საკუთარ წიგნში "ახალგაზრდა კაცები, დრო და მოწყენილობა საქართველოს რესპუბლიკაში" მარტინ ფრედრიკსენი წერს: მართალია, მთავრობამ წარსულად გამოაცხადა ბარიგებით, მაზავშიკებით, ძველი ბიჭებით და არიფებით დასახლებული კრიმინალური მიწისქვეშეთი, მაგრამ დაბალი სოციალური ფენებისთვის ის დღემდე რეალურზე რეალურ აწმყოდ რჩება. ქუჩას ყოველთვის გაჭირვების სუნი აქვს და მისი ამ ფორმით არსებობის მიზეზი ვიღაცების ბოროტი ნება და კრიმინალური მენტალიტეტი არ არის. უბნებში გადანაწილებული ბიჭები ნარკოტიკებითა და კრიმინალით ცარიელი ცხოვრების ამოვსებას ცდილობენ.

მაშინ რა ჩავაბარეთ წარსულს? – კითხვა უფრო თამამად უნდა დავსვათ და, პირველ რიგში, ამ ყველაფერზე საუბრის ტაქტიკა შევცვალოთ. უნდა „გადავაყენოთ“ აწმყოს მონოლოგი წარსულის შესახებ, იმიტომ, რომ არც ის დამთავრებულა, რასაც ძველ დროს ვუწოდებთ და არც მომავლის დამაჯერებელი პროექტი გვაქვს. ასე ზემოდან და ზედაპირულად ქუჩის შესახებ მსჯელობის ფუფუნება მხოლოდ პოლიციას ამოფარებულ ელიტას შეიძლება ჰქონდეს. თვალი უნდა გავუსწოროთ იმას, რაც ჩვენ გვერდით, ჩვენი ყოველდღიურობის პარალელურ ყოველდღიურობაში ხდება. ამიტომაც ამ ტექსტს არც ინტერვიუს და არც ანალიტიკური მსჯელობის ფორმა არ მივეცი, პირიქით, შევუნარჩუნე ზუსტად ის სტილი, რაც ნახალოვკაში, ლითონების ჩამბარებული პუნქტის სარდაფში მეგობრებთან საუბარს შეიძლება ჰქონდეს. იქ ბექა წიქარიშვილთან და გიგა ბრეგვაძესთან ერთად მივედი. ბეტონის კედლებს შორის, ჟანგიან სასწორზე დაახლოებით 2 კილო სპილენძს წონიან. კლიენტი სამოც წელს მიტანებული მამაკაცია, რომელიც უნდობლად გვიყურებს. ჩვენ გარდა, საუბარს ლაშა, ბესო, ლაშას მეუღლე ნინო მინდიაშვილი და ადვოკატი ნინო გელაშვილი უნდა დაესწრონ.

ლაშას 0.0009 გრამი დეზომორფინის შენახვის გამო 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მის დასაჭერად პოლიციამ მისივე მეგობარი ბესო გამოიყენა, რომელსაც პოლიციის თანამშრომლები წამლის დამზადებას და ლაშასთვის გაკეთებას სამი თვის განმავლობაში აიძულებდნენ.

ბესომ ეს აღიარა და ღიად დაუპირისპირდა პოლიციას. ამიტომ მას დღესაც ემუქრება დაპატიმრების და შურისძიების საფრთხე. ბესო სამი ომის ვეტერანი, ქუჩისა და დანარჩენი საქართველოს ისტორიაში გამოწრთობილი კაცი და წამლის სტაჟიანი მომხმარებელია.

რომელ სალონში შეიძლება ნახო უკეთესი თანამოსაუბრე?

ფასადების უკან გადამალული რეალობის გამოტანამ ახალი პოლიტიკური კითხვების დასმისა და მოქმედებისკენ უნდა გვიბიძგოს. სწორედ ამიტომ, ეს ტექსტი თანამოაზრეებსა და მეგობრებს შორის პრობლემების შესახებ გამართული პოლიტიკური დისკუსიაა და არა ქუჩის რომანტიზების ან ქველმოქმედი ემპათიის გაჩენის მცდელობა.

მე: რა ხდება დღეს ქუჩაში, რამეზე ატყობ, რომ სხვანაირია, რა შეიცვალა?

