1.

სამყარო კანის ფესტივალია,
გონების კანის და არა კინო.
ცოტა ყოფილა, ეს თუ ვალია,
რომელსაც გადებს ყოფნა სამყოფი.
განა ვალია, უმეცრება უებარი სასთუმალია:
არდაჯერება, არდანახვა, არდაფიქრება.

 

2.

ანარეკლების ეკლების
აქ მოსარეკად,
როგორც ადრე,
მოაპრიალებ,
მეხსიერების პარკეტს მოუსვამ
მივიწყების სასტიკ მასტიკას.
ესეც საქმეა,
გაუმკლავდები,
ფეხს გამოადგამ,
მაჯით მოიწმენდ
აქეთ-იქით ოფლიან შუბლებს
და მოიპოვებ,
რომ დავიწყებულ იქნე
დაუყოვნებლად,
ამის უფლებას.
წარსულ-მომავლის წყვილ ყავარჯენს
ფრთებად ან ფარფლებად გაშლი.
უმალ უმალავ,
როგორც ზურგსუკან საჩუქარს,
ვიდრე უმხელ
თავს, აწყვეტილი
როგორ გაქრები.

 

3.

უანგარო გარდერობის გარდა
ქუჩაც ეგეთია,
დაპერანგ-დახალათებული.
ხალვათ კალთებზე
ხალხი დაუდის წვრილმან ღილებად,
მკერდზე გადასდის ნიავი.
ქრის მანქანებად ჩამოქნილი ფიქრების ქარი,
გრძნობის ძუაზე აცმულია აზრების მძივი.
ხან ხარ ახლა,
ხან  ახლახან,
და თავს ეწევი
და სიგარეტსაც.
გარეტიანებს გარეთ რითმები,
თუ შინ ურითმობა ითმობა.

 

4.

კარგად ნაცნობ საგან-ნივთებს
და უცნაურნაირსაც
თუმცა ედოს,
მერვე ფერად ერიოს,
დაპირების ფერი,
ის პირველი იცვლის იერს
და, ვითომც
აქ არაფერი,
თვალსა და ხელს შუა ქრება.
ვითომ ღრუბლის ჩრდილი იყოს,
გაჰყვეს, გადაიკარგოს,
რომ მზესავით მიადგეს,
სადმე ჩვენი თუა კრება.

 

5.

ირიბი შუქი მუქია,
დამწიფებული წვება.
ჩრდილი კი შუქის წვენია,
ფეხით ამოდის ჭერამდე.
დაღვინებას ვინ დააცლის,
ოღონდ დუღდეს,
მაგიტომაც ჰქვია ღვინო.
მაინც ათრობს,
ათრობს დაწაფებულებს,
როგორც ამბის ყლუპებად
დასალევი ქარგა და
დალეული ფაბულა:
ვინ და საიდან,
როდის და რატომ,
სად და როგორ.
ან რა შენი ბრალია,
თუ ხანდახან შენებურად
ჩაურთავდი რამეს.
სიმთვრალემ თუ გათქმევინა,
ნათქვამია ეგ რა ნებით.
მიწექი და დაიძინე,
ვიდრე ღამეს
გინათებენ უცნაური ეკრანები.

 

6.

ხარ ერთი ცალი
და ცილასავით გათქვეფილი
ერთცალობაში,
რომელშიც არავინ არ გეცილება.
მოუთმენლობას თავი წააცელე,
სტუმრად მოსული
კარსგარეთლის,
როგორც წესია,
ისევ კარსგარეთ გაცილება
და მასპინძლობა
თავს აცალე
ყველა დროის
დაუნანებლად გადაცილებით.
წითელ ჭიქასაც იყიდდი,
სხვად დაბრუნდები
აუცილებლად.

 

7.

