განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 2018 წლის ნოემბერში ზუგდიდის მე-6 სკოლა შეამოწმა და დირექტორის გადაყენება მოითხოვა. სკოლის სამეურვეო საბჭო სამინისტროს არ დაეთანხმა. დირექტორი, ია კერზაია, შეუძლოდ გახდა და რამდენიმე დღის შემდეგ გარდაიცვალა. მანამდე კი საჯაროდ ამბობდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში დახმარებაზე მმართველ პარტიას უარი უთხრა და ამისთვის სჯიდნენ. გარდაცვლილის შვილი უფრო დეტალურად ჰყვება იმავე ამბავს და გამოძიებას ითხოვს.

სკოლების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას მრავალწლიანი ისტორია აქვს. სამინისტროს ის დანაყოფი, რომელსაც ხან გენერალური ინსპექცია ჰქვია, ხან აუდიტის სამსახური, ხან ინსპექტირების სამსახური, საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელების დაშინებასა და გათავისუფლებაში მრავალი წელია, გაწაფულია. საზოგადოების ნაწილი კი განათლების დეპოლიტიზაციას ითხოვს.

თუმცა, განათლების სისტემის დეპოლიტიზაციის მოთხოვნა გარკვეულ აზრობრივ შეცდომას შეიცავს. თავად განათლების სისტემა პოლიტიკის შედეგად ყალიბდება და პოლიტიკურ მიზნებსაც ემსახურება. ამ სისტემის დახმარებით ვითარდება საზოგადოების წევრებში სოლიდარობის, პატრიოტიზმის, ტოლერანტობის, ემპათიის, ტრადიციების პატივისცემის ან ინოვაციურობის გაზიარებული ღირებულებები.

პოლიტიკური ვითარების შესაცვლელად ჩამოყალიბდა საქართველოში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებაც. სკოლებს, რომლებიც ამ გაერთიანებამ დააარსა, მკაფიოდ გაცნობიერებული მიზანი ჰქონდა – იქ საერთო ქართულ იდენტობას აყალიბებდნენ. იაკობ გოგებაშვილი თავის დედა ენას სამხედრო გემსაც კი ადარებდა, რომელიც მდინარეების ხეობებით საქართველოს მიუდგომელ ადგილებში ადის და ნაღმებს დებს არსებული ვითარების შესარყევად.

გერმანიაში თავის დროზე საჯარო სკოლები ბიუროკრატიის აღსაზრდელად გამოიყენებოდა. აშშ-ში საყოველთაო განათლების სისტემის ერთ-ერთი მთავარი მიზანი კი თავიდანვე იყო საფუძვლის ჩაყრა საკუთარი ცხოვრების დემოკრატიულად მოწყობისთვის. დემოკრატიულ საზოგადოებას განათლებული მოქალაქეები ქმნიან. დემოკრატიისთვის საჭიროა, რომ მოქალაქეებს პოლიტიკაში ჩართვა, პოლიტიკური პროგრამების რაციონალური გააზრება და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება შეეძლოთ. ამ მიზნის გააზრებით ცდილობდა სასკოლო სისტემის განვითარებას დაახლოებით მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში, მასაჩუსეტსში, ჰორას მანი.

 

 

ჩვენი სკოლებიც ვერ იქნება პოლიტიკისგან დაცლილი, სანამ მას საზოგადოებრივი მიზნებიც ამოძრავებს. პოლიტიკური მოტივაციიდან გამომდინარე ისწავლება ყველა სკოლაში ქართული ენა და საქართველოს ისტორია. არა მხოლოდ ჰუმანისტური, არამედ პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარეც უნდა ვეხმარებოდეთ საზოგადოების ახალგაზრდა წევრებს, რომ თანადგომის, ტოლერანტულობის, მეწარმეობის, სამოქალაქო სიმამაცისა და ცნობისმოყვარეობის ძალა და უნარ-ჩვევები განივითარონ. ამ და სხვა ღირებულებებს უნდა ეფუძნებოდეს პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რომელთაც შემდეგ ახალი თაობები მიიღებენ. ამ ღირებულებების გამზიარებელ საზოგადოებას შეუძლია შიდა თუ გარე კონფლიქტების შემცირება, განსხვავებული კულტურის, წარმომავლობისა და მიზნების მქონე ადამიანებს შორის საერთოს პოვნა.

