სტიქიური მოვლენების წინ დგომა და შელოცვების გამეორება დიდი გულუბრყვილობაა, თუმცა ყველას საკუთარ მანევრზე პასუხისმგებლობა ეკისრება, ამიტომ მიმდინარე მოვლენების აღწერა გადავწყვიტე. მოსაზრებას როგორც აქციებს მოშორებული ადამიანი ვაფიქსირებ, რომელიც ორ შემოთავაზებულ სკამს შორის იატაკზე ჯიუტად ჯდომას ამჯობინებს. ასეთები კი, აქციებზე და მათ მიღმაც, ისევ უმრავლესობაში ვრჩებით. ჩვენთვის შექმნილი მდგომარეობა ჩიხს წარმოადგენს, ამიტომაც გულწრფელად საუბარი გვევალება.

ბოლო წლების პოლიტიკურ მოვლენებში განსაკუთრებით ჩართულებმა და ჩახედულებმა კარგად ვიცით, რომ ამ სისტემის ძირითადი იარაღი პოლიტიკურად აქტიურ ადამიანებს შორის უნდობლობის დათესვაა - ახალგაზრდების შესყიდვა და სისტემაში ინტეგრირება, აგენტები, პროვოკატორები, შანტაჟი, მანიპულაცია და ძალადობა - ეს იმ მანქანის ხელწერაა, რომელიც საზოგადოების თვითგამორკვევის შეჩერებასა და არსებული მდგომარეობის შენარჩუნებას ცდილობს. სისტემის შუაგულში ძალაუფლებისთვის ორი ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფება იბრძვის. როგორ აღმოვჩნდით ასეთ მდგომარეობაში? ჩვენი საზოგადოება ისტორიაში აფექტურიდან აფექტურ მდგომარეობამდე ფრაგმენტულად ცხოვრობს. თვითგამორკვევის პროცესში ჩართულ ერთიან ორგანიზმზე მეტად, ჩვენ სწრაფად მიმავალი მატარებლის მთვრალ მგზავრებს ვგავართ. როგორც ერთ კარგ გამონათქვამშია - საქართველოს ამ ვაგონებში არ სძინავს, მას აკიმარებს. ლიანდაგების ხმა და ჰიპნოზი, სიგარეტი თითებს შორის იწვება, როდესაც მოულოდნელი ხმაური გვაფხიზლებს და გაუგებარი ფრაზების ძახილსა და უკმაყოფილების გამოთქმას გვაიძულებს, ამ დროს საქართველოს დამშვიდებას უწყებენ, დემოკრატიულ პროცედურებსა და პროტოკოლს აცნობენ და ადგილებზე დაბრუნებისკენ მოუწოდებენ. ჩვენ წინ მოკლული და დასახიჩრებული სხეულები ჩნდება - გირგვლიანი, 7 ნოემბერი, კორტები, 26 მაისი, სარალიძე, მაჩალიკაშვილი, 20 ივნისი, სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილი მუშები - რატომ ხდება ასე? ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა კი ის არის, თუ რატომ რჩება მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, მედიის არნახული კამპანიისა და მოწოდებების მიუხედავად, ინერტულ მდგომარეობაში. ამის გასაგებად, ჩვენი მმართველი ელიტის მოკლე, მაგრამ თავგადასავლებით აღსავსე ისტორია უნდა გავიხსენოთ.

საბჭოთა კავშირისა და კაგებეს წინააღმდეგ ამხედრებული ზვიადისტური მოძრაობის შეუიარაღებელ მიტინგებს 93 წელს რეალურ ტყვიებს უშენდნენ. ეროვნული მოძრაობის დამარცხების შემდეგ, მმართველობაში საბჭოთა ბიუროკრატებითა და მაშინდელი ინტელიგენციით დაკომპლექტებული მოქალაქეთა კავშირი მოვიდა, რომელმაც კლანური და ოლიგარქიული სისტემის საფუძვლის ჩაყრა და „დემოკრატიზაციის“ პროცესი დაიწყო. თხუთმეტი ათასი საწარმოს პრივატიზაციის შედეგად, სახელმწიფო ქონება ელიტურ კლანებზე განაწილდა. მათ ხელში მთლიანი რეგიონებიც კი აღმოჩნდა. ქართული დემოკრატიის მშენებლობა და ევროატლანტიკური კურსის განხორციელება სწორედ ამ კლანებმა დაიწყეს.

