მე-6 რიგის სიმულაკრი: ის ხდება ვირუსი და ამ ეპიდემიის შემდეგ რეალობა დაბრუნდება, როგორც ზიზღი, სიძულვილი ანუ ფსევდო-სიყვარული

ავტორები: ჟან ბოდრიარი, ზაქარია თავბერიძე, გიორგი ნამგალაძე

კორონას შობიდან და მას შემდეგ

დღეს ქუჩაში მხოლოდ ეჭვმიტანილები დადიან. ეჭვმიტანილები დანაშაულში, რომელიც მათ არ ჩაუდენიათ და სიკვდილიც წვეთოვანი გზატკეცილებით დაძრწის მეგაპოლისებში: ამ დროს ერთი თვალის ჩაკვრაც საკმარისია, რომ თანამოქალაქე პარანოიდული შიშებით დააავადო, ბაქტერიებით დააინფიცირო, დაავირუსო და სამუდამოდ შეაძულო თავი. 

ალბათ იცით, როგორ მოედო ვირუსი დედამიწას და მხოლოდ კულულა ბავშვები კისკისებენ, როგორც გამორჩეული, წარმატებული, მდიდარი, გადარჩენილი პროტესტანტები. რომში კი დიდი ტრაგედია ტრიალებს, რადგან პაპებს ახველებთ და საპენსიო ფონდები მოგების 1 პროცენტს კორონავირუსით დაავადებულთა სამკურნალო ფონდებში რიცხავენ. ასეთია სიკვდილის აბსურდული ბუნება. ახლა ჩვენს ქალაქებში მოხუცების ადგილი ნამდვილად აღარ არის - სჯობს მოვარიდოთ.

აპოკალიფსის დროს ვიღებთ საზარელ რეალობას, რომელიც ვირუსით საზრდოობს და პირიდან ანთხევს ლორწოვან ზიზღს. მოქალაქეები ვირუსის ზიზღით არიან აღვსილნი. გამოთქმა „ზიზღით ვარ აღვსილი“ თითქმის უპიროვნოა და ქალაქში შობილ ობიექტურ თუ უმიზეზო რისხვას გვიჩვენებს. ჩვენს წინაშეა ერთიანი საზოგადოებრივი მოვლენა,  ეპიდემია, რომელშიც საკუთარ გამოხატულებას პოულობს გარკვეული უნივერსალური პროცესი – მოსახლეობის კონცენტრაციისა და ვირუსთა წარმოების ზრდის პროცესი. ზიზღი მაშინ იჩენს თავს, როცა ადამიანებს ვირუსებისთვის იმეტებენ.

ამიტომაც, ამ პირობებში ვირუსის ცნება უნდა გაფართოვდეს. რადგან მატერიალური, რაოდენობრივი ვირუსები, რომლებიც დიდ ჩინურ ქალაქებში აჩქარებული წარმოებისა და გლობალური კონცენტრაციის შედეგად წარმოიქმნა, მხოლოდ და მხოლოდ უფრო დიდი ვირუსის სიმპტომებია: ნაჩქარევი, ქაოსური, რისკიანი განაშენიანების. ურბანული დაგეგმარების მოდელები, ქალაქის მაკეტები, რითიც გლობუსი დავტვირთეთ, ტოვებს აუარება ბაქტერიებს, მიკრობებს, ცოფიან ვირუსებს - ბიო ნარჩენებს, რომლებიც ბაზრებიდან თუ ლაბორატორიებიდან გამორბიან და ღამურებივით გვწოვენ სისხლს, როგორც საკუთარს. 

ყველაზე უარესი ის კი არ არის, რომ ჩვენს ირგვლივ სულ ვირუსებია, არამედ ის, რომ თავად ჩვენც ამ ვირუსად ვიქეცით. მთელი ბუნებრივი გარემო ინფექციად იქცა - გამოუსადეგარ, უსარგებლო სუბსტანციად, რომელსაც, როგორც ნაგავს ვეღარ ვიშორებთ.

ამასთან შედარებით ორგანული საწარმოო ნარჩენების უსასრულო მთები არაფერია. მთელი ბიოსფერო შესაძლოა მალე რაღაც არქაულ ვირუსად იქცეს, რომლის ადგილიც ისტორიის სანაგვეზეა. თუმცა, თავად ისტორია აღმოჩნდა საკუთარ სანაგვეზე გადაგდებული, სადაც თავს იყრიან არა მხოლოდ ჩვენს მიერ განვლილი, არამედ მიმდინარე და მომავალში გასავლელი მოვლენებიც;

ისტორია ანტისანიტარიული, დაბინძურებული ადგილი გახდა, სადაც - იმედისა თუ პროგრესის ნაცვლად - მეტამორფოზის, მუტაციის, ფერიცვალების მომლოდინე ბაქტერიები მატლებივით ფუთფუთებენ, რომ ფრთები შეისხან და ქალაქებს ჰიჩკოკის ჩიტებივით შეუტიონ.

