1.

ვთქვათ, სადღვებელი და სათქვეფი
ორი ხელსაწყოა სამყაროსი.
სადღვებელი ხომ გინახავს,
რომელშიც ასხია რძე და, რომელიც
ხანით გამჭვარტლულ ჭერზე კიდია
და ხელის კვრით დაქანაობს.
ეს უსახური მოძრაობა
თხიერი რძის ყოველი წვეთიდან
კრებს და აგროვებს სქელ ცხიმს.
ხელს გამოაცლის იგი არაქათს
და გადააქცევს რძეში კარაქად.
ახლა სათქვეფი მოუმარჯვია,
მაჯა ცილას თქვეფს,
ჰაერს შეურევს წვრილმან ბუშტებად
და მსუბუქ ქაფად გადააქცევს
მძიმე, ბლანტ სითხეს.
სიცოცხლე სადღვებელია,
თანდათან გვბადებს, გვზრდის და
შემოგვკრებს ჩვენი თავის გარშემო.
დროა ის რძე და ჩვენ  ის კარაქი.
მოვა სიკვდილის სხარტი ხელსაწყო
და სიმსუბუქეს შემოგვირევს არყოფნისასას
და სიბნელეში ვარსკვლავებივით ავითქვიფებით.

 

2.

მოდი, სტუმარო,
მაგიდასთან,
ჭამე, დალიე,
კარგად გამიძეხი.
გადაივარცხნეს
თავზე თვეები,
მაღალი წლები
მიბარძაყებენ.
მოდი, წავიდეთ,
საითაც იტყვი,
გზის მასპინძელო,
წინ გამიძეხი.
ღვიძილი ძილის
პერისკოპია.
მძინავს,
ინავსება
ავსება
სიზმრით.
ძილს დუჟად მოადგა
უჟანგავ პირზე,
დუღს და გადმოდუღს
მზამზარეული
ფერის ქაფები.

 

3.

ხან თუ ქუხილის ქოხი ვარ,
ზოგჯერ მოვითვლი
ბანაკად დაცემულ კარავ-ვიგვამებს.
მობერილი ქარი წაშლის,
სად რაც ბოლ-მელნით
ნაწერ-ნაკაწრია.
აწრიალდება,
ქვაც კი მოძებნის
ადგილ-სუდარას,
თავს შეაფარებს მყუდრო დროს.
მეც მოვისვენებ,
როცა ვიგვამებ.
როგორ არ მივუბრუნდე ხოლმე.
სიკვდილი ბავშვობაში იწყება.
სიკვდილის სადგისი
გასანთლული ხოლმეს ძაფით
კერავს ცხოვრების ფეხსაცმელს.
სიკვდილის ნემსი ისევის ძაფით
კერავს ცხოვრების პერანგს.
რომ არ იაროს სიცივეში
გულმოღეღილმა,
სიკვდილი უკრავს
ცხოვრებას თვალსა და ღილსაც.

 

4.

დაახლოებით ერთი წელიც და
მისამოცებული
ალბათ გავცდები ცხრამეტ ორმოცდას.
მისგან კი გასწორდეს ყოველი,
მაგრამ ცხოვრებაც
ხომ ტოლობების ტოლუმბაშია:
ერთი ლოდინი
უდრის ორ მოცდას;
ერთი „ან" უდრის
ორმოც „დას";
ვიდრე გორაკს
არ დაიტევს,
არ დააკლებს
ორმო ცდას.
ან დაბადება რა იყო,
იყოო, ჩემზე
თქმის გაჯანჯლება
ან ვის ებარა?
მაინც მოსული
დროც ხმაურიან
წვიმის ხანჯლებად
წვერით ჩაეგება
ქვიშის ქარქაშებში.

 

5.

სიბერე არის მოლოდინის გამელოტება.
თუ შეუთხელდა,
თმა თუ გასცვივდა მოულოდნელის,
და დაბრეცილი ჰორიზონტიც,
უახლოვდები,
არ იფანტება კამელოტებად.
ნუ დაიჯერებ დაუჯერებელს,
გაცვდება თვალსა და ხელს შუა.
არ დაგიკავებ,
არ დაგაყვედრი
მიხვედრის ღვინოს.
დაალევინებ გულისყურს,
ნება-სურვილიც დათვრეს და
გრძნობაც ფხიზელი გაგილოთდება.
მე შევუყევი შავ ყავას,
თუთუნის ბოლი ბარბაცებს,
ჭერს სწვდება ორი არიფი ჟირაფი.
ძუ იყოს თუნდა ხვადია,
შორს ძე ვერ წავა.
დრო და სამყარო
აიკაპიწა
და მოლოდინი
თავის თავს ძერწავს.

