ფილოლოგიური კოლაჟი ორი უცხო სიტყვით 

0.

„1896 წლის ზაფხულში ჩვენმა პარტიამ მოაწყო გაფიცვა ენფიანჯიანცის პაპიროსის ქარხანაში. აქაც მოთხოვნები წმინდა ეკონომიური იყო. ამ ქარხანაში მეტი ნაწილი შეუგნებელი მუშები იყვნენ, ყარაჩოხელი ბიჭები. გაფიცვა რომ კარგად ჩატარებულიყო და შტრეიკბრეხერები არ გამრავლებულიყვნენ, ჩვენ ვაწყობდით გაფიცულთა კრებებს ქალაქის გარეთ, ღამით. მახსოვს, პირველ კრებაზე რამდენიმე ამხანაგის შემდეგ ილაპარაკა მიხა ბოჭორიშვილმა. მიხა უკვე კარგად მომზადებული პროპაგანდისტი იყო. ყარაჩოხელი ბიჭები გაკვირვებით უსმენდნენ მიხას, რადგან ისინი რამდენიმე წლის წინათ იცნობდნენ მას, როგორც უბრალო ძმაბიჭს; როდესაც მიხამ რამდენჯერმე იხმარა: „ექსპლოატაცია“, „კონცენტრაცია“, „ექსპროპრიაცია“ და სხვა უცხო სიტყვები, ერთი განიერ-შარვლიანი მუშა ეუბნება მეორეს: „ბიჭო, ერთი უცქირე მაგ პირძაღლ მიხაკოს, როგორ ჩეჩქივით აყრის ზაგრანიჩნი სიტყვებსო“. ბოლოს ილაპარაკა არაქელამ. ის ლაპარაკობდა სწორედ განიერ-შარვლიანების ენაზე და ისეთი აღტაცება გამოიწვია მსმენელებში, რომ ის სულ ბურთივით ისროლეს ხელში და თან გაიძახოდნენ: „შენი ჭირიმე არაქელჯან, ეგ რა მართალს ლაპარაკობო“... კრება დიდი აღფრთოვანებული დაიშალა“.

თუ ისეთ „ზაგრანიჩნი“ სიტყვას, როგორიცაა „ექსპლოატაცია“, ძარღვიანი ქართული შესატყვისი მოეძებნება „ყვლეფის“ სახით, ასე უსამართლოდ რომ მიივიწყა ენამ, შტრაიკბრეხერი მსგავს შესატყვისს არ იცნობს. მრავლად არის ქართულში მისნაირი ნასესხობა გერმანულიდან: ცაიტნოტი, შლაგბაუმი, ჰალსტუხი, ლანდშაფტი, მუნდშტუკი, შახტა, შლაგერი, და ა.შ. ამავე დროს, შტრაიკბრეხერი თავიდან შტრეიკბრეხერად რომ ითქმოდა, როგორც, მაგალითად, ფეიერვერკი (ფოიერვერკის მაგივრად), ნათლად მიუთითებს, რომ „სარკმელი“, საიდანაც ეს გერმანული სიტყვები შემოვიდა, რუსული ენა იყო, იმპერიული თუ საბჭოთა მმართველობის დროს.

შტრაიკბრეხერი არ გვხვდება არც 1904 წელს გამოცემულ პირველ ქართულ უცხო სიტყვათა ლექსიკონში და არც 1906 წელს გამოსულ სახალხო უცხო სიტყვათა ლექსიკონში. პირველად ის მხოლოდ 1918 წლის უცხო სიტყვათა ლექსიკონში აღინუსხება. თუმცა, ეს მის სიახლეზე კი არ მიუთითებს, არამედ პირიქით – ხმარებაში რომ არ ყოფილიყო, მისი შეტანა არც გახდებოდა საჭირო. 1918 წლის ლექსიკონში ვკითხულობთ, რომ შტრეიკბრეხერი „ნემენცური“ სიტყვაა და მისი მნიშვნელობაა: „გაფიცვის დამრღვევი, ადგილის შემცილებელი. შტრეიკბრეხერობა – ნემ. გაფიცვის დარღვევა, ზოგიერთ მუშათა მიერ ღალატი, რომელნიც ან გაფიცვას ბოლომდენ ვერ იცავენ, ან გაფიცულთა ადგილზე მუშაობას იწყებენ“.

შტრაიკბრეხერის გერმანული ეტიმოლოგიის შემადგენლებია, ერთი მხრივ, სახელი der Streik და ზმნა streiken (გაფიცვა), ხოლო მეორე მხრივ, ზმნა brechen (გატეხვა, დამტვრევა) და სახელი der Brecher (გამტეხი). შტრაიკი თავად გერმანულისთვისაც უცხო სიტყვაა და ის 1860-იან წლებში დამკვიდრებული თარგმანია ინგლისური სიტყვისა strike, რომელიც აღნიშნავდა თვალშისაცემი, განცხადებული, striking სახით სამუშაოს მიყრა-მიტოვებას. ამით შეერწყა ის „ალალად“ გერმანულ სიტყვას streichen, რომელიც ბოდიალს, უქმად წანწალს ნიშნავს.

