სოფელი გვერძინეთი, ძამას ხეობა

ხალხი რომ არ ჩამოსულიყო, მე აქ თუთიყუში ხომ არ ვიყავი რო დავრჩენილიყავი?! ახლა ორი ოსის ოჯახი ვართ, მეტი არა. დანარჩენი აჭარლები, ასე 42-45 კომლი. ვთვლი ხოლმე ღამე რომ ვწვები, ვინ სად ცხოვრობდა, როგორ, რანაირად. 

პირველი არეულობის დროს, 1990-91 წლებში აქა ვიყავით. სოფელი სავსე იყო ოსებით მაშინ. 

მერე დამირეკეს, უნდა წავიდეთო, გცემენო. მართლა სცემდნენ, სულ დამტვრეულები, დალეწილი იყო ხალხი. აი, აქ ჩამოსასვლელში რომ ნასახლარია, იქ ქალი ისე სცემეს, ძლივს გადარჩა. გამოვიდა ბოსელთან, საქონელი რომ არ წაერთმიათ და კონდახებითა სცემეს. ჩემი დედინაცვალიც ეგრე, კონდახითა ურტყეს, იმან, შვილო, მე აქ გამჩერებელი არა ვარო და შენც წამოდი ორჯონიკიძეშიო. 

მთელი სოფელი გარბოდა. ყველაფერი დატოვეს, ცარიელი ტანსაცმლით წავიდნენ. მეუთხარი როგორ წამოვალ, ჩემს ქმარ-შვილს როგორ დავტოვებ, ეგენი რო ქართველები არიან-მეთქი?!

ეგეთი ამბები იყო. 

სულ ვკანკალებდი, არა მცემონ-მეთქი. არ დავლაპარაკებივარ, რას გავუბედავდი, მაიმუნებივით იყვნენ. აი, ბიჭი წაიყვანეს ჩვენგან, მტკვარში ჩასვეს და ახრჩობდნენ. წამოდი, ვიყაჩაღოთო და ის არ წაყვა. წავიდა მერე ნაცემ-ნატყეპი ორჯონიკიძეში და დაიღუპა. ბევრი ეგრე მოკვდა იქით. კონდახი რომ მოგხვდება კისერში, აბა,  როგორია?

წადით, ოსებო, წადით აქედანო, ყვიროდნენ. მერე გაიგო ხალხმა, ვინც იყვნენ, მაგრამ ჩემამდე არ მოსულა. 

მაგ დროს ჩემი გოგო ბუღალტრად მუშაობდა. დაანებე სამსახურს თავი, ოსის წიწილებს ზრდიო. ორი ბავშვი ჰყავდა. მაგის ქმარიც ოსია. იმან რო გაიგო, აღარ გაჩერდა და წაიყვანა. ორჯონიკიძეში არიან ეხლაც.

ეს აჭარლები რომ არ ჩამოსულიყვნენ, ერთ ფიცარს არ დატოვებდნენ, სულ გაქურდავდნენ. ოსები აღარ იყვნენ აქ, აჭარლები რომ მოვიდნენ. 

ეგენი რომ არ ჩამოსულიყვნენ, აქ რას გავაკეთებდი მარტო?! ეზოებში რომ შევდივარ, მიხარია. გააყვავილეს მთელი სოფელი.

ციკლიდან „მეხსიერების გაცოცხლება - სამხრეთი ოსეთი 1991/2008“
ტექსტი: ნინო ლომაძე 
ზეპირ ისტორიებზე მუშაობდნენ: თომა სუხაშვილი, თეო ქავთარაძე, საბა წიწიკაშვილი, ნინუცა მეტრეველი, მარიამ სისაური.