მიშო მღვდლიაშვილი

13 წლის

ის, რაც არ მინდოდა, რომ მეთქვა

‒ მორჩა, მივდივარ!!! ‒ ყვირის ნიკა.

‒ სადაც გინდა, იქ წადი, შენ ჩემი შვილი აღარ ხარ!

 ნიკამ ყველაფერი ჩანთაში ჩატენა, რაც ხელში მოხვდა. დედა მამას აწყნარებდა და ცდილობდა, შვილი გაეჩერებინა. ნიკამ თავისი მაინც არ დაიშალა. ცოტა ხანში დედა და ნიკა ტაქსით დედას ძმისშვილებთან წავიდნენ. ტაქსიში არცერთს ხმა არ ამოუღია. ნიკა ბიძაშვილებთან ძაან ახლოსაა, ფაქტობრივად, ერთად გაიზარდნენ. ნიკა მხიარულად ცხოვრობდა იქ, მამა არც ახსენდებოდა. ხანდახან დედა ჩაურტყამდა ხოლმე, წავიდეთ, როდემდე უნდა ვიყოთ ასეო. ამ დროს ნიკა მოიწყენდა, მამას ნუ მახსენებო, ‒ ეტყოდა და სხვა ოთახში გავიდოდა. ნიკას ორი ძმა ჰყავს, დიდები. შუათანა მოდიოდა და ეუბნებოდა, წამოდიო, სირცხვილია აქო, მამა ხანდახან ცუდად იქცევა, მარა სადაც არ უნდა წახვიდე, მაინც მამააო. ნიკას ამაზე გული უჩუყდებოდა და უფრო ბრაზდებოდა მამაზე.

ნიკას წამოსვლიდან ერთ თვეში ეს ამბავი დიდმა ძმამ გაიგო. ნიკას უფროსი ძმა, ვაკო, გერმანიაშია წასული სამუშაოდ, მარა ერთმანეთი უზომოდ უყვართ. ვაკომ ნიკას ღამით დაურეკა, ყველას რომ ეძინა სახლში, მაშინ და ამ ამბავს ახლა უნდა ვიგებდეო?! ესე ვენდობით ერთმანეთსო?! ‒ ნაწყენმა ჰკითხა. მთელი ღამე ლაპარაკობდნენ. ნიკას გული აუჩუყდა, დივანი და სახე სველი იყო მისი ცრემლებით. ვაკომ და მამამ დიდი ხნის წინ იჩხუბეს და იმ დღის მერე ერთმანეთისთვის ხმა არ გაუციათ. ვაკომ ნიკას უთხრა: დღემდე ვნანობ, მამას ხელი რომ დავარტყიო და რომ ჩამოვალ, აუცილებლად ბოდიშს მოვუხდიო. რაც უფრო მეტი დრო გავა, მით უფრო გაგიჭირდება მერე ბოდიშის მოხდაო, ხოდა, ხვალ მამასთან მიდი და ბოდიში მოუხადეო, მამა გაპატიებს, ხო იცი, ძაან უყვარხარო. ნიკა თავიდან უარზე იყო. ვაკომ ძაან ბევრჯერ სთხოვა და ბოლოს ნამტირალევი ხმით დათანხმდა.

მეორე დღეს ნიკა მამასთან წავიდა, მამა არაყს სვამდა და გაწითლებული თვალებიდან ცრემლები მოსდიოდა, ნიკა რომ დაინახა, გულში ჩაიკრა, ნიკამ ‒ ბოდიშიო. მამას გაეღიმა და ხელები მაგრად მოუჭირა.

 

სანდრო ოდილავაძე

15 წლის

ღრუბელზე რომ ვიწექი

ღრუბელზე რომ ვიწექი, ამ დროს მშობლებს ვარჩევდი. საკმაოდ პატარა ვიყავი, მაგრამ იმის ტვინი მაინც მქონდა, რამე რომ ამერჩია, თან მსუქანი ვიყავი, თუმცა არაფერს ვჭამდი. ღრუბელზე პატარა ტელესკოპი მქონდა, რითიც მშობლებს ვარჩევდი. ხშირად ვპოულობდი, მაგრამ მეორე დღეს შორდებოდნენ. ცოტა ხანში ჩემი მეგობრებიც წავიდნენ, მომბეზდა მარტო ყოფნა და ბოლოს მშობლები იღბალზე ავირჩიე. დედა კარგი მეყოლა, იმაზე კარგი, ვიდრე ვისურვებდი, მამა, მამა ‒ დიდი ვერაფერი.