მას შემდეგ, მოსახლეობის სტიქიურ უკმაყოფილებასა და შფოთვას ხან ტყვიებით, ხან კი ყალბი, პასიური რევოლუციებით პასუხობენ - ამ უკანასკნელისგან განსხვავებით, რეალური რევოლუცია მმართველი ელიტის ჩანაცვლებით, მართვის ვერტიკალის დემოკრატიზაციით, მოსახლეობის თვითგამორკვევითა და ხალხის მიერ საკუთარ ბედისწერაზე პასუხისმგებლობის აღებით სრულდება, ხოლო პასიური - მმართველ ფენას, ძალაუფლების ვერტიკალსა და ჩაგვრის სისტემას ხელუხლებელს ტოვებს. ასეთი რევოლუცია კარნავალია - ჯერ მოქალაქეთა კავშირი ჩანაცვლდა მისსავე წიაღში აღმოცენებული და გაწვრთნილი ნაციონალური მოძრაობით, რომელმაც ქვეყნის ძარცვისა და ძალადობის კიდევ ერთი ტალღა გადაგვატანინა, ხოლო შემდეგმა მღელვარებამ მართვის სადავეებთან უკვე ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებული ქართული ოცნება მოიყვანა, რომელმაც წინა ორი ხელისუფლების მიერ დაწყებული საქმე გააგრძელა. დღევანდელი დღის უიმედობა კი შემდეგი ფაქტორებით არის განპირობებული - ცრუ მესია აღარ არსებობს, ხოლო ხელისუფლებაში დაბრუნებისათვის ყოფილი მთავრობა იბრძვის, რომელმაც, მოქალაქეთა კავშირისგან განსხვავებით, პარტიული სტრუქტურისა და პროპაგანდის მანქანის შენარჩუნება მოახერხა.

2003 და 2012 წლების კრიზისების დროს, ხელისუფლების ჩანაცვლებას მმართველი კლასის შიგნით აღმოცენებული  პარტიები ახერხებდნენ. ეს პარტიები მოსახლეობას დროებით მაინც უნარჩუნებდნენ უკეთესი მომავლის რწმენას და ცვლილებების ილუზიას უქმნიდნენ. დღეს, ქართველების თვალის მოსატყუებლად, სცენაზე არც 2003 წლის ნაციონალური მოძრაობის მსგავსი ჯგუფი ჩანს და არც 2012-ის ოცნება. ხალხს ისევ ცვლილებები სჭირდება, ხოლო მთლიანად დისკრედიტირებული მმართველი კლასი ოცდახუთწლიანი ძარცვისა და ძალადობის შედეგებს იმკის და ლეგიტიმაციის კრიზისში იმყოფება. 2003-ის და 2012-ის არჩევნებისგან განსხვავებით, ხმას არა მხსნელის, მესიის ან იმედის სასარგებლოდ, არამედ უბრალოდ საძულველი გაერთიანების წინააღმდეგ აძლევენ. ქართულმა ოცნებამ და ნაციონალურმა მოძრაობამ ქვეყანა ჩიხში შეიყვანეს.

ყოფილი ხელისუფლების დაბრუნების პერსპექტივა წარსულში მომხდარი სიმხეცის, ძარცვისა და ძალმომრეობის აუცილებლობის აღიარებას ნიშნავს, ქართული ოცნების დატოვება კი - არსებულის.

მათ შორის ცხოვრება მხოლოდ სამოქალაქო დაპირისპირებასა და მორიგ ძალმომრეობამდე მიგვიყვანს. საქართველოს მოსახლეობა ხელისუფლების ცვლილების სამართლიან მოთხოვნას იმიტომ არ აყენებს, რომ ნაცები ქოცებით გვაშანტაჟებენ, ქოცები კი - ნაცებით. ქვეყანას არც არჩევანი აქვს და არც ცრუ მესია მოევლინა, ჩვენ კი ორ სკამს შორის ჯდომას ვაგრძელებთ და ხელ-ფეხი გვაქვს შეკრული.