ეგრეთ წოდებულ
სოციალურად ატროფირებულს
ადრე ჭიქა და ფიალა
არ აგიცდენია.
პირიქით კი ხდება,
ხარ რასაც დაწაფებული,
გაღმა ათრობ ღირებულს.
სული ვინ შეუბეროს,
ანდა ვინ გაამშრალოს,
მაგნიტივით იზიდავ,
დაბლა მოდის ნალექი და ნაქლიბი,
წვიმად ცვივა წუთების
და წამების
და არ ხდება ნაკლები.

 

8.

და აწმყო ერთი უსწორმასწორო,
მორჩებიანი ტოტია.
აწმყოს რომ მოწყდე,
ცოტა ჩამორჩე და აღარ დაეწიო,
ანუ რომ გაქრე აწმყოდან,
მეტი არაფერი არ უნდა სიკვდილს,
ხარბი არაა და სულ ცოტა ჰყოფნის,
აწმყოა ტოტი,
რომელმაც მოგისხა ხილად,
რომელსაც ვასხივართ ხილად.
მაგრამ ასეთ ხილს არ იზიდავს
არც ერთი მიწა,
რადგან აწმყოდან გაქრობა
ის გაქრობაა,
რომელიც არ ნიშნავს
სადმე სხვაგან თავის ამოყოფას,
და აქ თუ არა,
იქ მაინც ყოფნას;
არ ნიშნავს, რომ სადმე სხვაგან
მწიფე ხილივით მოადენ ზღართანს
და გაიშხლართები.
სიცოცხლეზე არ ვრცელდება
მუდმივობის პრინციპი,
სიცოცხლე თავის ამოყოფნაა აწმყოში,
ამოყოფნა, ამოყოფნა, ამოყოფნა.
შენ და შენი აწმყო
ერთმანეთისთვის
ამოიწურებით
და დამთავრდება.
ერთ მორჩებიან ტოტს მოწყდები,
ჩამორჩები და
მორჩა.

 

9.

სად წავიდე ასე ჯანჯართი,
ტვინით ნაღრძობით
და მოგრეხილით,
როგორც ჯანჯაფილის ფესვი.
ვერ დაეწევა
წარსულს მსჯელობა
და ვერც ჯანჯალი ფილოსოფია.
ან სად წავიდეს, რისთვის წავიდეს
ყველგან ურჯულო და სულაჯამი.
თუ გაიხსენებ,
გელოდებოდნენ,
ოდისევსივით
რომ აუშალე მათ საღერღელი
და გააწბილე სირენები და იქ რიფები.
აქაურობას ხელმეორედ
რა გადააქცევს იქაურობად,
მოდი და ენად ნუ გაიკრიფები.

 

10.

მეფე არტურის ხმალი თუ იყო 
ხმალი მახვილი  ექსკალიბური,
ჩემი ლექსიც ბასრია,
მჭრელი ხანჯალი  ლექსკალიბური.
კი არ გაშინებ, ის
ჯერ უწყინარი იცდის, მას
ხელთათმანივით მჭიდროდ აცვია
ჭრელი ქარქაში ნების.
სამაგიეროდ სამართლიანად
არ მენდობა
მეწვრილმანე არმაგედონი,
თვითონ აღარ ღირსი,
სხვა გამოსავალს რადგან არ ტოვებს 
ეს მეზიზღება, ის მეჯავრება 
შემორჩენილი ორი პარტია.

 

11.

ეს იშვიათი მკითხაობა გაგიკვირდება,
უხვად სიმთვრალე ამომივიდა ღვინის ჭიქაში,
გაუკრეჭავი, როგორც ნაპირის ჭაობს  ლელქაში,
გულიც გავხსენი, ფსკერი წამოდგა შუშის კვირტებად.

 

12.