როცა სანიმუშო პოლისებს აშენებენ, ქმნიან სანიმუშო ფუნქციებს ან სანიმუშო ხელოვნურ ანსამბლებს: თვალსაჩინოებებს, ოპერის სახლებს, ცათამბჯენებს, ტაძრებს, მოლებს, სასახლეებსა და ბიზნესცენტრებს. ყველაფერი, რაც ამ ნაგებობებს გარს აკრავს, წარსულის უსარგებლო მემკვიდრეობად გარდაიქმნება, მაგალითად როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაცია თუ სამების ტაძარი გამოკვეთს მის გარშემო მიყრილ მიწურებს. მსგავსი განდევნილი სივრცეების რადიკალური შემთხვევებია თევზის სუნით აყროლებული, ანტისანიტარიული ბაზრები, გეტოები, ინფექციის კერები, რაც საქართველოშიც მრავლადაა.

არტერიული, ფართე ქსელების შექმნით თქვენ ჩვეულებრივი, ტრადიციული ურთიერთობის სივრცეს უდაბურ ზონად აქცევთ: დაწყვეტილ, დაჩეხილ კაპილარებად, რომელთაც ვამპირები დაეპატრონებიან. თუმცა, გაუდაბნოებისთვის გამეტებული პერიფერიებიდან, ვირუსები ისევ ცენტრებს, მოლებს, ქალაქებს უბრუნდება, როგორც განდევნილთა უნებლიე შურისძიება. ასე იწყება ეპიდემიები. 

ვირუსი არც ნიღბავს და არც მალავს არაფერს: ის ქმნის ახალს ძველის უარყოფით, მისი განადგურებით.

ბიოსფერო ძველებურად მოძრაობას წყვეტს: დავირუსებული სივრცეები, ისევე როგორც ადამიანები, უმუშევრები რჩებიან. ვირუსებმა დაკეტეს რესტორნები, დუქნები, კაფეები, ბარები, კლუბები, ფაბრიკები და ოფისების მთელი კვარტლები. ანტივირუსის გამოჩენამდე ისინი სამუდამო სიცარიელისთვის იქნებიან განწირულნი.

ამის მთავარი მიზეზი ეკონომიკური სპეკულაციები გახლდათ, შედეგი კი ეკონომიკური კრიზისი იქნება. 

რადგან სისტემამ ვერ მოახერხა ჩერნობილის რეაბილიტაცია, თავად დაემსგავსა ჩერნობილს. ეს სახლები მეწარმე ადამიანის უსულგულობის ძეგლებს წარმოადგენენ - და ჩნდება კითხვა, როგორ უნდა სძულდეს და ეზიზღებოდეს ცივილიზაციას საკუთარი თავი, რომ ამდენ ნაგავს, ბაქტერიებს, ვირუსებს ქმნიდეს საკუთარი თავისგან

- შრომობდეს საკუთარ უსარგებლო ნაგებობაზე, აგებდეს ქალაქებს და მეტროპოლიებს, უზარმაზარ, უვარგის მექანიზმებს, რომლებიც უსასრულოდ გაიმეორებენ საკუთარ თავს; ესენი ფანტომები არიან: Ghost-towns, Ghost-people.

თავად ადამიანებიც უკვე დიდი ხანია განუწყვეტლივ ქმნიან საკუთარი თავისგან ნარჩენებს და წარმოების მანკიერ წრეში ჩართვის ხვედრიც ვირუსების მომსახურებაა, სადაც შრომა კი არ ქმნის კაპიტალს, როგორც სიკეთეს, არამედ შრომა ქმნის ბიო-ნარჩენებს - როგორც ბოროტებას.

თავად წარმოება კი ნეიტრალურობის სიმულაციით სიკეთისა და ბოროტების მიღმა ცდილობს განდგომას, თავს ბუნებრივ, ნატურალურ, ობიექტურად გამართლებულ მოცემულობად ასაღებს. 

მძიმეა ლაბორატორიებში, ქარხნებში, მომსახურების ქსელებსა თუ საწარმოო პროცესში ჩართული მზარდი პერსონალის ხვედრი: ისინი განწირულნი არიან დავირუსებისთვის, როგორც სამუშაო ადგილებზე, ასევე სამლოცველოებში. ისინი დავირუსდებიან მაშინ, როდესაც ეზიარებიან ქრისტეს სისხლსა და ხორცს - ვერცხლის კოვზებით.

ჩვენი კულტურა ვირუსების წარმოების კულტურად იქცა. მეგაპოლისები, ჩვენი კოსმოპოლიტური ქალაქები მუდმივად ფორსმაჟორული აუცილებლობით განახლდებიან და განგაშით იქსოვება მათი სტაბილურობის მყიფე ქსელები. დღეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით აჭიანურებენ უფრო დიდი ჩირქოვანების გაჩენას. თუმცა, ურბანული დაგეგმარების ამ ეტაპზე და ტვირთბრუნვისა თუ სხეულების მიგრაციის თანამედროვე ქსელებში თითოეული ვირუსი უკვე ავტომატურად ატარებს ეპიდემიის რისკს. ამაში წვლილი არქიტექტორულ მონსტრებს, ლოჯისტიკის დრაკონებს, ლაბორატორიების ქსელებს, ანტისანიტარიულ ბაზრებს და მჭიდროდ დასახლებულ ცათამბჯენებს მიუძღვის, სადაც ვირუსი ისე ვრცელდება, როგორც დიდი ხანძარი ლონდონის ვიწრო ქუჩებში.  

