1.

რატომაც არა, თვალის შევლებით შეიძლება
ღამეებივით ეს აწურული
გეუვარგისოს გისოსები,
და სახელურიც აქერცლილია დღესავით.
მაინც ასეთი მოაჯირი მოაჯირითებს
კიბეს ბაქნებით,
და გეკარება
ბინა, ბუნებით ბუნაგი.
ამოვარდნილი გული ძირს გორავს,
ითვლის საფეხურს. რატომაც არა,
სიცოცხლეც დაიდგამს სიკვდილის უნაგირს.

 

2.

შენი ხასიათი დასკვნაა,
რომელიც
დღედაღამეების
გამოგაქვს ბეღლიდან.
მუქთას არც ითხოვდა,
თუმცა თავიდანვე
მის ქირას ბე ღლიდა.
არ გამოიტანს სამზეოზე მონა ხასიათს,
და სიბნელეში ხელის ცეცებით
აბა, რას შეცვლის, რას დააზუსტებს.
ვიდრე არ მოეხაზება,
ასე თუ ისე, ადამიანი,
მოგეხსენება, მონახაზია.
ხელს რომ გამოკრავს საშუქე სარკეს,
სახურავების, ფანჯრების
ჯებირი მაჯით დაიჯაბნება.
ერთხელ ჩახედა, ვის დაუშავებს
და ვის მიადგამს, მონახა, ზიანს.

 

3.

კი, რა თქმა უნდა,
ადამიანი მონახაზია
და, დამაინცის გარეშე,
ადამიანი მონა ხაზია,
რომელიც ივლება
და იკლაკნება,
როგორც ბარბაცი,
რამე ფანქრის და რუმე კურსორის
მიერ, მეორედ ისიც,
გასამუქებლად, გასაუქმებლად
პირველის, ბაცის.
ხო, რა თქმა უნდა,
ხაზები ვითომ ჩანახატია,
რომელსაც ჩვენი თავი შეემთხვა.

 

4.

ზოგჯერ უხდება სიგარეტს ნისია.
ისიამოვნე მავნეთი!
კაცი მიდის და ნაფაზებს
ნაბიჯებივით ითვლის, აფასებს.
მთელი სიმშვიდე
მედიტაციას დაუტაცია,
მეტის ღირსია!
ხალხი კი არა,
გაფანტულია აქ ანდაზები:
ეძიებდეს და პოვოსო;
ან  ააფრინე ალალიო,
რაც არ არი, არ არიო.
და თავშესაფარს ეძებს ნაგავი,
დღეები მოქრის აქანდაზების.

 

5.

ელეგია

ხანდახან დახანი ხანი, დაახანე,
ან მყესი მყისიერ ნაყოფს მოიყვანს,
ან გელანდება, გელეგენდება.
როცა გონება მელოგინეა,
გონებას ექოს აძლევს გინება,
თორემ გარშემო გმინავს გომურში
გამეორების გოიმი გემო.
სიკვდილი ტანზე გადაივლებს
სიამოვნების ჟრუანტელს,
როცა მოკვდება სადმე ჟურნალისტი,
რომელიც სიცოცხლის ნიშნებს იშნობდა.
სიკვდილის მიზეზს ისე იკითხავ,
თითქოს დაეძებ აღვირ-უზანგებს.
რა სადავოა მისი სადავე
ან სილამაზე და სისადავე,
თუ ლაგამს მაინც არ ამოიდებს
ისე უსათუოდ, როგორც შუადღეს
შუაღამე მაინც უზანგებს.

 

6.

სისულელეში ლეში ორთქლდება,
ორთქლის საათი ითვლის დროს.
გუშინ და ხვალ
დღევანდელი დღის
აქეთ-იქით
გადაშვებული ულვაშებია.
დღეს ეღიმება დღეს ულვაშებში.
რადგან ყოველი
დღე დღევანდელია
და ვერავინ წაუვა
გუშინში ან ხვალში.
ბუფეტის სიღრმეში გრილია გრაფინი
და ლიქიორი იქ ილექება.
ადრე თუ გვიან
გავიზრდები, გავილეშები.

 

7.

რის აზნაურის,
წვერი კი არა,
შავხაზნარევი
თეთრი ქვითარი
მიმაქვს.
რომ ქვეითი ვარ,
მე ჩემი ფეხით
მივდივარ გადასახდელად.

 

8.