 

6.

თუ ქარი ქალაქის ქუსლია,
ძვირი შუბლია სიცოცხლე,
სიკვდილი  იაფი კეფა,
წვიმაც ცერებზე დგება გუბესთან.
სიკვდილი არის დარჩენა,
სადაც უზომო
იყავი სფერო.
სიზმარი მოვა
და მტკაველ-მტკაველ
გააგდებს ღამეს.
ისიც წავიდეს,
კუტი არაა,
ქალაქის ღამემ
იყავისფეროს.
ვინმემ დატოვა ერთი ლექსი და
მე ავირჩიე ხუთი ერესი.

 

7.

მღვრიე  კი, თუმცა
არ ხარ უფსკრული.
ხრჩოლავ ხო, მაინც
არ გაგიყოლებს,
კვამლს რად უნდიხარ ხარაჩოდ.
უთავბოლოა ამბავი,
აწმყოს ვერ დაინახავ,
აწმყოს ყური დაუგდე,
წარსულისა და მომავლის
ორი პეშვია, ფუყეს რომ უყეფს.
რომ არ ჩქარობ, რას უცდი?
მაინც უნდა მოგიხელთოს
მყარმა ფსკერმა ან მაგარმა
ჭერმა, ფსკერის ანაგრამამ.

 

8.

ადამიანო, იდიოტი ხარ.
მოვა დრო, წყალი წაგიღებს
ორი სამყაროს ტიხარს.
თვალი გადაავლე წარსულს წყალივით,
იქნებ გასცილდეს ქედმაღალი ზღაპრის ტალახი 
გამონაგონი ზედ რა არ იდო 
ფლიდად გაწვრთნილი ვეღარ აარიდო
მზერა საზარელი
გზის ზიგზაგებთან
ზანგების ზოგჯერ ზანტობას.
თუმცა ბანაკი დროებითია,
ჩვენი გრუზა წინაპრების
კი კანიბალი კალიებივით
ერთმანეთზე მადიანად მონადირე
ტომმა ტომს
სისასტიკით გაპოხილი
დედამიწის გარშემო
ყველგან მისდია,
სადაც ხელი მიუწვდებოდა
და სადაც ფეხი მოიკიდებოდა,
და არასოდეს ხელი აღარ აიღო,
და აღარც ფეხი არ ამოიკვეთა.
ლაჯებზე დარჩა ლაღი ჩუქურთმა.

 

9.

სად გაგონილა
ანძა ან ძაგებით
გარანდული,
ნიჩბის გამოთლა ან ქებით?
სიკვდილის ლამბაქზე
სულ არ მოჩანან,
ვინც გამჭვირვალე არიან,
სამაგიეროდ
თვალში გეჩრებიან ტლანქები.
სხვა კი ცალკეა
ოდნავ ნერვიულად,
როგორც კბილი ნარვალის.
იწვიმა და
გრგვინვა გუბედ მოდუნდა,
ცამ ჩამოდო თითები.

 

10.

რომ იწონიდეს ას კილოს,
ჩრდილი მომდევს,
ზედ არ დაჰყეფს
ჰასკი ასკილის თვალებით.
არ დაეძებენ ტოლობას
ცის ფონზე გაფანტულები.
ასე მხედავდეს ჩემი ჩრდილი მე
და  ორაზროვან დილემად.
თვითონ სინათლის რაკია მეკობრე,
ვერაფრით გადავარწმუნე,
ვინმე ვგონივარ ფაკირი
და მეასპიტე, მეკობრე.
ყავას ვყიდულობ.
ყავა ავად როგორ გამხდის,
თუმცა იქნებ მიბიძგოს,
როცა მოიცლის, დრო თან ექნება.
თვითონ წევს, ჩვენი ჩრდილები
აუდ-ჩაუდის ქუჩას ნეკნებად.

 

11.

