საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ზვიად გამსახურდიას გამოსვლა საქართველოს ტელევიზიით, 16 დეკემბერი, 1990

მე დიდი ხანია არ გამოვსულვარ ტელევიზიით და ამას ჰქონდა გარკვეული მიზეზები; მსურს გესაუბროთ უკანასკნელ ხანებში საქართველოში დატრიალებულ მოვლენებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით სამაჩაბლოს პრობლემებთან დაკავშირებით. როგორც იცით, ჩვენ გავაუქმეთ ეს უკანონო ავტონომია, მაგრამ ამას მოჰყვა ძალიან მწვავე რეაქცია ცენტრისა და თვით ადგილობრივი სეპარატისტებისა. საჭიროა ერთობლივი ძალისხმევა, ჩვენი ერთიანი შეთანხმებული მოქმედება, რომ ჩვენს მიერ სიტუაციის ნორმალიზაცია და რეგულირება მოხდეს. პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ ძალზე სასიხარულოა ცალკეული, ჩემთან ოპოზიციაში მყოფი პარტიების წარმომადგენელთა სასიკეთო შემობრუნება და გარკვეული გაგება ამ მოვლენებისა, დადებითი შეფასება. ეს ჩვენ ძალიან გვახარებს, მაგრამ ვთხოვ მათ, რომ ბოლომდე გაერკვნენ სიტუაციაში და ზოგიერთი უარყოფითი შეფასება ამის შემდეგ გააკეთონ. აი, მაგალითად, იყო გუშინ გამოსვლა ეროვნულ-დამოუკიდებელი პარტიის თავმჯდომარის ბატონ ირაკლი წერეთლის. მან პოზიტიურად შეაფასა ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ თქვა, თითქოს ჩვენ აქ შევიყვანეთ შინაგანი ჯარები, დავნიშნეთ რუსი კომენდანტი და ა.შ. ეს არ შეესაბამება სინამდვილეს, მეგობრებო. სინამდვილეში, ეს ჯარები იქ იყო. მოგეხსენებათ, საოკუპაციო ჯარი საქართველოში ჩვენ არ შემოგვიყვანია. ის სერგო ორჯონიკიძემ და სტალინმა შემოიყვანეს თავის დროზე და ამჟამად ამ საოკუპაციო ჯარის გაყვანასთან დაკავშირებით მინდა ვიმოქმედოთ ერთობლივად, კონსტრუქციულად და არა ცალ-ცალკე, არა რაღაც არაკონსტრუქციული წინადადებების წამოყენებით. პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს ჯარი სამაჩაბლოში იყო, ოდნავ გაიზარდა მხოლოდ კონტინგენტი და რუსი კომენდანტი არავის დაუნიშნავს. პირიქით, როდესაც ხსენებული პიროვნება გუშინ გამობრძანდა ტელევიზიით, უკვე დანიშნული იყო ქართველი შალამბერიძე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, რამაც გამოიწვია უმწვავესი რეაქცია ცხინვალში. სწორედ იმ დროს მიმდინარეობდა მიტინგი, რომელიც კატეგორიულად მოითხოვდა შალამბერიძის გადაყენებას კომენდანტობიდან და, რასაკვირველია, თავიანთი კანდიდატურის დანიშვნას. ამასთან, ცხინვალის ე.წ. ახალშეკოწიწებულმა მთავრობამ, ოსეთის ე.წ. საბჭოთა რესპუბლიკამ გააგზავნა ტელეგრამა საკავშირო შინაგან საქმეთა მინისტრ პუგოსთან, რომელშიც მოითხოვდნენ მათი ე.წ. მინისტრის კოჩიევის დანიშვნას სამხედრო კომენდანტად, რისი კატეგორიული წინააღმდეგიც, რასაკვირველია, ჩვენ ვიყავით და ამიტომ, თავიდან პირობითად ითქვა, რომ უნდა დანიშნულიყო პუზირნი. ეს იყო შინაგანი ჯარების რეკომენდაცია, მაგრამ ჩვენ არც ამას დავეთანხმეთ და დავნიშნეთ შალამბერიძე. ამან ძალზე მწვავე რეაქცია გამოიწვია თვით ადგილობრივი სეპარატისტების მხრიდან, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენ განზრახული გვაქვს, რომ არ შეიცვალოს ეს კანდიდატურა, ყოველ შემთხვევაში, არაქართველით. ჩვენ მას არ შევცვლით. ჩვენ ახლა ვიბრძვით ცენტრთან, თუ შეიძლება ითქვას, კონსტიტუციური ომია ამასთან დაკავშირებით. თქვენ მოგეხსენებათ ლუკიანოვის ამასწინდელი განცხადება. მან ბრალი დაგვდო კონსტიტუციურ შეტევაში, თითქოს ჩვენ გადავედით შეტევაზე საბჭოთა კონსტიტუციის წინააღმდეგ. ჩვენ საბჭოთა კონსტიტუციას თავის ფარგლებში არ ვეხებით, მაგრამ საქართველოს ტერიტორიაზე უნდა მოქმედებდეს საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუცია. ასეთია ჩვენი პოზიცია. მაგრამ ისინი უძახიან კონსტიტუციურ შეტევას საბჭოთა კონსტიტუციაზე. დაუკვირდით ამ ტერმინებს, ე.ი. ფაქტობრივად, დაწყებულია კონსტიტუციური ომი სამაჩაბლოს საკითხებთან დაკავშირებით. ასეთ დროს ჩვენ გვინდა გაგება, მხარში ამოდგომა და არა შეძახილებით და წამოძახებებით ხელის შეშლა. უნდა მოგახსენოთ, რომ ჩვენი მიზანია სამაჩაბლოში დაქვემდებარებული შინაგანი ჯარები დაუქვემდებარდეს ჩვენს მიერ დანიშნულ ქართველ კომენდანტს და აგრეთვე ჩვენს უზენაეს საბჭოს. და თუ ამას ჩვენ ვერ მივაღწევთ მშვიდობიანი პოლიტიკური საშუალებებით, მაშინ ჩვენ, როგორც განვაცხადეთ, ვართ ამავე დროს ეროვნული დაუმორჩილებლობის ორგანიზაციებისათვის მოწოდებული ინსტიტუტი. ჩვენ ყოველნაირ საპროტესტო აქციებით, გამოსვლებით ვაიძულებთ ცენტრს, რომ ანგარიში გაუწიოს ჩვენს მოთხოვნებს და დაგვიქვემდებაროს შინაგანი ჯარები ან საერთოდ გაიყვანოს სამაჩაბლოდან. აი, ასეთი არის ჩვენი პოზიცია. ეს მოგვცემს საშუალებას ქართული მილიციის შეყვანისას და სამაჩაბლოს მთლიანად გაკონტროლებისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალების მიერ. თუ ჩვენი ასეთი კონსტრუქციული და პოლიტიკური მეთოდებით მოქმედებამ არ გამოიღო შედეგი, მივმართავთ უკიდურეს ზომებს. ასე რომ, ჩვენ არავითარი საოკუპაციო ჯარი სამაჩაბლოში არ შეგვიყვანია – ძალზე უხერხული და არაკომპეტენტური შეფასება იყო მოყვანილი – თითქოს ისე ვიქცევით, როგორც სააკაძე, როცა შემოიყვანა შაჰ-აბაზის ჯარი. ჯერ ერთი, როგორ შეიძლება ამის თქმა, რომ სააკაძემ ქართველების წინააღმდეგ შემოიყვანა ჯარი, ხოლო ჩვენ იქ არსებულ შინაგან ჯარს ვცდილობთ მივცეთ ისეთი მიმართულება, რომ მან დაიცვას წესრიგი და ამოიღოს იარაღი, რომელიც დიდი რაოდენობით აქვს სამაჩაბლოს ოს ექსტრემისტებს. ასეთი შედარება ყოვლად დაუშვებელია, ასე რომ, ძალიან გთხოვთ, ჩაიხედოთ წინასწარ საქმეში, ვიდრე გააკეთებთ ასეთ ხმამაღალ განცხადებებს ტელევიზიით. შეისწავლონ როგორი ვითარებაა და შემდეგ გამობრძანდნენ, თუ რასაკვირველია, ჩვენი დახმარება უნდათ; თუ უნდათ, რომ საქართველოს სასიკეთოდ წარიმართოს ყოველივე. იყო აგრეთვე მეორე გამოსვლა. ზოგიერთი პიროვნება იქამდე მიდის, რომ ჩვენთან დაპირისპირებას ვეღარ ზომავს და აკეთებს საკმაოდ პროვოკაციულ განცხადებებს. ერთი დეპუტატი, მე არ მინდა დავასახელო, ამ დღეებში სერიოზულად გვეუბნებოდა, რომ ჩვენ რუსეთს, საბჭოთა კავშირს, ომი უნდა გამოვუცხადოთ ჩვენი შეიარაღებული ძალებით სამაჩაბლოს გამო. ეს ყოვლად აღმაშფოთებელი განცხადებაა. მე ვიტყოდი, ეს ან შეგნებული პროვოკაციაა, ან მომიტევეთ და ასეთი ადამიანის კრიტიკის, ასე ვთქვათ, ნორმალურობაში შეიძლება ეჭვის შეტანა.