ეტიმოლოგიის მხრივ ერთგვარი გამონაკლისებია „გაფიცვის“ ფრანგული შესატყვისი grève, რომელიც მომდინარეობს პარიზის გრევის მოედნიდან (Place de Grève), სადაც მუშები იკრიბებოდნენ დღიური სამუშაოს საძიებლად, და რომლიდანაც მრავალმა სხვა ენამ, მათ შორის თურქულმაც, ისესხა სიტყვა grev. თავის მხრივ, თუ ინგლისური to strike და striking დარტყმასთან და რაღაც მკვეთრთან ასოცირდება, ამავე კონოტაციას ენათესავება არაბული ეზრაბათ-უნ (اضراب, რომლის ძირიდანაც – ზრბ – მომდინარეობს  ქართული ზარბაზანი და დავი-დარაბა). სამაგიეროდ, ებრაული შვითა-ს (שביתה) ძირი „შაბათია“ ანუ დღე, როდესაც უქმად ყოფნა უწმინდესი მოვალეობაა, ბერძნული აპერგია (απεργία), სომხური გორწადულ (գործադուլ), ესპანური huelga თუ იტალიური sciopero (ლათინური exoperare-დან) საქმის დატევებას ნიშნავს, ხოლო, რუსული забастовка ეფუძნება იტალიურ სიტყვებს basta, bastare (საკმარისია, კმარება).

თუ სწორედ ეს უქმობაა გერმანული შტრაიკის მნიშვნელობის პირვანდელი ჰორიზონტიც, საკითხავი გვრჩება, რას შეიძლება ნიშნავდეს შტრაიკბრეხერი ქართულში, თუ ის უბრალოდ შტრაიკს კი არ ტეხს, არამედ გაფიცვას.  

 

1.

სამუშაოსთან დაკავშირებული პროტესტის ორგანიზებული ფორმები საქართველოში ჩნდება მაშინვე, 1860-70-იანი წლებიდან, როცა კაპიტალისტური ურთიერთობების წესი იწყებს დამკვიდრებას. XIX საუკუნის მიწურულიდან სულ უფრო ხშირდება საგაფიცვო ტალღები. ამის თაობაზე სტივენ ჯონსი თავის წიგნში სოციალიზმი ქართულ ფერებში ასეთ შემთხვევას აღწერს:

„1897 წლის გაფიცვის დროს ენფიანჯიანცის თამბაქოს ქარხნის მუშებმა აიყოლიეს დანარჩენებიც, ვინც არ აპირებდა გაფიცვაში მონაწილეობას, ყური არ ათხოვეს თბილისის პოლიციის უფროსის ხვეწნა-მუდარას, დაბრუნებოდნენ სამუშაოს და ეკლესიაში ფიცი დადეს, რომ ქარხანაში არ შევიდოდნენ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდებოდა. ერთ-ერთი მუშა, რომელმაც გაფიცვაში მონაწილეობა არ მიიღო, მოკლეს. (...) მუქარა, ცემა, მკვლელობა და ფიცის დადება ყველაზე ეფექტური იარაღი იყო მათთვის. ეს, როგორც მართებული და კეთილშობილური ტაქტიკა, ერთგვარად ასახავდა სოფლად არსებულ ხატზე დაფიცების ტრადიციას, ისევე, როგორც ქართული ხასიათისთვის მისაღებ ძალადობას და შურისძიებას. ღვთის წინაშე მიცემული სიტყვის გატეხა მომაკვდინებელი ცოდვა იყო, ხოლო მეგობრის ღალატი მთელი ოჯახის შეურაცხყოფა“.

ეკლესიაში ფიცის დადების პრაქტიკასთან დაკავშირებით მოყვანილია ფილიპე მახარაძის 1927 წლის წიგნი Очерки революционного движения в Закавказьи. წყარო, რომელიც დაამოწმებდა „ქართული ხასიათისთვის მისაღებ ძალადობას“, მითითებული არ არის.

ფილიპე მახარაძე, თავის მხრივ, ეყრდნობა ენფიანჯიანცის ქარხნის მუშას, ამხანაგ სერგო გეურქის ძე ბაჯიაშვილს, რომელიც იგონებს, რომ, რადგან იმხანად არანაირი ორგანიზებული პარტია და მოძრაობა არ არსებობდა, ხოლო მშრომელთა შორისვე ბევრნი იყვნენ დამქირავებლის ჯაშუშები და შტრაიკბრეხერები, საკუთარი თავების ამარა დარჩენილ მუშათა უხელმძღვანელო უმრავლესობამ „გადაწყვიტა, რომელსამე ეკლესიაში ფიცი დაედო, რომ ერთმანეთს არ უღალატებდნენ“. ერთმანეთისთვის შეფიცება ის ერთადერთი რამ იყო, რაც მათ კავშირს სიმყარეს მიანიჭებდა, რათა გაფიცვის ჟამს ასატანი გაჭირვებისთვის გაეძლოთ და გადაელახათ ფიზიკური, გამათითოკაცებელი კერძო ინტერესი.

ანა გაბრიელის ასული მირზაშვილი-აზმაიფარაშვილისა 1931 წელს შედგენილ მოგონებებში იხსენებს: „1900 წელს დაახლოებით ივნისში მოხდა რკინისგზელთა გაფიცვა. ამ დღეს გაფიცვამ 16 დღე გასტანა. ხალხი დიდ ტანჯვაში იყო. ჩამოვარდა სიმშილობა (...). რაც ფქვილი გვქონდა ჩემის ხელით ვაცხობდი პურს და ვაწოდებდი რათა ცოტათი მაინც შემეოკებინა სიმშილით შეწუხებული მუშები ეგებ უარი განეცხადებინათ მუშაობაზე დაბრუნების შესახებ“. და მაინც, „გაფიცვა გატყდა“. ოღონდ, ამჯერად გაფიცვის გამტეხები არ ყოფილან, როგორც ეს 1898 წელს რკინიგზელთა პირველი გაფიცვისას მოხდა, „გაფიცულ მუშების სამაგიეროთ გამოგზავნილ[ი] (...) უამრავი შტრეიკბეხერები, [რომელთაც] რკინის გზის მუშები დილით გულოკზე გადაცმული სხვადასხვანაირ ტანისამოსში შეიარაღებულნი კეტებით და ქვებით უხვდებოდნენ“. როცა გაფიცვას ტეხს „სიმშილობა“, დადებულ ფიცს – მოქმედებით გვარში – ტეხს არა კონკრეტული ვინმე, არამედ „გატეხვა“ ვნებითში დგას, როგორც ანონიმური, სტიქიურად გადამძალავი ძალა.

