კაიროს უნივერსიტეტის სტუდენტურ საცხოვრებელში სრული ქაოსია. ფოიეში ყველანი ტელევიზორს უყურებენ. ჟურნალისტი ნერვიული ხმით ჰყვება სირიის ახალ ამბებს, „ასადის ჯარებმა ალეპოს ალყის გარღვევა შეძლეს და ქალაქში შეიჭრნენ“. ჩუმად ვართ. ერთმა რეპლიკამაც კი შეიძლება ვიღაცის გაღიზიანება გამოიწვიოს. სირიის სისტემის მხარდამჭერი ასადისტები და ჯაიშ ალ-ჰურრის, ანუ სირიის თავისუფალი არმიის ქომაგები ახლა ერთად სხედან და თვალს ადევნებენ გადამწვარ, ბოლში გახვეულ ალეპოს. ოპერატორის კამერა შენობის ნანგრევებში მოყოლილი ბავშვის დანაცრულ, სისხლში ადღაბნილ ფეხებს აფიქსირებს. იქვე მისი პატარა, ყვითელი ჩუსტები გდია. სასწრაფო დანიშნულების მანქანებში დაჭრილ ბავშვებს ისე ყრიან, როგორც ტანსაცმლის ფუთებს. ჩემი ჯგუფელი, ფაიადი, რომლის მამა და ძმებიც ასადთან ბრძოლას შეეწირნენ, სკამიდან აცრემლიანებული დგება და ლიფტისკენ სწრაფი ნაბიჯით მიდის. ვერაფრით ვანუგეშებთ, ასეთ დროს უმჯობესია, კბილებშორის გაჩხერილი სათქმელი უკან შეიბრუნო. სტუდენტებს შორის იემენელებს ვერ ვხედავ, შეიძლება უნივერსიტეტიდან ჯერ არ დაბრუნებულან. ყველა მათგანი სირიის ოპოზიციის მხარდამჭერია. თავიანთი ოთახების კედლებზე იემენის უზარმაზარი დროშის გვერდით, ჯაიშ ალ-ჰურრის დროშაც აქვთ ჩამოკიდებული. მათ ქვეყანაშიც სამოქალაქო ომია, რომელიც ზუსტად ისევე განვითარდა, როგორც სირიის ომი, განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ იემენში მთიელი შიიტი ჰუთიები არიან ოპოზიციაში, ხოლო სირიაში სუნიტური დაჯგუფებები ებრძვიან შიიტურ ხელისუფლებას. ეს სექტარიანული დაპირისპირება სულ უფრო და უფრო ემსგავსება თითიდან გამოწოვილ, გარე ძალებისგან შეთითხნილ არარას, რომელსაც დასასრული არ უჩანს.

რამდენიმე დღის წინ კაიროში, აბასიას ოლქში, კოპტურ ეკლესიაში აფეთქება მოხდა, რომელსაც 26 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი დაიჭრა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა სირიის თავისუფალი არმიის ერთ-ერთმა რადიკალურმა ფრთამ, „ჰაზმმა“, აიღო. მომხდარიდან რამდენიმე საათში ფაიადი პოლიციის განყოფილებაში დაიბარეს. წასვლამდე ვუთხარი, ნუ გეშინია, ყველამ იცის, რომ შენ ამ ყველაფერთან კავშირი არ გაქვს-მეთქი. გვიან საღამოს დაბრუნდა. გარეთ ვიდექი და ვეწეოდი. გაცხარებული მოვარდა, „ვგავარ მე ტერორისტს? თვალებში ჩამხედე და მითხარი, ვგავარ ტერორისტს? რა უნდათ ჩემგან?“.

სირიის რევოლუცია, ერთი შეხედვით, უწყინარი კედლის გრაფიტებით დაიწყო, რომლებიც სკოლის მოსწავლეებმა თავიანთი სკოლის კედლებზე წააწერეს, „ძირს სირიის მჩაგვრელი ხელისუფლება!“, „ძირს ბაშარ ალ-ასადი!“, რასაც მათი დაკავება, გასამართლება და ციხეებში გამომწყვდევა მოჰყვა. ამის შემდეგ სირიის ყველაზე დიდ ქალაქებში გაუგონარი სისასტიკით აღშფოთებულთა მრავალათასიანი გამოსვლები დაიწყო, რომელსაც ბაშარ ალ-ასადმა შინაგანი ძალების ყველაზე გამოცდილი ერთეულები დაუპირისპირა. ერთ-ერთი შეტაკების დროს დაიღუპა ფაიადის უმცროსი ძმა, ფაისალი. ოთახში მისი გადიდებული ფოტო აქვს გაკრული, სადაც ის სასკოლო ფორმაშია გამოწყობილი.

ფაიადს ხშირად ვსტუმრობ, არაბული ენის გრამატიკაში მამეცადინებს ხოლმე.

მისი ოთახის კედლებზე ყოველ შესვლაზე ახალი ფოტოები მხვდება, „ეს ჩემი ბიძაშვილია, აჰმედი, ჰომსში დაბომბვაში მოყვა“, „ესენი ჩემი დისშვილები არიან.. ტყუპები...“, „ესენი ჩემი მეგობრები არიან, ტაჰა და ამრი... ჩემი პარალელური კლასელები იყვნენ... ღმერთო... ღმერთო...“

პირველად, როდესაც ფაიადის ოთახიდან გამოვედი, მახსოვს, სუნთქვა შემეკვრა, ნერვიულობის დროს ასე მემართება ხოლმე. მეოთხე სართულის თეთრად განათებულ ფოიეში ვიდექი და ადგილიდან ვერ ვიძვროდი. როგორ მინდოდა, ოდნავ მაინც შემემსუბუქებინა მისთვის დასასრულის ეს საზარელი განცდა, რამით მეიმედებინა, მაგრამ არაფერი გამომდიოდა.

სტუდენტური საცხოვრებლის ფოიეში ტელევიზორი ყოველთვის ჩართულია. მთელი დღე ჩამესმის შვილმკვდარი დედებისა და მამების განწირული ძახილი. ბაშარ ალ-ასადის შენაერთები და რუსული ბომბდამშენები მშვიდობიან მოქალაქეებზე შეტევას არ წყვეტენ.

– რატომ არავინ გვეხმარება? – მეკითხება ფაიადი, რომელიც ახლა ჩემს ოთახშია, თავდახრილი ზის საწოლზე, ხელები თმაში აქვს შერგული და ფეხებს ნერვიულად აკანკალებს. არ ვიცი, რა ვუპასუხო. ჩემი სათქმელი, როგორც ყოველთვის, არაფრისმომცემი, პათეტიკური შორისდებულებით შემოიფარგლება. როგორ მრცხვენია საკუთარი უმწეობის.