ხმას ექოდ დაიტაცებენ,
არ დატოვებენ, დაგლეჯენ მთები,
ამბის თუ გასკდა თოფი.
თუ დაუჯდა ალჩუზე,
დაიბრუნა დავსებულმა
თვალმა ჩინი,
გამოიხედავს ჭროღა დესკტოპი,
რომელზეც ათი სხარტი
მონადირე მისდევს
გავეშებულ კლავიშებს.
ხურო, ხარატი, დურგალი
დასტრიალებენ ხის ცხედარს,
რომ დაამთავრონ
შუა გზაზე მიტოვებული
ქანდაკება უზარმაზარ ზღვასთან.
მათგან შორს, თავის ქუჩაზე
ჩამოჯდა ნელთბილი ქალაქი.
ალბათ აღმართის
სული მოითქვა.
ამ ქალაქს ღალატის ხალათი
უკვე იმდენი ხანი აცვია,
რომ შემოადნა მოედნებზე,
მუხლებ-მაჯებსა და იდაყვებზე.
მაინც არ იცვლის,
ვერ შელევია.
რომ შეელიოს,
ეგ რომელი მეამბოხე
ან პარიზელი, პრაღელი, ვარშაველია.

 

13.

დაზოგე დაზგა ზეგამდე.
ღრმად ჩაისუნთქავს მომავალს,
ამოისუნთქავს წარსულს.
ხშირ-ხშირად აუდ-ჩაუდის,
ადგილი სივრცის მკერდია,
მჭიდროდ ნაქსოვი, როგორც მაუდის.

 

14.

ვიტა ბრევის, არს თუ ლონგა.
გული გეთანაღრება
და პირდაპირ მითხარი,
რას მედერვიშები.
თითქმის მზადაა კარსტული ორმო,
მაინც ელოდება,
რამე რომ გართულდეს,
თქეშსა და ქარს თურმე,
ვთქვათ, შეგამჩნია
უნებლიე ფეხის ათრევა,
რომ შეგაშველოს ხელი და გკრას.

 

15.

ღილებიანი იღბლის ღრუბელი
როგორც ლამაზი ქალი კუბელი
გულს მოიღეღავს
და მივადგები ჩუმად ყავადანს
მერე კი სიკვდილს გემოს ჩავატან

 

16.

ხის ქანდაკებას თვალი გამოთლის,
დანა  დანარჩენს.
ფეხის ხმა ისმის ამ ბოთლის,
შეიხსნა, მხარზე გადაიგდო
ღვინის ქამარი
და შუშის ბალთა
ხელში გივარდება,
როგორც ცეცხლი ბენგალური 
ღამის წიწვებს,
ან ბელი  გალიას.
არა ლოდივით დაყუდებულს,
ყრუს კი მუყაოს ყუთივით,
არამედ, არამი
შენზე რომ არ იყოს,
გალოდინებ დინებით.
თრობის ბურთით ერთობი,
მეც თავს მოვიყრი ამასობაში,
მერე კი ერთბაშად  აი, ინებეთ!

 

17.

მოდი, მომეხმარე,
იქნებ განვასხვავოთ
მომხდარ-მომხდური,
ვითომ მუზა იყო
ზანტი მუსაიფის
და მოზამბიკა
არ იყოს აფრიკა,
მე კი მმასპინძლობდეს
სიზმარი დუმუზის.
სიცოცხლის შეწყვეტას
სიკვდილი ჰქვია
და მეტი არაფერს,
აღნიშნულს რამეთი,
თუ სათვალავში არ ჩააგდებ
საფლავებს ქვიანს
წარწერით:
ესეც იგივეა,
შუქმა რომ შექებით
მიმართოს ჩრდილს,
უთავისობას  თავმა,
ყოველთვის უკვეა გვიან.

 

18.