ბესო: რაღაცები შეიცვალა. უფრო სწორად, ბევრი რამე. ქურდების გაქრობამ გააუარესა სიტუაცია, ეხლა ვიღაც ბენდენადაკრული ბიჭები გამოჩნდნენ, ყველაფერი იციან და სინამდვილეში არაფერი იციან.

მე: ვინ არის ქუჩის ახალი თაობა – ეს „ბენდენიანი ტიპები“?

ბესო: ვაბშე ქუჩასთან არაფერი საერთო არ აქვთ. პროგრამაზე დადის 22 წლის ბიჭი და იმის მაგივრად, რო წავიდეს თურქეთში, ხელი გაანძრიოს, „გერაინი“ დაითრიოს, მოდის და 50 წლის კაცს, რომელსაც ხელი აქვს მოწერილი „მორფინისტობაზე“, ამცირებს და წინ უხტება. დეგენერატები არიან. ევროპაში 11 ათასი დოლარის წამალი მაქვს ერთ დღეში ნაყიდი. 7 ათასი დოლარი სირეცში გადავიხადე და 4 ათასი კოკაინში. ბერძენი იყო და იმას ვუჩალიჩე მანქანის ბაზარზე, მანქანა გავუწიე. 93-ში წავედი აქედან.

ნინო: შევარდნაძის დროს იცოდნენ, ვინ რას აკეთებდა, დაგხვდებოდნენ სახლთან, მიცემდი ფულს. „პოსლეზე“ იყო გამოშვება, სამჯერ ყავხარ მაგალითად გაშვებული და ვალი გაქვს. ვალად გამოუშვიათ და მთელი ამბები იყო ხოლმე (ყველა იცინის). მერე მიშა რომ მოვიდა, ეს ფული უკვე სახელმწიფომ ჩაიგდო ხელში. მიშას დროს ყველაზე იცოდნენ, ვის რა ქონება აქვს და ქონების მიხედვით კომპიუტერი აგდებდა, ვინ იყო დასაჭერი.

ნინო: აი, ჩვენი უბნელი დათო, ყველაფერი დაიწყო მარიხუანას მოწევიდან და მერე საპროცესოები მიყვა და მოუწია ორსართულიანი სახლის გაყიდვა. ბევრჯერ რომ მოიხმარა, მერე ციხე, მერე ისევ საპროცესო და მთელი ამბები, ყველაფერი ამ საპროცესოებმა მოიტანა. ეხლა დაჟე სკოლის მოსწავლეები რაღაც ტაბლეტებს სვამენ.

მე: რეალურად თბილისში ყველაფერი ცენტრშია კონცენტრირებული, ამ ბავშვებს ხშირად იმის ფულიც არ აქვთ, რომ ცენტრში გავიდნენ, როცა თვეების განმავლობაში უბნიდან ვერ გადიხარ, როგორ გინდა, არ იკაიფო. ზიხარ დატაბლეტებული და კიდევ რამის გამოჩენას ელოდები.

ლაშა: არიან ჩვენთან ასეთი ბავშვები, 13-14 წლისები. არ ვიცოდი, მერე შევამჩნიე. აგერ, ჩვენმა უბნელმა ვერ მიიყვანა შვილი ცურვაზე, აბონემენტი ვერ აუღო და ბავშვი ისევ ქუჩაში გაიზარდა, 60 ლარი ღირს ცურვაზე მიყვანა, 3 ბავშვი რო მიიყვანო, 180 ლარი უნდა იხადო მხოლოდ ცურვაში. ესეთ სიტუაციაში შვილები დაკავებული უნდა გყავდეს, თორემ კონტროლს ვერ გაუწევ. სკოლაში ჩადის, დავუშვათ, სკოლიდან მოდის, მერე ისევ ეზოში... ეს თუ არ შეიცვალა, ისევ ის შეცდომები გამეორდება და ეს თაობაც ისე დაიკარგება, როგორც – ჩვენი.

