ტექსტი: თამარ გურჩიანი, სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მაიდნის მოვლენების ყველაზე ცხელი პერიოდი კიევში გავატარე. ჩემი უკრაინელი მეგობრები და მათი ოჯახები საპროტესტო მოძრაობაში იყვნენ ჩართულნი. ერთ-ერთი მეგობრის, ოლიას ოჯახში მაშინ ასეთი ისტორია მოვისმინე: სანამ მათ უკრაინის აღმოსავლეთიდან, ეროვნებით რუსი ბებია ესტუმრებოდა, ოლიას 8 წლის ძმამ, ვლადიკმა სახლში მაიდნის ყველა სიმბოლო გადამალა, მათ შორის, უკრაინისა და ევროკავშირის დროშები.

ჩვენი ქვეყნის საქციელი ხშირად მაგონებს ამ 8 წლის ბავშვის გულუბრყვილო მცდელობას, თავიდან აირიდოს კონფლიქტი საომრად გამზადებულ ადამიანთან და დაუზავდეს მას, ვისაც არათუ თანასწორად არ მიაჩნიხარ, არამედ არ ცნობს შენს უფლებას გქონდეს საკუთარი იდენტობა.

ვლადიკის ბებიასა და რუსეთს შორის დიდი განსხვავება არ არის. არც ვლადიკს აურჩევია თავისი ბებია და არც ჩვენ – მეზობელი. რუსეთი ყოველთვის აქ იყო, მისი მარწუხები ყოველთვის გვიჭერდა, მაგრამ ვერ გავიხსენებთ საქართველოს ისტორიიდან ვინმეს, რომელმაც ჩვენს ქვეყანას რაიმე სიკეთე მოუტანა იმით, რომ ამ მარწუხებს ჯერ თვალი არ გაუსწორა და შემდეგ არ შეებრძოლა.

საქართველოში რუსული გავლენა იზრდება, პრორუსული სენტიმენტები ძლიერდება, ეს ყველაფერი ჩვენი სახელმწიფოებრივი და მოქალაქეობრივი შეგნების, თავდაჯერებისა და ეროვნული სიამაყის ხარჯზე ხდება.

ჩემი აზრით, ხელისუფლებას თავისი აბსურდული „პრაგმატული პოლიტიკით“ არასწორი მიმართულებით აქვს გეზი აღებული. და არ მგონია, რომ ეს რუსეთის შიშით იყოს გამოწვეული. ვლადიკი იმიტომ კი არ თმობდა, რომ ბებიის ეშინოდა, არამედ იმიტომ, რომ უყვარდა, „მისი დაკარგვა არ უნდოდა“.

ჩვენ არ გვეშინია რუსეთის, ჩვენ გვიყვარს რუსეთი. ჩვენ არც რუსული ტანკების გვეშინია და არც იმ ტერიტორიების ოკუპაციის, რომელთა დასაპყრობად რუსეთს ჯერ კიდევ ვერ მოუცლია. ჩვენ არც ენერგოუსაფრთხოების ბერკეტების მიცემა მიგვაჩნია პრობლემად, არც აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში დაღუპული მოსახლეობა და ჯარისკაცები, ათასობით დევნილი და უკვე მიტაცებული ტერიტორიები გვახსოვს. არც ის გვახსოვს, რომ რუსეთში არ არსებობს არჩევითი დემოკრატია, ადამიანის უფლებებისა და ღირსების პატივისცემა, სამაგიეროდ, ეს ქვეყანა განთქმულია ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების დევნით, მკვლელობით, ფაშიზმითა და ქსენოფობიით, მათ შორის, იქ მცხოვრები ეთნიკური ქართველების მიმართ.

ერთხელ, კიევში ერთმა უკრაინელმა დეპუტატმა საკუთარ ოპონენტებზე საუბრისას ერთი იაპონური ანდაზა გამახსენა: „თუ საკმარისად დიდხანს მოიცდი მდინარის პირას, ის შენი მტრის ცხედარს ჩამოატარებს“. შესაძლოა, მართლაც პრაგმატულია ლოდინი მაშინ, როდესაც რუსეთი უკრაინას ანადგურებს და სირიაში ასადის პოზიციებს ამაგრებს, დასავლეთი კი დაბნეულია. მაგრამ თუკი მოვლენები დრამატულად შეიცვალა და რუსეთის ცხედარი ბოლოს და ბოლოს ჩამოატარა მდინარემ, ჩვენ ამ „პრაგმატული პოლიტიკის“ შედეგად განვითარების მოსურნე, ამბიციური სახელმწიფო კი არა, დაღლილი და დეზორიენტირებული ქვეყანა ვიქნებით.

საქართველოში რუსული გავლენა იზრდება, პრორუსული სენტიმენტები ძლიერდება, ეს ყველაფერი ჩვენი სახელმწიფოებრივი და მოქალაქეობრივი შეგნების, თავდაჯერებისა და ეროვნული სიამაყის ხარჯზე ხდება, ამიტომ ამას არ უნდა შევეგუოთ.