არქიტექტურა და ქალაქთმშენებლობა ყველგან აფათურებს თავის ამბიციურ საცეცებს. ის მონსტრებს შობს, დანაწევრებულ და არაორგანულ, დეზინტეგრირებულ და დეზორგანიზებულ ურბანულ სივრცეს, რომელიც ხშირ დეზინფექციას მოითხოვს. ქალაქები ვირუსების  (მალარია, სიფილისი, შავი ჭირი, ესპანური გრიპი, ქათმის გრიპი, კორონავირუსი) გარშემო იცვლიან ფორმას და სწორედ ვირუსზე რეაქციას ეწოდება პროგრესი.

ეპიდემიის გარშემოც ისტორიული კრიზისები, კატასტროფები, პარადიგმული ჩიხები ვითარდება და შედეგად ფორმა ეცვლება არა მხოლოდ ქალაქების აწმყოს და მომავალს, არამედ წარსულსაც. ვირუსები რეტროსპექტულად ქმნიან საკუთარ მიზეზშედეგობრიობებს და წარსულის გადაწერით ნათელი ხდება მათი ქალაქში გამოჩენის მიზეზიც.

ეს ფოკუსი ემსახურება გადატვირთვას - ისტორიის დასასრულის თავიდან არიდებას, მის პერმამენტულ გადავადებას: ესაა ისტორიის იმგვარად განულება, რომ შესაძლებელი გახდეს ახალი წელთაღრიცხვა: ვირუსის შობიდან და მას შემდეგ.

ხატმებრძოლე ვირუსები და ტექნო-მეცნიერებები

ვირუსი ანგელოზებსაც კლავს. ინგრევა კერპები. დიდი ხანია თავისივე ნანგრევებში მოჰყვნენ ღმერთები: მოტორში, ორთქმავალში, ტელეგრაფში, აეროპორტებში, მეტროში, დიდ სუპერმარკეტში ხომ ჩამოიქცა ყველაფერი საკრალური?!

ვიცით, რომ დიდი ხანია ღმერთი მოკვდა და დღეს ის მხოლოდ ინდუსტრიალიზაცია/მოდერნიზაციის ნაწილია. ღმერთი მხოლოდ მოქალაქის თერაპიული, ფსიქოლოგიური, ტექნოლოგიური მოთვინიერების ფორმაა, რადგან მშრომელმა ლოცვის შემდეგ კვლავ შეძლოს შრომა ან აპოკალიფსის დროს არ დაკარგოს იმედი - მოძრაობის საბოლოო ენერგია. ტექნო-ღმერთი ემსახურება დისციპლინას, კონტროლს, სტატუს-კვოს და წარმოების აქსელერაციას, რომელიც საცვლელ/სახმარ ღირებულებასთან ერთად, ვირუსებს ბადებს.

ეპიდემიების ფონზე კი ღმერთი 2.0 ვერსიის, თავად გრანდ-მეცნიერების სიკვდილსაც ვესწრებით. მე-19 საუკუნიდან მოყოლებული მეცნიერება ღმერთის ადგილის დაკავებას ცდილობდა და ნაწილობრივ  წარმატებითაც. ცხადია, დიდი ხანია რაც გრანდ-მეცნიერება მკვდარია და ამის შესახებ მეცნიერების ნაწილი ისედაც ლაპარაკობდა: გრანდ-მეცნიერება მონადებად გაიშალა და გაიქსელა ფრაგმენტულ მეცნიერულ მეთოდებად, რომლებიც ჭეშმარიტების ნაცვლად, სიცოცხლისთვის აუცილებელ ტექნოლოგიებს აწარმოებენ. ამიტომაც, გასაკვირი სულაც არაა, რომ

მეცნიერება მეცნიერების სიკვდილის შემდეგაც აუცილებელ პრაქსისად დარჩა. ალბათ, ესაა მეცნიერების ზუსტი და პროდუქტიული ფორმა, როდესაც ის დაიგმობა, როგორც ჭეშმარიტი, როგორც ყოვლისშემძლე და მეორედ მოსვლის შემდეგ, ვირუსის შობიდან მალევე დაგვიბრუნდება, აღსდგება როგორც ტექნო-მეცნიერება. მისი მიზანი აღარაა სამყაროს ახსნა-ამოხსნა, მისი საიდუმლოებებისთვის ფარდის ახდა, კოსმოსში დარხეული ღვთის სიტყვის გაშიფვრა: ტექნო-მეცნიერება მხოლოდ ტექნოლოგიას ემსახურება

და არა ღმერთებს. სხვა ყველაფერი ფსევდო-მეცნიერებებია. ტექნო-მეცნიერებები, კი ამ ნაგვისგან სამოთხეს ნამდვილად ვერ შექმნიან, თუმცა, შესაძლოა ანტივირუსი, ვაქცინა და სხვა სიცოცხლისთვის აუცილებელი ტექნოლოგიებით მოგვამარაგონ.

მეცნიერების, როგორც ყოვლისშემძლეობის მითი კორონავირუსმა საბოლოოდ მოანგრია. ისე დაწვა, როგორც გაბრიელმა ლენინის ხატი. ლაბორატორიებში მოკვდა მოდერნიზაციის საბოლოო იმედიც, რადგან მეცნიერება აპოკალიფსის ასაცილებლად მზად არ აღმოჩნდა და ვირუსებიც გვამში დაგროვილი გაზებივით ეპარება.