მოდი, მადროვე
ანუ მე
მაცალე დროდ ყოფნა,
სხვა მაინც არაფერი
გამოვა ჩემგან.
ნებისმიერ ორთა შორის ერთ-ერთი
უნდა ჩამორჩებოდეს
და მეორე სათანადოდ
უნდა უსწრებდეს,
რათა ერთმანეთს თვალი მოჰკრან,
თვალი შეავლონ,
თვალწინ დაუდგნენ,
დაენახვონ და ეჩვენონ
და იარსებონ, იყვნენ
ერთმანეთისთვის.
ერთმანეთის ერთდროულობა
ერთმანეთისთვის
არარსებობას ნიშნავს.
ერთდროულობა აქრობს
თვალსაწიერიდან,
აჩუმებს ყოფნის ყეფას
და ჩასაქრობად ჰყოფნის,
კლავს არსებობის ალს,
და უბრალო სიკვდილი
ერთდროულობის ალი-კვალია.
გამოგვაცხადონ თუნდაც გიჟებად,
მოდი, გავერთოთ,
გავერთდროულდეთ
მთელი სამყაროს უთვალავ ფერთან
და ერთდოულად ყველას ვეწვიოთ.
და სიკვდილია დაჟინებული დაპატიჟება.

 

19.

თუ რამდენჯერ
გაუყადრე ადრე თავი,
არ გახსოვს,
და თუმცა ზოგჯერ
მოპაექრეებს აეკრობი,
მაინც მეტი ხარ,
ტიხარი, მათზე,
ხელს არ გაისვრი;
და მოუსვენარ წყალთან
ზოგჯერ უმიზეზოდ
ნაკლები დაბან
დაბანაკებულ ხელებს.
ორ გზაზე ბარბაცებ
ორგზის განდეგილად.
ამ გზებზე ჩამოწვა
ნისლი და ბურუსი,
ეტყობა, დალიეს
გრაპა და ტეკილა.

 

20.

ერთობ რთულია,
წარმოიდგინო წარმომდგენი
წარმოდგენების.
წერამ წამიღო,
წასაკითხადაც ასე ძნელია.
თავს მიანებებ? როგორც გენებოს!
მეც გადავუხვევ,
გზები სიტყვებით მოკირწყლულია,
მადლი ჩემსავით უფულო უფალს,
მიზანდასახულ თოფს, სამლულიანს.
აი, თუ აქ ხარ,
ესეც შეხვედრა,
დაუთქმელი და უცაბედი,
აღარ დავიბნეთ,
ნუღარ გადავალთ დაუკრეფავში,
იმის შესახებ სიტყვა არ დაძრა,
რომ რელიგია ზეციური არის მუსიკა,
რომელიც დაწერა ღმერთმა
და წმინდანებმა დაუკრეს ფაშვით,
რომელიც მიწაზე დასთრევთ
და იწოდება ტაძრად.
სახსენებლადაც ნუ მიგიზიდავს
საზოგადოება,
რადგან თავისი გასჭირვებია,
რას არ მიედო, ვის არ მოება,
და მაინც დარჩა უსაშველოდ
და უნიჭობის ნაწარმოებად.
მოკლედ რომ გითხრა,
დრო დარჩენილი
გაჩენილ სივრცეს
რომ დაახარჯო, არ ჯობია?
შენ რა გგონია,
მეც მეცინება
მეცნიერების ხსენებაზე,
იგულისხმება.

 

21.

ქორფა საღამოს შეზლონგია
ძველი კორპუსი,
შემინული ორფად,
ქუჩის მხარეს და ეზოსკენ.
ქუჩაც გაშლილი არის ლოგინად,
ვინიცობაა ანცი ნაცნობი
ღამედ მოვიდეს,
ფერადი შუქი ჩამოარიგოს,
შუქი ნათალი სინათლის,
გამოკაფული მკაფიოდ.
ეზო შეირევს საფუარს,
ეგეც ბალიში.
ყველას თავისი აქვს ოდისეა,
გასეირნებას ვინ დაგიშლის,
შენთვის არ სცხელათ,
სამზადისია.

 

22.