რადგან განათლების პროცესის დეპოლიტიზაცია არა მხოლოდ არასასურველია, არამედ შეუძლებელიც, საგანმანათლებლო სისტემას სჭირდება არა დეპოლიტიზაცია, არამედ პარტიული პოლიტიკისა და ძალაუფლების სტრუქტურებისგან გამიჯვნა. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში არაერთი მაგალითი გვაქვს იმის, თუ როგორ რყვნიდა ვიწრო პარტიული თუ კერძო ინტერესი საგანმანათლებლო სისტემას. მაგალითად, 2010 წელს, როდესაც სკოლებში გამოსაშვები გამოცდები შემოიღეს, სკოლის მოსწავლეების ნაწილმა ეს გადაწყვეტილება გააპროტესტა. საქმე პარლამენტის წინ შეკრებამდეც მივიდა. მმართველმა პარტიამ უკან არ დაიხია, პროტესტანტი მოსწავლეების ვინაობა შეისწავლა და მათი სკოლის დირექტორები საჩვენებლად დასაჯა. რვა სკოლის დირექტორი სამინისტროში დაიბარეს და გადადგომა მოსთხოვეს. აქედან ერთი, 149-ე სკოლის დირექტორი, მაია გიორგაძე ამ მოთხოვნას არ დაეთანხმა. ძალაუფლების საჩვენებლად, არა მხოლოდ მაია, არამედ მისი მეუღლეც, რომელიც სხვა საჯარო სკოლის დირექტორი იყო, თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

რა ისწავლეს სკოლის მოსწავლეებმა ამ საჩვენებელი ეგზეკუციის პროცესში? ან რამდენად შეიძლება, მშობლებმა საკუთარი შვილები სისტემის მიერ დაშინებულ დირექტორებს ანდონ? ამგვარი ქცევით სახელმწიფოს ლეგიტიმურობას საფუძველი ეცლება, როდესაც, ერთი მხრივ, დეკლარირებულია დემოკრატიული ღირებულებები და, მეორე მხრივ, თითქოს დემოკრატიულად არჩეული პოლიტიკოსები ავტორიტარულად მართავენ პროცესს. განათლების სისტემა კი იმ მანქანად ყალიბდება, რომელსაც შეუძლია მოსწავლე მისი სკოლის დირექტორის დასჯით დააშინოს და ამგვარად მისი სამოქალაქო პოზიციის გამოხატვა შეზღუდოს.

ავტორიტარული მიდგომების გამოყენებისას განათლების სისტემა ყოველთვის პარტიის ინტერესს არ ემსახურება. ამის მიღმა ზოგჯერ კერძო გამორჩენა, ძალაუფლების მქონე ადამიანების პირადი სარგებელი დგას.

მაგალითად, დაახლოებით ათი წლის წინ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს-მა) შეუთვალა, ერთ-ერთი რაიონული რესურსცენტრის უფროსი უცხო ქვეყნის პარტიას ემსახურებაო. რესურსცენტრის უფროსს სრულიად განსხვავებული რეპუტაცია ჰქონდა, მუშაობდა არაქართულენოვანი სკოლების საქართველოს სისტემაში ინტეგრაციაზე, ეხმარებოდა ბავშვებს საქართველოს გაცნობაში, ქართული ენის შესწავლაში. დადიოდა ხმები, რომ მისი ადგილის დაკავება ადგილობრივი დეპუტატის ცოლს სურდა. მიუხედავად იმისა, რომ სუს-ის მიკერძოების შესახებ ინფორმაცია არსებობდა, მინისტრმა ეს ადამიანი სამსახურიდან მართლაც გაათავისუფლა. შეიძლება მართლაც შეთითხნილი იყოს ამ ადამიანის წინააღმდეგ ბრალდებები, მაგრამ რა ვქნა, სუს-ს როგორ დავუმტკიცო, რომ მათი ინფორმაცია ყალბიაო?

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განათლების სისტემის მართვაში სხვა გზებითაც ერევა. რამდენიმე წლის წინ, როდესაც სკოლის დირექტორების შერჩევის პროცესი მიმდინარეობდა, შესარჩევი კომისიის წევრები ჰყვებოდნენ, თუ როგორ იგზავნებოდა სუს-ში კანდიდატებთან გასაუბრების შედეგები. ერთი მიყვებოდა, რომ როდესაც სუს-მა შედეგები სამინისტროს დაუბრუნა, ერთ-ერთი კანდიდატისთვის მის მიერ დაწერილი უარყოფითი ქულა დადებითად გადაკეთებული აღმოჩნდა. შეიძლება გულუბრყვილო ადამიანს სუს-ის საქმიანობა სახელმწიფოს ინტერესებთან შეუთავსებელი ადამიანების გამოვლენა ჰგონია. თუმცა, როგორც ამ და სხვა მაგალითებიდან ჩანს, ძალოვანი ორგანოები კონკრეტული ადამიანების ინტერესების ლობირებითაც არიან დაკავებული.

განათლების სისტემის პოლიტიკური კონტროლი სკოლებით არ შემოიფარგლება. 2016 წლის გაზაფხულზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების პროტესტის ერთ-ერთი თემა სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჩარევა იყო უნივერსიტეტის მართვაში. სტუდენტების აზრით, სუს-ის საგანგებო დავალების ოფიცერი („ოდეერი“) უნივერსიტეტის კანცლერის არჩევნებში იყო ჩართული. სტუდენტებისა და მედიის ზეწოლის შემდეგ უნივერსიტეტის რექტორმა დაადასტურა კიდეც სუს-ის თანამშრომლის არსებობა თსუ-ში.