ეს დეპუტატი სერიოზულად გვარწმუნებდა, და ის ბოლოს დიდ უმცირესობაში მოექცა – შეიძლება ითქვას, მთელ უზენაეს საბჭოს დაუპირისპირდა იმის გამო, რომ სამაჩაბლოში შემოღებულია კომენდანტის საათი ასეთი ფორმით. ვინაიდან ჩვენ სხვა გზა არ გვქონდა, ფიზიკურად არ შეგვეძლო მაშინვე გამოყვანა შინაგანი ჯარისა, უნდა გამოგვეცხადებინა კომენდანტის საათი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდა ის შინაგანი ჯარიც, ოღონდ ჩვენდამი დაქვემდებარებაში. ასეთი არის ჩვენი გეგმა და თუ ჩვენ ეს ვერ შევასრულეთ, დაგეგმილი გვაქვს სხვა ღონისძიებები. ამჟამად არ ამოგვიწურავს საშუალებები პოლიტიკური ზემოქმედებისა. დღეს ჩამოდის ჩვენი შინაგან საქმეთა მინისტრი მოსკოვიდან და, ალბათ საბოლოოდ გადაწყდება ამ ჯარების საკითხი. აქვე უნდა მოგახსენოთ, რომ ჯარები აღმაშფოთებლად მოქმედებენ. ოს ექსტრემისტებთან ერთად დაუპირისპირდნენ ქართველებს, ჩხრეკენ მხოლოდ ქართველებს. გუშინ ამოუღეს იარაღი უზენაესი საბჭოს დაცვის წევრებს. როგორც მოგეხსენებათ, ერთ-ერთი წევრი უზენაესი საბჭოს დაცვის, წმინდა ილია მართლის საზოგადოების წევრი რევაზ ურიდია მოკლულია. იგი შესანიშნავი ვაჟკაცი და უერთგულესი პიროვნება იყო. ეროვნული მოძრაობის აქტიური წევრი. ჯერჯერობით ჩვენ დამნაშავეთა დაპატიმრების საშუალება არ გვაქვს. მდგომარეობა მოგვარდება. მე პირობას გაძლევთ, რომ ჩვენ ვაიძულებთ ცენტრს, შეცვალოს თავისი პოზიცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაგვაჩნია ზემოქმედების სხვა საშუალებები. ასეთია მდგომარეობა სამაჩაბლოსთან დაკავშირებით. კომენდანტის საათი არ მოქმედებს. შეიძლება ითქვას, რომ შინაგანმა ჯარმა ჩვენ დაუმორჩილებლობა გამოგვიცხადა. ჩვენი მითითებები არ სრულდება. ჯერჯერობით იმართება მიტინგები, ექსტრემისტები ჯავშანტრანსპორტიორებში სხედან ჯარისკაცებთან ერთად და ქალაქში დადიან. ქალაქში დადიან აგრეთვე შეიარაღებული ბანდებით სავსე ნომერმოხსნილი მანქანები. ისინი ჩხრეკენ ქართულ მოსახლეობას, რასაც ჩვენ, რასაკვირველია, არ დავუშვებთ და უახლოეს ხანში ეს მდგომარეობა შეიცვლება. ხოლო, რაც შეეხება საოკუპაციო ჯარს, ვისაც სურს საოკუპაციო ჯარის დროულად გაყვანა საქართველოდან, ხელი უნდა შეგვიწყოს ეროვნული არმიის შექმნაში, ეროვნული გვარდიის ჩამოყალიბებაში, ამისათვის შიმშილობები კი არ არის საჭირო ჩვენს წინააღმდეგ, არამედ არაოფიციალურმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა უნდა ჩაგვაბარონ იარაღი, ჩააბარონ სახელმწიფოს, ჩაგვაბარონ, რასაკვირველია, გარკვეული პირობების გათვალისწინებით.