იქცხოვრება
თავისებურად დამღლელია,
რადგან მთელი პლანეტა თითქმის სულ გლუვი სფეროა,
მხოლოდ აქა-იქ კოჭებამდე უსწორმასწორო,
ხოლო თავთხელი მდინარეები ჩაედინება
ზღვებში, რომლებიც მუხლებსაც ვერ დაუფარავს 
ხუთი წლის ბავშვს.
იქაური ხეებიც კი მტკავლის სიმაღლეს ძლივს აღწევს,
ცხოველები კი მათ ჩრდილში ძოვენ ხავსივით ბალახს ან ნადირობენ.
არც რომელიმე ფრინველი აფრინდება კენწეროებზე მაღლა.
უცნაურად ფიტავს ის პლანეტა ადამიანს,
ჯერ ღლის და ასავათებს
მერე აგიჟებს განსაკუთრებული სიგიჟით,
რომლის მსგავსს სხვაგან ვერსად შეხვდები.
ასეთია განსაცდელი,
რომელშიც ვარდები
იმ პლანეტაზე,
რადგან იქ ყველგან, სადაც არ უნდა იდგე 
პლანეტა კი უზარმაზარია, ათიათასი დედამიწისხელა 
სადაც არ უნდა წახვიდე,
ყველგან და ყოველთვის დგახარ ჰორიზონტზე,
ზიხარ და წევხარ კიდეც ჰორიზონტზე
და არსად სხვაგან.
რა განსაცდელი არ გვინახავს, რა არ გადაგვიტანია,
რას არ გავუძელით,
ჰორიზონტმა კი დაგვამარცხა,
ამიტომ მივდივართ აქედან,
ვიდრე ორიოდეს მაინც შერჩენია ჩვენშორის
ცოტაოდენი საღი გონება დიდის იგიჟის მიუხედავად.
ყველანი სასწრაფოდ უნდა გავფრინდეთ აქედან,
ვიდრე...
ანდა რატომ ყველანი, წავიდეს ვისაც სურს,
ხომალდის უვნებელი ქობინი რომელიღაც ჰორიზონტზე მორჩილად
ელოდება მგზავრებს.
წავიდნენ, გაასწრონ, გამოსწორდნენ,
მე კი, მე აქ დავრჩები,
ან სად უნდა წავიდე
იმ ქვეყნიერებიდან,
რომლის ჰორიზონტი მხრებზე გადებული დამქონდა ამდენხანს,
როგორ წავიდე იმ ქვეყნიდან, რომლის ჰორიზონტიც მევარ.
და ვინც დავრჩებით,
საქმე ყველას გამოგვიჩნდება,
ჰორიზონტი მრავალია საჭირო,
და რაც მეტი, მით უკეთესი!

 

23.

ნახე, ნახერხი რა მსუბუქია,
სულის ერთი შებერვით ფანტავს
მას შუაგზაზე შეფერხებული
ბირდაბირის
უეცარი კუზი.
მორი მორიდების ნიმუშია
და შორს უჭირავს თავი,
ვითომ ნამისარი არ იყოს ნახერხი,
როგორც მე ვამპარტავნობ,
თითქოს ნაჩემარი არ იყოს
ჩემი ცხოვრება.
რა გეცინება,
შენსას მიხედე, ნაშენარს,
ძაღლიც კი ცნობს ნაშიერს.
და მერე რა, რომ ახასიათებს
იმ ქვეყანაში ერს
ინფანტილური კონფორმიზმი,
ასაკთან ერთად
რომელიც სულაც არ იფანტება
და ერთდროულად აღწევს ორ მიზანს:
უეჭველობას და უდავობას,
როგორც რჩევას და ბრძანებას
ან მოწყალებას,
ავტორიტეტი გასცემს.
თუმცა თვითონ მას ასევე
დაუყოვნებლად გასცემს
ადამიანი მრევლი,
ადამიანი ბრბო,
რომელიც ყველგან ეექოვება,
სადაც კი ენა მას ექავება.
ასე რომ, ყოველ შენს ფრაზას,
უბირობაზე დადებულ რაზას,
წყაროდ ჰყავს იგი, მავანი.
მაგრამ იმ წყაროს
სათავე შენ ხარ
და სხვა არავინ.
ამრიგად, შენ და იგი
ხართ რეალობის
სამთვლიანი ველოსიპედის
ორი პედალი.
ამასობაში
ბირდაბირი თრთის,
მორი კვნესის
და ნახერხი ხარხარებს.