ხოლო, როცა ენამ იცის, რაზე საუბრობს, მას არ ეშინია, შტრაიკბრეხერი დაამახინჯოს შტრეიკბეხერად, თითქოს „ზედმეტი“ თანხმოვნების ჩამოფერთხვით საქმეს იიოლებდეს. აკი არც „ამიერ-კავკასიის სოციალ-დემოკრატიულ მუშათა ორგანიზაციების ორგანო“ გაზეთ ერთობას დაუკლია სიძუნწე შტრაიკბრეხერის მესამე „რ“-ს მიმართ: 1918 წლის 27 იანვრის ნომერი გვაუწყებს, რომ „ბეჭდვითი საქმის პროფესიონალურ კავშირის მუშათა ნაწილობრივი გაფიცვა კარგათ მიდის. (...) მაგრამ სტამბა „კულტურაში“ აღმოჩნდა 4 შტრეიკბეხერი ასოთამწყობნი“. 

შემთხვევითი არ არის, რომ ქართულში გაფიცვისათვის „გაფიცვის“ დარქმევა  უკავშირდება „სოფლად არსებულ ხატზე დაფიცების ტრადიციას“ და შტრაიკბრეხერებისადმი მოპყრობაც სისხლის აღების სახეს იძენდა. ერთი მხრივ, როგორც ჯონსი აღნიშნავს, ქართველ სოციალ-დემოკრატებს ეუცხოვებოდათ მუშები, რომლებიც, ინგლისისა თუ საფრანგეთის „კლასიკური“ პროლეტარიატივით, უმიწაწყლოდ ქცეული, წმინდად ურბანული სამუშაო ძალა კი არ იყვნენ, არამედ სოფლიდან ქალაქში დროებით სამუშაოდ ჩამოსული მუშახელი, ვინც ქალაქებსა და სოფლებს შორის მცირე მანძილის წყალობით თავიანთ სოფლებთან მჭიდრო კავშირს ინარჩუნებდნენ. მეორე მხრივ, გლეხის ფიცი მსჭვალავდა გურიის სოფლიდან ბათუმის, ფოთის, სოხუმის, ოდესისა თუ კონსტანტინოპოლის პორტებში და ჭიათურისა და ტყიბულის მაღაროებში სამუშაოდ ჩასული მუშის ბრძოლას; და თანამედროვე პროლეტარიზებული ყოფის მაზუთსა და ნახშირში მონათლულსვე ჩაჰქონდა უკან სოფელში ქალაქში მიღებული „თანამედროვე“ ცოდნა. საქართველოს XIX საუკუნის მიწურულსა და XX-ს დასაწყისში ამ უნიკალური ნაზავის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი სწორედ გურული გლეხების რევოლუციური მოძრაობაა.

„ოფიციალურად“ მას საფუძველი ჩაეყარა ლანჩხუთთან ახლოს მდებარე ერთ გორაზე, შემდგომ ნაფიცვარა რომ დაერქვა იქ მომხდარი ღირსშესანიშნავი მოვლენის პატივსაცემად. გრიშა ურატაძე იყო მთავარი ხიდი გურულ გლეხებსა და ქართველ სოციალ-დემოკრატებს შორის, რომელთაც გლეხობის სახით მასობრივი დასაყრდენი გაუჩნდათ. საერო და საეკლესიო გადასახადების ტვირთით დამძიმებულმა გლეხებმა ურატაძეს მოსთხოვეს, შეედგინა ტექსტი, რომელიც მათ გადაწყვეტილებას საერთო ბრძოლის შესახებ საერთო ფიცით გაამყარებდა. რამდენიმე ათწლეულის შემდეგ, ის იხსენებს, რა მოხდა, როდესაც ყველამ დათქმულ გორაზე მოიყარა თავი:

„ჩამოვარდა სამარისებური სიჩუმე, რომელსაც მხოლოდ ნელი სიოთი შერხეული ფოთოლთ შრიალი არღვევდა. გარდა მზვერავთა, ყველა მიწაზე ისხდა. მე შუაში ჩავდექი და დავიწყე: ამხანაგებო! დადგა განკითხვის დღე. დღეს ვიწყებთ იმ ბრძოლას, რომელიც მოგვცემს იმას, რაც გვერგება. დაგვიბრუნებს, რაც წაგვართვეს.. ჩვენი ოფლით ნაშრომი ჩვენვე უნდა გვეკუთნოდეს და სხ. და სხ. მთელი ქვეყნის მუშები ჩვენთანაა და წავიკითხე თფილისის სახელოსნოს გაფიცვის გამო გამოცემული ძველი პროკლამაცია. შევფიცოთ ერთმანეთს რომ ვიქნებით ერთად, ვიბრძოლებთ სანამ არ გავიმარჯვებთ, ჩავქოლავთ მოღალატეს და გამცემს. ამის თქმაზე კრება, როგორც ერთი კაცი, წამოიშალა და უხმოთ ფეხზე დადგა. მე დავიწყე ფიცის ფურცლის კითხვა. ვკითხულობდი სანთლის სინათლეზე და შევნიშნე რომ ჩემ ახლო მდგომნი სამი გაშვერილი თითით ხელაწეული უქუდოთ იდგნენ. მეორე დღეს მარწმუნებდენ რომ ასე იდგა მთელი კრება. როცა კითხვა გავათავე, გავიგონე რომ ხალხმა ერთხმად ფუჩუნით გაიმეორა ფიცის ბოლო სიტყვები: „წყეულიმცა იყოს. ამინ.“ ხალხის ფუჩუნი გრილმა ნიავმა იხელთა, ქედის ნაპრალებს მიურბენინა და იქიდან, ვითა დასტური, ღამის წყვდიადში, გაისმა ყრუ ამოძახილი – „ამინ. ამინ“.“