უხალისოვ და სერიოზულო,
მაინც სახლი ხარ, ის, ხის,
და მღვრიე ქვაბში
დღე დროს ხარშავს
მეხსიერების ხარისხის.
ნისლიანი წვიმის გამო,
თუმცა არ ხარ,
ჰგავხარ შავს.
ღამემ პირი მოგიკუპროს,
როგორც მოეპრიანება.
სახლის თავზე ბურუსმა
ერთიანად შელესა
ცა და სერი უზოლოდ.
დრო ყოველთვის არ გადის.
უბრალოდ კი არ ხარ,
არამედ ხარხარებ.

 

12.

მერე რა, მერე რომ
მე უმერეო მომერია,
რა ამერია?
ან უქალაქო რაა მერია?
შეცდომაა თავიდანველი.
ვის რა უხაროდა,
და აქ მოსულ
მოსულერთიო ცხოვრების ველზე
ზოგან თუ ხარო და
ზოგან კი მაინც გრდემლია,
შიგადაშიგ იჭედება გრძნობები
ბნელი ვარსკვლავის ნალებად,
და რომ არ ჩარჩეს,
არ გაიჭედოს,
შემიგროვე, გამატანე,
ავზნიანმა ავზიდო.
მერე რა, მერე რომ
მე უმერეო მომერია.

 

13.

დღე  მჭიდრო, ღამე
მყუდრო ვარგა.
დროვ, არ გადიხარ,
ვინც აგითვალწუნა,
გაბრალებს რას ის?
დაბალი ღობე თუ ჰგონიხარ,
რაკი ხარ სხვა რასის.
პწკარში რამდენი ხარი შემიბამს,
მე გუთნისდედა ვიყო
და ლექსი მყავდეს ბუსტროფედონი.
მე კი მათ ვეუბნები, ვუხსნი, ჩავძახი
გაქედმაღლებულ ამ უბადრუკებს,
გზა არ იციან,
დახედონ ცხოვრების
უბედურ რუკებს:
დრო თურმე საბაგიროა,
ახალ-ახალი ვაგონი ჩვენ ვართ ყველაო.
თითო ვაგონი ერთხელ ადის და
მორჩა, მეორედ აღარ.
დაღარულია ასე ბაგირით
გზა კოსმოსური,
და მხოლოდ ადის ყველა ვაგონი,
უკან არც ერთი აღარ ეშვება.
იქ გამოფხიზლდა სამყარო,
როგორც რომ თითზე იკბინა.
იქ ბინავდება თითო ვაგონი,
უკან არც ერთი აღარ ეშვება.
მე წყვდიადისკენ მიმავალი
ბევრი მინახავს,
უკან არავინ ბრუნდება.
ამიტომ თუა, რომ წარსულიდან
მომავლისაკენ, არა პირიქით,
რომ ხდება ჩვენთვის თვალსაჩინო
ყველა ცვლილება.
დრო ასე ცალმხრივ საბაგიროა.
განა უფასო, ფასიანია.
ჩვენს თავს ვაბარებთ თვითონ ვაგონად.
და რასაც ვიღებთ სამაგიეროდ,
სხვა კი არაფერი,
სიცოცხლე არის აბა, გირაო.

 

14.

დრო, რა თქმა უნდა,
მტკივნეულია.
სივრცე კი  გამაყუჩებელი.
ჯერ უმეტესად
გამოქვაბულები,
მერე კი უფრო შენობები, ნაგებობები
სივრცის აბებია,
რომლებსაც, რა თქმა უნდა,
ვერ დალევ,
სამაგიეროდ იქით
დაელევინები
და ასე მაინც ისე შეერწყმები,
როგორც რომ თვითონ დაგილევია.
რაც მთავარია,
ერთმანეთით გაიჟღინთებით,
სხვა დანარჩენი ტექნიკის ამბავია.
მორჩენით, რა თქმა უნდა,
არ მოგარჩენს, მაგრამ
სივრცე გაგიყუჩებს დროს.
დროს, ეტყობა, გადავეჩვიე,
წამალს, ეტყობა, მივეჩვიე,
სახლიდან რომ იშვიათად გავდივარ,
ამაზეც მეტყობა?

 

15.