ფეხით შორთან მიისვლება,
რამეა ახლო,
რომ ხელი ახლო.
ხელებიანი ხალხი
ადრე კი ლექსში მიხსენებია,
ხალხი კი არა,
ხელხი ვართ, ხელხი.
მაშინ დავიწყეთ ამ ქვეყნად მოსვლა,
როცა ხელმა, გაგეცინება,
მიბაძა ფეხს და
ისწავლა კვალის დატოვება
და, უფრო მეტიც,
მისი მოვლა და შენახვა
და გაგრძელება ბორძიკ-მიბაძვით.
და როცა ენა აიყოლია ხელმა,
ამოიდგა ხელმა ენა.
ხელკვალიანი არსებაა ადამიანი
და ხელის კვალი,
თუნდაც სახელდახელოდ,
ისე იქსოვება,
რომ ხარ მსოფლიო ობობა.
დრო მოვიდა,
ხელმა ხელი მოიხელთა.

 

9.

რაღას შეავსებ, ფსკერზე დასულა,
და სულ ასეა,
თუ საღერღელი აგეშალა.
პირველად იყო მეორე!
და სულ ასეა,
მოდის მომდევნო, ჯდება
და წინამორბედს
თავისი ხელით
თხზავს და მოისხამს,
შენ როგორც მოიცვამდი ჟილეტს ან ჟაკეტს,
იმის მაგივრად,
რომ რამე დაკეტო,
როცა ყოფნის დაბზარულ ჭერქვეშ
უბერავს არყოფნის ორპირი ქარი.
ამ საქმეში, არ გეგონოს, დილეტანტია.
რაც გინდა იღონე,
თუ გინდა, თავი დაიწვი,
სანამ ხარ, მაინც
თავს ვერც დაეწევი
და ვერც ჩამორჩები.
მართლა არჩევანი კი ნუ გგონია,
დაუზვერავი შეცდომაა თავისუფლება,
რომელიც აღარ გამოსწორდება.

 

10.

ნაბიჯებით ფეხქვეშ ვრანდავ,
საპაემნოდ მიმავალი
უკვე ბოლო რანდევუზე.
მემხრობა შუშა და კედელი.
ქუჩის გასალაქად
ფერადი შუქის
ასიდანვე ვარგა ასი ლაქა.
დღეების ქვიშა
და ღამეების
სილა ქალაქმა გაასილაქა.

 

11.

რაკი ქვეყანა გაივითომე,
შენ კი მას ევითომები,

ნუ გეგონებათ, ასე ერთმანეთს
გამოესალმეთ, თავი ქუდში გაქვთ.

სწორედ ყველაზე ახლოს მიდიან,
რწმენის მომრევი თომები.

 

12.

ტილოს ტომრებად არ ინომრება შენი სამეო.
ძირს საღებავი თუ დაიღვარა
და გაიფანტა შხეფებად, ვინ გადათვალა,
აქ პირველია, აქ  მეორე ან მესამეო?

 

13.

ფიზიკოსს უთქვამს, თუ მოიქციე
საქმე სამეოდ და საიმედოდ სამიოდე
რამეს გამორჩი, სიცოცხლე ამბავს უწერია,
როცა მესამე დააყენებს თავდაყირებად
დაბეჯითებით მოტან-დადგენილს
ჯერ პირველის, მერე მეორის მიერ.
მე დავამატებ, აივანია რომ ახირება.

 

14.

ხუთტოტიანი ორი ხის თითო
ფესვი, მაჯა მე
ერთ მიწად მკრებს და მაჯამებს.
ხელების ხილი დასაკრეფად
თვალებს ენახა,
ხმად დაუწურავს ცალფეხა ენას.

 

15.

მოკლული ღვინის გვამი ძმარშია.
ზღაპარს ვერ იცნობ,
სისხლი და ხორცი,
თუ არ სწყურია და,
სამი ძმა არ შია.
მარშია-მეთქი, როგორ ვიტყვი,
ვერც გაქვავებულ უძრაობას ვერ დავაბრალებ,
უხეშ მახეში ჩავარდნილს არ ჰგავს,
ვინც დღიდან დღეზე
თან წაუღია ღია ტუჩებით,
გადაუტანია
დღეთაშუა ღამეს.
არყოფნა ყოფნის პირდაპირი მნიშვნელობაა
და მეტაფორაგამოფატრული
მზვერავს მზრუნველი მზერით,
როგორც გარეთ არ ეთმობი თვალს
ქუჩის ძაღლის და მძღოლი პატრულის.

 

16.

მე ნიადაგის მანია დავგმე,
როცა ნაკვალევს
ნიშნავს ნაყარი მიწა.
აღარ მიცანი.
ნავი შავია
და მოსაუბრე არა ბითური,
მას მოლანდებებს მოწყურებული
ბერძენი მოჰყავს.
მთვრალი არაბიც
მაღალ-დაბალი ბარბაცით წავა,
მაგას ვინ უნდა დაეპყრო,
ეგეც არ იყოს ყრუ, არაბი თორემ.
მოკლედ, ასეა,
თუ დაესია,
დღეების გუნდი
წლებსაც დაკბენს და წაიღებს.
მიწა მამოწმებს,
მოჰყირჭებია ტყე და ჭაობი.