ნინო: სწავლაში მინიმუმ 2200 ლარია გადასახადი, ვთქვათ, გეპეიში... როგორი გადასახდელია, მშობელი როდესაც არ მუშაობს? ხოდა ამ პრობლემებს ზოგი უძლებს და ზოგი ვერა. ლაშას ვეკითხებოდი, ოთხი წელი არ იკეთებდი, რა ჯანდაბა გინდა, ეხლა რატომ იკეთებ-მეთქი? დეპრესიაში ვარო, მეტყოდა, ვერ გამეგო, რის დეპრესიაში შეიძლება იყო ადამიანი? ეხლა ვფიქრობ, ალბათ იმის, რომ მეტის გაკეთება გინდა, მარა გასაქანი არ გაქვს. აი, გავიღვიძე დავუშვათ 7 საათზე, მარა რა ჯანდაბა ვაკეთო, სად წავიდე? ტყუილად ხო არ ვივლი აქეთ-იქით?

ბექა: ლაშა, ოდესმე კრიტიკულად თუ შეგიხედავს წამლის მოხმარებისთვის? ხშირად ვფიქრობ, რა არის მიზეზი – ზოგჯერ გარემოა, თქვენ სულ სხვა გარემოში გიწევდათ ცხოვრება.

ლაშა: სურვილი როგორ ჩნდება და აი, მაგალითად, ყაყაჩო რომ შემოვიდა, მაშინ 4-5 წელი არ მოვიხმარდი და ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ არ ხარ წამალდამოკიდებული, ლომკაც იშვიათობაა.

მაგრამ მერე მთავრობამ შემოყარა რაღაც თესლები, რომლებიც ძალიან გავდა იმ ძველი ოპიუმის გემოს. რაში სჭირდებოდათ, არ ვიცი. შეიძლება რაიმე კავშირი ჰქონდა ამას ვარდების რევოლუციასთან.

მერე სუბოტექსი შემოიტანეს, ჰეროინს გადარიცხვით ყიდულობდი – გადარიცხავდი ფულს და აზერბაიჯანიდან შემოდიოდა ბარიგა, და მაშინ მივხვდი, რომ ეს იყო პოლიტიკა, ჩემს დროს – მე როცა დავიწყე, პოლიტიკა არ იყო. თან ამას რო გაიკეთებ, ეს არის შვება, პრობლემები აღარ გაწუხებს. აღარც ცოლს აქვს შენთან პრობლემები, 24 საათი მეფე ხარ, მერე ფხიზლდები და ისევ იმაზე იწყებ ფიქრს და იცი, რომ აქვე, უბანში ფული იკრიბება და შენც მიდიხარ. მერე ეს იაფი ნარკოტიკები შემოვიდა. კრაკადილი რომ შემოვიდა, მაგაზე არავის არ იჭერდნენ და თან ყოველ ორ მეტრში იყო.

ბესო: პროგრამაში ხო ვარ, მარა ჩხვლეტა მომენატრა. მარა იმ დროის დაბრუნება ნაღდად არ მინდა ....

ნინო: შენ მართლა მორფინისტი ხარ... (ყველა იცინის)

ბესო: ის დრო არ მინდა, რომ დაბრუნდეს. წიწვები თუნდაც – ეგ მე ნაღდად არ გამიკეთებია. იმ დღეს პენსიას ვიღებდი, „ლიბერთი ბანკში“ ვიყავი და ერთი ბიჭი იყო, და, ძმაო, ერთი 10-15 ლარის საშუალება გაქო და დამაინტერესა, ბაზარი არაა-მეთქი, 10 კი არა, 20 ლარს მოგცემ-მეთქი, პროსტა, აი, გამაგებინე-მეთქი, რა სიამოვნება აქვს-მეთქი, აი, იცი, რა მაგარი რამეა წიწვებიო, ტო.... არაფერი, მივეცი 5 ლარი, გამანებე თავი, არ მინდა-მეთქი, დავცილდით ისე.

ნინო: რას უგავთ ხელები, იმ დღეს შემხვდა ერთი-ორი...

ლაშა: იმდენ რაღაცას შემოყრიან, პოლიციით ვერ უშველი. სხვა რაღაც გამოსავალი უნდა ეძებო, წამალს გადაკეტავ და აჰა, ტიპებმა წიწვების ხარშვა დაიწყეს... თვითონ პოლიცია ქმნის მაგალითად პრიტონს, წიწვების პრიტონს, თვითონ დააქვთ წიწვები ბაგაჟნიკით და ხალხს ახარშინებენ.