ცხადია, მეცნიერება ვერ გახდება ვერც პრემოდერნული და ვერც პოსტმოდერნული, მეცნიერებას მოუწევს აკეთოს ის, რაც კარგად გამოსდის: ხელსაწყოები, რომელიც სასიცოცხლოდ გვჭირდება, როგორც ავადმყოფს ხელოვნური სასუნთქი აპარატი. მეცნიერება ვირუსს ვერ გააქრობს - ეს მხოლოდ ღმერთის საქმე იქნებოდა, რომელიც სადღაა?! 

ვნახეთ, რომ თუ ღმერთმა შეიძლება ჯვაროსნული ომები გამოიწვიოს, მეცნიერებამ შეიძლება ბიო-ომებს ჩაუყაროს საფუძველი. სტერილური ლაბორატორიები ვირუსების ფაბრიკებად იქცნენ; ისევე, როგორც ეკლესიებში იწარმოება ბოროტება, ასევე ლაბორატორიებში იწარმოება ვირუსები და ორთავე თავისივე ორთავიან ნაყოფთან იწყებს ბრძოლას. პარადოქსი ისაა, რომ ამ ყველაფრის შესაჩერებლად რაც დაგვრჩა, მართლაც ტექნო-მეცნიერებებია.  

კრიტიკული მასა და კლაუსტროფობია 

კრიტიკული მასის ცნება მატერიიდან და მისი შემსწავლელი მეცნიერებებიდან, ფიზიკიდან და ქიმიიდან მოდის, ანუ კოსმოლოგიიდანაც, რომელიც ნებისმიერ ჰუმანიტარულ მეცნიერებასთან შეიძლება გამოიყენო. ჩნდება კითხვა, მართლაც არის თუ არა ადამიანი სოციალური არსება. ამას დარწმუნებით ვერ იტყვი; ყოველ შემთხვევაში, ადამიანის სოციალურ არსებობას თავისი საზღვრები გააჩნია. მოსახლეობის შემჭიდროვებას, მილიონობით ადამიანის თავმოყრას ქალაქის ტერიტორიებზე, მათ თანაცხოვრებას აუცილებლად მივყავართ ეპიდემიის რისკის ზრდამდე და ეს იმითაა განპირობებული, რომ

დაჩქარებული წარმოებისა და კონკურენციის პირობებში ადამიანები თითქოს ურთიერთანულირდებიან: მათ სხეულებს ვირუსები ეპატრონებიან და ეს კი უკვე სოციალური ყოფიერების საწინააღმდეგოა, ან პირიქით, სოციალურობის პიკია. ვირუსია სოციალურობის უკიდურესი გამოვლინება, რომელსაც ასოციალურ კარანტინამდე, იზოლაციამდე და კლაუსტროფობიამდე მივყავართ.

თანამედროვე ისტორიის ჰორიზონტზე მასების გამოჩენა სოციალურობის ხანის დადგომასა და ამავე დროს მისი კატასტროფული ნგრევის შესახებ გვაუწყებს. ამაში მდგომარეობს კრიტიკული მასის პრობლემა. ცნობილია მისი კოსმოლოგიური გადაწყვეტა: თუკი სამყაროს მასა რაღაც ზღვარზე დაბალია, სამყარო აგრძელებს გაფართოებას და big bang (დიდი აფეთქება) უსასრულოდ გრძელდება. თუკი ზღვარი გადალახულია, იწყება იმპლოზია და სამყარო იკუმშება. ეს უკვე big crunch-ია (დიდი შეკუმშვა) ანუ ეპიდემია. თუმცა, კოსმოლოგიური გადაწყვეტა შესაძლოა კონსპირაციის თეორიაში აგვერიოს და ეპიდემია სამყაროს ჩანაფიქრს დავუკავშიროთ მაშინ, როდესაც მისი მიზეზი ის მიწაზე განრთხმული მატერიალური ქსელებია, რომელთა წარმოებაში მონაწილეობა ჩვენ თვითონ მივიღეთ. 

ჩვენი დაბერილი არტერიები, ღირებულების ჯაჭვები, ლოჯისტიკის ქსელები და მსოფლიო სავაჭრო გზები გვაფიქრებინებს, რომ ჩვენ სწორედ ახლა ვლახავთ კრიტიკული მასის ზღვარს, როცა ნებისმიერ მომენტში და ნებისმიერ ადგილას იზრდება დაინფიცირების რისკი. ამას კი მოჰყვება ავტომატური შეკუმშვის, მკვეთრი რევერსიის საშიშროება, big crunch-ი.

უკვე გადავაბიჯეთ ამ ზღვარს, წარმოების აქსელერაციით კატასტროფა უკვე მოხდა, რადგან წარმოებაში პროდუქციასთან ერთად ვირუსებიც გავრცელდა და ჩვენი ამჟამინდელი ტექნოლოგიური რესურსი მის დროულ შეჩერებას ვერ უზრუნველყოფს: ქსელში აქსელერაციის რისკების დაზღვევა, უსაფრთხოების მექანიზმების ინსტალაცია დაგვიანდა. ნაციონალურ საზღვრებში გამომწყვდეული ჯანდაცვა, სურსათის უვნებლობა, ლაბორატორიული შრომის ეთიკა და სხვა მსგავსი მექანიზმები გლობალური კრიზისების აცილებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

ვირუსი რეპროდუქციისთვის ზუსტად იგივე სავაჭრო ქსელებს იყენებს, საიდანაც ჩაი და ყავა, კარტოფილი და კომპიუტერული, Reebok და სუნელები უნდა გავრცელებულიყო, მაგრამ ამ სიკეთეების ნაცვლად, კარებზე მკვლელმა მოგვიკაკუნა. აი, რა გამოვიწერეთ და რა ჩამოგვივიდა.

