1989 წლის 12 ნოემბერს ქართველ პატრიოტთაგან შემდგარი ხალხმრავალი კოლონა ჩავიდა ახალგორში და ჩაატარა მშვიდობიანი მიტინგი, რომელმაც დაგმო ეგრეთწოდებული სამხრეთ–ოსეთის საოლქო საბჭოს დეპუტატთა მიმართ, ფანატიკოსი ოსების მიერ ჩადენილი ძალადობა, ხოლო საოლქო საბჭოს სესია, რომელიც ფანატიკოსთა ძალმომრეობის შედეგად ჩატარდა, კანონგარეშე და ამდენად, გაუქმებულ აქტად სცნო. იქვე, ახალგორში, საქვეყნოდ გამოცხადებულ იქნა, რომ 23 ნოემბერს, ქალაქ ცხინვალში ჩატარდებოდა მშვიდობიანი მიტინგი, რომელიც ცხინვალისა და მთელი შიდა ქართლის მკვიდრი მოსახლეობის – ქართველებისა და საუკუნეთა მანძილზე შიდა ქართლში ჩამოსახლებული ოსი მოსახლეობის ძმური ურთიერთობის აღდგენასა და განმტკიცებას მიეძღვნებოდა და გამაფრთხილებელი დეკლარაციით მიმართავდა ოსი მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელმაც თავისი უპასუხისმგებლობით უკვე გააღვივა ეროვნებათშორისი შუღლი ცხინვალში და ეხლა ცდილობს ამ შუღლის მიყვანას ტრაგიკულ კონფლიქტამდე.

23 ნოემბერს ქართველ მანიფესტანტთა მრავალათასიანი კოლონა გაემგზავრა ცხინვალისაკენ. ცხინვალის მისადგომებთან მანიფესტანტთა კოლონას გზა გადაუღობეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენაერთებმა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ბ–ნმა შოთა გორგოძემ მანიფესტანტებს განუცხადა, რომ მრავალათასიანი კოლონის შესვლას ცხინვალში შეიძლება მოჰყვეს კონფლიქტი ფანატიკურად განწყობილი ოსი მოსახლეობის იმ ნაწილთან, რომელსაც მცდარი ინფორმაცია აქვს მიღებული ცხინვალში დაგეგმილი მანიფესტაციის მისიის შესახებ და ავისმსურველთა აგიტაციის შედეგად სწამს, რომ ქართველები ცხინვალში მოემართებიან ოსების დასარბევადო.

საქართველოს ეროვნული თავდაცვის შტაბმა, რომელიც ხელმძღვანელობდა ქართველ მანიფესტანტებს, ბ–ნ შოთა გორგოძეს მისცა იმის გარანტია, რომ ცხინვალში შესულ ქართველთა მხრიდან არავითარი აპოლიტიკური საქციელი არ იქნებოდა ჩადენილი და სრული პასუხისმგებლობით განუცხადა შემდეგი: ქართველ მანიფესტანტთა მრავალათასიანი კოლონა წარმოადგენს ეროვნული და პოლიტიკური თვითშეგნების მქონე ადამიანთა ერთობას, რომელიც მართვადია და უკიდურესი დაძაბულობის ვითარებაშიც ემორჩილება და დღესაც დაემორჩილება მანიფესტაციის პოლიტიკურ–ორგანიზაციულ ხელმძღვანელობას – ეროვნული თავდაცვის შტაბს!

მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს შენაერთები მოხსნიდნენ პირველ კორდონს, ქართველთა კოლონას შეუძღვებოდნენ ცხინვალში, მიაცილებდნენ სტადიონამდე და იქ, ოსი მოსახლეობის მონაწილეობით ჩატარდებოდა მიტინგი. ქართველთა კოლონა ამ შეთანხმების საფუძველზე შევიდა ცხინვალში, მაგრამ სტადიონიდან რამდენიმე ასეული მეტრით აქეთ, მას წინაღუდგა შინაგან საქმეთა სამინისტროს შენაერთების მეორე კორდონი, რომლის იქით უკვე იდგა ფანატიკოსი ოსების ბრბო, რომელსაც არ სურდა მანიფესტანტთა გატარება სტადიონამდე, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელებმა, ისე კორდონს აქეთ გამოსულმა ოსური ინტელიგენციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კორდონს იქით მდგარი ფანატიკოსები, არა უმეტეს სამასი კაცისა, ამჟამად წარმოადგენენ უმართავ მასას, სწამთ, რომ ქართველები მათ დასარბევად არიან მოსულნი და სტადიონამდე მისვლა მხოლოდ მათ გვამებზე გადავლით შეიძლებოდა.

ამგვარად, ოსმა სეპარატისტებმა ქართველი მანიფესტანტები არჩევანის წინ დააყენეს: ქართველთა ორმოცდაათათასიან კოლონას ან უნდა გაერღვია მილიციის კორდონი და გადაეთელა სამასიოდე ოსი ფანატიკოსი ე. ი. დაეღვარა მათი სისხლი, ან უარი უნდა ეთქვა თავის სამკვიდროში, უძველეს ქართულ ქალაქ ცხინვალში მიტინგის ჩატარებაზე. სრულიად ნათელი გახდა ოსი სეპარატისტებისა და მათი მოსკოველი შთამაგონებლების მზაკვრული ჩანაფიქრი – მათი ვარაუდით, მცირერიცხოვანი ოსი ფანატიკოსების თავხედობით აღშფოთებული ქართველები თავს ვერ შეიკავებდნენ, დაღვრიდნენ მათ სისხლს და ბოლოსდაბოლოს ჩაეფლობოდნენ ეთნიური ომის ჭაობში. ამავე დროს, მათ სურდათ, სამასიოდე ბრიყვის გაწირვით მოეპოვებინათ არგუმენტი მთელი კაცობრიობის ასაჯანყებლად ქართული ეროვნული მოძრაობის წინააღმდეგ – ორმოცდაათიათასმა ქართველმა დაჩაგრა, გათელა, სისხლი ადინა სამას ოს პატრიოტს და ბრძოლით აიღო ცხინვალი! – აი, რას ამცნობდნენ ისინი მსოფლიოს, თუ აღშფოთებული ქართველები ვერ შეიკავებდნენ თავს, ვერ გაშიფრავდნენ პროვოკაციულ ჩანაფიქრს და ოსი ფანატიკოსების გვამებზე გადავლით შევიდოდნენ ცხინვალში.

საქართველოს ეროვნული თავდაცვის შტაბმა, რომელიც ხელმძღვანელობდა ცხინვალში შესულ ქართველთა კოლონას, არა ერთი მოლაპარაკება გამართა კორდონს აქეთ გამოსულ ცხინვალელ ელჩებთან, როგორც ქართველებთან, ისე ოსებთან. ეროვნული თავდაცვის შტაბი ბევრს ეცადა, კორდონს აქეთ გამოეწვია ისეთი პიროვნება, რომელსაც შეეძლო ფანატიკოს ოსებზე გავლენის მოხდენა და მათი მშვიდობიანი დაშლა, მაგრამ ასეთი პიროვნება ცხინვალში არ აღმოჩნდა. ეროვნული თავდაცვის შტაბმა არაერთხელ განუცხადა ცხინვალელ ელჩებს, რომ შტაბი სრულ გარანტიას იძლეოდა ქართველი მანიფესტანტების სამართლებრივი მოქმედების შესახებ. მაგრამ ცხინვალელი ელჩები ირწმუნებოდნენ: ისეთი პიროვნება, ან პიროვნებათა ჯგუფი, რომელსაც შეუძლია ანალოგიური გარანტიის მოცემა ე. ი. კორდონს იქით მდგარი ფანატიკოსების მართვა და პასუხისმგებლობის აღება მათი საქციელის გამო, არ არსებობსო.