(ერთი და იმავე ხელის
ცერი და შუათითი
ერთმანეთს მიადე,
თითქოს რამე გეჭიროს,
კარგად მიადე, ძალიანაც კი ნუ დააჭერ.
ახლა დააკვირდი, რას გრძნობ, როგორ გრძნობ?
ცალკე ცერით და ცალკე შუათითით ორ დაჭერას გრძნობ,
თუ საერთოა ორივეს
შეგრძნება, რომელიც
მათ ბალიშებს შორის გაჩნდა და იქაა მოთავსებული,
იქ იმყოფება, როგორც პაპიროსის ქაღალდი,
თუმცა მკვრივი, მაგრამ უთხელესი?
დააცილე ერთმანეთს თითები და შეამოწმე,
არაფერია მათ შორის.
ისევ მიადე თითები ერთმანეთს და ყურადღებაც მიაქციე.
საერთო თურმე ერთს ნიშნავს, არა?
ნიშნავს ერთს, რომელიც თითქმის არ არსებობს,
და თუმცა ადვილად ითქმის,
როგორი სიტყვაა
ეს „თითქმის", არა?
ზოგჯერ სხვაგან
და სხვანაირად ყოფნას
უნდა ნიშნავდეს
არყოფნა, არა?
როცა, როგორც ერთი ხელის ორი თითი,
ეგ შენი სხეული და მისი გონება ერთმანეთს ხვდებიან,
მათი შეხვედრა, ცნობად წოდებული,
არ არსებობს, ოღონდ თითქმის.
ახლა კი გაატკაცუნე თითები,
და თუ პირველივე ცდაზე არ გამოგივა,
წაივარჯიშე და მალე ისწავლი.
კაჟი კაჟზე გაკრული
გამოკვესს ნაპერწკალს,
აბედს აუვა ბოლი,
სულის შებერვით გააღვივე,
ბნელი ვარსკვლავისკენ გაგზავნე ალი.)

 

16.

რადგან ომში ვარ,
ესე იგი, მომშივდა.
როცა მიდგება
საქმე, მეტყველი, საქმეზე,
მტერი კერძია
და ენაბლუა სამშობლოობა.
ომი ხომ ნადირობაა,
ჯერ მონადირის თვითონ და
მერე ნადირზე.
ომი მშვიდობის მარინადია,
და მოკლულებიც მდუღარე ქვაბში
თავის ფეხით და ცოტა ბარბაცით,
თითქოს შეიხსნეს ქამარი, ადიან.
ომის წინ დასათვლელია,
შემდეგ ომამდე,
მარაგიანად, თუ რამდენ ცოცხალს
გამოკვებს გვამი რამდენი,
რადგან დახოცეს ნიშნავს,
დაჭრეს, დახორცეს
მათ, ვინც გადარჩა,
და „რ" ჩაასეს ჩანგლად.

 

17.

მათ მოიტანეს იერიში,
იერი შიშის.
ავოე, გონებავ,
ჟანგია დეჟავუ
და მხოლოდ ზოგან
დასვი სასვენ ნიშნებად.
თუ დაბადება იყო წერტილი,
სიკვდილია ორწერტილი.
შეხვედრის დროს გაიცნობ
შეხვედრის დროს,
რომელსაც აქვს სხვა ისარი,
მომართავს მკლავი იახსარის
და სიკვდილია ჟინიანი
დევი დეჟავუ.
და თავს ვეუბნები,
შენ ხარ აშკარა კაშხალი,
უხილავ არყოფნას
დროებით აგუბებ,
ვიდრე წაგლეკავს გვარის
შესაბამისად დამისა.
სიცოცხლე არის აჯამების განცალკევება,
სიკვდილი ნამდვილი ლექსია,
არის შეკრება შეჯამების გარეშე.

 

18.

არც პირდაპირი მნიშვნელობა ვარ,
არც მეტაფორულ-გადატანითი,
მე თვითონ გადატანა ვარ.
გარკვეულია ცხოვრება
და გადატანის მნიშვნელობისთვის
ვერ მოიძებნა დრო საადგილე
და არც ადგილი სადროვე.
აქ თუ ადრე ვარ, იქ ვგვიანდები,
და ან პირიქით.
დრო შეიბოჭა სივრცით
და ვინც წასულა,
შორსაც წასულა,
მართლა შორს კი არ წასულა,
კავკასიიდან მოჩანს ანდები.
ესე ამბავი ჩემიც მითია
და ჩაცმითია.
ამყოლიც მოდის
შორიდან მოდის.
თვითონ თხზავს და
როგორმე რომ ჩარჩეს,
სურათია, რას ერჩი,
თუ ხავსივით
ეჭიდება ჩარჩოს.