მართალია, იარაღი გვაქვს, მაგრამ კიდევ უფრო დიდი რაოდენობით გვჭირდება ეროვნული გვარდიისათვის. ჩაგვაბარონ ტექნიკა, რომელიც მათ მიტაცებული აქვთ და გააუქმონ არაოფიციალური, კონტროლიდან გამოსული შეიარაღებული ფორმირებები. სამაჩაბლოში მილიციის დროულად შეყვანა იმიტომ ვერ მოვახერხეთ, რომ მილიცია იყო კონცენტრირებული აქ, თბილისში, როდესაც დაიწყო მხედრიონის პუტჩი და მათი შეიარაღებული შიმშილობა ოპერის ბაღში. ამან ძალზე დააბრკოლა აქტიურობა სამაჩაბლოში. ვინაიდან მთელი ყურადღება თბილისზე და შავნაბადაზე იყო გადმოტანილი, სადაც აგრეთვე შეგროვილნი იყვნენ ეს არაოფიციალური, შეიარაღებული დაჯგუფებები. იყო თბილისში პუტჩის მცდელობა, „პარადის“ მოწყობის მცდელობა და სხვა. ამან დიდი ზიანი მიაყენა საქართველოს – სამაჩაბლოს კონტროლის ქვეშ აყვანა დროულად ვერ მოხერხდა. ამის გათვალისწინებასაც ვთხოვთ ჩვენდამი დაპირისპირებულ ძალებს. დაისახა პერსპექტივა ურთიერთგაგების, პოზიციების დაახლოებისა და პირველ რიგში, ეს უნდა გაითვალისწინოთ, მეგობრებო. ყველა თქვენგანის საყურადღებოდ ვამბობ: თუ არ შეიქმნა ეროვნული არმია, ჩვენ სერიოზულად ვერ შევძლებთ საოკუპაციო ჯარის გაყვანის საკითხების დაყენებას. გარდა ამისა, დიდი საფრთხეც არის, თუ არ იქნა ქვეყანა დაცული. ყველა უნდა გავერთიანდეთ ამ მიზნის მისაღწევად, ეროვნული არმიის, თავდაპირველად ეროვნული გვარდიის შესაქმნელად. მე მგონი ნათელია, რომ სხვა გზა ნამდვილად არ არის. ფეხების ბაკუნით, აქციებით საოკუპაციო ჯარს საქართველოდან ვერ გავიყვანთ, საჭიროა უფრო სერიოზული ზომების მიღება.

როგორც მოგახსენეთ, ვცდილობთ დავიქვემდებაროთ შინაგანი ჯარი, უწინარეს ყოვლისა, დავუქვემდებაროთ ჩვენს კომენდანტს. ამისათვის ჩვენ მშვიდი მდგომარეობა გვჭირდება. არ უნდა იყოს ჩვენთან შეუთანხმებელი აქციები და, რაც მთავარია, არ უნდა იყოს პარტიზანული მოქმედება სამაჩაბლოზე. მე მინდა განმეორებით ვთხოვო არაოფიციალურ შეიარაღებულ დაჯგუფებებს, შეიარაღებულ პიროვნებებს, რომ ჩვენთან შეუთანხმებლად არანაირი ნაბიჯები არ გადადგან, რომ არ განმეორდეს ისეთი ტრაგედია, რომელიც მოუხდათ ხსენებულ პიროვნებებს, შესანიშნავ ახალგაზრდებს, რომლებიც, შეიძლება ითქვას, კონტროლის გარეშე მოქმედებდნენ. უნდა ვიმოქმედოთ შეთანხმებულად. აი, ეს არის ჩვენი თხოვნა ყველას მიმართ. უნდა შეწყდეს ზოგიერთი დეპუტატის პროვოკაციული ბრალდებები რუსეთისათვის ომის გამოცხადების მოთხოვნით. ეს სიკეთეს არ მოუტანს საქართველოს, მეგობრებო, შეიძლება, ჩვენ ვიყოთ რაღაც ოპოზიციური ჟინით შეპყრობილი, ვცდილობდეთ ძალაუფლების ხელში ჩაგდებას, დაპირისპირებას ვინმესთან და მის დისკრედიტაციას, მაგრამ საქართველო არ უნდა გადავაყოლოთ ამას. ჩვენი პირადი კინკლაობა, პირადი კონფლიქტები არ უნდა შეეხოს ეროვნულ ინტერესებს, არ უნდა შელახოს იგი. მე ყველას ამისკენ მოვუწოდებ, ვისაც ვგულისხმობ, მე მგონია თქვენ ხვდებით. ასე რომ, არ არის ახლა ურთიერთბრალდებების, ურთიერთდაპირისპირებების დრო. გავერთიანდეთ და იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გავერთიანდებით, მივაღწევთ ყოველივე იმას, რაც მიზნად გვაქვს დასახული.

ღმერთი არს ჩვენთან! გაუმარჯოს დამოუკიდებელ, ერთიან, განუყოფელ საქართველოს!