მე: ამ „პრიტონების“ ისტორია მაინტერესებს.

ლაშა: ბესო როგორც დააშანტაჟეს, ეგრე აშანტაჟებენ ხალხს. წიწვებს მიუტანენ, მოხარშავს, გამოვა გარეთ, ვინმეს ნახარშს გამოატანს, ოპა და დაიჭერენ. ხვდები, რა ხდება?

ბესო: ამათ სახარშები უფრო აწყობთ, ვიდრე მეტადონის პროგრამა, იმიტომ, რომ სროკებზე უშვებენ, ძმაო, ხალხს, სტატისტიკას ამუშავებენ. პრემიები უნდათ.

ბესო: სახარშებს რომ იძახით, ძმაო, იმათი სახარშები მუშაობდა (ბოდიში ქალებთან), რომლებიც ბოზობდნენ. მარტო წამლის ბოზობას არ გეუბნები, იქ ან იარაღის ცინკს მიცემდა, ან რამის ცინკს მიცემდა, ხომ შეიძლება რაღაცა თემა წამოგცდეს, ანუ მარტო წამლის თემა არ არის...

მე: ანუ რეალურად სახარშებში ინფორმაციის შეგროვება ხდება. რანაირი ხალხი დადის? და დღეში რამდენი მომხმარებელი ჰყავთ?

ნინო: ნუ, ერთი 50 კაცამდე. აი, დილას გამოვსულვარ, მაგალითად, და რომ ვერ იტყვი საერთოდ, გატყავებული რომ აქვს ხელები მუშაობით, ბაზარზე დგას და კარტოფილს ყიდის, აი, ესეთი ტიპები ელოდებოდნენ ექვსზე-შვიდზე იმიტომ, რომ ძველი ბიჭები უფრო გვიან იღვიძებენ (იცინის).

ლაშა: 50 კაცს დღე-ღამის განმავლობაში უყურებ, ყველა „ვარკას“ ესწრები, ამ „ვარკის“ დროს ყველა ლაპარაკობს თავის ამბავზე, ერთმანეთს არ აცლიან ლაპარაკს, ამას ყველაფერს ისმენს რომელიღაც განყოფილება. 50 კაცის ნალაპარაკებს გადაშლიან, წარმოიდგინე 2-საათიანი ლაპარაკის პროცესი, საათნახევრიანი.

ლაშა: სამი თვე ჯოჯოხეთში მოვხვდი რა, მანდ რომ დავდიოდი. აი, კრაკაძილს ხო არ ვიკეთებდი და რო გავუსინჯე გემო, წააგავდა რა იმ ჩვენი ბავშვობის ოპიუმს, ნუ ისეთი ვერ არის, მაგრამ რაღაცით წააგავდა და სამი თვე მოვხვდი... ტვინი დამიპატარავდა, გამიხდა სპიჩკის კარობკისხელა.

ნინო: ჩვენი თაობა, ჩემი აზრით, საერთოდ გამოთიშეს პოლიტიკური პროცესებიდან. ერთი წყობა დაინგრა და მეორე მოვიდა, ჩვენ ვიყავით ოცი წლის... მასირებულად გათიშეს ეს ხალხი ნარკოტიკებით, დააავადეს და აღარავის ეცალა, იმაზე ეფიქრა, აბა, რა ხდება, ეს მიშა ვინ არის, რაზე მოვიდა, შეიძლება გამეაზრებინა, რატომ იყო ეს კაცი საშიში. მაგრამ ამათ ეძინათ ნახევარი ცხოვრება და ნახევარ ცხოვრებას კიდევ ფულის შოვნაში ატარებდნენ. გადარჩენაზე იყო ხალხი.

ლაშა: ეხლა ბესოს აზრი და ქუჩა უფრო არ გვაინტერესებს?

ბესო: ნუ, წამალი ზონაზე 2009 წლამდე ჩვეულებრივად ტასაობდა.

ადვოკატი: როგორ შემოდიოდა?

ბესო: ბადრაგს შემოქონდა, 500 ლარად, შემოქონდა კლუჩნიკს, კლუჩნიკი ფეხობდა...