24 ნოემბერს შუაღამისას იმ ტრასის გვერდის ავლით, რომელიც ქართველ მანიფესტანტებს ეკავათ, ცხინვალში შევიდა ავტომატებითა და ფარებით შეიარაღებული ჯარი – ჯარისკაცებმა გაამაგრეს კორდონი და დაიკავეს ცხინვალის ქუჩები. კორდონის იქით მდგარ ფანატიკოსებს შეუერთდნენ ავტომატიანი რუსი ჯარისკაცების გამოჩენით გამხნევებული ოსები და კორდონს იქით თავმოყრილმა ბრბომ ერთიათად იმატა – გამოიტანეს კომუნისტური ლოზუნგები და, რაც მთავარია, ლენინის სურათი.

24 ნოემბერს დღის სამ საათზე ეროვნული თავდაცვის შტაბმა კორდონს აქეთ მდგარ ქართველობასთან ერთად ჩაატარა ხანმოკლე მიტინგი, ფაქტიურად, საერთო–სახალხო თათბირი, რომელმაც შეაფასა ცხინვალში შექმნილი ვითარება. ეროვნული თავდაცვის შტაბის გადაწყვეტილებით ქართველთა კოლონა თბილისისკენ გამოემართა. ამგვარად, ეროვნული თავდაცვის შტაბმა ნათელჰყო, რომ მანიფესტანტთა მიზანი იყო მშვიდობიანი მიტინგის ჩატარება, ამავე დროს დაამტკიცა, რომ ცხინვალში შემოსული ქართველთა კოლონა ჭეშმარიტად წარმოადგენდა ეროვნული და პოლიტიკური თვითშეგნების მქონე მართვად საზოგადოებას, რომელიც მოქმედებდა თავისი პოლიტიკურ–ორგანიზაციული ხელმძღვანელობის – საქართველოს ეროვნული თავდაცვის შტაბის გადაწყვეტილებათა შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ აღმოჩნდა ექსტრემალურ სიტუაციაში და უკიდურესად იქნა გაღიზიანებული ოსი სეპარატისტების მიერ შემუშავებული პროვოკაციული სცენარის მიხედვით განხორციელებული სპექტაკლით.

საქართველოს ეროვნული თავდაცვის შტაბი, სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ 1989 წლის 23 ნოემბერს ოსი სეპარატისტების მიერ გათამაშებული იქნა შემდეგი შინაარსის სპექტაკლი:

I. კორდონის იქით მდგარი მასა ფანატიკოსებისა, შეგნებულად, წინასწარი განზრახვით გამოაცხადეს უმართავ მასად.

2. კორდონის იქით მდგარი მასა ფანატიკოსებისა, სინამდვილეში იყო სავსებით მართვადი, მოქმედებდა წინასწარ შემუშავებული სცენარის მიხედვით, ხოლო ძალა, რომელიც მართავდა ამ მასას, მიიმალა და არენაზე არ გამოვიდა, რადგან ამას ითვალისწინებდა პროვოკაციული სპექტაკლის სცენარი.

3. ფანატიკოსთა ბრბო, რომელიც უმართავ მასად გამოცხადდა, სინამდვილეში არის ოსი სეპარატისტების მიერ მეთოდურად დამუშავებული, ანტიისტორიული, ყალბი ინფორმაციით მოწამლული, საზარბაზნე ხორცად ქცეული, წინასწარი განზრახვით ფანატიზმამდე მიყვანილი ჯგუფი ადამიანებისა, რომელსაც შიდა ქართლი ნამდვილად ოსეთი ჰგონიათ და ნაწყენნი არიან იმის გამო, რომ „მათი სამშობლოს“ – სამხრეთ–ოსეთის! – დედაქალაქს „სტალინირს“ ქართველებმა ნამდვილი, ისტორიული სახელი სტალინირი! – საიდანღაც ამოჩხრეკილი, მოგონილი სახელით – ცხინვალით! – შეუცვალეს – ასეთი და სხვა მრავალი ამგვარი სიბრიყვე შეიძლება მოგესმინა კორდონს იქით მდგარი ფანატიკოსებისგან.