უამრავი სხვა მაგალითის გახსენებაც შეიძლება. არჩევნებისას საბავშვო ბაღებში, სკოლებსა და უნივერსიტეტებში თანამშრომლების მობილიზებას ახდენენ, რომ მმართველ პარტიას დაუჭირონ მხარი. თან, მნიშვნელოვანია, არ დაგვავიწყდეს, რომ პოლიტიკური კონტროლი სპონტანური გადაცდომების შედეგად არ ყალიბდება. პოლიტიკური კონტროლის მექანიზმები ინსტიტუციონალიზებულია და სწორედ მათი მოშლით, სისტემური ცვლილებებით უნდა დაიწყოს განათლების სფეროს გათავისუფლება.

სისტემურ ჩარევას მართლაც შეუძლია არასასურველი პოლიტიკური კონტროლის შემცირება. ამის მაგალითია სკოლების დაფინანსების მოდელის ცვლილება 2005 წელს. ამ დროს შემოიღეს სკოლების სულადობრივი დაფინანსების პრინციპი. სკოლების ბიუჯეტირება რაციონალურ პრინციპს – მათი მოსწავლეების რაოდენობას დაეფუძნა. მართალია, ამ პრინციპს მრავალი ახალი პრობლემა მოჰყვა, განსაკუთრებით კი იმ სკოლებში, სადაც ცოტა მოსწავლე სწავლობს, მაგრამ სკოლებით მანიპულირების შესაძლებლობა პოლიტიკოსებს შეუმცირდათ.

მანამდე, სკოლას ფულს ადგილობრივი ხელისუფლება ურიცხავდა. მახსოვს, როგორ მიყვებოდა იმერეთის ერთ-ერთი მაჟორიტარი დეპუტატი, თუ როგორ უთანხმებდა სკოლას დაფინანსების გაზრდას. ეს იმ შემთხვევაში მოხდებოდა, თუ სკოლის მასწავლებლები და მშობლები არჩევნებზე მას დაუჭერდნენ მხარს. საბედნიეროდ, დღეს სკოლების ბიუჯეტით ვაჭრობის საშუალება ხელისუფლებას ნაკლებად აქვს.

პოლიტიკური კონტროლისთვის შექმნილი და ინსტიტუციონალიზებული ერთი მექანიზმი უკვე ვახსენე – ე.წ. ოდეერი. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მანდატურების სამსახურიც სკოლების კონტროლისთვის და არა მხოლოდ სკოლებში მოსწავლეებს შორის კონფლიქტების შესამცირებლად შეიქმნა.

სწორედ მსგავსი გავლენების შეზღუდვით უნდა დავიწყოთ. შეიძლება ჩვენს სისტემაში ზედმეტად იდეალისტურად ჩანდეს, მაგრამ მნიშვნელოვანია ისიც, რომ განათლების სისტემის ხელმძღვანელები პოლიტიკური პარტიებისგან დისტანცირებულები იყვნენ. მინისტრი კონკრეტული პარტიის გამარჯვებით თითქმის არ უნდა იყოს დაინტერესებული, მას პროფესიული საზოგადოების მონაწილეობით უნდა ირჩევდნენ და მანდატსაც პირველ რიგში განათლების სფეროში ჩართული პროფესიონალებისგან უნდა ფლობდეს. ასეთი მოდელი ქმნის მეტ ალბათობას, რომ პარტიების ცვლილებებზე ნაკლებად იყოს დამოკიდებული სამინისტროს პოლიტიკის წყვეტაც.

აუცილებელია, სკოლების, საბავშვო ბაღების, უნივერსიტეტების თუ პროფესიული სასწავლებლების მართვაში საზოგადოების წევრები ჩაერთონ. მათ უკეთ შეუძლიათ, სწრაფად გამოააშკარაონ პარტიის ან სახელმწიფო მოხელეების უხეში ჩარევა, ვიდრე სამინისტროს დაქვემდებარებულ ხელმძღვანელებს.

ამ სისტემურ ცვლილებებთან ერთად, სახელმწიფო მოხელეები და პარტიებიც უნდა ვაიძულოთ, გაიაზრონ, რომ მათი ჩარევა საზიანოა მათი შვილებისთვის, მათი სახელმწიფოსა და მათი პარტიისთვისაც კი. უნდა დავარწმუნოთ, რომ ჩვენი შვილების აღსაზრდელად შექმნილი სივრცეების გამოყენება პარტიების და პარტიის მუშაკთა ოჯახების კეთილდღეობისთვის, ამორალური და სამარცხვინოა.