პირველი კანონი:

შეყვარებულობა წინ უსწრებს შეყვარებულს.

შეყვარებულობა იწყება შეყვარებულის გაცნობამდე. შეყვარებულის გაცნობა შესაძლებელია მხოლოდ შეყვარებულობისას, რომელიც შესაძლებელს ხდის, რომ შეყვარებულობა შეყვარებულად განსხეულდეს. შეყვარებული, როგორც შეყვარებულობის ობიექტი, შეყვარებულობაშივეა მოცემული ყველა მისი სიმპტომით. შეყვარებული ჩნდება, როგორც ამ სიმპტომების თანხვედრა კონკრეტულ სხეულში.

მეორე კანონი:

შეყვარებული წინ უსწრებს შეყვარებულობას.

სიმპტომები, რომლებისგანაც შეყვარებულობის განცდა წარმოიქმნება,  შემადგენელი ნაწილებია იმ ფსიქიკური სხეულის, რომლის ანალოგიითაც შეყვარებულობა შეყვარებულად კონვერტირდება. შეყვარებული ამ არამატერიალური სხეულის ავატარია, რომელიც ვერასდროს ვერ იქნება მასთან იდენტური. შეყვარებული ყოველთვის ჰგავს ამ შინაგან, არამატერიალურ და მხოლოდ სიმპტომებისგან შემდგარ სხეულს, მაგრამ არასდროს ის არ არის.  სხეული, რომელიც მხოლოდ სიმპტომებად არსებობს და შეყვარებულის ავატარით ხილვადდება, ყველა შეყვარებულის პირველსახეცაა და ერთადერთი verum corpus, რომელიც შეყვარებულობას წინ უსწრებს. შეყვარებულობა ამ უხილავი სხეულის ერუპციებია, როდესაც გააქტიურებული სიმპტომები გარეთ გადმოიფრქვევა და შესაბამის ავატარს ეძებს.

მესამე კანონი:

არ არსებობს არშემდგარი სიყვარული.

შეყვარებულობის მიზანი არ არის შეყვარებული, არამედ ის მდგომარეობა, რომელიც შეყვარებულობით მიიღწევა. სიყვარული უკვე შემდგარია, როცა შეყვარებულობის ზემოქმედება იწყება. შეყვარებულობა დროს ანელებს და შეყვარებულ ადამიანს, დროის ჩვეული დინებიდან ამოვარდნით, მარადიული აწმყოს განცდა ეუფლება. დრო იწელება და არ მთავრდება. ჩვეული ნორმები და განრიგები ძალას კარგავს. მუდმივად მზარდი აღმაფრენის ფონზე, პათოსი ხდება ფიქრებისა და ქმედებების განმსაზღვრელი. შეყვარებულობა ამოვარდნაა ცხოვრებისეული მექანიკიდან, როდესაც ცხოვრება კანონზომიერი მდინარების ფორმას კარგავს და სტიქიური ენერგიების პირისპირ რჩება. თუ ცხოვრებისეული მექანიკა სასიცოცხლო ძალების სტაბილურობისა და ბალანსისკენაა მიმართული, მისგან ამოვარდნა სიცოცხლის ისეთ გამძაფრებულ შეგრძნებას იწვევს, როგორიც ცხოვრების მექანიკაში ადამიანური შესაძლებლობების ფარგლებს მიღმაა. მაგრამ მხოლოდ ასეთ უმართავ და არაწინასწარმეტყველებად მდგომარეობაშია ხელმისაწვდომი ის მატერია, რომელიც ყოველგვარი შემოქმედებითი აქტისთვის აუცილებელია.    

მიუხედავად იმისა, რომ შეყვარებული არაა შეყვარებულობის მიზანი, მის გარეშე შეყვარებულობის მდგომარეობა, რომელიც შეყვარებულის გამოჩენას წინ უსწრებს, ვერ განსხეულდება. შეყვარებულობით ქაოტურად ამოძრავებული სიმპტომები შეყვარებულის სახით მიზიდულობის ცენტრს იძენენ და მის ირგვლივ იწყებენ მოძრაობას.