მე: 500 ლარი რამდენი ზახოდი იყო?

ბესო: ერთი ათი გრამი შემოქონდა ხოლმე...

მე: შენ რამდენი წელი იჯექი?

ბესო: 8 წელი...

მე: რომ გკითხონ, აი, სიკვდილის წინ გლდანზე რას გაიხსენებდიო, რას გაიხსენებდი?

ბესო: გლდანზე რას გავიხსენებდი, ძმაო, და მელაძე დამპალი, როგორც გაიჩითებოდა სპორტულებით, უკვე იასნი იყო, რომ მთელი ციხე უნდა დაელეწა (ყველა იცინის). მთელი ციხე უნდა დაელეწა რა, სპორტულებით როგორც კი შემოვიდოდა...

მე: ანუ სპორტულებით მოდიოდა, როცა ცემა უნდოდა?

ბესო: სპორტულებით როგორც კი დავინახავდით, ანუ იასნი იყო, რომ ის დღე მთელ ციხეს გათენებული ქონდა... აი, პროსტა შემოდიოდა და შენი დედა, შენი ისე, შენი ასე, რაზე ზიხარ, რა გინდა აქ... პაგალოვნად ყველას სცემდა..

მე: კამერაში რამდენი იყავით? და ეს ერთი კაცი შემოდიოდა თუ სასტავი იყო?

ბესო: ერთი და ორი კი არა, შვიდი, რვა, ათი... ხანდახან ყოველდღე იყო ხოლმე, ხან კვირაში სამჯერ, ოთხჯერ... შკონკის ქვეშ შეძვერიო, გეუბნებოდნენ და რო არ შეძვრებოდი, გცემდნენ. რავარია – შეძვერი... თავმოყვარეობა თუ გაქვს, არ შეძვრები, ხო? არ შეძვრები... ეგრევე უნდა დაწოლილიყავი რა, ნუ გაითიშე ვითომ რა...

მე: გასეირნება რამდენ ხანში ერთხელ იყო?

ბესო: გასეირნება, ძმაო, ყოველდღე იყო გლდანში, მაგრამ 11 თვე ვიჯექი მანდ და ერთხელ არ გამისეირნია. ელემენტარულად თავმოყვარეობა მაქვს, ეგრევე შენი დედა და გაიქეცი... და მაგას მერჩივნა, საერთოდ არ გავსულვიყავი პრაგულკაზე... საცემად შეყავდი ხოლმე აბანოში, ძმაო...

მე: აბანოში რატომ?

ბესო: იმიტომ, რომ მეტი სივრცე იყო – 6-კაციანი და 8-კაციანი... იმენა 8-კაციან აბანოში შედიოდი და იქ მიდიოდა ცემა და იქ მიდიოდა სასაკლაო რა... მაინც 16-წლიან სროკზე ვიყავი, ძმაო, და რო გამწირეს ამათ, ავდექი და ძაღლს ცხვირი გავუტეხე...

ბექა: რა მოხდა მერე?

ბესო: მერე რაღა უნდა მომხდარიყო – 16-წლიანი სროკით ვიყავი, პროსტა, კარცერი მომცეს რა და ცემა.

შენიშვნა: აბანო იყო ციხის ერთადერთი ოთახი, სადაც სათვალთვალო კამერა არ იყო, მთავრობა ამ ფაქტს იმით ხსნიდა, რომ პატიმართა პირად სივრცეს პატივს სცემდა.

ნინო: არავინ დაისაჯა მაგისთვის, ეგ არი, ჩემი ახლობლის შვილი იჯდა, 2006 თუ 2007 წელი იყო, ხოდა რო მოდიოდა ხოლმე ის კაცი, ამბობდა, არაფერს არ მეუბნებაო, მაგრამ მგონი იქ რაღაცა საშინელება ხდებაო... დათრგუნული იყო, გამხდარი, თვალით მანიშნებდა რაღაცებსო.

ლაშა: მანიშნებდა, გაჩუმდი, მამა, გვისმენენო, რამე ისეთი რო ეთქვა, დაანგრევდნენ...