სპეცრაზმი და საქართველოს მოსახლეობა ერთმანეთს რუსთაველზე ბოლოს რვა წლის წინ,  2011 წლის 26 მაისს, დაუპირისპირდნენ. წინა ხელისუფლების ვერსიით, მაშინდელი სპეცრაზმი დასავლეთს წარმოადგენდა, ხოლო მომიტინგეები რუსეთუმეები იყვნენ. მცირერიცხოვანი აქცია ალყაში მოაქციეს, დამრტყმელი რაზმის ცენტრში მოქცეული ახალაია კი ჯალათებს შეძახილებით ამხნევებდა და პრემიებს ჰპირდებოდა. მოსახლეობის უიმედობას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც 2012 წელს საქმეში დიდი ფული ჩაერთო და ხელისუფლებაში ქართული ოცნება მოვიდა - მენეჯერებითა და კლანებით დაკომპლექტებული პარტია, რომელსაც მტკიცედ სჯერა, რომ საზოგადოებრივი აზრისა და ისტორიული პროცესის ფულით ყიდვა შესაძლებელია. პარტიაზე მეტად, ის კორპორაციას ან მეწარმეთა გაერთიანებას წააგავს, სხვადასხვა ბიზნესის ლობისტებით, მევახშეებით და მექრთამეებით, რომლებიც კლანური ინტერესების სახელმწიფო დონეზე გატარებას ცდილობენ. პრობლემა არა კოჰაბიტაცია, არამედ გადმობარებული სისტემისა და საზოგადოების ცხოვრების წესის შენარჩუნება იყო. სწრაფი რეფორმების და წინ გადადგმული ნაბიჯების შემთხვევაში, ერთწლიანი კოჰაბიტაცია და ნაციონალური მოძრაობა არც არავის გაახსენდებოდა.

ოცნების მმართველობის პერიოდში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებს ყველა ტელევიზიის პირდაპირი ეთერი მხოლოდ ორჯერ დაეთმო - ერთხელ კლუბების, ხოლო მეორედ სარალიძის საქმეზე. ნაციონალური მოძრაობა ორივე შემთხვევის გამოყენებასა და პროტესტის პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაზრდას ცდილობდა - „პროცესების რადიკალიზაცია გვჭირდება“, - იმეორებდა სააკაშვილი.

ნაციონალები ჯერ ნარკოპოლიტიკის ცვლილებისათვის შეკრებილ ადამიანებს მოუწოდებდნენ აქციის გაგრძელებისა და, შესაბამისად, კონტრაქციის დარბევაზე თვალის დახუჭვისკენ. სარალიძის შემთხვევაში კი თეატრალური სცენა დადგეს - სამხედრო ფორმებში ჩაცმული ადამიანების ჯგუფმა, მოულოდნელად, კარვის გამაგრება დაიწყო, ხოლო კუპრავასა და ნიკა მელიას ირგვლივ გაერთიანებულმა ოპოზიციამ საერთო დაუმორჩილებლობა და მთავრობის ჩანაცვლება დააანონსა. ორივე შემთხვევაში, ისინი, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებზე, მიშას ტერმინებით კი, „თბილისურ საშუალო კლასზე“ ზემოქმედებას ცდილობდნენ.

ეს ორი პარტია ორი კორპორაციასავით მუშაობს - საკუთარი მედიითა და სოცმედიით, ქვეყნის ძარცვაში ნაშოვნი ფულით, რომელსაც აქტივისტებსა და კოორდინატორებს ურიგებენ, დამსჯელი რაზმებით და მიწისქვეშ მუშაობის საუკეთესო ტრადიციებით. მათი კრიმინალური ბუნება მთელი ქვეყნისთვისაა ცნობილი, ხოლო მოსახლეობა დემოკრატიის მითებით დეზორიენტირებული და გაღარიბებულია. ამიტომაც საარჩევნოდ ამანათების დარიგება და ნეიტრალური ამომრჩევლის შანტაჟი იწყება. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორია ასეთი ელიტური კლანების კრიმინალური ხერხებით ბრძოლის ისტორიაა. დროის გასვლასთან ერთად, ისინი მეტი რესურსებისა და ძალაუფლების დაგროვებას და ახალი კრიზისების შექმნას ახერხებენ - სახეები იცვლება, ფეოდალური სისტემის არსი და სცენის დეკორაციები კი უცვლელი რჩება, ხალხს პოლიტიკაზე ზემოქმედებისა და თვითგამორკვევის უფლება დიდი ხნის წინ ჩამოერთვა.

ამ მძიმე ვითარებაში ჩვენი კომუნიკაციის ფორმად აქციები გადაიქცა - უნდობლობის, მოსყიდვების, ნიჰილიზმისა და ცინიზმის პერიოდმა საზოგადოებრივი დისკუსია გააუქმა. რამდენიმე წელიწადში ერთხელ კი ის მომენტი დგება, როდესაც ქალაქის თავზე დიდი რუპორით აცხადებენ, რომ ორთქლის გამოშვების დროა და ქვეყნის ყველა ტელეკამერას ერთ წერტილს უშვერენ.

