ილუსტრაცია: ერეკლე დეისაძე

 

შიშინი ხმაურის ფილიალია. ერეკლე დეისაძე შიშ(ინ)ებს აორგანიზებს, ნომრავს, აღრიცხავს, მარკას აკრავს. სწორედ ეს ხდება ამ პოემაში, რომელიც თავიდან სულაც არ იყო პოემა და რამდენიმე ტაეპისგან შედგებოდა. საკმაოდ დიდხანს წერდა, პარალელურად მაკითხებდა, ვუზიარებდი შთაბეჭდილებას, ვაძლევდი შენიშვნებსაც, განვიხილავდით დეტალებს. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ დახვეწილი მეტაფიზიკური პოემა დაწერა - სავსე პროტესტით (ეს მისგან არავის უკვირს), ფსიქოლოგიზმით (ეს კი ბევრს გაუკვირდება) და სინაზით (ვინ იფიქრებდა?!). ეს პოემა ჩუმ ხმაურზეა - წინააღმდეგობათა ისეთ ხარისხზე, როცა აზრი ეკარგება ხმაურსაც და არახმაურსაც, მეტიც - ის ერთსა და იმავეს აღნიშნავს. ფილიალი ტყუილად არ მიხსენებია. "შიშინი" მათი ხმის ტრანსკრიპტია, ვისი ხმაც არ ისმის, ჩაკარგულია დომინანტ (ხ)მასაში.

პაატა შამუგია

 

1.

როცა ჩემი პოეტური ფრთები ზეცისკენ მექაჩება,

ვცდილობ საკუთარ თავს არ გადავასწრო.

ფრენას ვანელებ.

 

ამ დროს ქალაქში

აფეთქების ხმა ისმის.

 

ხმა იმდენად მძლავრია,

ხალხი სმენას კარგავს,

ეს ხმა მათ არ ესმით.

 

ამ ხმაზე მაქვს საუბარი.

ამ ხმაზე მინდა ლექსის დაწერა.

 

2.

თავიდან დედა ვერაფერს ხვდება,

დროებითი გატაცებაა, – ეუბნება მეზობელს.

 

შიში კი იზრდება ოთახში,

როგორც იატაკზე მცოცავი ჩრდილი,

მზის ჩასვლისას.

 

და სანამ დედა თეფშებს რეცხავს,

ვცდილობ ავიკაპიწო ჩრდილი,

რომელიც კარგა ხანია დამიპატარავდა.

 

თვალებს ვხუჭავ და

ვფიქრობ

როგორ შევძლო დავრჩე ხმად,

დავრჩე ხმარადიულ ხმამაკაცად.

 

ხმა ვერ დამეხმარება,

მაგრამ თანა-ხმა ვარ,

ჩემი სხეული ვაქციო ბგერად,

ათას ერთ ხმად

ერთხმად

ხმა – მე მას ვხედავ.

 

მას ათვლის წერტილი აქვს,

ადრე ამ ოთახს ალბათ სხვა ქალი ალაგებდა,

რომელიც აღარ არის,

მაგრამ ცოცხის ხმა მის გარეშე გაისმა,

ასე აცოცხლებენ ხმები ადამიანებს

და ადამიანები ხმებს.

 

მატარებლის ხმა ნიშნავს – მინდორზე დაწოლას,

მინდორზე დაწოლა – ზაფხულის მოსვლას.

 

როცა ცაში მარტო იყურები,

სადაც ცელოფნის პარკი თვითმფრინავზე სწრაფად მიფრინავს.

 

დედამ არ იცის როგორ წაიკითხოს მტვერი,

მაგრამ იცის, როგორ გააქროს ის,

მერე ფანჯრებს კეტავს,

ოთახში გაზრდილი შიში სახლიდან რომ არ გავიდეს.

 

სხვებმა რომ არ დაინახონ,

რადგან, შიში მხოლოდ მაშინ იქცევა პოეზიად,

როცა შენ იგრძნობ და

სხვები ვერ შეამჩნევენ.

 

ამიტომ ვერ ვიქნები გალაკტიონი

და ვიქნები ერეკლე,

რომელიც უარს ამბობს

ფანჯრიდან ხტომაზე,

ჭოკით ხტომაზე,

და სხვა უამრავ წვრილმანზე.

 

შიში ეცდება იცხოვროს ჩემში.

როგორც თვისებამ,

როგორც კეთილთვისებიანმა მეტასტაზმა.

 

მაგრამ არ შემიძლია ვიფიქრო ამაზე,

როცა ზემოთ ვარსკვლავებია,

ქვემოთ კი ყვავილებიანი მინდორი

და მორალური კანონი – ჩემში.

და ვიხსენებ ხმას –

როცა დედამ პირველად დამიძახა.