 

19.

როგორც მსუნაგმა
ძაღლმა დაგსუნა,
ხელზე მოგეცხო,
მსუბუქია ბლანტი ტაოტი.
დღემ სიზმრებით დალაქული
ტილო გადმოგიგდო,
დაბანამდე გაიწმინდეო.
ცალი ცილინდრი
და დგუში გუშინ უშინდებოდა
თუ დაღამებას,
კი არ დაღამდა,
დღემ ჩამოდო იდაყვი
და ფარების
თითბრისფერი სინათლით
გალაქულმა ფრჩხილებმა
ქუჩებს გადაურბინა.
დრო  მდინარე,
ქალაქი
დაბნეული ტივია,
მეტივეა ურბანული მოტივი.
დღის და ღამის სახსარი
მე ვიქნები,
მეტი ვინ?

 

20.

არა რადგან ადგანან
გზას, ამიტომ მიდიან.
გზა სიარულს ტანზე ეცვას,
ვერ აუხვალ კეცვას.
მოწესრიგება არის მომავლის მომარაგება.
ვითომ წარსული არ მეყოფოდა,
ესეც მეორე ბარგია.
წაგებული უფრო რჩება,
ყოველთვის ბრგე არ იგებს,
წვეთს წვიმაში ვერ იპოვის,
ყაიმს წამლად ვერ იშოვის,
მიაკითხოს ბარიგებს.
ანგარიშს აღარ დაეძებს,
ფრეს კი
სულ ვერ ამჩნევს პოეტი,
უაზროა ყველაფერი 
ასე ფიქრობს 
ვარ წვიმის ჩამოსარეცხი
ერთი მკრთალი ფრაგმენტი
ამ უნიჭო ფრესკაზე,
როგორც ამუნიცია.
მიღირს, როცა
კისერია ფასი რისკის.

 

21.

ხელითაც რომ გაასწორე,
ხალხი დაჭმუჭნულია.
ხალხი ადამიანებს,
როგორც წყვეტილ
შტრიხებს, იხებს.
რა ფანქარმა ან ქარმა
მოგიტანა, დაგხატაო 
შლეგი გშლის,
მაგრამ ისე,
არა ზოგჯერ, არამედ
მჭადში  კეცი,
პურში თვითონ თონე
რომ ცხვებოდეს
დღენიადაგ.
მაგრამ არც კი რცხვენია,
ვინც დროს რამეს აბრალებს,
დრო ხომ მისი ბრალია.
თუ არ მოსწონს,
შეწყვიტოს.

 

22.

ზალპურ ზონაში ვცხოვრობ
და ბარში დადის ფატალური
ჩემი ფიტული.
მე უკანობის კანონებს ვიცავ,
ზალპური ზონით იზომება
გახაზული ჩემზე საზღვარი.
და ეგვიპტელის არ იყოს:
ეზო იყოს და,
მეზობელი მოიძებნება!
ზოლიან კაბას ჩავაცვამ,
ერქვას ზოია ან ზულეიკა.
დავუდებ მე ზავს
ბარში გაცნობილ მეძავს.

 

23.

მე ვარ ქალაქის ქირომანტი,
მეექვსე სართულის სიმაღლიდან
გადავიხედე ბედის ქუჩაში.
მაღაზიებად დაქსაქსულია უარები.
ერთი მათგანი განზრახ მაბრაზებს,
დაუწერია პირდაპირ აბრაზე
(ცხადია, ცხოვრების)
„აქსესუარები".
კარზე მომდგარი რადგან ივნისია,
წვიმები მოვა,
როგორც ნებართვა,
რომ ჩამოცვივდეს ციდან ბირთვები.
და კი არაა გადმოხრილი
მზე ჰორიზონტზე,
ბორტიდან კია კიაფობს.
მისი რა მიდის,
დროს მოიკიდებს ქალაქი,
როგორც იაფ ობს.
თუკი ოთხია პირი პირამიდის,
ჯერჯერობით შენც ოთახში ხარ.
უახლოესი რადგან ივნისია,
ქუჩა ზემოდან ჰგავს განივ ნისიას,
და მეც ერთ-ერთი დროებითი
ვარ ვარაუდი.
შენ შეელიე,
არც ის დაგიჭერს,
სულერთია,
მდევარი ამდენი ვარაუდის
ერთი უბრალო ქალაქია
და მაინც ყველას ვერ აუდის.