4. ძალა, რომელიც მართავს ამ ბრბოს, სამსაფეხურიანია: ქვედა საფეხურს წარმოადგენს დანაშაულებრივი ორგანიზაცია „ადამონ ნიხასი“ – ზედა საფეხური, რომელიც მართავს „ადამონ ნიხასს“, მოკალათებულია ეგრეთწოდებული სამხრეთ–ოსეთის კომპარტიის საოლქო კომიტეტში და ხელისუფლების ორგანოში – საბჭოებში. სეპარატისტთა ზედა საფეხურს მართავს უმაღლესი საფეხური – ამ უმაღლესი საფეხურის შტაბ–ბინა კი, ცხინვალიდან საკმაოდ შორს, სსრ კავშირის დედაქალაქში – მოსკოვშია! – ამიტომ, 24–ში, ღამით, ცხინვალი აივსო ჯარისკაცებით, რომლებიც არ ემორჩილებიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ამდენად, საქართველოს მთავრობას და მოქმედებენ ცხინვალში სასწრაფოდ მოვლენილი მოსკოველი ემისარების ბრძანებით, ხოლო ცხინვალში მყოფ ქართულ მილიციას იარაღი აყრილი აქვს.

ამგვარად, ცხინვალში მდგომარეობას აკონტროლებს არა საქართველოს მთავრობა, არამედ მოსკოვიდან მოვლენილი ემისარი – ეს უხეში დარღვევაა იმ შეურაცხმყოფელი კონსტიტუციისაც კი, რომელიც თავს მოახვია ქართველ ხალხს და ძირითად კანონად დაუწესა რუსეთის მოდერნიზებული იმპერიის, ეგრეთწოდებული სსრ კავშირის უმაღლესმა ხელისუფლებამ.

საქართველოს ეროვნული თავდაცვის შტაბი ქართველ ხალხთან ერთად, ყოველივეს იღონებს იმისათვის, რომ აღიკვეთოს ცხინვალში სსრ კავშირის უმაღლესი ხელისუფლების ანტიკონსტიტუციური მოქმედება! – მოსკოველი ემისარების თვითნებობას ცხინვალში ბოლო მოეღება, რუსული ჯარი ცხინვალიდან გავა და ქართულ მილიციას იარაღი დაუბრუნდება, ხოლო თქვენ, ცხინვალში და მთელს შიდა ქართლში ჩამოსახლებულ და დამკვიდრებულ ოსებს, საქართველოს ეროვნული თავდაცვის შტაბი ერთხელ და სამუდამოდ გიცხადებთ შემდეგს:

დააფასეთ ქართველთა სიკეთე, თქვენ ცხოვრობთ შიდა ქართლში და არა ოსეთში, ამქვეყნად მხოლოდ ერთი ოსეთი არსებობს და იგი კავკასიონის გადაღმა მდებარეობს, ნუ აყვებით ილუზიებს, რომელიც ბოლშევიკებმა შთაგაგონეს ეგრეთწოდებული სამხრეთ–ოსეთის ავტონომიის შექმნით – ყველაფერს, რაც ბოლშევიკებმა შექმნეს ხალხთა შორის შუღლის დასათესად და გასაღვივებლად, ისტორია მოინელებს და სანეხვეზე დასტოვებს, წინ გაიხედეთ, მომავალი შეაფასეთ და დღეს ისე მოიქეცით, რომ ხვალაც გეცხოვრებოდეთ შიდა ქართლში – თქვენ თვითონვე დაგმეთ და გააძევეთ საქართველოდან ოსი სეპარატისტები, გააუქმეთ „ადამონ ნიხასი“ – რისთვის გჭირდებათ თქვენ ორგანიზაცია, რომელიც ვითომდაც ქართველებისაგან გიცავთ – განა ქართველებმა ოდესმე დაგჩაგრეს თქვენ – არა! ქართველებს თქვენ არასდროს დაუჩაგრიხართ, პირიქით, თქვენ არაერთხელ გათავხედებულხართ და ქართველების ჩაგვრა მოგინდომებიათ, მაგრამ ბოლოსდაბოლოს დასჯილხართ! დასჯილხართ! – სამართლიანად! შეისწავლეთ ისტორია – თვალი გაუსწორეთ ისტორიულ სიმართლეს და ირწმუნებთ, რომ ოსების თავხედობას საქართველოში ყოველთვის ბოლო მოჰღებია და ამჯერადაც ასე იქნება, რადგან ჩვენ, ქართველები მუდამ მართალნი ვიყავით თქვენს წინაშე – ეხლაც მართალნი ვართ და ამიტომ – ჩვენთან არს ღმერთი!