თავადაზნაურობას, სამღვდელოებასა და იმპერიულ ხელმძღვანელობას შეფიცულები ბოიკოტს უცხადებენ; ბოლომდე ანადგურებენ ისედაც ჩატეხილ ხიდს: „მათ ყოველგვარი კავშირი გაწყვიტეს მემამულეებთან, არ მიდიოდნენ მათთან სამსახუროდ, არ დადიოდნენ მათთან არც ქორწილზე, არც დასაფლავებაზე“, – იუწყება რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის არალეგალური გაზეთი პროლეტარიატის ბრძოლა 1903 წელს. ირღვევა საერო თუ საეკლესიო ლოიალობის ტრადიციული ფორმები; მაგრამ სწორედ საეკლესიო ტრადიცია იქცევა წესრიგის დასამხობ იარაღად, იქცევა იმ ენად, რომელზეც ახალი, უფრო თანასწორი, საზოგადოება – რესპუბლიკა – უნდა ამეტყველდეს და ორგანიზდეს. როცა გლეხი იმპერატორსა და ბატონს უმხედრდება და რესპუბლიკას აცხადებს, მის დადებულ ფიცსა თუ „გურიის რესპუბლიკაში“ წარმოშობილი ურთიერთობის ახალ წესებზე ვერ ვიტყვით, რომ ისინი უბრალოდ „შენიღბულნი“ იყვნენ ეკლესიურ-რელიგიური „საბურველით“, რომლის ჩამოფერთხვის შემდეგ „ნამდვილი“ სეკულარული შიგთავსი დაგვრჩებოდა. თუ საქმე მართლაც უბრალოდ „რელიგიურ საბურველთან“ გვაქვს, მაშინ, ნაფიცვარას მთაზე გლეხი რომ იფიცებს და იფიცება, ფიცი ლიტონ სიტყვად, ცარიელ მეტაფორად იქცევა ჯერ კიდევ მანამ, სანამ ვინმე დადებული ფიცის გატეხვას მოასწრებდეს.   

არ ვიცით, პირველად რომელი სიტყვა იყო. რელიგიური (ხასიათის) ფიცის დადება აშკარად უფრო გვიანდელი პრაქტიკაა, ვიდრე თავად ქართველი მუშების ორგანიზებული პროტესტი. მაგრამ გაფიცვა ვეღარ იქნებოდა იგივე ქმედება მას მერე, რაც მუშებს (თუ გლეხებს) პირველად მოუვიდათ აზრად, უკიდურესი სასოწარკვეთისა და მიუსაფრობის ჟამს, „რომელსამე ეკლესიაში“ დადებული რელიგიური ფიცით დაეფუძნებინათ თავიანთი ჯერ-არნახული ერთობა.

თუმცა, რა მნიშვნელობას შეიძლება ატარებდეს სიტყვა გაფიცვა, როდესაც, მართალია, კვლავაც იფიცებიან, ერთმანეთს კი აღარ ეფიცებიან? 

 

2.

გასაბჭოების შემდეგ, ე.წ. ახალი ეკონომიკური პოლიტიკის ხანაში, როცა მშრომელები ხშირად სწორედ გაფიცვებით ცდილობენ, თავიანთი გაიტანონ, სიტყვა შტრაიკბრეხერი 1925 და 1928 წელს გამოსულ ორ უცხო სიტყვათა ლექსიკონშიც გვხვდება. 1925 წელს სადა განმარტებას ვაწყდებით: „შტრეიკბრეხერი – მუშა, რომელიც გაფიცვას არ ემხრობა, პირიქით, ხელს უშლის“. 1928 წელს ქართული ენათმეცნიერების, მთარგმნელობისა და პირველი რესპუბლიკის დროინდელი პოლიტიკური ცხოვრების სამი გამოჩენილი წარმომადგენლის, გიორგი ახვლედიანის, დავით ონიაშვილისა და ერეკლე ტატიშვილის შედგენილ ლექსიკონში ცოტათი უფრო გაშლილად წერია: „შტრეიკბრეხერი – მუშა, რომელიც არ ემხრობა გაფიცვას და ამით ხელს უშლის გამარჯვებას; გაფიცვის მონაწილე, რომელმაც ბოლომდე ვერ გასძლო და დაიწყო მუშაობა; უცხო მუშა, რომელიც დადგა სამუშაოზე გაფიცულის ნაცვლათ“.

1928 წელსვე სტალინი ბოლოს უღებს „ახალ ეკონომიკურ პოლიტიკას“, ცხადდება საბჭოთა მეურნეობის პირველი ხუთწლედი, რომლის პირობებშიც შრომის დისციპლინა მკაცრდება. ამ დროს, გაფიცვა, როგორც პროტესტის საჯარო ფორმა, ჯერ ხსენებიდან ქრება, 1940 წლისკენ კი საერთოდაც იკრძალება. 1933 წელს უკვე მხოლოდ გიორგი ახვლედიანის გამოცემულ უცხო სიტყვათა ლექსიკონში ვკითხულობთ:

შტრეიკბრეხერები (მრავლ.), მუშათა გაფიცვის მოღალატე მუშები, – მუშაობენ გაფიცულთა ადგილას; შტრეიკბრეხერობას – გაფიცვის ჩაშლას – ეწევიან კლასობრივი შეგნების დაბალ საფეხურზე მდგომი ელემენტები, რომელთაც ორგანიზაციულად ხელმძღვანელობენ კაპიტალიზმის აგენტები, ფაშისტები და სხვა კონტრ-რევოლუციური ორგანიზაციები“. სიტყვა იმთავითვე მხოლოდ მრავლობითშია მოცემული. ხოლო, 1933 წლისთვის, როცა საბჭოთა კავშირს ფაშიზმის სახით მძლავრი საგარეო მოწინააღმდეგე უჩნდება, „კლასობრივი შეგნების დაბალ საფეხურზე მდგომი ელემენტები“ მხოლოდ გარეგანი საფრთხის ერთგვარი შიდა პარაზიტები, „კლასობრივ მტერს“ მიყიდული საბჭოთა მუშები თუ იქნებიან. საკითხავი რჩება მაშინ, ერთი მხრივ, რატომ ცდილობენ მტრები საბჭოთა კავშირის ფარგლებში გაფიცვის ჩაშლას და რა არის, მეორე მხრივ, ის, რასაც გაფიცულები (მშრომელთა) საბჭოთა სახელმწიფოს ედავებიან.

 1933 წლის მერე შტრეიკბრეხერს უკვე 1962 წელს არნოლდ ჩიქობავას გამოცემულ ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის მეშვიდე ტომში ვხვდებით. ის აქ პირველად იცლება შტრეიკის რუსიციზმისგან და აღარც შინაარსობრივადაა საკუთარ თავთან პარანოიდულ წინააღმდეგობაში. 1925 და 1928 წლების განმარტებების მსგავსად, ის არის უბრალოდ „პირი, რომელიც გაფიცვაში მონაწილეობას არ იღებს და სამუშაოდ გამოდის, – გაფიცვის ჩამშლელი; მუშათა ინტერესების მოღალატე“. აღმოჩნდება, რომ 1962 წელს მეშვიდე ტომი მხოლოდ იმიტომ განმარტავს შტრაიკბრეხერს ასე ლაკონიურად, რომ ლექსიკონის 1951 წელს, აღზევებული სტალინიზმის ეპოქაში გამოცემულ მეორე ტომში ყოფილა სიტყვა გაფიცვა ზედმიწევნით მკაფიოდ განმარტებული და საბჭოთა ხალხის წინამძღოლთა ნაწერებიდან ამოკრეფილი მაგალითებით გაჯერებული: 

გაფიცვა (გაფიცვისა – სახელი  გ ა ი ფ ი ც ე ბ ა  ზმნის მოქმედებისა. 1. (კაპიტალისტურ ქვეყნებში და რევოლუციამდე – რუსეთში) მუშების მიერ კოლექტიურად მუშაობის შეწყვეტა, რათა აიძულონ წარმოების მეპატრონე დააკმაყოფილოს მისთვის წარდგენილი მუშათა ეკონომიური მოთხოვნილებანი ან აიძულონ ხელისუფლება – დააკმაყოფილოს მათი ესა თუ ის პოლიტიკური მოთხოვნილება. ეკონომიური გაფიცვა. – პოლიტიკური გაფიცვა. – გაფიცვები, ბოიკოტი, პარლამენტარიზმი, მანიფესტაცია, დემონსტრაცია – ბრძოლის ყველა ეს ფორმა კარგია, როგორც პროლეტარიატის მომამზადებელი და მისი დამრაზმველი საშუალებანი (სტალინი). 1898 წელს თბილისის რკინის-გზის სახელოსნოში პირველად ეწყობა დიდი გაფიცვა; შემდეგ 1900 წლამდე მოეწყო და ჩატარდა მთელი რიგი დიდი გაფიცვები ბოზარჯიანცის ფაბრიკაში, „კონკაზე“, ადელხანოვის ტყავის ქარხანაში, სტამბებში და სხვ. (ბერია).  2. ეთნ. სახელი  გ ა ე ფ ი ც ე ბ ა  ზმნის მოქმედებისა, – ფიცით შეკვრა, შეფიცვა. ძმად გაფიცვა“.

პირველ განმარტებას გაფიცვა საბჭოთა კავშირის დროიდან და სივრციდან „რევოლუციამდელ რუსეთსა“ და „კაპიტალისტურ ქვეყნებში“ გააქვს. ხოლო, გაფიცვის მეორე განმარტება, მართალია, სიტყვის „ეთნოგრაფიულ“ დატვირთვას გამოყოფს და სწორედ ძმად გაფიცვის იმ ტრადიციაზე მიუთითებს, რომლიდანაც წარმოიშვა თავის დროზე ქართული გაფიცვა, როგორც პოლიტიკურ-ეკონომიკური მოვლენა; მაგრამ აქ – გაფიცვა, წარმომდგარი ზმნიდან გა--ფიცება, და გაფიცვა, წარმომდგარი ზმნიდან გა--ფიცება, საბოლოოდ შორდება ერთმანეთს და პირვანდელი დატვირთვაც ფოლკლორის ლუკმად, ეთნოგრაფიის შესასწავლ ეგზოტიკურ წარსულად იქცევა.

1964-1989 წლებში მიხეილ ჭაბაშვილის სამგზის გამოცემული, ყველაზე ხმარებადი უცხო სიტყვათა ლექსიკონი თავად შტრაიკბრეხერსაც უკვე პირდაპირ მიუჩენს თავის გეოგრაფიულ ადგილსამყოფელს: „შტრაიკბრეხერ-ი [გერმ. Streikbrecher] – კაპიტალისტურ ქვეყნებში: პირი, რომელიც გაფიცვის დროს მუშაობს წარმოებაში“.