 

24.

როგორც ჩახველება,
სამყაროც ისმის წყვილად.
სამყარო არის წყვილების კონა.
უმარტივესი და განუყოფელ-ატომარული
სამყაროში, გაგეცინება, არის წყვილები.
აი, მაგალითად, წყვილია სივრცე და დრო;
ხოლო სივრცეა კვანძი წყვილების:
ზემოთ და ქვემოთ,
წინ და უკან,
მარცხნივ და მარჯვნივ.
დროც დააბიჯებს წარსულ-მომავლის ოჩოფეხებით.
და რაც არის, თანაც ხდება.
წყვილებად ხდება განუყრელი მიზეზ-შედეგი.
ერთი მეორეს კი არ იწვევს,
როგორც ჰგონიათ,
არამედ დროის წელზე
გადაკიდებულ საპალნეს ორივე ერთად დააქვს.
ამაში თვითონ დარწმუნდებოდი,
აქეთ-იქით რომ შეგეძლოს
ერთდროულად გადახედვა.
მაგრამ რას იზამ, შებოჭილი ხარ.
შებოჭილი ხარ არა გარედან რამე გალავნით,
არამედ თასმა განასკვული ხომ გინახავს.
არავინ გიშლის,
გახსენი და გაალაღე თასმა,
თუ თანახმა ხარ,
რომ თვითონ გაქრე,
რადგან ეგ ნასკვი შენ ხარ,
სხვა არაფერი,
და გაიხსნება, აღარ იქნები.

 

25.

აი, ვარაუდი, არა უდიდეს,
ალბათ ვერ ატყობ,
მაგრამ შენივე სახის
უნებლიე გამომეტყველება
ყალიბია, რომელშიც
გუგუნებს გუნება,
რომელსაც სახელად
ჰქვიხარ შენ,
ჩემსას მე ვქვივარ,
მისას იგი ჰქვია.
დაგროვდა ქვები,
ვითომ საამისო დრო იყოს, როყიო,
დრო  ინსტრუქცია,
რომელმაც სივრცეს
შესანდობრის უბრალო ჭიქა წაუქცია.
თითქოს დრო იყოს
წესი მოხმარების,
სივრცე კი  სუფრა, სამხრად სახმარი.
წყალსაც წაუღია მათი პაექრობა,
სიტკბო და სიმწარე სასას აეკრობა.
და არ გეგონოს,
რომ უკვე მომხდარი
სადმე და ოდესმე ისევ გამეორდა.

 

26.

დიასახლისივით აფუვდება
და თანდათან განზე გავა,
ოთახებზე ხალათივით
შემოისხამს შუშაბანდს,
არ მოაკლებ თუ სიცრუის
ბინას კვებას,
სარბიელად გამოგადგეს,
ლოთობის და რათა სმის.
რაც სიცოცხლედ ინასკვება,
ხელით თუ არ გახსენი,
გაიხსნება თავისით,
როგორც ორი წვერი თასმის.
თანამესუფრე ბუნდოვანია,
სუფრა კი ღიმილით
ითმენს მითს
ათას შენს და ათას მის.

 

27.