როდესაც, შვიდი წლის ვახტანგს, შემდეგ გორგასალად წოდებულს მამა გარდაეცვალა, ისარგებლეს ოსებმა, შემოიჭრნენ დარიალიდან ქართლში, დაარბიეს სოფლები, გაძარცვეს მცხეთა და მეფის ასული მირანდუხტი ვახტანგს მოტაცეს. თხუთმეტი წლის ვახტანგმა გაილაშქრა ოსეთში, მდინარე თერგთან გადამწყვეტი ბრძოლის დაწყებამდე ჯერ ხაზარი დევგმირი თარხანი მოკლა ორთაბრძოლაში და შემდეგ ოს დევგმირთან, ბაყათართან მოუხდა ბრძოლა. ბაყათარმა უთხრა ვახტანგს: „თარხანი გოლიათი არ იყო და ამიტომ შესძელი მისი დამარცხება, ეხლა კი ჩემთან უნდა იბრძოლო და ამიტომ განწირული ხარო“. თუმცა მხოლოდ თხუთმეტი წლისა ბრძანდებოდა ვახტანგ მეფე, მაგრამ უკვე ბრძენი იყო და ბაყათარს უპასუხა: „ჩემის ძლიერებით კი არ დაგძლევ მე შენ, არამედ ჩემი ღმერთის მეოხებითო, ჩემთან არს ძალა ქრისტესი და ჯვარი მისი არს ჩემი იარაღიო“.

ვახტანგმა ხმლით გაჰკვეთა ბაყათარი მხრიდან გულამდე, უსულოდ ჩამოაგდო ცხენიდან, დაამარცხა ოსთა ლაშქარი, გამოიხსნა ტყვეობიდან მირანდუხტი, დაარბია ოსეთი, დალეწა ოსთა ციხეები და უდიდესი ნადავლით დაბრუნდა უკან – ასე დაისაჯნენ ოსები ვახტანგ მეფისაგან და შემდეგაც არაერთხელ დასჯილან ღალატისა და ძალადობისათვის.