თურმე, ვირუსიც იმავე გზებით მოძრაობს, რა გზებითაც მარკო პოლო, გაყინული ღორის ხორცი, თბილისში ჩამოსული ტურისტი, პარფიუმერია, ამანათები, მონღოლი მეომარი, თუ წმინდა ნინო მოძრაობდა.

ვირუსი გლობალურ ქსელებს კეტავს და მისი არტერიები იბიდნება, სისხლს ვეღარ ატარებს: “ალი ექსპრესიდან” ამანათების მიღება გართულდა ისევე, როგორც “ამაზონიდან” და საზღვრებზე გაფუჭებული, დაობებული პროდუქცია, დავირუსებულ, დაინფიცირებულ სხეულებთან ერთად, უსასრულო რიგებში იცდიან. გადატვირთულ კლინიკებს მიღმა დარჩენილი ავადმყოფები სიკვდილს ისევე ელოდებიან, როგორც სარფის საბაჟოზე მოწყენილი ტრაილერის მძღოლები - მწვანე შუქს. 

Big crunch-ის პარალელურად, დაკეტილ ქვეყნებში ვირუსები გეომეტრიული პროგრესიით მრავლდებიან და  არ გაჩერდებიან, სანამ არ მიაღწევენ საკუთარი წარმოების მაქსიმუმს - ამისთვის კი მთელი „ჯოგის“ დაინფიცირება იქნება საჭირო. ჩვენ გადავლახეთ კრიტიკული მასის ზღვარი და ახლა ველოდებით, როდის იზამს ვირუსიც იმავეს, რათა მისი წარმოებაც ისევე შეჩერდეს (Big crunch), როგორც პროდუქციის წარმოება შეგვიჩერა. მოსახლეობის არნახული ზრდის ფონზე კონტროლის ქსელები, უშიშროების ორგანოები, ჯანდაცვის გლობალური ორგანიზაციები, ლაბორატორიები და უსაფრთოხების სისტემემები დაცულობის განცდას ვეღარ აწარმოებენ და მის ნაცვლად შემოდის სიკვდილი, რომელიც დიდი ხანია კულისებში იმალებოდა:

სიკვდილის დავიწყებას ნაივური სოფიზმით, იაფფასიანი CBT თერაპიებით, კომერციული მედიტაციის სეანსებითა და ცათამბჯენების ტერასებზე მოწყობილი იოგას სახლებით ვცდილობდით. ამის ფონზე, რა გასაკვირია, თუ თანამედროვეობის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მენტალური ჯანმრთელობაა. 

უსაფრთხოება, რომელიც შეიარაღებული თვალისთვის წლებია სიმულაციური იყო, ვეღარ ახერხებს, რომ ისიმულიანტოს. ამიტომ, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რამდენად მყიფე და მოწყვლადია ჩვენი წესრიგი და ჩვენი მენტალური ცხოვრებაც. ვისი ბრალია? ეჭვმიტანილი ბევრია, მაგრამ ამ ნივთმტკიცებებით ჭირს ჭეშმარიტების დადგენა, ჩნდება მითოლოგია, კონსპირაციის თეორიები, მაგრამ დამნაშავე მაინც დაუდგენელი რჩება. 

გაუხსნელი მკვლელობების სერია ინდივიდებში გულგრილობას შობს.

საყოველთაო გულგრილობის ატმოსფეროში ყველა თავის კონსპირაციის თეორიას ქმნის, საკუთარ ლოგიკას ებღაუჭება, საკუთარ მითოლოგიას აფართოებს და ყველა თავის ორბიტაზე მოძრაობს, როგორც თანამგზავრი.

სამოძრაო გზები აქ აღარ კვეთენ ერთმანეთს - ქუჩაში სხეულები ერთმანეთს ერიდებიან, რადგანაც ყველას ერთიდაიგივე მისია აქვს: მოიმარაგოს საკვები, გაიძლიეროს იმუნიტეტი და მოერიდოს ვირუსებს. ასე ფართოვდება დისკურსები და კონსპირაციის თეორიები, რომლებიც ერთმანეთის სიძულვილზე დგას და მათ შეტაკებამდე კარანტინი, თვითიზოლაცია აშორებთ. 

ისედაც დიდი ხანია კარანტინში ვართ, ერთმანეთისგან ძალიან შორს – გაუცხოებულები. ჩვენი სოციალურობა იყო ცალმხრივი თანაცხოვრება, სადაც დიალოგი პატარა საუბრებმა ჩაანაცვლა. ეს პოზიტიური ძალადობა, მინი მსჯელობები და ფსევდო-დიალოგი ვირუსივით გახლდათ გავრცელებული და რეფლექსიის, მსჯელობის, ვრცელი დიალოგის ენერგიას ისრუტავდა. შედეგი კლაუსტროფობიაა, რომელიც კლავს. 