ერთი სიტყვის განმარტების პოლიტიკა ამ შემთხვევაში უშუალოდ ასახავს იმ პოლიტიკურ და სამართლებრივ სარჩულსაც, რომლის ნიადაგზეც საბჭოთა შრომითი სამართალი, მართალია, მშრომელს უღიარებდა (და უკმაყოფილებდა) ყველანაირ წარმოდგენად სოციალურ უფლებას, მაგრამ გამორიცხავდა ისეთ პოლიტიკურ უფლებას, როგორიც გაფიცვის უფლებაა. 1980 წელს საბჭოთა ხელისუფლების ოფიციალურ „რუპორად“ გამოცემული წიგნაკი სსრკ. 100 შეკითხვა და პასუხი შეკითხვას, თუ „რატომ არის საბჭოთა კავშირში აკრძალული გაფიცვები“, საბჭოთა კავშირში ორგანიზებული უამრავი გაფიცვის ჯინაზე, მიუგებს, რომ ისინი „აკრძალული კი არ არის“, არამედ უბრალოდ „აზრსაა მოკლებული“, რაკი ისედაც „ყველა საწარმო ხალხს ეკუთვნის, ხოლო, მათ კერძო მფლობელების ნაცვლად მშრომელთა სახელმწიფო განკარგავს“.

მშრომელები და პროფკავშირები, განსაკუთრებით, „მშრომელთა სახელმწიფოს“ ბოლო ფაზაში, თავს იკატუნებდნენ, თითქოს ასრულდა რევოლუციის დაპირება და მშრომელი მართლაც იქცა საკუთარი შრომისა და ნაწარმის განმკარგველად. შესაბამისად, ნომენკლატურასთან ბრძოლამაც კულუარული ვაჭრობისა და შანტაჟის სახე მიიღო. სხვანაირად შეუძლებელიც იყო საჯარო სივრცის არარსებობის პირობებში და ამანვე გახადა საჯარო სივრცის არსებობა ან მისთვის ბრძოლა ზედმეტი. ამიტომ აღმოჩნდნენ მშრომელები სოციალისტური ბანაკის დაცემის შემდეგ სრულიად უძლურები, „გათავისუფლებულ“ საჯარო პოლიტიკურ სივრცეში სოციალურისათვის ებრძოლათ.

 

3.

1999 წელს სულაკაურის გამომცემლობა ჭაბაშვილის მიერ შედგენილ ლექსიკონს ხელახლა გამოსცემს ახლა უკვე როგორც უცხო სიტყვათა სასკოლო ლექსიკონს. გამომცემელი წინასიტყვაობაში აღნიშნავს, რომ საბჭოთა დროინდელი გამოცემიდან ამოიღეს „მხოლოდ ის განმარტებანი, რომელთა დაწერა ავტორს იმდროინდელმა კომუნისტურმა იდეოლოგიურმა წნეხმა აიძულა“. რა გასაკვირია, რომ გარდასახვა ჩვენს ძველ ნაცნობ შტრაიკბრეხერსაც განეცადა:

შტრაიკბრეხერ-ი [გერმ. Streikbrecher] – (მოძვ.) პირი, რომელიც გაფიცვის დროს მუშაობს საწარმოში და ამით გაფიცულთა ინტერესებს ღალატობს. შტრეიკბრეხერი – უმართებ.“ ქრება პოლიტიკურ-გეოგრაფიული დაზუსტება „კაპიტალისტურ ქვეყნებში“. სამაგიეროდ, შტრაიკბრეხერს დაღს ასვამს შემოკლება „მოძვ[ელებული].“, რითიც ის კვლავაც წარსულში იხიზნება, თუნდაც იმიტომ, რომ შტრაიკბრეხერობა, გაფიცვები და მისთანა „მუშურ-გლეხური“ რაღაცები მოდაში აღარაა. პოლიტიკურად და ინტელექტუალურად „გათავისუფლებული“ საჯარო სივრცე სოციალურზე ფიქრისგანაც თავისუფლდება.

იმაზე დახარჯული ენერგია, რომ შეგვახსენონ, შტრეიკბრეხერი უმართებულო რუსიციზმიაო, მით უფრო ფუჭი გამოდგება, როცა შტრაიკბრეხერი 2005 და 2007 წლებში გამოცემულ სრულიად ახალ უცხო სიტყვათა ლექსიკონში საერთოდაც დასახიჩრებული გვიბრუნდება, როგორც „შტრეიხბრეხერი“, თითქოს უქმად ჩაევლოს ამდენი წლის ფილოლოგიურ შრომას.

შტრაიკბრეხერს თავის წილ წიხლს სამართალიც ჰკრავს. 2006 წელს, გააფთრებული პრივატიზაციისა და დერეგულაციის ჟამს, ახალი შრომის კოდექსი ანაცვლებს 1990-იანი წლების საქართველოში სახეცვლილად გადმოტანილ 1973 წლის საბჭოთა ქართულ შრომის კოდექსს. თუ 1973 წლის დოკუმენტში გაფიცვის უფლება არ შედიოდა, ახალი, „ლიბერალური“ კოდექსი მას ცნობს, მაგრამ ამ დროს სამართლის ენას პატარა წაცდენასაც ვამჩნევთ. 52-ე მუხლის 3-ე ნაწილში ვკითხულობთ: „დასაქმებულები, რომლებიც არ მონაწილეობდნენ გაფიცვაში, მაგრამ გაფიცვის გამო ვერ ასრულებდნენ თავიანთ სამუშაოს, დამსაქმებელმა შეიძლება გადაიყვანოს სხვა სამუშაოზე ან აუნაზღაუროს შეჩერების პერიოდი სამუშაოს საათობრივი განაკვეთის მიხედვით“.

