიყა,
მეც ვისარგებლე.
რუკა კანია!
ადამიანის ნაქები ტვინიც
სათითესავით თავის ქალაში
ჩაკეცილი ცოტა კანია,
სხვა არაფერი.
რუკა კანია,
უკანასკნელი ეს რუკა
არის პირველი და ერთადერთი
ჩვენი სამყარო,
განფენილი სივრცის ნაოჭებში,
როგორც სუფრაზე,
და შეკრებილი დროის ჭიქებში,
როგორც ჩრდილების გრილი ღვინო.
ხან კი კეთილი, ნავი ავია.

 

10.

კიდე კიდევ გაქვს,
ჯერ კიდევ კიდე,
გაუზავებლად შერჩენილი,
რომელსაც ბლაგვი აგვიანდება
დროის აცდენა,
სანდოობისგან რომ განვასხვაო არსადობა.
მე ვარ მუხთალი, ფარსაგი,
რამ შემარიგოს.
დრო, გაცდენილი, დაგროვდა სივრცედ,
უკვე უკვეთავ კერძივით
უკეთეს მონაკვეთებად:
ო, შემწვარო კარტოფილო,
მარტო ფილოსოფია
შეგედრება ოფოფების მორთმეული!
ესეც რესტორანია,
ძველებურად ფუნდუკი,
აქვე ამხანაგია, სულელი და დუნდუკი,
როგორც ამპარტავანი.
ღვინოს ვითომ უარობს, უნდა კი.
მოდი, ეს ერთი დავლიოთ,
გაურკვევლობას ვერსად წავუვალთ,
შევამსუბუქოთ ჭიქა თუნდაცით.

 

11.

ენის სიჩუმიდან,
სიზმრების დავიწყებიდან,
აი, საიდან მოდის ლექსი.
პირველს გაგონება უნდა,
მეორეს  დანახვა,
და ნუ იქნები უნდო 
ესეც პოეტის
ხარაჩოები.

 

12.

კაცი კვდებოდეს, რას დაეძებ,
გრძელ სკამზე კაცი კვდებოდეს,
ფეთხუმ ხუმრობას ყურმიჩვეული,
შეგუებული ასეთივე დიასახლისებს.

თუ საერთო აქვს არაერთ ახალს,
მას მე ვუწოდებ ახლებისას,
და თუ ერთ ახალს აქვს არაერთი,
მათ მე დავარქმევ ახლისებს.

დადის მაღალი ბაღი,
როგორც სიკვდილის დაღი,
რომელმაც პირი დააღო,
მაგრამ არავინ არ დააღონა.

 

13.

ქალაქის ტილო დაგრუნტულია
ასფალტითა და ბიტუმით.
სიკვდილ-სიცოცხლე
კი არ რიგდება კალმით, არამედ
აქ გაიცემა ფუნჯით, ბითუმად.
რომ სტატისტიკა სასტიკია,
ხოლო ცხოვრება თარიღებს შორის
აუცილებლად და ლმობიერად სავითომოა,
როგორც მზე მაღლა იყოს,
ადრე თუ გვიან დაიჯერებს
ტომიც ურწმუნო თომების.
ფუნჯი თავის თავს მოუვლის,
კალამი შენი გასავლებია
მოხდენილად და მარდად.
დაუთმობელიც არაფერია
თვითონ დათმობის გარდა.