მეცამეტე საუკუნეში, მაშინ, როცა საქართველო მონღოლთა სამხრეთ ურდოს, მაჰმადიან ილხანებს ჰქონდათ დაპყრობილი, ჩრდილოეთის ურდოს ყაენმა ბერქამ ოსებს ველები წაართვა და მთებში შეხიზნა. ოსი ფეოდალები, ოსთა მთავრის ქვრივისა და მთავრის მცირეწლოვანი მემკვიდრეების ფარეჯანისა და ბაყათარის თანხლებით საქართველოში გადმოიხვეწნენ და საქართველოს მეფემ დავით მეშვიდემ ისინი ილხანთა ურდოში გაატარა. ოსმა ფეოდალებმა ერთგულება აღუთქვეს სამხრეთის ურდოს ყაენს ჰულაგუს, რომელსაც ამ დროს ომი ჰქონდა ჩრდილოეთის ურდოს ყაენთან ბერქასთან და ჰულანგუ ყაენმა დავით მეშვიდეს უბრძანა – ოსები საქართველოში დაასახლეო! დავით მეშვიდემ ოსი ფეოდალები დაასახლა ჟინვალის, თბილისისა და დმანისის მიდამოებში. წამოიზარდა მთავრის მემკვიდრე ფარეჯანი და ქართველთა რბევა-შევიწროება დაიწყო. როცა ქართველები მონღოლებს აუჯანყდნენ და დამარცხდნენ – დრო იხელთა მთავრის მეორე მემკვიდრემ ბაყათარმა და გორი დაიკავა. აქედან მოდის ის „ლეგენდა“, რომლითაც დღეს ცხინვალელი ვაი-იდეოლოგები გონებას უწამლავენ ზოგიერთ გაუნათლებელ ოს ახალგაზრდას – ერთ დროს გორიც ჩვენი ყოფილაო!... ხელთ იგდო ბაყათარმა გორი და იწყო ქართველთა ჩაგვრა ქართლში, მაგრამ წამოიზარდა მონღოლთა მიერ წამებით მოკლული დიმიტრი თავდადებულის ძე გიორგი, შემდეგ ბრწყინვალედ წოდებული, განდევნა ოსები ქართლიდან, გარეკა დარიალის იქით, ხოლო მონღოლები დაამარცხა ისე სასტიკად, რომ საქართველოში აქა-იქ შემორჩენილ, ტყეში შეხიზნულ მონღოლებს ქალები და ბავშვები დასდევდნენ და ბარით უჩეჩქავდნენ თავებს. ასე დამთავრდა მონღოლთა ბატონობა საქართველოში, ხოლო ოსები მწარედ დაისაჯნენ გიორგი ბრწყინვალისაგან უმადურობისა, ღალატისა და ძალადობისათვის. შემდეგ, თეიმურაზ მეფესაც უმუხთლეს ოსებმა, ისარგებლეს რა იმით, რომ ორ ძლიერ მტერთან, ოსმალებთან და სპარსელებთან უხდებოდა ბრძოლა, მაგრამ თეიმურაზისგანაც დაისაჯნენ ოსები, რადგან სიმართლე იყო ქართველთა მხარეზე და ამიტომ, ღმერთი იფარავდა მათ.