ამ დროს ამ ორი პარტიის მიერ დათესილი უნდობლობა ყველაზე უფრო ხილული ხდება - ვინ ვისი აგენტია? ვინ დაიჭერს მიკროფონს? ვინ მოერევა? ვინ ისაუბრებს შემდეგი? ვინ იმღერებს? ვის გამოაცხადებენ პროვოკატორად? ვის უფრო უყვარს საქართველო, ბოლოს და ბოლოს.

კამათი და დაპირისპირება, უნდობლობა და ყაყანი, ნაცების და ქოცების კუნთმაგარი ჯიგიტები პარალელურ აქციებზე და ფარული მოლაპარაკებები - ჩვენი მმართველი კლასი ფოკუსებსა და შავ მაგიაში არის დაოსტატებული. კარნავალის ბოლოს ნიღბები და დეკორაციები ქრება და ჩვენ ისევ ჩვენს თბილისურ ყოფას ვუბრუნდებით, სარგებელს კი ისევ მოსახლეობის ფულით გამძღარი და ახალგაზრდების ახალგაზრდობით გულწრფელად აღფრთოვანებული ნაძირლები იღებენ.

რა იგულისხმება მესამე ძალაში, რომელიც მოცემულ მდგომარეობას უნდა დაუპირისპირდეს? დღეს ამ ადგილის დაკავებას კონსერვატიული ჯგუფები ცდილობენ. აზრიანმა კონსერვატორებმა საკუთარი განსაკუთრებული პასუხისმგებლობა კარგად უნდა გააცნობიერონ - თბილისელი ახალგაზრდობა, რომელიც გლობალურ კულტურაზე გაიზარდა და რომელსაც ისინი „გლობალისტებს“ უწოდებენ, ამ პატარა ქვეყნის ისეთივე ორგანული ნაწილია, როგორც ყველა სხვა სოციალური ჯგუფი. მათ ეს ბოლო გამოსვლებითაც დაამტკიცეს. „გლობალისტი“ ახალგაზრდების განადგურება, „ალაგმვა“ და დათრგუნვა არსებული ჩიხიდან ვერ გამოგვიყვანს. პასუხი, რომელიც კონსერვატორებს ხელში უჭირავთ, პასუხის ნახევარიც კი არ არის. მათთვის კარგი საქართველო, ლიბერალებისა და „გლობალისტებისგან“ თავისუფალი საქართველოა.

მემარცხენე სუბკულტურის მსგავსად, ეს კონსერვატიზმიც ლიბერალიზმის ორგანიზებულ ტალღაზე წამოსული რეაქციული აზროვნების ნაყოფია და ნაცებისა და ქოცების დაპირისპირების მსგავს ჩიხს, უკვე, კულტურის ველში გვპირდება, სადაც ორივე მხარეს ერთმანეთზე ხელის გაშვერით ექნება მოსახლეობის მომხრობის შესაძლებლობა. ბოლო ოცდახუთი წლის განმავლობაში საქართველოში ორი სახის პოლიტიკა დაფუძნდა - ბრძოლა კრიმინალებს შორის და სინათლისა და სიბნელის ბიბლიური ბრძოლა გამოხატვის თავისუფლების ველებზე. ქართული საზოგადოება, არა უბრალოდ მესამე ძალას, არამედ ეროვნული თვითგამორკვევის შემდეგ საფეხურს საჭიროებს, ახალ პასუხს უმთავრეს კითხვაზე, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ ქართველებმა ერთად.

ამისთვის კი, არც მეტი, არც ნაკლები, ეთიკური და პოლიტიკური სასწაულია საჭირო, რომელიც ჩვენი და ბევრი სხვა ქვეყნის ისტორიაში მრავალჯერ მომხდარა. ეს სასწაული ისეთი პოლიტიკური ჯგუფის გაჩენას გულისხმობს, რომელიც არც გაიყიდება, არც კომპრომისზე წავა და ხალხის ფართო მასების გათვითცნობიერებას, მათთვის არსებული ჩაგვრის სისტემისა და სპექტაკლის არსის ახსნას, მოსახლეობის თვითგამორკვევის პროცესში ჩართვას და, გარე ძალების მიერ მართული, მმართველი კლასის წინააღმდეგ გაბრძოლებას მოახერხებს. ეს კი, არც პოლიტიკური რომანტიკაა და არც იდეალიზმი, სპექტაკლის და ძალმომრეობის დასრულების, თუ გნებავთ, რეალურ დემოკრატიაზე გადასვლის, ალტერნატიული გზა ჩვენი ქვეყნისთვის არ არსებობს.

