1.

ერთდროულობის
ეს ისტორია
მეფის ტორია
და ქსოვს თარიღებს
ძაფით, რომელიც
ფერს და საღებავს
კარგად არ იღებს,
გზას რომ გაეგნო.
მისგან მალე არაფერი დარჩება,
თუ ვერ დაიჭერს
მთელი კოსმოსის
ზანტი ბრეზენტი
და თუ ბზარი მონახა,
შემოეტია პოეტი ჩრჩილი.
მეფე ვერ ეტყვის,
ჩემი მონა ხარ!
ის კი დადგება ხელგაწვდილი
და არ აკადრებს
ტროტუარს უარს,
ყველა შეცდომას ისევ ჩაიდენს,
როგორც აქ ადრე.
ონკანს შეუშვერს ჩაიდანს.

 

2.

დრო ბრძანებაა,
რომელსაც სივრცე ასრულებს.
ასრულმოკიდებული,
ასჯერვე გაღვიძებული
სახურავებს იფშვნეტს.
დრო ბრძანებაა,
ასრულებს სივრცე,
ზოგან როგორც როლს
ვითომ თამაშობდეს,
ზოგან მორჩილი
ხელქვეითია.
ეს არჩევანის თავისუფლება,
დიდსულოვანი,
ქარს უხარია,
ცის თევზს,
რომელიც ქუჩებში დაცურავს,
რადგან ქალაქი,
რომელიც საქმეებს აგვარებს
იუმორნარევი აკვარიუმია.

 

3.

ყმა მოდის, მონაც ილევა.
ხან განზე დგომა სწორია,
ზოგჯერ კი მონაწილე ვარ,
და ისტორიაც ორია:
გაზარდა აზარტის კარატი
ერთად ნათქვამი კით და არათი.

 

4.

თავფეხიანი მოლუსკია,
როგორც კალმარი,
როგორც რვაფეხა და სხვა მრავალი.
ფეხსახსრიანი კიბორჩხალაა და მორიელი
და სხვა მრავალი.
როგორც არის ცხენოსანი,
ვინმეც ენოსანია.
ისე იცვლის ფეხს,
ეტყობა, რომ ეძებს სათქმელს,
როგორც მოვალეობას,
თითქოს ჰქონდეს სათქმელი,
როგორც ხურდა ჯიბეში,
როგორც თავლიდან გასაქცევი
კოხტა შაშიბეში,
რომელიც არ მოხდა.
ისევ და ისევ და ისევ სევდა,
რომელიც გამოდნა
ცხოველთა სამყაროს
ორფეხა ხროვიდან
და ისე იტკეპნება,
გული მოგიკვდება.
მოადამიანე მიანებე ბედს,
სიფათკეფიანი.

 

5.

ჩემი ჭერი წერას სწავლობს,
იატაკი კი კითხვას დამარცვლით.
ფარჩაკებო, არ ჩაკეტოთ
კარი, კარიკატურა.
დერეფნები გრილია,
როგორც კიბის ტოტები.
უკვალოა ზოგი ტერფი,
კიბე კუბომ გაზნიქა.
ოთახიდან ოთახში ხომ
შუქის ნაფოტი ცვივა.
სულწასული ველოდები არაფერს,
საერთოდაც, არ დავეძებ არაფერს.

 

6.

გრძელი ხელი გრძნეულ
ისტორიას ორი აქვს.
ახლას გრძნობდეს ერთი,
მეორე კი ახლა.
მისი ტაშის დაკვრა
ფარშევანგის გაშლილ კუდსაც
ფარავს შავი ანგარებით.
ღამდება და მისხალ-მისხალ
ვიბადებით ხოლმე ჩვენ.

 

7.

იმავე მდინარეში
ვერ შეხვალ ორჯერ,
და პირიქით,
იმავე მდინარიდან
ვერ გამოხვალთ ორნი.

 

8.