 

თემო

თემო ცუდი ბიჭი არაა, თუმცა, დიდად არც კაი საქციელებით გამოირჩევა. უბრალოდ, უნდა, რომ ყურადღების ცენტრში იყოს, რაც, სამწუხაროდ, არ გამოსდის. მე-9 კლასშია. უფრო ხშირად უკანა მერხზე ზის, კუთხეში. იშვიათად თუ გადავა ხოლმე წინ, მაგრამ მანდაც მარტო ჯდება. როგორც ყველა სკოლაში, თემოს სკოლაშიც არიან, ასე ვთქვათ, ბულერები. ამ შემთხვევაში, თემოსთვის ეს არის ნიკა. ნიკა გვერდით რომ გაუვლის ხოლმე თემოს, თავში წამოარტყამს, ან კიდევ ფეხს წამოუდებს, მაგრამ მარტო ეს არ არის, რაც თემოს უშლის ნერვებს. მისთვის ყველაზე ძვირფასი ნივთი არის მამამისისგან სიკვდილის წინ დატოვებული ჩანთა, რომელსაც ნიკა ყოველთვის აწვალებს. ერთხელ თემომ მასწავლებელს საჭირო ოთახში გასვლა სთხოვა. კლასიდან როგორც კი გადგა ფეხი, ნიკაც წამოხტა, გვერდით გაუარა თემოს მერხს, ჩანთა ჩუმად აიღო და თვითონაც ითხოვა გარეთ გასვლა. ნიკამ ჩანთა ძირს დააგდო და წიხლის რტყმით მიიტანა საჭირო ოთახამდე. როდესაც თემომ გამოაღო კარი და ძირს თავისი გაჭუჭყიანებული ჩანთა დაინახა, გაწითლდა, გამწარებული გაექანა ნიკასაკენ და წიხლით შეახტა. ნიკა გადაყირავდა, თავი ძლიერად დაარტყა იატაკს და გაითიშა. კარგა ხანს იდგა თემო და უყურებდა. ნიკა არა და არ მოდიოდა გონზე, აიღო თემომ თავისი ჩანთა და გაიქცა. ნიკა კი 2 წუთში ექიმის კაბინეტში აღმოჩნდა. ექიმმა სახეზე წყალი შეასხა, ნიკამ გამოიღვიძა და ერთადერთი, რაც ახსოვდა, თავისი სახელი და გვარი იყო.

 

კესო კობიძე

14 წლის

გამჭვირვალე ქალაქი 

„აღარ დავინახო, ჩემს ნივთებს ხელი მოჰკიდო!“ ‒ დაიყვირა დედაჩემმა და გამოიჯახუნა კარი. „თურმე მარტო ამას შეუძლია ყვირილი, აბა, მე ავუწიო ხმას ‒ გამისვრიან ფანჯრიდან!“ ‒ გავიფიქრე და წამოვწექი საწოლზე. დავხუჭე თვალები და გადავედი იმ ადგილას, სადაც იმას მოვკიდებდი ხელს, რაც მომინდებოდა, იქ წავიდოდი, სადაც გული გამიწევდა და იმ ხმაზე ვილაპარაკებდი, მე რომ მომინდებოდა. ადგილი, სადაც ბებოს გამომცხვარი ნამცხვარი უფრო გემრიელია, სადაც ყველაფერი გვირილებითაა დაფარული... რა უნდა იყოს ამაზე უკეთესი? უი, აი, უკეთესიც გამოჩნდა ‒ ხელში გვირილების გვირგვინით, თავზე რომ დამახურა და ჩემი პრინცესა ხარო, რომ მითხრა.

ადგილი, სადაც მამაჩემს თითზე საქორწინო ბეჭედი არ უკეთია და სახლში ის ქალბატონი არ უზის, სადაც დედაჩემი უნდა იყოს...

 

ქეთევან ჩაჩხიანი

14 წლის

***

ძველ, მიტოვებულ, ობობის ქსელებით სავსე ბიბლიოთეკას უკვე აღარავინ სტუმრობს. დარაჯები მთელი დღე-ღამე კარტს თამაშობენ და ერთობიან. ამ ბიბლიოთეკას მხოლოდ ერთი სტუმარი ჰყავს, ეს არის ერთი მოზარდი გოგონა, რომელიც კვირაში ორჯერ სახლიდან მოსეირნობს და ბიბლიოთეკას სტუმრობს. ჩამოჯდება ძველ, თითქმის გატეხილ სკამზე და ლიტერატურული ნაწარმოებების კითხვას იწყებს. ერთ დღეში სადღაც სამი საათი კითხულობს ხოლმე. როცა ერთ წიგნს დაამთავრებს, მიდის ვიწრო ქუჩაზე, ხის ქვეშ ჩამოჯდება და წიგნის გაანალიზებას იწყებს. შემდეგ ფიქრობს, თუ რა არის ცხოვრების აზრი. ფიქრობდა, რატომ იკლავდა ადამიანი თავს მას შემდეგ, რაც წარმატებული გახდებოდა? საერთოდ, რატომ უნდა მოეკლა ადამიანს თავი? ნუთუ შეიძლებოდა ისეთი რამე მომხდარიყო ადამიანის ცხოვრებაში, რომ ასეთი რამისთვის გაეწირა თავი? ასეთ რაღაცებზე ფიქრობდა ხოლმე ხის ქვეშ, შემდეგ წამოდგებოდა და სახლისაკენ გაუყვებოდა გზას. სახლში ელოდებოდა მოძალადე მამა და დედა, რომელიც ვერაფერს აკეთებდა, რომ ქმარი გამოესწორებინა. გოგონა კი მიდიოდა სახლისკენ და ფიქრობდა, თუ რა უნდა გადახდენოდა მას ცხოვრებაში, რომ თავი მოეკლა.