მეოთხე კანონი:

შეყვარებულობაში მოგებული ისაა, ვინც უფრო ძლიერად განიცდის.

შეყვარებულობა, ისევე, როგორც ყველა სახის შეგრძნება, იზომება შეგრძნების სიმძაფრითა და ინტენსიობით. შეყვარებულობის, როგორც გამონაკლისი მდგომარეობის მიზანი შეყვარებულობის მთელი სიმძაფრით განცდაა და არა შეყვარებულისგან სასიყვარულო დასტურის მიღება. როდესაც განცდის სიმძაფრე დაბალია, ან კლებულობს, შეყვარებული კარგავს მიზიდულობის ძალას და შეყვარებულობის სიმპტომებიც იფანტება და ქრება. შეყვარებულობა მზარდ ინტენსიობას გულისხმობს, რომელიც გაცემული და მიღებული ემოციების ასიმეტრიულობაზეა დამოკიდებული: მიღებულის ნაკლებობა გაცემას ზრდის.

„მინდა შენც ისე გიყვარდე, როგორც მე მიყვარხარ“ - ცრუ, ყალბი რიტორიკაა. სინამდვილეში, არსებობს შეყვარებულის შური და ეჭვიანობა საკუთარი შეყვარებულის მიმართ, რომ მასაც ისე არ უყვარდეს იგი, როგორც მას უყვარს ის. ჩემი შეყვარებულობის ხარისხი ჩემი შეყვარებულის ჩემდამი სიყვარულის ხარისხზე აღმატებული უნდა იყოს. შეყვარებულის მხრიდან მუდმივი ნაკლებობის და არათანაზომადობის განცდა საკუთარ განცდებს იმდენად ამძაფრებს, რომ ნეტარებასთან ერთად ტკივილს წარმოშობს. ტკივილი შეყვარებულობის ბარომეტრია, შეყვარებულობა ტკივილით იზომება. როდესაც ტკივილი მატულობს, შეგრძნებების ინტენსიობა კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება. კრიტიკული ზღვარი დესტრუქციული ქმედებებია, რომელიც საკუთარი თავისკენაა მიმართული და არსობრივად ავტოდესტრუქციულია. როცა დესტრუქცია გარეთ მიიმართება, თვითგანადგურებისგან თავდაცვის ინსტინქტით უნდა იყოს განპირობებული. თუმცა კრიტიკულ ზღვრამდე მისვლას წინ ეღობება შეყვარებულობის განცდის ინტენსიობის კლება, რომელიც ვნებების სწრაფ და ადვილად დაკმაყოფილებადობასთან ერთად სიმძაფრეს კარგავს და ნორმად ყალიბდება. შეყვარებულობის დასრულებით ცხოვრების მექანიკა აღდგება.

მეხუთე კანონი:

შეყვარებულობის მდგომარეობის ხანგრძლიობა არაა დამოკიდებული შეყვარებულებზე.

შეყვარებულობა, როგორც გამონაკლისი მდგომარეობა, რომელიც გრძნობების მამოძრავებელი ენერგიების არაბუნებრივად ინტენსიურ წარმოქმნას და ხარჯვას იწვევს, ადვილად გადადის ინფლაციაში და თანდათანობით სიმძაფრეს კარგავს, ბოლოს კი მთლიანად ქრება. რა მომენტშიც ცხოვრება ჩვეულ მექანიკურ რიტმს უბრუნდება, შეყვარებულობა დასრულებულია. შეყვარებულობა შეყვარებულობის სიმპტომების შეყვარებულის ავატართან გაუცხოებით მთავრდება.