სტალინი და ეგზორციზმი 

ასეთი გადატვირთვის საჭიროება მაშინ დგება, როდესაც ისტორია თუ პოლიტიკა ბანალობაში იძირება, როდესაც გლობალური სოფელი ვეღარ ბადებს ახალ განსხვავებებს და მხოლოდ მსგავსების მარადიული გამეორებით, შემაწუხებელი იგივეობის კვლავწარმოებას მიმართავს: რა ხანია ერთი მექანიზმით, ერთი და იგივე სახეები, ერთი და იმავე ტიპის ვარსკვლავები, გმირები - ავატარები იწარმოება: ამ წარმოებაში ერთი და იგივე ხალხი მდიდრდება მაშინ, როდესაც ერთი და იგივე ხალხი შიმშილობს.

პოლიტიკა გადაიტვირთება, როდესაც ისტორია თითქოს დასასრულს უახლოვდება არა იმიტომ, რომ გაიმარჯვა, არამედ იმიტომ რომ ახალს, განსხვავებულს ვეღარაფერს ქმნის. თავისივე ანტითეზის წარმოებაც კი უჭირს და წარმოსახვას კეტავს ისევე, როგორც დღეს გლობალური ქსელები ჩაიკეტა.

სტალინის შემდეგ ყველაზე რადიკალი მემარცხენე დაიბადა: მისი სახელია კორონავირუსი, რომელიც საკუთარი მკვლელობების სერიას კომუნისტური რეჟიმების მიღმაც ისევე აწარმოებს, როგორც მის შიგნით.

ამ მხრივ, ვირუსი სტალინზე მოქნილია და მოქმედების უფრო დიდი არეალი აქვს. დღეს ვირუსი ითარგმნება, როგორც შანსი, რომ დაიწყოს ისტორიის გადატვირთვა. როდესაც ტრაგედიაში შანსს ვეძებთ, მისი ზიანი მსხვერპლთშეწირვად აღიქმება: არის ამაში რაღაც პრეისტორიული, მომნუსხველი, სისხლიანი რიტუალი - რაღაც ანთროპოლოგიური სიხარულის მსგავსი. 

მსხვერპლთშეწირვის ხარჯზე ვირუსი წარმოსახვას აფართოებს. წარმოსახვა კი, ყველაზე მეტად მემარცხენეებს სჭირდებოდათ ორი რამისთვის: ერთი, რომ კაპიტალიზმის კოლაფსი წარმოედგინათ, მეორე - მოეაზრებინათ კოლაფსის შემდგომი ალტერნატივა. აქედან, პირველის ვიზუალიზაცია ვირუსმა შეძლო, მეორე თვითონ მემარცხენეებმა უნდა მოახერხონ (ყველაფერს ვირუსი ხომ ვერ გააკეთებს?). 

ამ მდგომარეობიდან გამოსვლა რთულია, ალტერნატივის არტიკულირების საჭირო ენერგია ვირუსმა სისხლივით შეიწოვა. ვირუსმა თვითონ ძალაუფლება შეჭამა, ძალაუფლების მექანიზმები, მისი გამტარი ქსელები დაავადა და არ ჩანს ენერგია, რომელიც შესაძლებელ ალტერნატივას, იმედს დასახავდა. გარშემო მხოლოდ ძველი ძალაუფლების ნანგრევებია: მორყეული ფსიქიკებით, მიტოვებული შენობებით, გაჩერებული სავაჭრო გზებით, დაცარიელებული სუპერმარკეტებითა და სხეულები მშიერი კუჭებით, რომლებიც მალე რუსთაველის მეტროს ესკალატორებზე ცარიელი ტომრებივით ჩაიკეცებიან.

ყველა დადებითი სწრაფვა, მათ შორის კრიზისის დაძლევის სწრაფვა უარყოფით „ლტოლვად“, ანუ გულგრილობად იქცევა. ლტოლვა ზიზღით იცვლება, აქტივიზმი - ვირუსოლოგიით. ვირუსისთვის ხელმისაწვდომი ხდება აბსოლუტურად ყველაფერი. ჩვენ უკვე ვეღარ ვარჩევთ, რა არის სასარგებლო და რა არა;

დავირუსებულ სამყაროში ვერ გადაწყვეტ, სადაა მშვენიერება და სად სიმახინჯე, ცუდი და კარგი, ორიგინალური და მოძველებული: გუშინ რაც აგზნებას იწვევდა, დღეს იწვევს ზიზღს:

სხეული, რომელიც სექსუალობის ობიექტი იყო გუშინ, დღეს დისტანციის ობიექტია, რომელსაც უნდა მოერიდო, რომელიც შენში კლავს ნებისმიერ ლიბიდოს, ლტოლვას და არ გიტოვებს მისით მონუსხვის არანაირ საშუალებას - გარდა პერვერსიისა. 

იწყება სექსუალობის მუტაციაც: მან უნდა შეძლოს და ვირუსების მიმართ მიმღები გახდეს, ნორმატიულობაში პერვერსია შემოიტანოს ან ვირუსი განდევნოს ინტერპრეტაციიდან, მის მიღმა დაიხუროს სხეულის აღქმა. ასეა თუ ისე, ჩვენს წინაშე დეზინფექციის სამუშაოა, რამაც სხეულს მიმზიდველობა უნდა შეუნარჩუნოს და გამიჯნოს მის შიგნით დაგროვილი ნაგვისგან.