 

მაშინ პირველად დავფიქრდი შიშზე,

როგორც გაუმართლებელ კომპრომისზე

და მაშინაც კალმის ნაცვლად,

შიში მოვიმარჯვე.

 

და ეს იყო ტაქტიკურად სწორი ნაბიჯი.

 

3.

ადვილი არ არის შიშის მოშინაურება,

ადვილი არ არის ამაზე წერო,

„დღე არ გავა, თვალი არ გაექცეს ფანჯრისკენ“, –

უთხრა ტელეფონში ვიღაცას.

 

მერე ხელოსანი მოვიდა

და ფანჯრის აზომვა დაიწყო,

ტელევიზორში აჩვენებდნენ – შიშს,

დედა ამზადებდა სადილს,

ხოლო შუახნის კაცმა სახაზავი დაკეცა,

ლამაზი ხედიაო – თქვა და

შავ ბლოკნოტში ციფრების ნაცვლად

შიში ჩაწერა.

 

4.

„მათ დუელში კლავენ,

ზოგჯერ თავისითაც კვდებიან,

რეპრესიები,

ღალატი,

გადასახლება,

ისინი მშიერ ძაღლებს ჰგვანან, შვილო,

მათი ყეფა არავის ესმის

და ამის გამო შეიძლება ცუდ ამინდში

გაიყინო კიდეც,

ხმას გაუფრთხილდი“, – მითხრა მან.

 

როცა საბნის ქვეშ ფრთებს ვმალავდი

და თერმომეტრის დაფერთხვის ხმაზე

სიცხის მაგივრად შიში მიწევდა,

ჩემი პასუხი ასეთი იყო:

სიცივით სიკვდილს სჯობია დარჩე ცოცხალი,

და მოკვდე სიცილით.

 

პოეზია და სტატისტიკა ვერ მეგობრობენ,

რადგან

სიცივით სიკვდილი სტატისტიკაა,

და არაფერია მასში ახალი.

 

როცა ამაზე ვფიქრობ,

ხალისი მიბრუნდება,

როგორც მაშინ, ბავშვების ხმაზე,

ნაწვიმარი ქუჩა სიცილით რომ გადაირბინეს.

 

ეს ხმა მათია:

ვინც თავი სამშობლოს ნაცვლად

მეგობრის კალთაზე დადო

და მიხვდა – ძალა ადამიანთა ერთობაში კი არა,

განსხვავებულ თვისებათა ურთიერთობაშია,

ალბათ ამიტომ ეძებენ ისინი ღმერთს.

 

ვისაც ჯერ საკუთარი თავიც არ უპოვია.

 

ვისაც შეეძლო თავი ამოეწურა, თავი აარიდა,

რადგან ვერ შეძლო შიშის გაზომვა.

 

ვინც შეძლო და დაინახა, სახლის ფანჯრები

ერთ მშვენიერ დღეს როგორ იქცნენ დედის თვალებად,

და ყველა ფრენას,

ოთახში თუ ოთახებს გარეთ,

უთვალთვალებდნენ გამტვრეული გისოსებიდან.

  

5.

ახლა, როცა ამ ხმაზე ვსაუბრობ,

შეცდომების აღარ მეშინია.

 

მთავარი შეცდომა უკვე იყო,

როცა შეიქმნა ადამიანი ღმერთის ხატად

და არ ჰქონდა ბავშვობა,

ამიტომ სძლია სიხარბემ.

 

ამიტომ არის ყველა ჩემი შეცდომა

ასეთი სრულყოფილი და უნაკლო,

მიწა ვარ და ცად ვიქეცი.

 

როგორც აღვნიშნე, შეცდომების აღარ მეშინია,

მე მხოლოდ მათი გამოსწორების შიში მაქვს.

 

6.

მრავალი წელი გავიდა,

თუმცა ყოველთვის, როცა ჰამაკით ვირწევი,

ჩემი დაპატარავებული ჩრდილი იზრდება

და მე თვითონ ვხდები შიში,

როცა ვამბობ:

ჰამაკი უნდა ირწეოდეს,

პური ცხვებოდეს,

ლექსები იწერებოდეს,

დრონი კი არ უნდა მეფობდნენ,

დრონი უნდა დაფრინავდეს – ხეებზე მაღლა,

ჩიტებზე მაღლა.

 

იქ სადაც აღარ იქნება შიშის ადგილი,

და ყველას, ვინც ფრენა ვერ შეძლო,

ვისაც აფეთქების ხმამ სმენა წაართვა,

მოუწევს ამ ხმის გაცნობა.

 

მე ვარ ხმა, და

ერეკლეა ჩემი სახელი.

 

2017 (აპრილი-მაისი)