 

17.

შეჩერდები, შეაჩერდები.
ჰგონია, ერჩი.
შენი სარჩოა მოწონება, ერთი საგზალი.
აქ მოაგროვებ სანოვაგეს,
იქ სანაგვეა,
მათ შორის ჩქარი დადის ვაგონი.
ჟანგიან თვალებს სხვა რელსები
არ ეღირსება.
არ ეტკინება-მეთქი პეკინის ქუჩას,
როცა გადაჭრი.
აქ არაფერი არ გესაქმება
და არაფერი გეიქნებება.
და თუმცა ცივა, მზეგადასული
ქუჩა აზრივით ზანტი ანთია.
პეკინის ქუჩა იმისაა,
შენი ფეხით რომ არ იჩქარო.
ამასობაში
ღამის ნაჭერი კბილებს ილესავს.
ღამეა ლურჯი კუპრის საპონი,
რომელიც დღეებს გარეცხავს, გაფენს
და ლაქასავით შენც ამოგიყვანს.

 

18.

აღარ დაღარო,
ქანი მიეცი და საკმარისი დახრა.
კი ნუ შელახავ მომჭირნე ხელოსნის სახელს.
რად გინდა, მიწა
ზედმეტად დაკბინო, დახრა,
წელწვრილ თხრილებში ჩაყარე,
ხევებზე გაკიდე და დროის მილებს
მალ-მალე მოარგე
სიკვდილის ონკანი 
სიცოცხლის სასქესო ორგანო.
შთამომავლობა ეგონოს ხალხებს
და მხოლოდ ყვავის მელექსე ბახალამ,
რაშია საქმე, შორიდან ისქესოს.

 

19.

მე იატაკზე,
ძირს, ღია კართან
გავშალე ქაღალდის თეთრი ფურცელი
პირდაპირ ქარქვეშ,
რომელიც უბერავს,
როგორც ქარქაშიდან
და უფრიალებს ფურცელს
თავაშვებულ კიდე-კუთხეებს,
მაგრამ ვერ მიაქვს,
რადგან დავადე შავი ფილთაქვა,
რომელიც არაბულივით
მჭიდროდ ჩაწერილ
ჩამოჰგავს მეს.
რომ არ წაიღოს
და ნაადრევად არ გაიტყუოს
ცხოვრებამ აზრი,
როგორც კი იგი სადმე ფეხს იდგამს,
ტვირთავენ ხალხები მას მეთი,
რომელსაც, ადრე თუ გვიან,
ჭრელი კენჭების შემგროვებელო,
ბეცი ბარბაცით მაინც დასწვდები.

 

20.

წყალი რომ მოხნა,
როცა იცი, რომ
ისედაც,
თავისით დაითესება
ტყვიის თევზით დატვირთული ანკესი,
ხომ იგივეა სამეოს მუდამ
და ლუკმასავით უკან ამოღება,
დაუსრულებლად ცოხნა.
თუ საძოვარზე გარეკილია პირუტყვი ტვინი?
მე ვარ სამეო
და სახეების ქვებზე
მიედინება თავთხელი ეკრანი.
სადაც ფეხს დადგამ,
გაისვლება, ყველგან ფონია.
გაისველებდა კაცი პირს და
საღამოს ედოს
ფერი და ტონი კონიაკის.
შენ კი აპირებდი,
დროში გაგეტოპა
შეუფერხებლად,
მას უფრო ტანი ჰქონია კი.

 

21.

მაშასადამე ადამებს
სადმე სოდომი სდომებიათ
ხოლმე სიმყუდროვისთვის.
ხოლო ევა, ეს ბოზი,
ვინაიდან გომურს ურჩევნია გომორა,
ზოგჯერ სადაც შეჩერდება,
კუნძულია, ლესბოსი.
ვერ არის ღმერთი საქმის ვერსაჩე,
თორემ ან ბოზი რა დასაგმობია,
გადაგმანულ კარ-ფანჯრებში
უსაზღვრობის ბზარს აჩენს.

 

22.

საით საიდუმლო გამოვიცანიო,
ვითომ რიყის ქვას
წვენი ამაყად, ნიშნის მოგებით
გამოადინა, მიყურებს.
თვალი გვადევნა სულდგმულებს
და მოუსვენრად
ასე მოძრავებს, დინამიკურებს.
გაღმა ნაპირზე გასული
შორიდან ახსნას მომიგებს:
ბაწარზე მიმავალ მუყაით მუშაითს
წონასწორობა გიჭირავს ჭოკით,
რომელიც მაჯებით ვითომ არც მიგქონდეს,
არამედ შეუშვი ერთი ყურიდან
და მეორიდან კი გამოუშვი;
და როგორც იცავ, თვალსაჩინოა,
ვინც ინარჩუნებ, ისიც თვალწინ ხარ,
უხილავია მხოლოდ ეგ კვანძი,
რომელმაც შეგკრიბათ უფსკრულის პარმაღზე
ჭოკი, ბაწარი და მუშაითი;
უჩინმაჩინის ქუდი ახურავს წონასწორობას;
ეგეც შენ შენი და ნოყიერად
ვერნაყურები სული საყურე, სულიერო;
როცა დაკარგავ, გადმოეშვები, ძირს არ დაგყვება!