აი, ახალი სექსუალური რევოლუცია. თუ კი მე-20 საუკუნის სექსუალობა ომებმა აწარმოა და მივიღეთ ორგია, 21-ე საუკუნის სექსუალობას ბიო-ომები აწარმოებენ და მივიღებთ მასტურბაციას, რაშიც ხანდახან შესაძლოა ერთმანეთს ხელი წავაშველოთ.

ორგანიზმიც კი ვერ არკვევს, რა არის  მისთვის კარგი და ცუდი. ვეგეტარიანელებიც დიდი დილემის წინაშე აღმოვჩნდით: ვეღარ ვიგებთ რა სჯობს: ბოსტნეულის დამარაგება, რომელიც სულ მალე დალპება, თუ ძროხის ფილტვების, ღვიძლის, ხრტილების გაყინვა, რადგან შემდგომ მოვხარშოთ ბორში და ვიოცნებოთ ავოკადოზე. გადაწყვეტილების მიღების შეუძლებლობა ნებისმიერ საგანს უვარგისს ხდის და დაცვის ერთადერთ ფორმად უკურეაქცია რჩება. შეზიზღება. ესაა ნამდვილი გულის რევა - ორგანიზმის იმუნური რეაქცია, რომლის დახმარებითაც იგი ცდილობს შეინარჩუნოს თავისი სიმბოლური ერთიანობა, ზოგჯერ სიცოცხლის ფასადაც.

ვირუსების გავლით ეშმაკი მხარზე დაგვაჯდა და ზიზღის გრძნობა საგრძნობლად გაიზარდა, რომელიც ყოველთვის შესამჩნევი სულაც არაა, რადგან ხშირად ფსევდო-სიყვარულში გვემალება. ზიზღი საშიშია, რადგან ამ დროს ადამიანი ყველაფერზე მიდის. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დახლები ცარიელია და სხეულები სიძულვილით სავსე. 

ნიუ იორკის იარაღების მაღაზიებთან დემოკრატების რიგია, რომელთაც კეპზე ძველი დროიდან მოყოლებული წარწერები შემორჩათ: Gun Control.

ამ გულგრილ, ზიზღიან, გაურკვეველ დროში რა გასაკვირია თუ არჩევნებში ისევ დონალდ ტრამპი მოიგებს? რა გასაკვირია თუ ევროკავშირი საბჭოთა კავშირივით დაინგრევა, რადგან ფსევდო-სიყვარულის რიტორიკამ ვერც გაერთიანება შეძლო, ვერც პარტნიორობა, ვერც კოლაბორაცია

და იტალიელებიც თავს მიტოვებულად გრძნობენ. ზიზღი მთელი თავისი ორაზროვნების მიუხედავად, მეტად აკავშირებს ადამიანებს, ვიდრე კონსენსუსი ან მჭიდრო ფორმალური ურთიერთობა. 

სად გაისვრიან ეს ახლად შეძენილი შაშხანები და მიწიდან ამოთხრილი კალაშნიკოვები? ცხადია, ვირუსებს ვერაფერს მოუხერხებენ. რჩება შთაბეჭდილება, რომ ადამიანი არც თუ ისე რაციონალური არსებობაა, როგორც ავსტრიულ თუ ამერიკულ სკოლებში ეგონათ. ისიც კი აღარ ვიცით, რა გვსურს, სამაგიეროდ, შესანიშნავად ვუწყით, რა აღარ გვინდა: აღარ გვინდა ვირუსი, რომელიც ძვალ-რბილში გაგვიჯდა. 

ვირუსების განდევნა მკურნალობის სულ უფრო ირაციონალურ ფორმებს ბადებს. მკურნალობა ეგზორციზმს უფრო ჰგავს, ვიდრე მედიცინას; ეს შელოცვის ახალი ნაირსახეობაა და ყველა თავისებურად ცდილობს ვირუსებისგან გათავისუფლებას: ნაკურთხი წყლით, ზიარებით, ანტიდეპრესანტებით, ჭაჭით, ანტიბიოტიკებით, ლიმონით, ნივრით, C-ვიტამინით, სალოსი წმინდანებით და პორნო ვარსკვლავებიც კი მზად არიან, ვირუსთან ბრძოლაში საკუთარი სხეულები ჩართონ.

ლუსიერის ჰიმნი და უმცირესობა

როგორც ზიმელი ამბობს, „არაფერია უფრო ადვილი, ვიდრე უარყოფა… და ფართო მასები – რომელთაც არ ყოფნით ძალა, რათა საკუთარ თავს საერთო მიზანი დაუსახონ – უარყოფაში აცნობიერებენ თავიანთ არსებობას“. ბიო-ომით დაღლილ სხეულებს კი ეზიზღებათ პოლიტიკური რეჟიმი, თუმცა ეს კონფორმიზმსაც არ გამორიცხავს. ზიზღი კლავს სოლიდარობას: მასაშიც და მიკრო-ტომებშიც - ყველა საკუთარ ნიჟარაში იკეტება.