2014 წელს სამართალმცოდნე სოფიო საჩალელი ამ ნორმას  შემდეგ კომენტარს ურთავს:

„ზმნების – „არ მონაწილეობდნენ“ და „ვერ ასრულებდნენ“ – წარსულ დროში გამოყენება ბუნდოვანებას სძენს ნორმის იმ ნაწილს, რომელიც დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სხვა სამუშაოზე გადაყვანის შესაძლებლობას ეხება. [სქოლიო: თუკი გაფიცვა დასრულებულია, მაშინ გაუგებარია დამსაქმებლის მიერ თანამშრომლის სხვა სამუშაოზე გადაყვანის მიზანი; ხოლო, თუ სხვა სამუშაოზე გადაყვანის შესაძლებლობა მოქმედი გაფიცვის პერიოდს ეხება, ასეთ შემთხვევაში არასწორად არის გამოყენებული წარსული დრო ზმნებისათვის: „არ მონაწილეობდნენ“ და „ვერ ასრულებდნენ“.] გრამატიკულ განმარტებაზე დაყრდნობით შესაძლებელია, ისიც ვივარაუდოთ, რომ ნორმა ე.წ. შტრაიკბრეხერების [მორიგი სქოლიო, სიტყვის განმარტებით] წახალისებას ისახავს მიზნად, დაწინაურების ან უკეთეს სამუშაოზე გადაყვანის გზით. თუმცა, ვინაიდან პირდაპირ არ იკვეთება დასაქმებულის მდგომარეობის გაუმჯობესების ნიშნები (უკეთესი ანაზღაურება ან უკეთესი პირობები), ნორმის აზრი უფრო არსებული მდგომარეობის შენარჩუნება უნდა იყოს. შესაბამისად, უნდა დავასკვნათ, რომ კანონმდებლის მიზანია გარანტიების შექმნა იმ დასაქმებულთათვის, რომლებიც გაფიცვის პერიოდში არ სარგებლობენ გაფიცვის უფლებით, და მათი დაცვა არსებული მდგომარეობის გაუარესებისაგან“. 

კომენტარის კომენტარი: რატომაა საერთოდ იმაზე საუბარი, რომ შეიძლება მდგომარეობა არათუ შეუნარჩუნდეთ, არამედ სრულებითაც გაუუარესდეთ მათაც კი, ვინც არც კი გაფიცულან? როგორია წესრიგი, რომელშიც „არსებული მდგომარეობის შენარჩუნება“ შანტაჟზე დგას, რომ მდგომარეობა სულ უფრო მეტად გაუარესდება, და ამიტომაც, ჰყოფნის უტიფრობა, წარსულ დროში გადაისროლოს, იმთავითვე მონელებულად იგულისხმოს მშრომელთა პროტესტი (თუკი ასეთი რამ საერთოდ შედგა)? 

წარსულ დროში გაყინული ევფემიზმი „დასაქმებულები, რომლებიც არ მონაწილეობდნენ გაფიცვაში“, ეს სამართლებრივი, ვითომდა ნეიტრალური გარშემოწერა კვლავაც დავის საგანი გახდა 2018 წლის მაისში რკინიგზელთა გაფიცვის დროს. „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ განაცხადა, რომ გაფიცული მემანქანეების ნაცვლად „რეზერვს“ გამოიყვანდა. მემანქანეთა დამოუკიდებელმა პროფკავშირმა კი სიტყვა შეუბრუნა და „რეზერვს“ თავისი სახელი დაარქვა: „ჩვენთვის, რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირისთვის, ცნობილი გახდა, რომ მეტროს მემანქანეების გაფიცვის პერიოდში, თბილისის სატრანსპორტო კომპანია გეგმავს შტრეიკბეხერების სახით, გაფიცული მემანქანეები ჩაანაცვლოს საქართველოს რკინიგზის ელმავლის მემანქანეებითა და მათი თანაშემწეებით“.

თუნდაც მხოლოდ კლავიატურაზე თითის წაცდენა იყოს შტრეიკბეხერი, მემანქანეთა განცხადებაში ენა ერთნაირ ჯიუტ იმუნურობას იჩენს რუსიციზმთან მებრძოლი პურიზმის თუ იურიდიული ევფემიზმებისადმი და ბედავს, თავისი სათქმელი ისეთი მიკიბ-მოკიბვის გარეშე თქვას, როგორიცაა „დასაქმებულები, რომლებიც არ მონაწილეობ(დნ)ენ გაფიცვაში“. მაგრამ ძალზედ სუსტია უცხო სიტყვის ცხოველი ძალა, მორალური ბრალი წაუყენოს გაფიცვისთვის თავის ამარიდებელთ, როდესაც საერთო ინტერესის გულისათვის წამოწყებულ გაფიცვას თვით ქალაქის მერი უპირისპირდება და სწორედ საერთო ინტერესის ენას ეპატრონება. ის გაფიცულებს ამუნათებს: „ნუ დააყენებენ საკუთარ ინტერესებს მთელი ქალაქის მოსახლეობის ინტერესებსა და კანონზე მაღლა“. მათი მოთხოვნებისა და გაფიცვის უფლების კანონიერების აღიარებასთან ერთად, სამართლის სფეროდან მსჯელობა მორალისტურ-სენტიმენტალურ რეგისტრში გადადის: „უბრალოდ ადამიანურად ასეთი მიდგომები გულდასაწყვეტია და ძალიან ცუდი“. ქალაქის მოსახლეობის მიერ არჩეული მერი შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ სახელით საუბრობს, რომელიც მთლიანად თვითმმართველ ქალაქ თბილისს ეკუთვნის; ქალაქის უზენაესი საჯარო-სამოქალაქო დაწესებულება საკუთარ უკმაყოფილო დასაქმებულებს კერძო კომპანიის ლოგიკით ეპყრობა; კერძო კომპანიის ლოგიკა საერთოსა და სამოქალაქოს ენით იფუთება. შედეგად, გაფიცული მემანქანე გამოდის ეგოისტი, რომელიც ღალატობს უკვე შემდგარად გამოცხადებულ საერთოს.