შიშისთვალება ქალბატონებო და ბატონებო,
მოგეხსენებათ, უგრძელესია და ურთულესი
გზა მიმავალი უმარტივესი
და უმოკლესი გზისკენ.
მაგრამ მალე მაცნე
სვირინგიან ტანით
ახალ ამბავს მოგიტანთ
წუთისოფელ ქალაქში:
მამუკებმა ურჩობით და ჩხუბით
ურჩხულები მოსპეს
ან გაუშვეს ჰოსპისში,
მათ შორის
ის ავის უფალი
ეკლესია მოკლეს!
ახლა გახლავთ უმოკლესი გზისკენ
მიმავალი გზა
თქვენთვის თავისუფალი,
დაადექით ფეხით
ან ლითონის ფრთებით,
ბორბლებით და ნავ-გემით.
თუ კი ინებეთ და მოისურვეთ,
ქალბატონებო და ბატონებო,
აღარ იქნებით ნაგავ-ნაგვემი.

 

9. თბილისი

თუ არ გინდოდა,
სიკვდილს მოვეხიბლე,
მოგეცა ცვილი ან დაგები.
ახლა გვიანაა, ქალაქის თავზე
მღერიან ღამის ლიანდაგები.
დაგიბარე ამბავიც და მიწაც,
იამბე და მოიწიე მოსავალი,
ლიან-დაგები-დაგები-დაგები-და.

 

10.

მომისმინე, ენა არის ისტორიის რუკა.
მე გზას ყოველთვის გავიგნებ
და დაკარგვითაც
ჩემი ნებით დავიკარგები.
მაგრამ სიტყვებით სავსე ტომარა
ტყვიასავით მძიმეა
და მარტოდ მეომარს
გზაში მოსწყვეტს მხარს.
პირი მოხსენი, მეომარო,
ენა ამოიდგი და სული მოითქვი,
ძირამდე დასული.
ყველა ჩვენგანი თანატოლია,
გაოცებული ოცეული გაფანტულია.

 

11.

პურზე უარი გითხარი,
პური ქათმების საჭმელია,
იმათ მიართვი.
მე ატამი მომიტანე,
გავთლი და თვითონ დავიჭრი,
და დამისხი ღონიერი ღვინო,
დამდე ამაგი.
შევახვედროთ ჭიქები და
გავაქანოთ თეთრი სუფრა,
დაბნეულების ჰამაკი.

 

12.

თექვსმეტ დუგმაზე შეკრული
აქვს პირი პოეტს დედამიწასთან
სათქმელის ჩამოსართმევად.
ოქმებს დოგმები ადგენენ,
აქ მოაქვთ განაჩენები,
უქმად არ რჩება ენატანია.
ენა ტანია, რომელსაც
ვეღარ იზიდავს პლანეტა,
თუმცა ტყავით დაატარებს
ისტორიის სინტაქსიან ტატუს
და პოეტის სტატუსს.

 

13.

მარტი
ჩრდილში მაინც იხდი ბარემ,
რომ შიშველი ისევ გნახო,
და არ იტეხ იხტიბარს
ფეხადგმული ნაოჭების გამო.

 

14.

ეზო იზომება ქარის მტკავლით,
ქუჩებს თავისკენ ექაჩება
ჩუმად ქვეითი,
ტროტუარს უარს არ ათქმევინებს.
მე კიდევ ეს ქალნარევი გადამეკიდა,
მე ამ ქალაქმა ამიკვიატა.
ამასობაში ხურდასავით
ჯიბით მოტანილ
ბეჯით წელიწადს
ვინ დაავალა,
თორმეტი თვე
თორმეტ ლექციად ექცია.
ახლა მე მისი
თითქმის მთელი მარტი მმართებს,
დღეს ჯერ მხოლოდ
დაუსჯელად ხუთია.
კიდევ კარგი,
გაფანტული ყურადღების დღეები
რომ თავისით იკრიბება კვირებად.

 

15.

დღემ რომ რაფაზე შემოიდო
ნიკაპი, კაპილარების
ბადით დაფარა წვიმამ,
და უხმაუროდ ფანტაზია
ფანტავს ზიანის
მომტან საღამოს.

 

16.

მორწმუნეა ჩლუნგი ერი,
ლანგარივით ჩლუნგი,
და როგორც შეშლილი ეშელონის,
ეზიდება ვაგონი აგონიას გონების.
რადგან არსად მიდიხარ,
შე არავის პოეტო,
რომ არ მიედ-მოედო,
დარჩენილი
დრო, როგორც
სხვის თვალებზე ჩამოშლილი
მოითმინე თმა.
სხვამ ვერავინ უშველა,
დაიფაროს ეს ქვეყანა,
მინდა წმინდა მინეტმა.