საქართველო ისევ საოპერაციო მაგიდაზე დევს, გარე ძალები საზოგადოებას დიდი და ჩვენთვის ჯერ კიდევ უცნობი ცვლილებებისთვის ამზადებენ. საკითხი კი შემდგომში მდგომარეობს - შეგვიძლია თუ არა ყველა მხრიდან მომდგარი კოლონიური ძალებისთვის წინააღმდეგობის გაწევა? აქვს თუ არა თანამედროვე საქართველოს აზრის საკმარისი ძალა და ნების სიმტკიცე არსებული გათითოკაცებისა და ძალმომრეობის დასაძლევად? თავი არ უნდა მოვიტყუოთ, შუშხუნების მიუხედავად, მოსახლეობის უმრავლესობა სისუსტესა და უიმედობას განიცდის, რადგან როგორი ახალგაზრდებიც არ უნდა იყვნენ ჩვენი ახალგაზრდები, საბოლოო ჯამში, გამარჯვებული მაინც ორი კრიმინალური დაჯგუფებიდან ერთ-ერთი ან, კიდევ უარესი - მათი კოალიცია დარჩება. პარლამენტი კი ერთკაციანი პარტიების საფონდო ბირჟას დაემსგავსება, რომელშიც ყველა ხმას ოქროს ფასი დაედება. საქართველოს ბედი ისევ მათ კაბინეტებში წყდება, ვის კაბინეტებშიც აქამდე წყდებოდა, ქასთინგიც  წარმატებით მიმდინარეობს, მმართველი კლასი ახალ სიებს ადგენს. სავარაუდოდ, ისინი პერანგიანი ახალგაზრდებით დაკომპლექტებული ახალი პარტიების შექმნას და მოსახლეობის იმაში დარწმუნებას შეეცდებიან, რომ ეს ჩიხი კი არა, დემოკრატიის მორიგი მონაპოვარი იყო, ჩვენ კი ხელში ისევ ტკბილი მოგონებები და კარნავალი შეგვრჩება. 

ჩემი პატივისცემა მათ, ვინც აქციების პოლიტიკური პარტიებისაგან დაცვას შეეცადა, რომ არა ისინი, მოხვეული წესრიგის, ამაოებისა და უიმედობისგან ერთმანეთის ცემას, ალბათ, უკვე, 21 ივნისს დავიწყებდით. საბოლოოდ კი, ყველას უნდა ესმოდეს, ჩვენი სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობოების მიერ არსებული წესრიგის კონტროლი, დემოკრატიის ილუზიის უკანასკნელი ბასტიონია - ლეღვის ფოთოლი პოსტსაბჭოთა ოლიგარქიული წესრიგის უდროოდ დაბერებულ სხეულზე. რეალური დემოკრატია კი მაშინ იარსებებს, როდესაც ქვეყნის მართვისა და თვითგამორკვევის პროცესში მონაწილეობის მიღება ფართო მასებს შეეძლებათ.

საკუთარ თავთან გულწრფელები თუ ვიქნებით, დღეს არა მხოლოდ გახარიას, არამედ მთელი მთავრობისა და პარლამენტის დათხოვნა, ლუსტრაციის კანონი და არსებული პარტიების მაქსიმალურად შევიწროება გვჭირდება. თვითგამორკვევის პროცესი არა მხოლოდ რუსეთის ოკუპანტობის, არამედ ჩვენ ირგვლივ არსებული კატასტროფული სოციალური მდგომარეობის და ექსკლუზიურად საშუალო კლასისთვის შექმნილი დემოკრატიის ილუზიის დამსხვრევას მოითხოვს. მკვეთრმა მოძრაობებმა შესაძლოა ერთი, ან მეორე მხარე გააძლიეროს. ყველაზე მეტად კი მათ უჭირთ, ვისაც ამ მატარებელში ხელფეხშეკრულს გაეღვიძა და საკუთარ თავს ვერც ნაცებში, ვერც ქოცებში და ვერც სამოქალაქო საზოგადოებაში პოულობს, ასეთი კი მთელი საქართველოა.