სიტყვების მნიშვნელობის ამგვარი გაუკუღმართების პირობებში, საკითხავია, შეიძლება კი გაფიცვამ დაიბრუნოს თავისი ძველი მუხტი? მის გარეშე, გაბატონებული წესრიგი გაფიცვაზე ყოველთვის წარსულ დროში ისაუბრებს, როგორც რაღაც გარდასულ ან გარდამავალ „გამონაკლისსა“ და „გაუგებრობაზე“. რომ არა სიტყვის პირვანდელი შემართება, გაფიცვა უბრალოდ არსებული წესრიგის ფარგლებში შრომის პირობების გაუმჯობესებისათვის ბრძოლად დარჩებოდა და ვერ მიიღებდა რევოლუციისათვის ვარჯიშის სახეს, რისი დამაგვირგვინებელიც თუნდაც 1905 წლის რუსული რევოლუციის დროს რუსეთის იმპერიის, მათ შორის საქართველოს, დიდ ქალაქებში შემდგარი საყოველთაო გაფიცვა იყო. ასეთი გაფიცვა აუქმებს რეფორმისა და რევოლუციის ყალბ შეპირისპირებას და ცოცხალ სამოქალაქო ომად იქცევა, რომელსაც საერთოში განხეთქილება კი არ შეაქვს, არამედ არსებულ ანტაგონიზმს ააშკარავებს და დიახაც ამძაფრებს, რადგან მხარეებს გამიჯვნისაკენ უბიძგებს და ერთმანეთის ძალებს ასინჯინებს. საყოველთაო გაფიცვა (რომელიც არა უკლებლივ ყველას, არამედ საკვანძო სფეროების გაფიცვას გულისხმობს) შეიძლება თავადვე მოგვევლინოს რევოლუციად, ვინაიდან მას ძალუძს, მთელი სახელმწიფოს ინფრასტრუქტურა წელში გადატეხოს და მისი სრული კოლაფსის საფუძველზე გააჩინოს რადიკალურად ახლის წამოწყების საწინდარი.

საყოველთაო გაფიცვის მთავარი თეორეტიკოსი, ანარქისტი ჟორჟ სორელი, მას მითს უწოდებს; სწორედ მითს და არა – რაღაც სამომავლო უტოპიას, რადგან მითი ესმის, როგორც აქ და ახლა მასების წარმმართველი, გამამთლიანებელი იდეური ძალა, რომელიც აღარ არის უბრალოდ საშუალება სამომავლო მიზნისთვის. გაფიცვა იქცევა თვითკმარ, აბსოლუტურ, პირდაპირ ქმედებად, ვალტერ ბენიამინის სიტყვებით, უსისხლო ძალადობად, რომელიც აღარ მოუხმობს სახელმწიფოს, ან კერძო დამქირავებელს, ან სამართლებრივ ჩარჩოს თავისი ბედის გადასაწყვეტად. ეს გაფიცვა არც კანონიერია და არც უკანონო, არამედ კანონს მიღმაა და თავადაა სრულიად ახალი სამართლის დამფუძნებელი. 

შეიძლება მშრომელთა დამქსაქსველი სოციალური ინჟინერიის წინაშე უსუსურობა კვებავდეს იმ თავდაცვით მდგომარეობას, რომელშიც მომწყვდეულან ისინი, ვინც დღეს შეიძლება გაფიცვას ლამობდნენ. საამისოდ ისინი ხშირად ვეღარც ზუსტ სიტყვას პოულობენ და ვეღარც ჟესტს. მაგრამ განა XIX საუკუნის ბოლოს უმაგრებდა რამე ზურგს მშრომელს, „რომელსამე ეკლესიაში“ რომ მიდიოდა თანამშრომელებთან შესაფიცად? განა თავად ეს ფიცი არ იყო ის სასოწარკვეთილი ძალისხმევა, რომელსაც ბრძოლის შემართება უნდა შთაებერა შეფიცულთათვის? მაგრამ წარმოსადგენია, რომ დღევანდელი ე.წ. პოსტსაბჭოთა „რელიგიური რენესანსის“ პირობებში მშრომელებმა „რომელსამე ეკლესიაში“ ფიცი დადონ, რომ ერთმანეთს არ უღალატებენ, და ფიცისავე მეოხებით დაუდონ დასაბამი ერთობას, როგორც დაფიცებულ საერთო ბრძოლაში გამოსაწრთობს?

ფუჭია ენის ბუნებრიობასა და ორგანულ განვითარებაზე აპელირება, როდესაც ენა აშკარა ბრძოლის ველია, გადაჭიმული პოლიტიკურ გადაწყვეტილებებსა და სხვადასხვა მოთხოვნასა და სურვილს შორის. შეიძლება ხელოვნური რეანიმაცია იყოს, „ნაღდი“ ქართული ყვლეფით მოინდომო ჩაანაცვლო „ზაგრანიჩნი“ სიტყვა ექსპლოატაცია – ერთი მხრივ, დამკვიდრებული, მეორე მხრივ, აზრობრივად გაბუნდოვნებული, გაუბედავი და სახიჩარი, როგორც საქართველოს დღევანდელ ლანდშაფტში გადმორჩენილი საბჭოთა ინდუსტრიული ნანგრევები. გაფიცვის შემთხვევაში, ფიცის დადების საქმე იყო, რაც წინ უსწრებდა სიტყვა გაფიცვას; და სიტყვა საყრდენის გარეშე დარჩა, რაწამს მისი გამამყარებელი საქმე გამოეცალა. მაგრამ ქართულ სიტყვა გაფიცვაში ისიც „დამარხულ არს“, რომ მიცემული სიტყვა, ფიცი, თავად იყო საქმე, რომელმაც „განკითხვის დღე“ დააჩქარა.

ავტორი :
  • ლუკა ნახუცრიშვილი
You voted '-1'.