რაც შეეხება შიდა ქართლს, ქართლის მთიანეთს, ბოლშევიკების მიერ სამხრეთ-ოსეთად მონათლულ რეგიონს, აქ ოსური მოსახლეობა წარმოიშვა არა ერთდროული ჩამოსახლების შემდეგ, არამედ თანდათანობით, მეთექვსმეტე-მეთვრამეტე საუკუნეთა განმავლობაში. სარჩო-საბადებლის მძებნელი ოსები ქართველ მთიელთა სოფლებში, ქართველ ფეოდალთა კუთვნილ მიწებზე ხიზნებად სახლდებოდნენ. ამას ხელს უწყობდა ის, რომ ქართველი მოსახლეობა მტერთა განუწყვეტელი შემოსევების შემდეგ შემცირებული იყო, მიწის მეპატრონენი კი ცხადია, ცდილობდნენ დაცარიელებული მიწები, მიწათმოქმედის გარეშე, უქმად არ შერჩენოდათ ხელთ. ამას გარდა, საქართველოს ბარის ეკონომიკური ზემოქმედება იწვევდა ქართველი გლეხობის მიგრაციას მთიანი ადგილებიდან დაბლობისაკენ. ქართულ ისტორიოგრაფიაში უხვად არის ამ ისტორიული ვითარების დამადასტურებელი საბუთები. მეჩვიდმეტე საუკუნის პირველ ნახევარს განეკუთვნება, მაგალითად, ერთი სიგელი, რომელიც ადასტურებს იმას, რომ სოფელ ზემო ჯავის მოსახლეობა ამოწყვეტილა. შემდეგში ეს სოფელი ფეოდალ მაჩაბლებს ოსებით დაუსახლებიათ, ამგვარად, ამ რეგიონში, მიწის მფლობელი ფეოდალები, დაცარიელებული სოფლების დასახლებით დაინტერესებულნი იყვნენ და უმიწაწყლო ოსები ხიზნობა-ყმობის წესით სახლდებოდნენ ქართველ ფეოდალთა მიწებზე. გამოსახლებული ოსები, როგორც წესი, ქართულ ქრისტიანულ სარწმუნეობას ღებულობდნენ, ქართველების მხარდამხარ ცხოვრობდნენ და შრომობდნენ, ქართლის მთიანეთში, ეგრეთწოდებულ სამხრეთ-ოსეთში, ერთი გოჯი მიწაც კი არ არის, ქართველთა ისტორიული საკუთრებაც რომ არ იყოს – ყველგან, სადაც კი ცხოვრობენ ოსები, ჩამოსახლებულნი არიან იმ წესით, რომელზეც ზემოთ მოგახსენეთ. ორიოდე სიტყვით შევეხებით დვალებსა და დვალეთს. დვალეთი მდებარეობს კავკასიონის ქედის ცენტრალურ ნაწილში, ჩრდილოეთის მხარეს. დიდი და პატარა ლიახვის სათავეებში დვალები ჩნდებიან შუა საუკუნეებში და ისინი აქ ჩამოსახლდნენ ისევე, როგორც შემდეგ ოსები, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ალან-ოსებსა და დვალებს შორის არავითარი ეთნიკური კავშირი არ არსებობს. დვალები კავკასიურ-იბერიული წარმომავლობისა იყვნენ, ისევე როგორც ქართველები, ქისტები, ჩერქეზები და სხვა... ხოლო ალან-ოსები ინდოევროპული წარმომავლობის ხალხია, ინდოევროპელები კი იყვნენ აზიიდან დაძრული მომთაბარე ტომები, რომლებიც მეჯოგეობას მისდევდნენ და ახლა საძოვრების ძებნაში მდინარე დუნაის ნაპირებამდე მიაღწიეს. ერთი სიტყვით, დვალები ქართველთა მონათესავე ტომი იყო, კავკასიურ-იბერიული წარმომავლობისა და ალან-ოსებთან არათუ იდენტურობა, არამედ საერთოც კი არაფერი ჰქონიათ. ის მიწა, რომელსაც ოსეთი ქვია და რომელზედაც საბოლოოდ დამკვიდნენ ერთ-ერთი ინდოევროპული ტომის ალანების ჩამომავალნი – ოსები, მდებარეობს კავკასიანის ქედს გადაღმა, დარიალის იქით, „დარიალი“ ანუ „დარი-ალან“ სპარსული სახელია და ალანების კარს ნიშნავს. ძველქართულად ამ კარს არაგვის კარი ან ოვსთა კარი ერქვა, ბერძნები და რომაელები ამ კარს კასპიის კარს, ან კავკასიის კარებს ეძახდნენ. კაცობრიობას რაც მეხსიერება აქვს ისტორიული წყაროების სახით, ეს კარი ყველგან და ყოველთვის მოხსენიებულია იმ კარად, რომელიც ქართველებს და მათ წინაპრებს საიმედოდ ჰქონდათ გამაგრებული. არასოდეს ამ კარის შემოლეწვა და აქეთ ძალით შემოსვლა ოსებს არ შერჩენიათ – ქართველობას ყოველთვის სასტიკად დაუმარცხებია და გაურეკია ოსები უკან, კარებს იქით – ოსეთში, ასეთია, ობიექტური, ისტორიული სინამდვილე.

არსებობს მხოლოდ ერთი ოსეთი, ის ოსეთი, რომელსაც დღეს ჩრდილო-ოსეთს უწოდებენ – სამხრეთ-ოსეთი არ არსებობს – ეს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული შექმნეს ბოლშევიკებმა ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესების საზიანოდ.