 

23.

სხეულს აიტან,
სხვა რა გზა გაქვს,
ან სხვანაირად ივლი საიდან?
დაპატიჟების გადამკიდე
ზაფხულის ქუჩა ჩააკითხავს,
გვერდს ვერ აუვლის
ივლისის მოედანს.
მიწით მოწიფული წინაპარი
რადგან გაიწაფა
წონასწორობის მერყევ ამბავში,
მაშინ მოვიდა სამების ბინდი 
სამეო, მე და სამყარო.
ცალმა სხეულმა რთული სამება
ვერ მოიხელთა, არამედ
იგი გაიყო მედ და არა მედ.
საკუთარ თავში დახედვა
წონასწორობის ბედისწერაა.
თავდახედულად დახედა კიდეც.
როცა დედამიწა
მთვარედ ამოვა,
თავისი ჩრდილის
ტოტებს ფესვებით გამოაბი
და ხე დაკიდე.

 

24.

დილემა ჭამა დილეგმა,
ორივე შენი წამხდენი,
ყოფნა-არყოფნა
მართლა რა საკითხავია.
გველი, რა გველი,
მათ შორის ზღურბლი მიიკლაკნება.
ტანი ხრეშად გაიშლება
სადმე ყოფნაში,
სხვა რაც გქონია,
მოხმარდება არსად არყოფნას.
ერთგან  ბილიკი, სხვაგან არხია,
იქ კი ბილიკი გატკეპნილია ნულივით,
წყალს ურჩევნია აქ ანარქია.
ივლი ხმელეთით და იმ არხებით.
ყოფნაც, არყოფნაც გიცდის,
როდის მოკვდები და ჩაძაღლდები,
და რა იციან,
რომ ძაღლის თავად დაიმარხები.

 

25.

შემოიარე ზღვა, ხმელთაშუა,
და ქალაქების შუამდინარეთი,
მესოპოტამია,
ან აქეთ-იქით ნაპირები,
ნელი ნილოსის ნალესი.
ზოგი გაზავდა, გაითქვიფა,
მრავალიც მოისპო ტომი.
იქ იბადება
და ყურთაშუა წონასწორობა
სიარულს მიწაზე სწავლობს
და მერე დროზე,
და მიწა დროა.
მიდის, მერყეობს მარცხნივ და მარჯვნივ,
იხრება წინ და უკან,
ირხევა წარსულ-მომავალს შორის.
თავი მკითხველი შენ კი გგონია,
სინამდვილეში
თვითონ ლექსი ხარ,
რომელიც
თითოეული თავისი პწკარის
თავსა და ბოლოს
თვითონ დასვამს და თვითონ ეხლება,
როგორც ქარში მიხურული
კარი  დირეს.
მიდი, სცადე, გაარიდე,
ვიდრე ხმაურით შეწუხებული
დამპალ კომპლიმენტებს
ყურს აღარ დაუგდებს
და არც ქეციან ქათინაურებს,
მაინც მოვა და მოგაკეტინებს.

 

26.

ძნელი არაა იმის გარკვევა,
თუ რაა დრო.
ოღონდ იმ პასუხს, რომელიც
საკმარისად რთული არაა,
ვერ გაიგებ,
როგორც  კბილებს აცდენილი ლუკმის გემოს.
მარტივი ახსნა, შეუმჩნეველი, ისე ჩაგივლის,
როგორც სჩვევია
დაუმთავრებელ მოყვანილობას;
მას თვალს იოლად გადაატარებ
და უნებლიეთ ისე აარიდებ,
როგორც გაუკეთებელ წვრილმანს,
შეუხამებელ სიტყვას
ან შეჩერების ადგილს,
თუმცა იწყება რომელიმე
მათგანთან დრო.

 

27.

დარაჯობ და რა ჯობია,
როდესაც იცი,
რომ ამ ყურუმსაღ სამყაროში
გულახდილობის
საძირკველია ორაზროვნება,
თუმცა ქვეშიდან გამომსვლელები
გვირაბებს თხრიან,
უბითურებენ თურმეს თორემით,
ცალკეა ცელქი მომაკვდავი მოკვდავებისგან.