ნინო: ხოდა, წარმოიდგინე მაქედან გამოსული ადამიანი და პოლიციელი რომ დაადგება თავზე, აი, ვთქვათ, ბესო ავიღოთ: ახალი გამოსული იყო, ის კოშმარები ხო ქონდა თავში და კიდევ ეუბნებოდნენ – დაგიჭერთ, დაგიყრით წამალს! ჯერ კოტეზე რომელ ავადმყოფს მოუვიდა თავში 2 გრამისთვის ციხე, ამხელა თანხა როდის უნდა გადაიხადოს ოჯახმა?

მე: კაი, რა მაინტერესებს ეხლა, რომ უყურებთ ელიტას საქართველოში, პოლიტიკოსებს, ინტელექტუალებს, ვარსკვლავებს, თუ გაქვთ იმის განცდა, რომ რასაც ლაპარაკობენ, რეალობასთან საერთოდ თანხვედრაშია?

ბესო: არა, ვაბშე არასდროს არავის მხრიდან...

ცოლი: მამულიჩა რომ დაიჭირეს, იგივე როსტო, როგორი გამოხმაურება ქონდა, ნახე? პარლამენტარებმა გამოთქვეს აზრი, ჭანკვეტაძემ და ვიღაცებმა, რომ როგორ შეიძლებაო, აღშფოთდნენ. ვიფიქრე, ყველა პროტესტი კარგია და ორ ივნისს წავალ-თქო აქციაზე, გამიგე?.. და რომ ვუყურე, საერთოდ გადავიფიქრე წასვლა, გამიგე? ესენი ელიტარული მორფინისტები არიან, ნაწილს მიშას დროს არავინ ეხებოდა, იმიტომ არ წავედით არავინ.

ბესო: კონცერტი მოაწყვეს...

ნინო: ეს როსტო და მამულიჩა რომ დაიჭირეს, შენ, პარლამენტარი თავს უფლებას აძლევ, რომ ის დაიცვა, მაშინ როდესაც ჩემი ქმარი ცხრა მეათიათასედი გრამის გამო კრიმინალია. ზოგი მთვარეზე ცხოვრობს და ჩვენ – დედამიწაზე. მე ისეთ ადგილზე ვმუშაობ, ყველაზე გაჭირვებულ ხალხთან მიწევს შეხება, პურის ფული რო მართლა საშოვნელი აქვთ, 70 თეთრის გამო 100 გრამ სპილენძს მოათრევს ადამიანი. საშინელება არის რა, არავითარი ურთიერთობა ხალხს შორის.

ლაშა: ჩემს შემთხვევაში ეს ცხრა მეათიათასედი ცარიელი ნემსის ნარჩენებია, თვალით უხილავია და პატარა მიკროსკოპი არ ყოფნის, დიდი ლუპა უნდა, რომ დააკვირდე რა... ეხლა მალხაზა ასუფთავებდა ლიფტის შახტას და იმდენი ნემსები ამოვყარეო... მე ვუთხარი, კიდევ კარგი, ვინმე პოლიციელი არ შემოვიდა, თორემ ჩათვალე, 5-დან 8 წლამდე ციხეში იჯდებოდი... (იცინის)

მე: პოლიტიკური თემა მაინტერესებს, ადრე ხომ იყო, რომ მოდიოდნენ და გპირდებოდნენ, ხმებს თუ მომიგროვებ, ვიღაცას გამოგაყვანინებ სროკიდანო...

ბესო: კი, იყო, 500 ხმა უნდა შეგეგროვებინა კაროჩე და სვაბოდაზე იყავი...

ნინო: ისიც იყო, ცხვარი და ოციანი ლოთებისთვის და წამალი „ნარკამანებისთვის“. სამადაშვილი იყრიდა ჩვენს დროს კენჭს და ღვინო იყო უბნის ლოთებისთვის და მორფინისტებისთვის წამალი. ბოლოს მაინც ყველა გასროკეს, ვინც მანდ მივიდა.

მე: ქუჩაში რასაც ხედავ, იქიდან რას შეცვლიდი, ეს პონტი, რაც შენ გამოიარე, ახალმა თაობამ რომ აღარ გამოიაროს...

ბესო: დასაქმება რა, დასაქმებას... კაცი რომ დასაქმებული იქნება, ძმაო, იმას მეტი საფიქრალი ექნება.

