დღეს ნარკოპოლიტიკაზე ყველგან საუბრობენ – პარლამენტში, მედიაში, ტრანსპორტში, ოჯახებსა თუ სამეგობროში. დეკრიმინალიზაცია, ლეგალიზაცია, ლიბერალიზაცია ის ტერმინებია, რომლებსაც ხშირად გაიგონებთ, თუმცა, არ ვარ დარწმუნებული, რომ ყოველთვის ზუსტად გვესმის ის, რაზეც ვსაუბრობთ.

ნარკოტიკების წინააღმდეგ პრეზიდენტ ნიქსონის თაოსნობით გამოცხადებული ომის 50-ე წლისთავზე მსოფლიომ აღიარა, რომ ეს ბრძოლა, რომელზეც ტრილიონ დოლარზე მეტი დაიხარჯა, უაზროა, ადამიანის ღირსებას ლახავს და შედეგი არ მოაქვს.

რეპრესიული ნარკოპოლიტიკა წარუმატებელი ექსპერიმენტი იყო, რომელმაც არათუ არ შეამცირა ფსიქოაქტიური ნივთიერებების ხელმისაწვდომობა, არამედ ახალი პრეპარატების გაჩენას შეუწყო ხელი. დღეს მსოფლიო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ამ არაეფექტურმა ომმა ბევრი ადამიანის სიცოცხლე და ბედნიერება შეიწირა.

საქართველოში კი ძველი ინერციით მივდივართ – ნარკოტიკის მომხმარებლებს ვდევნით, ვაჯარიმებთ და, სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების ნაცვლად, ციხეში ვუშვებთ. შედეგი კი ისაა, რომ ბოლო ექვსი წლის განმავლობაში პრობლემური მომხმარებლების რიცხვი 40 000-დან 50 000-მდე გაიზარდა. ციხიდან გამოსულ ნარკოტიკის მომხმარებელთა 90% კი მოხმარებას გამოსვლიდან პირველივე წელს უბრუნდება.

კვლევებით არ დასტურდება, რომ ნარკოპოლიტიკის გამკაცრება მოხმარების შემცირებას იწვევს, ლიბერალიზაცია კი – ზრდას, თუმცა, სტატისტიკის თანახმად, მკაცრი ნარკოპოლიტიკის ქვეყნებში ყველაზე მაღალია B და C ჰეპატიტის, აივ-ის, ტუბერკულოზის შემთხვევები, მომხმარებელთა კრიმინალიზაციის ხარისხი და სასიკვდილო ზედოზირების შემთხვევების რიცხვი.

ახალი რეალობა ჯერ არ არის ფორმალიზებული საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ, თუმცა ათეულობით ქვეყანამ თუ ტერიტორიამ ნარკოპოლიტიკაში ნამდვილი რევოლუციები წამოიწყო. ეს პროცესები ყველა კონტინენტზე ჩუმად, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, გადამდები ეფექტის გარეშე მიმდინარეობს. ახალმა ზელანდიამ, ურუგვაიმ, აშშ-მა, პორტუგალიამ და სხვა განვითარებულმა ქვეყნებმა სისტემის ძირეული ცვლილებები ნაციონალურ დონეზე წამოიწყეს. იმისათვის, რომ ეს ცვლილებები ახალ საერთაშორისო სტანდარტად იქცეს, გაეროს 2016 წლის გენერალური ასამბლეის სესია ამ თემას დაეთმობა.

ასეთი ტენდენციის საპირისპიროდ, საქართველო მკაცრი ნარკოპოლიტიკის მწარმოებელ ქვეყნებს შორის რჩება. ჩვენ ისევე ვექცევით ნარკოტიკის მომხმარებლებს, როგორც რუსეთი, ლაოსი, ჩინეთი ან მიანმა.

საქართველოს პოლიტიკა შორსაა ევროკავშირის ქვეყნების პრაქტიკისაგან, რომელიც ნარკოტრაფიკს ებრძვის, მოქალაქეებს კი ეხმარება. ევროკავშირის მონიტორინგის ჯგუფის რეკომენდაციით, საქართველომ ურინოტესტირება სასამართლოს კონტროლს უნდა დაუქვემდებაროს. ვიზალიბერალიზაციის პროცესში ეს თემა მნიშვნელოვანია, რადგან ნარკოტიკის მომხმარებელს, რომელსაც საკუთარი სახელმწიფო დევნის, ევროკავშირში მოხვედრისთანავე იოლად შეუძლია მოითხოვოს და მიიღოს თავშესაფარი.

