მოგესალმებით, ბატონო გიორგი! პირველად მოგმართავთ ღია წერილით.

თქვენ რომ პრემიერ მინისტრად დაგნიშნეს, იმ დღეს ჩემ სასამართლო სხდომაზე მივდიოდი ცხინვალში, სადაც აქტიურობისთვის მასამართლებდნენ. აღელვებულმა დიდი ყურადღებით წავიკითხე თქვენი ბიოგრაფია და შევნიშნე, რომ ზუსტად ერთი ასაკის ვართ.

გუშინ ტელევიზიით ვნახე როგორ მიიჩქაროდნენ ჩემი მეზობლები და ნაცნობები სინაგურისკენ, 4 თვე ტყვეობაში რომ არიან (მე უკვე 28 თვეა ტყვეობაში ვცხოვრობ). მათ სახიფათო გზის გავლა მოუწევთ და ბევრი საათი ივლიან, ვიდრე თბილისში მოხვდებიან, ეს ერთადერთი გზაა აქედან.

მათი ნაწილი, ვიცი უკან აღარ დაბრუნდება. სამუდამოდ მიატოვებენ სახლებს და სამსახურებს.

25 დეკემბერს, გზის დაკეტვის შემდეგ პირველად, დაბის კულტურის სახლში ანატოლი ბიბილოვი მოსახლეობას შეგვხვდა. შეხვედრაზე სულ სამი სახელი და გვარი ახსენა, მათ შორის ორი - თქვენი და ჩემი იყო.  რამდენჯმე მირჩია, თქვენთვის თხოვნით მომემართა. თუმცა, მე მაინც არ ვაპირებ გთხოვოთ აიღოთ წნელისის პოსტი, ბიბილოვმა კი სწორედ ეს დამაბარა.

არ ვიცი აპირებთ, თუ არა პოსტის გაუქმებას, იქნებ სტრასბურგს მიმართავთ - მე გთხოვთ, რაც შეიძლება სწრაფად დაასრულოთ ეს რეალობა, რაშიც ახალგორელები ვცხოვრობთ. ისე, სულ მინდოდა თქვენთვის მეკითხა: მაინც რა სტრატეგიული, თუ პოლიტიკური მნიშვნელობის მონაკვეთია წნელისთან, იქ საგუშაგოს გახსნა ადამიანების სიცოცხლედ რომ ღირს?

სურამის ციხე ალბათ წაკითხული გაქვთ.

ოთხი თვის მანძილზე ორი ადამიანი სწორედ ჩაკეტილი გზის გამო დაიღუპა. რასაკვირველია, მახსოვს თქვენი განცხადებებიც, მაგრამ რა ხდება შემდეგ? რას აპირებთ ხვალ, როგორ გადავარჩინოთ სხვები?

„გთხოვთ, გახსენით გზა, წავალ, პენსიას ავიღებ და დავბრუნდები. სხვაგან მე სახლი არ მაქვს, ჩემი ორივე შვილის საფლავი აქაა“. „ოთხი თვეა პენსია არ ამიღია. მეზობლების იმედად ვარ. გამიშვით, აუცილებლად დავბრუნდები“. „შვილის ორმოცზე უნდა წავიდე“.  „დედა ისე დაკრძალეს ვერ წავედი, იქნება ორმოცზე წასვლის უფლება მომცეთ.“ სხვები ითხოვდნენ ქიმიოთერაპიის კურსის გაგრძელებას, თვალზე ოპერაციას, გულზე მკურნალობას, წამლებს, რაც ჩვენთან არ იყიდება. ყველა გამომსვლელს ბიბილოვი პასუხობდა - მიმართეთ საქართველოს ხელისუფლებას, გადაჭრას წნელისის პრობლემა.

იქნებ ჩვენი სიცოცხლე და უსაფრთხოება ქვეყნის მომავალს სჭირდება? გვინდა ვიცოდეთ მაინც, რომ ამ აზრს მალე შევეგუოთ. ისიც გვინდა ვიცოდეთ, როგორ იღებენ მთავრობაში ასეთ გადაწყვეტილებებს? ძნელი დასაჯერებელია, რომ მთავრობაში არ არსებობს ადამიანი, ვისაც ახალგორის მოსახლეობის ამ ტყვეობიდან გათავისუფლების გზა შეუძლია დაინახოს. მახსოვს, წნელისზე რომ წავიკითხე, მაშინვე წამოვიძახე - ვაიმე, ჩაგვკეტავენ-მეთქი. ეს ისეთი ცხადი იყო, ნუთუ სხვას არავის მოსვლია ეს აზრი? ან თუ წინასწარ ყველაფერი იცოდით, რატომ არ შეგვამზადეთ, იქნებ გვეღონა რამე? ოჯახები მაინც დარჩებოდნენ ერთად. სექტემბრის დასაწყისში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ახალგორის რაიონში 1500-მდე ადამიანია დარჩენილი. ახლა 1000-ზე მეტი აღარ იქნება. ზოგი ტყით გადავიდა, ნაწილი სინაგურით.

რამდენ ხანს შეიძლება მთავრობა ვერ ხედავდეს კონფლიქტების შინაარსს და გზებს, როდესაც ამას ხალხი დიდი ხანია ხედავს?

დღეს თბილისიდან უცნობმა ადამიანებმა საახალწლო სუვენირები გამომიგზავნეს  საჩუქრად. გრძელი გზა გამოიარეს: თბილისი - ვლადიკავკაზი - ცხინვალი - ახალგორი. თქვენ გიჩნდებათ ასეთი სურვილები? თუ ბოლობოლო დავიჯეროთ, რომ ყველა მთავრობას „მეტი მსხვერპლი“ სჭირდება? ბიბილოვი ფიქრობს, რაც მეტი იქნება მსხვერპლი, მით უფრო იოლი იქნება საქართველოს ხელისუფლების დარწმუნება წნელისის პოსტის აღებაზე. თქვენ რას ელით ამ მსხვერპლით? ბიბილოვის შეხვედრის შემდეგ, ხალხს ბოლო იმედიც გადაეწურა. იცლება ახალგორი და ამაში თქვენც მიგიძღვით წვლილი. გგონიათ საერთაშორისო თანამეგობრობას თუ აცნობეთ, პრობლემა გადაჭრილია? რატომ საერთაშორისო სასამართლოებს არ მიმართეთ?

ახლა თითოეული სიტყვა ჩემთვის დიდი რისკია, მაგრამ მე ვრისკავ, რადგან ამან შეიძლება სხვებსაც შესძინოს გამბედაობა. თქვენ რისი გეშინიათ?

ჩვენ ახლა ასე ვართ მხოლოდ იმიტომ, რომ წლებია დაგვივიწყეთ. ჩვენი ხმა სულ უფრო შორიდან ისმის. ამ დროს დიდი ხნის წინ, თითქოს ვგრძნობდით, მაგრამ არ ვიჯერებდით, რომ აქამდე მოგვიყვანდა ეს გზა.

ახალ წელს გილოცავთ!

ადამიანი ყოფილიყოს უპირატესი ამ წელს!