მარნეულში ყველაფერს სუსი მართავს. ეპიდემიის დროს, როცა მარნეული წითელ ზონად გამოცხადდა და საპროტესტო ტალღები დაიწყო, სუსი მაშინაც ერეოდა. Მარნეულში გამოხატული პროტესტი არასდროს ჯდება ნორმის ჩარჩოებში. 

მთავარი არხის სიუჟეტის შემდეგ, წესით უნდა ემსჯელათ მედია ექსპერტებს, უნდა დაწყებულიყო ეთიკის და ჟურნალისტური სტანდარტების განხილვა, მაგრამ აქაც გამოჩნდა სუსი. 

ასე ნერგავენ შიშს ხალხში. რესპოდენტების დაკითხვაზე დაბარებაც იყო გაფრთხილება - წინასაარჩევნოდ. როდესაც კრიტიკული მედია აკეთებს სიუჟეტს და შემდეგ რესპოდენტებს დაკითხვაზე იბარებენ, ესაა რესპოდენტების დაშინების მცდელობა. Ესაა გაფრთხილება - თუ რა შეიძლება ამას მოჰყვეს. რა თქმა უნდა, ასეთი დონის სახელმწიფო სტრუქტურასთან საქმის დაჭერას ყველა უფრთხის.

ეს უკვე ტენდენციად იქცა - Რადიოს რესპოდენტების 90 პროცენტი სახელის და გვარის გარეშე ჩნდება - მაშინაც ფარავენ ვინაობას, როცა პირად პრობლემებზე ლაპარაკობენ. ეშინიათ რომ სახელმწიფოსთან პრობლემები შეექმნებათ. არაინფორმირებული ადამიანების დაშინება მარტივია. 

სახელმწიფოს ძველი ტრადიციის დაბრუნება უნდა. Მარნეულში და სხვა ეთნიკურად დასახლებულ რეგიონებში, ადამიანები ყოველთვის სამთავრობო კანდიდატებს უჭერენ მხარს. Თუმცა, დღეს უკვე მარნეული აღარ არის ის რეგიონი, სადაც მთავრობას ხმების უმრავლესობის მოპოვება შეუძლია. Ამიტომ, მიმართავენ ასეთ მეთოდებს. 

პანდემიის დროს ყველაფრის მიზეზად არაინფორმირებულობას ასახელებდნენ. ეთნიკურად აზერბაიჯანელ ქალზე იყო ახირებული მთელი საქართველო. ამას დიდი წყენა მოჰყვა. და კიდევ  მოჰყვა პროპაგანდისტული კამპანია - საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების მიმართ. ეს ახალი თაობისთვის ძალიან დიდი იმედგაცრუება იყო. ამ დროს, ბოლო წლებში ახალგაზრდების ინტეგრაციის თემა გააქტიურდა. ეს არის თაობა, რომელსაც უმტკიცებდნენ, რომ ისინი თანაბარი და თანასწორი მოქალაქეები არიან. 

ერთ დღესაც კი, მომძლავრდა ქსენოფობიური ტალღა და ყველაფერი გაუფასურდა, ყველაზე მტკივნეული ეს იყო - თითქოს ინტეგრაციაზე საუბრებიც ილუზია იყო. 

ყველა დროის მთავრობამ, პირველ რიგში, თვითონ უნდა დაიჯეროს, რომ საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობაა. სწორედ ესაა ყველა პრობლემის სათავე. 

რელიგიური ინსტიტუციებიც უხეშად ერევიან საქმეში და სიტუაცია კიდევ უფრო მწვავდება. სიტუაციის გამოსწორებას ერთადერთი, ეს ახალგაზრდები ცდილობენ. პანდემიამ სწორედ ეს გამოააშკარავა. Პრობლემის აღქმის გარეშე, აღიარების გარეშე - მისი მოგვარება შეუძლებელია. ჰოდა, იქნებ, სწორედ ახლაა ამის დრო. 

 

ტექსტი: გვანცა ნადიბაიძე