 

24.

*

ვარ, ესე იგი, ვარ ვარაუდი.
ასე-ამდაგვარ გვარაუდობს
მოვარაუდე ნავარაუდებს,
და უდავოა, უვარაუდო,
და არა რამე სავარაუდო:
ვარ, ვინაიდან ვარ ვარაუდი.

**

ვინც იმარაგებს,
არ აგებს.
სათადარიგო ვარ ვარაუდი,
არა უდიდეს.
პოეტის რითმა,
ჩემი კაფია,
თავიდანვე სიგრძნისაა
ერთი დარგი,
ბოლოს  ეპიტაფია.
დრო კი გაცილებს,
გემშვიდობება
ხელის ხავსებით ავსებით.

 

25.

სიკვდილი არის დიდი გაიძვერა.
მოკვდე კი ნიშნავს,
რომ გაიაფდე,
აფდეითი ისე გეძვირა.
სიკვდილშიც არის რაღაც კაიფი
და ურევია ეიფორია,
ფორიაქს როცა 
ოცამდე დათვლაც მოესწრება
და  გადაურჩები.
ურჩები გვერქვას,
რაც უნდათ, ის თქვან.
უნდათ თუ არა,
ყველა ნათქვამში მოთქმის წვეთია.
დრო სიჩუმეში ჟონავს,
როგორც პერანგში სისხლი.
სადაც კი სივრცეში დრომ გამოჟონა,
ყველგან ცოცხალი არსება გაჩნდა,
ამიტომ თუა ყველა დროებითი.
ამას უნებლიეთ ალბათ გულისხმობდა
ქალაქი თბილისი,
როცა სასაფლაოს ძირში აიშენა,
ფერდობზე, დიდი
ველოდრომი.

 

26.

ეტყობა, ისე მკვეთრად შევჩერდი
და ბუნებისთვის მოულოდნელად,
რომ ჩემმა ჩრდილმა თავი ვერ შეიკავა
და გაიწელა და კინაღამ ღილივითაც ამწყდა.
თუმცა ასეც რომ მომხდარიყო, მერე რა?
არც მე მომაკლდებოდა რამე და
არც ვინმეს შეემატებოდა.
ერთი ლექსით მეტი
იქნება თუ ნაკლები,
ერთი ადამიანით მეტი
იქნება თუ ნაკლები,
ერთი დღით მეტი
იქნება თუ ნაკლები,
რა იცვლება, ჯამში ნულია.
ქარმა ხელმკლავით წვიმა მოიყვანა,
ვერ მომწვდებიან, რადგან ლოჯი შემინულია.

 

27.

შეკრებასა და გაფანტვას შორის,
რადგან ცოცხალი
ვარ,
მიმოვიქცევი.
სცილა ცილასავით
თუ აითქვიფა
და დასახარჯი არაფერი დარჩა,
ხოლო ხარბი ქარიბდა
ისე გაღარიბდა,
რომ ცარიელი ჯამის ჯამიდან
გადაუვარდა კოვზი ნაცარში,
უაზრობისგან დამზრალი
ცხოვრების ხილიც მეუგემურა,
გემურად გემმა ვერ გაილაღა
და კოლხეთიდან ბორნეომდე
ვეღარ იბორნა,
ჟანგის პორტებში თუ გაიჭედა
მაქო, რომელმაც ამდენ ხანს მაქო,
მე რას ველოდო,
ლექსებიც მავნებელია.
კავკასიელი, ეს უბადრუკი,
რუკის ნაოჭში ორჭოფობს.
სხვას თუ ვერ მისწვდა,
თავის თავს ემლიქვნელება
და ისტორია ტუალეტი ჰგონია.
შერეულია შორეული
სივრცესა და დროში,
არც უახლოესი
ჩამოუვარდება.
აქაური ვარ,
სივრცესთან მე რას გავხდები,
სამაგიეროდ,
რომელიც მოკალული მაქვს,
დავლევ გაუზავებელ დროს კი პირით,
მე ავთანდილი ვიქნები,
შენ კი – როსკიპი.