მე: ნარკომომხმარებლებისთვის ხშირად ეკლესია იყო თავშესაფარი... ეს პრობლემა კარგად იციან, რომ არსებობს; იმასაც ხედავენ, როგორი კრიზისია და რომ სახელმწიფო არაფერს გაძლევს, მაგრამ თვითონ ეკლესია მაინც მოგიწოდებს, მესამე და მეოთხე შვილი გააჩინო.

ნინო: კი, ბატონო, ჩემი ორივე შვილიშვილი პატრიარქის მონათლულია, ოდესმე მოვიდა ვინმე საპატრიარქოდან და უთხრა, რომ მოდი, ერთი კილო ხილი გიყიდოო?

ნახევარი მონასტრები წამალდამოკიდებულებით არის გამოვსებული და ამაზე საერთოდ გაჩუმებულები არიან.

ლაშა: მონასტერში კი არ უნდა წავიდეს, სამკურნალო დაწესებულებები უნდა არსებობდეს...

მე: ბესო, არ ყოფილხარ მონასტერში წამლის გადასაგდებად?

ბესო: კი, მაგრამ მეორე დღეს მომინდა წამალი, წამოვედი და ისევ გავიკეთე... (ყველა იცინის)

მე: კიდევ რა მაინტერესებს, ცენტრში რაც არის, თქვენთვის რამდენად ხელმისაწვდომია, კინოები, კაფეები და ა.შ.

ნინო: მე, მაგალითად, რამდენი წელია, არ ვყოფილვარ, იმიტომ, რომ სულ ვმუშაობ... ჩემი შვილი, რამდენადაც ვიცი, დადის ხანდახან.

მე: ირგვლივ ხალხი?

ნინო: ირგვლივ ხალხმა არც იციან, კაცო, რუტინაში ისეა ადამიანი ჩაფლული... ეხლა კინოს ბილეთი რომ 15 ლარი ეღირება და ერთი კაცი ხო ვერ წახვალ.

ბესო: ჩემი შვილი დადის და თავისი საცოლე...

ადვოკატი: ესეც იმიტომ, რომ საცოლეა, თორემ მერე ნახავ... (იცინის)

ნინო: აი, მაგალითად, აგერ კინო იყო, ხო იცი? აღარ არის, გაიყიდა და მაღაზია გახსნეს.

მე: შეიძლება იფიქროთ, რომ ძალიან უადგილო კითხვაა, მაგრამ მაინტერესებს, რას ფიქრობთ ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე – ტელევიზორში სულ ამაზეა ლაპარაკი.

ლაშა: ვფიქრობ, რომ საქართველო აუცილებლად უნდა იყოს ძლიერი, მაგრამ ისე არ უნდა მოხდეს, როგორც იმ გამონათქვამშია – ხალხს ხმა დაუკარგა მეფის სიყრუემო. არადა, ჩვენთან ეგრეა – საერთოდ არ უსმენს ხალხს მთავრობა.

მე: ისეთი განცდა არ გაქვთ, თითქოს, ის მთვარეზე მცხოვრები ხალხი მიდის ევროპისკენ, დანარჩენები კი ისევ ისე რჩებიან?

ლაშა: ხო, ჩვენ აქ ვართ, მართალია. ისინი მიდიან რა...

მე: ბესო, შენ რას ფიქრობ?

ბესო: რა ვიცი, მე მაგრად მკიდია...

მე: სიტყვა სახელმწიფო რომ გესმის, საერთოდ რა გახსენდება? ან რა განცდა გაქვს? აი, საქართველოს სახელმწიფო რა...

ბესო: ამ წუთში?

მე: ხო...

ბესო: ...მე პირადად არაფერი არ გამიკეთა სახელმწიფომ... ცუდის გარდა. არ არსებობს, ასე ვთქვათ, თან ნაომარი ვარ, ამ სახელმწიფოსთვის ვიბრძოდი და რა ვიცი... თავი შევაკალი... 26 ძმაკაცი მყავს დაღუპული... თავი შევაკალი მე თვითონ... არ არსებობს ეს სახელმწიფო... ესე იგი, ტყუილად... ტყუილად მიბრძოლია რა...

მე: კარგი, ამაზე დავამთავროთ.