ტექსტი: ვიქტორია რომანიუკი, StopFake-ის აღმასრულებელი რედაქტორი

StopFake ორი წლის წინ შეიქმნა. ეს პროფესიონალი ჟურნალისტების რეაქცია იყო უკრაინის მოვლენებზე. ასე დავუპირისპირდით საინფორმაციო ომს უკრაინაში, რადგან მივხვდით, რომ აბსურდული ტყუილების ზვავი მთელ საერთაშორისო აუდიტორიას უქმნიდა წარმოდგენას უკრაინის მოვლენებსა და უკრაინელებზე.

StopFake-ის ჟურნალისტები ამორალური, ულოგიკო და აბსურდული ამბების სიყალბეს ააშკარავებენ, მაგალითად, ასეთის: „ქვეყანა ფაშისტებმა, ბანდერელებმა ჩაიგდეს ხელში. ხუნტის წევრები ბავშვებს ხეებზე აკრავენ…“ მაშინ, ჯერ მხოლოდ უკრაინაზე ვლაპარაკობდით. დღეს უკვე ცხადია – მეთოდები, რომელთაც კრემლის პროპაგანდა იყენებდა, უნივერსალურია და ნებისმიერი ქვეყნის, ნებისმიერი მოწინააღმდეგისთვის გამოდგება.

შარშან უამრავი ყალბი შეტყობინება გავაანალიზეთ სირიისა და თურქეთის კონტექსტზე, რამაც რუსული პროპაგანდის ტენდენციები, კრემლის პროპაგანდის გლობალური მიზნებიც კი წარმოაჩინა.

დღეს რუსულ პროპაგანდაზე მსოფლიომ გაცილებით მეტი იცის, ვიდრე ორი წლის წინ იცოდა. ვთვლით, რომ ეს ჩვენი დამსახურებაცაა.

მხოლოდ შარშან, ჩვენმა გუნდმა ოც ქვეყანაში გამართა შეხვედრები და დისკუსიები. StopFake.org უნიკალური არქივია, რომელიც რუსული სამსახურების წარმოებულ უამრავ ტყუილსა და მედიამანიპულაციას ინახავს.

რა თქმა უნდა, რუსული პროპაგანდა პოლიტიკური და გეოპოლიტიკური პროცესების პარალელურად იცვლიდა სახეს. დროთა განმავლობაში ის უფრო პროფესიონალური, კომპლექსური და მოქნილი გახდა, სოციალურ ქსელებსა და მედიას მოედო.

დასავლური აუდიტორიისთვის შექმნილი პროპაგანდისტული შინაარსიც დაიხვეწა. რუსეთის მთავრობის მიმართ ლოიალურად განწყობილ ელექტორატზე გათვლილი ინფორმაცია კი, შეუდარებლად პრიმიტიული და ბრუტალურია. დღეს, უკრაინული ახალი ამბების მთავარი თემებია ხელისუფლების არაეფექტურობა, რეფორმების წარუმატებლობა, სიღარიბე. ასევე შეითხზა ისტორია არასტაბილურ სასაზღვრო პოლიტიკაზეც, თითქოს უკრაინას ტერიტორიებს სხვა მეზობელი სახელმწიფოებიც ედავებიან (პოლონეთი, რუმინეთი, უნგრეთი). 2015 წელს წამყვანი თემა იყო – უკრაინის კავშირი „ისლამურ სახელმწიფოსთან“, გამოქვეყნდა ცრუ მასალები უკრაინისა და თურქეთის ურთიერთობაზეც.

StopFake-ის მთავარი პრინციპი ასეთია: არ ვავრცელებთ პროპაგანდას. ჩვენ მკაცრად ვიცავთ ჟურნალისტურ სტანდარტებს, ვიყენებთ ინფორმაციის, ვიზუალური მასალის გადამოწმების თანამედროვე ხერხებს.

არასდროს ვქმნით და ვავრცელებთ პროპაგანდისტულ გზავნილებს. საინფორმაციო სივრცეში მხოლოდ უკვე არსებულ მეტიატექსტებს ვშიფრავთ. StopFake არც სახელმწიფო და არც კომერციულ სტრუქტურებზე არაა დამოკიდებული. ჩვენი ბიუჯეტი თანამოაზრეების შემოწირულობებითა და დონორი ორგანიზაციების დახმარებით ივსება. მხოლოდ ასე შეგვიძლია შევინარჩუნოთ აბსოლუტური თავისუფლება.

უკრაინული აუდიტორია რუსული პროპაგანდისტების სამიზნე კონფლიქტის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე გახდა. მაშინ ის შეუმჩნეველი იყო. დღეს პროპაგანდის საფრთხე აშკარაა და ჩვენ მხოლოდ თავდაცვის გზებს კი აღარ ვეძებთ, არამედ საფრთხის ლიკვიდაციას, მთელი მსოფლიოს ინფორმირებას ვცდილობთ.

სამწუხაროდ, პროპაგანდისტული ტყუილების გავრცელებაში წვლილი უკრაინულ მედიასაც აქვს. არაერთხელ დაგვიწერია გადაუმოწმებელი, ხშირად აბსურდული ინფორმაციის მაგალითებზე, რომელიც უკრაინის ცენტრალურ და რეგიონულ მედიაში გავრცელებულა. ამ ცრუ ისტორიებით საზოგადოებაში ნეგატიური ემოციური ფონი იქმნება და სასოწარკვეთილების განცდა ჩნდება.

StopFake-ის გუნდი იბრძვის იმისთვის, რომ ჟურნალისტიკა და პროპაგანდა ერთმანეთისგან გაიმიჯნოს.

ჩვენთვის კრემლის პროპაგანდისტულ მანქანასთან დაპირისპირების დროსაც კი მიუღებელია იმავე მეთოდებით ბრძოლა. თუმცა, ეს საინფორმაციო პოლიტიკა არამხოლოდ პროფესიულ მედიას ემუქრება. დათრგუნულ საზოგადოებაში, ნებისმიერ მომენტში შეიძლება ხალხის აგრესიის მსხვერპლი თავად პროპაგანდის წყარო გახდეს.