ტუალეტის ქაღალდის მთები დღევანდელობის სიმბოლოდ იქცა. იქნებ ამაზე(ც) მიანიშნებდა ხელოვნება, როდესაც მუზეუმებში დიუშანის უნიტაზი და მანზონის ძღნერის კონსერვები გამოფინეს?!

ამიტომ ცრუა იმედი, რომ ვირუსი განსხვავებებს გააერთიანებს და ფრაგმენტაციით ჩატეხილ ნაპირებს ხიდად გაედება.

ერთიანობის განცდა, ერთ ქვაბში მოხარშვით მიღებული სიამოვნება პანიკური ეიფორიაა, რომელსაც სულ მალე აბსოლუტური ზიზღი და უფრო დიდი ფრაგმენტაცია ჩაანაცვლებს. მოდით, თავს ნუ მოვიტყუებთ: სწორედ ასეთი კულტურული მრავალფეროვნება, შემწყნარებლობა და სინერგია იწვევს გლობალურ უკურეაქციას. სინერგია ალერგიულია. ზე-ზრუნვას იმუნიტეტის გაქრობამდე მივყავართ; უსაქმოდ დარჩენილი ანტისხეულები თავად ორგანიზმს უჯანყდებიან. 

ვირუსები ჰომოფობიის, ქსენოფობიის, რასისზმის ახალ მიზეზად იქცევა. ასეთია, ზიზღის ბუნება: როგორც სხვა თანამედროვე ავადმყოფობა, იგი თვითაგრესიიდან და ავტოიმუნური პათოლოგიიდან მოდის. 

ვირუსი ნებისმიერი სახის განსხვავების სიმულაციური გაქრობის საშიშროებას აჩენს. ვიღებთ ეთნიკურ, გენდერულ, რასობრივ, კლასობრივ, კულტურულ განსხავებებზე დაფუძნებული ჩაგვრისთვის განწირულ მასას, რომელიც ერთიანობის, სიყვარულის, მშვიდობის ბანალური და ზიზღიანი რიტორიკიდან საზრდოობს. სწორედ ეს ცრუ-სიყვარული იქნება ახალი დროის დოქტრინა. 

ესაა ცინიზმის უკიდურესი ფორმა, როცა ზიზღი იწყებს სიყვარულის ხელით ჩაგვრას. აქედან ჩნდება გაბოროტების უკიდურესი გრძნობა, საკუთარი თავის სიძულვილი: არაღიარების, განდევნის გამო დაბადებული ზიზღი.

გეტყვიან, რომ დღეს ყველა სხეული ერთნაირად საზიზღარია, რადგან პრინციპულად ყველა თანასწორად მოწყვლადია ვირუსის წინაშე და ამიტომაც ყველა თანასწორად იჩაგრება. თუმცა, ეს არ გადაფარავს, რომ ზოგი უფრო მოწყვლადია, ზოგი უფრო საზიზღარია, ზოგი უფრო იჩაგრება, ვიდრე სხვები. თანასწორები მხოლოდ ნეკროპოლისებში განისვენებენ.

ამ პროცესს უმცირესობებისა თუ ჩაგრულთა მხრიდანაც მოჰყვება ზიზღი, ან სტოქჰოლმის სინდრომზე დაფუძნებული ცრუ-სიყვარული. მსგავსი ტიპის ჩაგვრა კარგადაა ცნობილი ოჯახური ძალადობის მსხვერპლთათვის, ვინც სიყვარულის სახელით ჯერ აწამეს, მერე ან მოკლეს, ან თავი მოაკვლევინეს. ამიტომაც, მოსალოდნელია კონფლიქტური სამეზობლოების გამრავლება. ეს იქნება უფრო ზიზღიანი ვიდრე - აქამდე. ეს საფრთხე ვალუტის კურსთან ერთად იზრდება: ის ინფლაციიდან, დაცარიელებული ხაზინებიდან იკვებება.  

ზიზღისა და ზიზღიანი ფსევდო-სიყვარულის მიღმა არც დარჩა სივრცე, სადაც გაერთიანებას და სოლიდარობას ვიგრძნობთ. ამიტომაც, უბრანული ტომები საკუთარ ზიზღში ერთიანდებიან და ერთმანეთიც იმიტომ უყვართ, რადგან ერთი და იგივე ადამიანები და არაადამიანები ეზიზღებათ - ერთნაირად ირევენ გულს.

მართალია აპოკალიფსი არ იქნება, მაგრამ იქნება მისი მუდმივი მოლოდინი, მისი უსასრულო გამეორება, რადგან გაცხადდა, რომ ვერც ანტიქრისტეს განზრახვას ჩავწვდით და ვირუსებისაც ბევრი არაფერი გაგვეგება. ამიტომაც, მომავალი ეპოქა პერმამენტულ განკითხვის დღედ გაიწელება.

მაცდურია ანტიქრისტე ბოლო ჟამისას, რადგან აღარ განირჩევა ქრისტესგან: ისინი მხოლოდ ერთმანეთს ირეკლავენ, და ანარეკლებში ისე გაქრებიან, როგორც უსასრულო გამეორებაში გაუჩინარებული ლუსიერის ჰიმნი კარანტინიდან: I am sitting in a room different from the one you are in now. I am recording the words of my thinking and I am going to write them into the text again and again…