მაგრამ ამ გარდაუვალ პროცესს თან ახლავს შემაკავებელი ძალა, რომელიც შეყვარებულობის კლებისა და ინფლაციის საწინააღმდეგოდ მოქმედებს. შეყვარებულობის ხანგრძლიობა ამ გარე ძალის ზემოქმედებაზეა დამოკიდებული, რომელიც დროს ანელებს და შეყვარებულების ავატარების ერთმანეთისგან გაუცხოების პროცესიც ფერხდება. შემაკავებელი ძალა, რომელიც დამოუკიდებელია ყოველგვარი სუბიექტური ნებისგან,  შეყვარებულებს შორის წინაღობვის სახით ჩნდება, რომლის დაძლევის ხანგრძლივობა შეყვარებულობის ხანგრძლივობის ტოლია. ესაა გარკვეული არაურთიერთთანხვედრობის მოცემულობა, რომელიც შეყვარებულობის კონკრეტულ ფორმას კრძალავს და არსებობის უფლებას ართმევს. შეყვარებულობის ინფლაცირებადი განცდა ვარდება აკრძალვებისა და ტრანსგრესიების მდიდარ ენერგეტიკულ ველში, საიდანაც ის დამატებითი ემოციური რესურსებით იმუხტება.

უმეტეს შემთხვევაში შემაკავებელი ძალა სუსტია და ინფლაცია მაღალი, რაც იდეალური საფუძველია ოჯახის შესაქმნელად. ოჯახი შეყვარებულობის ინფლაციის გამანეიტრალებელი კულტურული ინსტიტუციაა, რომელიც ერთ დროს შეყვარებულებს საქმიან პარტნიორებად გარდაქმნის. ოჯახი, როგორც უღელი, შრომის დანაწილების რაციონალური პრინციპია, რომელშიც პრიორიტეტული ძალაუფლება, ფლობა და კვლაწარმოებაა და არა მძაფრი შეგრძნებები. თუ შემაკავებელი ძალა ინფლაციის ძალას ბევრად აღემატება, მაშინ შეყვარებულობის ხანგრძლივობა სიცოცხლის ხანმოკლეობას ემთხვევა და სრული თვითგანადგურებით მთავრდება. ასეთი სიმძლავრის შემაკავებელი ძალა შეყვარებულობას ტრაგედიის სიუჟეტად ავითარებს. ორფეოსი და ევრიდიკე, ანტიგონე და ჰემონი, რომეო და ჯულიეტა, თუ სალომე ზეაღმატებული შემაკავებელი ძალის ზემოქმედებით გაჩენილი ფსიქიკური ნაპრალების თეატრალური ნიღბებია, რომელთა მეშვეობითაც შეყვარებულობა თავისი აბსოლუტური ძალით, როგორც ზევსი სემელეს წინაშე, ცხადდება.

ამ ორი პოლარული მოდუსის გარდა, არსებობს კიდევ შემაკავებელი ძალის მესამე, ყველაზე რთულად მორგებადი ხარისხი, რომელიც შეყვარებულობას არა მხოლოდ ახანგრძლივებს, არამედ მისი უსასრულობამდე მიყვანაც შეუძლია. ასეთ მდგომარეობაში შემაკავებელი ძალის ზემოქმედება ისეთ ბარიერებს ქმნის, რომლებიც არადაძლევადია, მაგრამ სწორედ ამ არადაძლევადი წინაღობვების ქვეშ ყოფნა შეყვარებულებს სამყაროს წესრიგის წინააღმდეგ შეთქმულების თანამონაწილეებად აქცევს. ორი ადამიანი, როგორც თანადამნაშავე, ერთ საერთო ბედისწერაში ერთიანდება. ასეთ პირობებში ყოველი ფიზიკური სიახლოვე აკრძალვაზე გადაბიჯებისა და დაუმორჩილებლობის ჰეროიკული პათოსით იმოსება, რაც, თავის მხრივ, წარმოსახვისთვისა და მისი გამოთქმისთვის აუცილებელ ჭარბ ენერგიებს წარმოქმნის. საფასური ასეთი ყოფნისთვის პერმანენტულ საგანგებო მდგომარეობაში ცხოვრებაა.