ეგრეთწოდებულ სამხრეთ-ოსეთის ტერიტორია არის შიდა ქართლი – ქართველთა სამკვიდრო და განუყოფელი ნაწილი. შიდა ქართლში ჩამოსახლებული და დამკვიდრებული ოსების ერთმა ნაწილმა ჩვენს საუკუნეშიც დაარღვია მამაპაპური ადათი ძმობისა და უმტრო ქართველობას, მისცა რა დასაყრდენი ბოლშევიკებს ქართლის მთიანეთში – ამის გამო დაისაჯნენ თავისუფალი საქართველოს მთავრობისაგან – დაისაჯნენ სამართლიანად! – დაისაჯნენ, რადგან უღალატეს ქართველებს და მხარი აუბეს საქართველოს მტერს – ბოლშევიკებს. ის ავაზაკები, რომლებიც დაუძმობილდნენ ბოლშევიკებს, ბოლშევიკებმა წითელ პარტიზანებად მონათლეს და ქართველ ხალხს დაუპირისპირეს, მაგრამ ქართველები არასოდეს არ აიგივებდნენ ერთ მუჭა ავაზაკებს და ოს ხალხს და დღესაც არ აიგივებს ქართველი ხალხი, მთელ ოს ხალხს ოს სეპარატისტებთან. ოსი ხალხის ვალია, შეუბრალებელი ომის დაწყება ოსი სეპარატისტებისა და მათ მიერ შეცდენილ ფანატიკოსების წინააღმდეგ. ღმერთი იყო, არის და იქნება ქართველ ხალხთან – ღმერთის შეწევნითა და ძალით ქართველი ხალხი მოიხსნის რუსეთის მოდერნიზებული იმპერიის უღელს, ამიტომ, საქართველოში დამკვიდრებული ყოველი პატიოსანი ოსის ვალია ქართველთა მხარდამხარ ბრძოლან რუსეთის მოდერნიზებული იმპერიის წინააღმდეგ.

ქართველი ხალხის ბრძოლას თავისუფლებისათვის ვეღარაფერი ვეღარ შეაჩერებს – თქვენი ვალია, ოსებო, კარგად ასწონ-დასწონოთ – რას მოგიტანთ მომავალი! ხალხო, თუ კარგად დაფიქრდებით, ირწმუნებთ: დღეს გიჯობთ იმოქმედოთ ისე, რომ ხვალ, თავისუფალ საქართველოში დაგედგომებოდეთ! ოს სეპარატისტებსა და მათ მიერ გაბრიყვებულ ფანატიკოსებს ჩვენ დღესვე ვუცხადებთ შეურიგებელ ომს და ღვთის შეწევნით დავსჯით მათ საქართველოს განთავისუფლებამდეც, ამიტომ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ: ძმებო ოსებო, ოსი სეპარატისტები იმდენად ჩვენი მტრები არ არიან, რამდენადაც თქვენი, რადგან მათი ავანტიურისტული გეგმები თქვენ უფრო გავნებთ, ვიდრე ჩვენ, ამიტომ გაერთიანდით მათ წინააღმდეგ – დასაჯეთ მანამდე, ვიდრე ჩვენ დავსჯიდეთ – თქვენვე გაწმინდეთ შიდა ქართლი ოსი სეპარატისტებისაგან და ფანატიკოსებისაგან, თქვენ უკეთ იცით მათი ასავალ-დასავალი და იჩქარეთ, დროზე მოიკვეთეთ თქვენი სხეულის დაავადებული ნაწილი, თორემ როცა ჩვენ დავიძრებით თქვენს სხეულში გამჯდარი სიმსივნის ამოსაკვეთად, როგორც არ უნდა მოვინდომოთ, მაინც ძნელი იქნება ზუსტი ზღვრების დადება ჯანსაღსა და სნეულ ნაწილებს შუა, ამიტომ გიჯობთ, დღესვე, თქვენ თვითონვე დაიწყოთ შიდა ქართლის გაწმენდა საქართველოს მოღალატეებისაგან, მოდერნიზებული რუსეთის იმპერიის აგენტებისაგან.

ეს არის ჩვენი საბოლოო სიტყვა, ძმებო ოსებო – იმოქმედეთ ისე, როგორც სინდისი გიკარნახებთ!

 

1989 წლის 26 ნოემბერი

ეროვნული თავდაცვის შტაბი.

ზვიად გამსახურდია

ირაკლი წერეთელი

ვაჟა ადამია

ირაკლი ბათიაშვილი

თემურ სუმბათაშვილი

თორნიკე ფიფია

ავთანდილ რცხილაძე