და რომ გაგართო,
იქნებ გაგაცინო,
მე მოგიყვები
ეტიმოლოგიურ
ჰალუცინაციას.
სახელდობრ, გეტყვი,
რატომ დაერქვა ქართულად
დროს „დრო“.
ეს მაჯის ერთი აქნევა
და მოკლე სიტყვა „და“,
უწყვეტობას მოიტანს,
მოაჯადოვებს, ფეხქვეშ გაგიგებს
სანდო ბილიკად.
ხოლო ქალი მელოგინე
არის „რომ“,
რომელიც ტკივილით და სიხარულით
აივსებს თვალების უპეებს,
გააჩენს ტყუპებს 
მიზეზს და მიზანს,
რომლებსაც, რადგან
თავის ღვიძლ შვილებს,
შთამომავლობას,
გვარს მისცემს აზრი
და აღარ დაიღუპება.
ასე იკვრება
ეს ორსიტყვედი „და რომ“,
რომელსაც ცოტა,
აქეთ-იქით თითო კიდურით,
თუ შეამოკლებ,
ვითომ ერთმანეთს გადაეხვივნენ,
გამოვა „დრო“ და მიიღებ იმას,
რასაც ვერაგი იჭერს
ციფერბლატების აბლაბუდა,
და უხმაუროდ ნთქავს
ობობა-სივრცე.

 

28.

ვინ, თუ არა შენ,
შეაწყვეტინოს
უშეცდომო ყოფნას თარეში.
ვინ გააღვივებს ადრე დანაცრულს,
და ვინ მიუშვებს ამოდებულ უხვად აღვირებს,
მარჯვედ ნასროლი ქვით ვინ ჩატეხავს
თვალებში ჩასმულ
და მოშუშებულ შიშს
და სიმყუდროვეს ააყვირებს.
ამასობაში ქვამ კი ვერ იპოვა,
ვერ გაარჩია ლურჯი ლარნაკები,
რადგან სიკვდილამდე გადარჩება,
თუმცა მრავალი აქ მიდი-მოდის,
მხოლოდ ბაღი არნაქები.
ჩრდილი მიადგეს,
მზე გადავიდეს
და შუაზე თუ არ გაყოს,
ნახე, ბექობი.

 

29.

თავში იწვნება, ბოლოს იწვნევა.
კაცებს გვიანდერძეს თერძებმა
ლეგენდების პალტო,
რომლის მხრებს და კალთებს
წვიმა მუქთად ალტობს.
მკერდზე და თეძოზე
ქალებს მკერავებმა
მითები მოარგეს კაბად.
ცა და მიწა დაბლანდულია
მხოლოდ დროებით
და ქალაქის ჰორიზონტიც
ჰგავდეს კბოდეს,
და სინაზით სავსე
ამოდენა ბიდონებად იბნიდება
სახლების ქალაქი,
და გონების კანის მტრები 
ადამიანები 
ყანყალებენ და ძგერენ,
თითქოს ჩამოიარეს მათ კი არა,
არამედ  თვალისთვის მძიმე და
ხელისთვის მსუბუქმა,
მატყუარა კანისტრებმა.
თვალი აქვს ყურს ორი,
პოეტი ქუჩაზე გადადის,
როგორც არაფრის კურსორი.
მეტი რა გითხრა,
ჩრდილებიც გარბიან,
როგორც მელნის კალმისტრები.

 

30.

აბა, თუ მალე მოვიდეს შაბათი!
უკვე შაბათია,
მომდევნო მოვა დღეის სწორს,
კაცმა არ იცის, რამდენად მალე.
რა გეჩქარება, შენ დაიმალე,
თვითონ გიპოვოს,
როგორც თამაშის წესია.
მოვა და ჩაგითრევს,
დრო მორევია
და შენც იქნები
კაცი, რომელსაც
დრო მორევია
დარაზმული მარაოებით.
როგორც თავს ირწმუნებს
ვინმე მორწმუნე
ამ ჭირვეული სიტყვა აბათი,
რადგან ცხოვრება მივაშაბათე,
გავა და ზოგჯერ მოვა შაბათი.