პარიზში, იმიგრანტებისთვის ორგანიზებული ზიანის შემცირების პროგრამების მომხმარებელთა ერთი მეოთხედი საქართველოდანაა. ევროკავშირის სახელმწიფოებს თავშესაფრის მაძიებელთა შენახვაზე ძვირი საქართველოდან ჩასული მომხმარებლებისთვის C ჰეპატიტისა და ტუბერკულოზის მკურნალობა უჯდებათ. ცხადია, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები მხარს არ დაუჭერენ ვიზალიბერალიზაციას, სანამ საქართველო საკუთარ მოქალაქეებს უფრო ჰუმანურად არ მოექცევა.

დღემდე პოლიციელს უფლება ჰქონდა, ჯერ გონივრული ეჭვის, შემდეგ კი დასაბუთებული ვარაუდის (რომ მოქალაქე იმყოფებოდა ნარკოტიკული ნივთიერების თრობის ქვეშ) საფუძველზე, ნებისმიერი მოქალაქე ნარკოლოგიური ექსპერტიზის ბიუროში იძულებით გადაეყვანა. ამგვარი ტესტირება ასეულათასობით ჩვენს თანამოქალაქეს ჩაუტარდა. ეს პრაქტიკა დამამცირებელი და ღირსების შემლახველია. შსს ამტკიცებს, რომ მისი გაუქმება მოხმარების დე ფაქტო დეკრიმინალიზაციას გამოიწვევს, ანუ, სხვა სიტყვებით რომ თქვათ, ტესტირების გარეშე ვერ მოხერხდება ჩადენილი დანაშაულის – ნარკოტიკების მოხმარების გამოვლენა.

2015 წლის 1 ოქტომბრიდან ძალაში შევიდა შინაგან საქმეთა მინისტრის ახალი ბრძანება, რომლის მიხედვითაც იძულებითი ურინოტესტირება მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუკი ადამიანი კონკრეტულ მომენტში დანაშაულს სჩადის, არ ემორჩილება პოლიციას ან ცდილობს მიმალვას, ან როდესაც პოლიციის წყარო ოპერატიული ინფორმაციაა.

რა დასანანია, რომ სამინისტრომ რეალურად კი არ შეცვალა მიდგომა, არამედ ევროკავშირის მონიტორინგის ჯგუფის რეკომენდაციები მხოლოდ ფორმალურად, სხვის დასანახად გაითვალისწინა.

ურინოტესტირების შედეგებიდან (სამი ტესტირებულიდან მხოლოდ ერთს უდგინდება ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება) გამომდინარე შეიძლება ვიფიქროთ, რომ პოლიცია ამ პრაქტიკას, ერთი მხრივ, დანაშაულის გახსნის მაჩვენებლის გასაზრდელად იყენებს, მეორე მხრივ კი, პოლიტიკური თუ სხვა ტიპის ოპონენტებზე ზეწოლისათვის. ახალი ბრძანება უკვე ძალაში იყო შესული, როდესაც ურინოტესტირებამ ფეხბურთის ფედერაციის თავმჯდომარის არჩევნების ბედი გადაწყვიტა. ურინოტესტირების შემდეგ მალევე გარდაცვლილი ლევან აბზიანიძის სისხლში, მისი ოჯახის წევრების განცხადებით, შარდმდენის კვალი დადასტურდა...

თუკი საქართველოში არ მოხდება ნარკოპოლიტიკის რეალური ჰუმანიზაცია, ყველაფერი იქით წავა, რომ ერთ პატარა რევოლუციას ჩვენც მივიღებთ, რადგან ჩვენს დებს, ძმებს და მეგობრებს აღარ შეუძლიათ ძველებურად მოფსმა. შსს კი მათ ამას ძველებურად ვეღარ აიძულებს. მოკლედ, პრობლემას, რომელზეც საზოგადოება იწყებს საუბარს, გვიან თუ ადრე აუცილებლად მოუძებნის გადაწყვეტასაც. ამის მაგალითი კი სულ ახლახან ვნახეთ, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლომ ბექა წიქარიშვილის სარჩელი სრულად დააკმაყოფილა. სასამართლომ განმარტა, რომ 70 გრამამდე მარიხუანის შეძენა-შენახვისთვის 7-დან 14 წლამდე საპატიმრო სასჯელი წარმოადგენს არაჰუმანურ, სასტიკ და ღირსების შემლახველ მოპყრობას და წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან. სასამართლოს დეკრიმინალიზაციაზე არ უმსჯელია, რადგან ეს არ წარმოადგენდა დავის საგანს. რაც შეეხება დეკრიმინალიზაციას, მიმაჩნია, რომ ეს მხოლოდ დროის საკითხია.