ანტონიო ნეგრი (1933) - იტალიელი ფილოსოფოსი,
პოლიტიკური მოღვაწე, ოპერაიზმის თეორეტიკოსი.
ქვემომდებარე ტექსტი წარმოადგენს 2002 წელს
ევროპის სოციალურ ფორუმზე ანტონიო ნეგრის
გამოსვლის თარგმანს.

ყველანი ვთანხმდებით, რომ გვინდა ვებრძოლოთ კაპიტალს და განვაახლოთ სამყარო. მაგრამ ეს არ უნდა მოიაზრებოდეს, როგორც პოეტური პროცესი, რადგან სიმრავლე არა პოეტური, არამედ კლასობრივი ცნებაა. როცა მე ვსაუბრობ სიმრავლეზე, როგორც კლასობრივ ცნებაზე, მხედველობაში მაქვს ის, რომ მშრომელები დღეს შრომობენ იმგვარადაც, როგორც რამდენიმე საუკუნის წინ და სხვაგვარადაც. მშრომელთა კლასი და მისი კლასობრივი შემადგენლობა განსხვავებულია სხვადასხვა პერიოდში, ინდუსტრიულიდან მოყოლებული.

შრომის ორგანიზება ჯოჯოხეთურად შეიცვალა მე-18 საუკუნიდან დღემდე, ისევე როგორც კლასობრივის პოლიტიკური და ტექნიკური კომპოზიცია. გარდა ამისა, დღეს კლასი სრულიად სხვაგვარად აყალიბებს საკუთარ კლასობრივ ცნობიერებას. თუ ჩვენ ცნებებს მშრომელთა კლასი და შრომის ორგანიზება გამოვიყენებდით როგორც ჰომოგენურსა და ერთმნიშვნელოვანს, ეს ღრმა შეცდომა იქნებოდა.

მე ვფიქრობ, რომ 1968 წლის შემდეგ და ნეოლიბერალური კონტრრევოლუციის დაწყებასთან ერთად, ორგანიზებული შრომისა და, შედეგად, კლასობრივი კომპოზიციის სტრუქტურა საფუძვლიანად შეიცვალა.

ქარხანა აღარ დგას ღირებულების წარმოების ცენტრში. ღირებულება იქმნება შრომაში მთელი საზოგადოების მონაწილეობით. სიმრავლეს ჩვენ ვუწოდებთ ყველა მშრომელს, რომლებიც მონაწილეობენ შრომაში მოგების შესაქმნელად. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ექსპლუატირდება მთელი საზოგადოების ყველა მშრომელი: კაცები, ქალები, ისინი, ვინც შრომობენ მომსახურებისა და სამედიცინო სფეროებში, მომვლელები, ენობრივ ურთიერთობებში, კულტურის სფეროსა და ყველანაირ სოციალურ ურთიერთობებში მომუშავენი. და რამდენადაც მათი შრომა ექსპლუატირდება, ჩვენ მათ სიმრავლის ნაწილად განვიხილავთ და იმავდროულად, სინგულარობებად.

ჩვენ განვიხილავთ სიმრავლეს, როგორც ექსპლუატირებული სინგულარობების მრავალფეროვნებას.

სინგულარობები ესაა შრომის სინგულარობები, ყოველი შრომობს განსხვავებულად და სინგულარობა ესაა ექსპლუატირებული შრომის სინგულარობა.

მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი მხედველობაში ვიქონიოთ; ამის ხაზგასმა აუცილებელია, რადგან შრომა თანდათან ხდება უფრო და უფრო არამატერიალური. ეს არ ნიშნავს, რომ მატერიალური შრომის სფერო აღარ გაფართოვდება; ცხადია, ის ფართოვდება – ქარხნებში, სხვადასხვა ოფლისსახდელ დაწესებულებაში, უამრავ ადგილას, სადაც ბავშვები შრომობენ და შრომობენ მატერიალურად. ეს ყველაფერი უაღრესად მნიშვნელოვანია. მაგრამ რაც საყურადღებოა ღირებულების შექმნის მწარმოებლურ შრომაში, ესაა ინტელექტუალური შრომა, შრომა საკომუნიკაციო ქსელებში, გამომგონებელთა შრომა, მეცნიერთა შრომა. როცა მარქსი პირველად ალაპარაკდა ინდუსტრიულ ვალორიზაციაზე, მხედველობაში ჰქონდა 100-200 ქარხანა, მაგრამ მან სწორად განსაზღვრა მთავარი ტენდენცია და ჩვენ უნდა გავყვეთ ამ გზას. უბრალოდ საჭიროა, დავამატოთ კიდევ ერთი დაკვირვება: ინდუსტრიული მშრომელთა კლასი არასდროს ქმნიდა ღირებულებას, როგორც მასა, არამედ ყოველ მუშას ცალკეულად შეჰქონდა თავისი წვლილი ღირებულების შექმნაში.

მთავარი ამოცანა არ არის, კლასობრივ კოალიციას შეუერთდე ან იმ ურთიერთობებს მიაპყრო მზერა, მშრომელთა კლასს თუ მოძრაობათა მოძრაობებს რომ აკავშირებს. ჩვენი ამოცანაა, ვიფიქროთ შრომის უმთავრეს, ძირეულ თვისებაზე. სწორედ რომ შრომაა ის, რაც საშუალებას გვაძლევს, ვიპოვოთ ალტერნატიული გზები ცხოვრებისა და საზოგადოებისთვის.

მაგალითად, ავიღოთ გლეხობა.

გლეხი ყოველთვის განიხილებოდა, როგორც მშრომელთა კლასის მიღმა მყოფი, როგორც ვიღაც, ვინც უნდა გახდეს მშრომელთა კლასი.

და ეს ყოველთვის სისულელე იყო, რადგან გლეხები ყოველთვის შრომობდნენ, შრომობდნენ მძიმედ, შრომობდნენ როგორც სინგულარობები. დღეს ჩვენ ვაწყდებით გლეხთა კლასს იმ ქვეყნებში, რომლებიც სულ უფრო და უფრო არარელევანტურები ხდებიან კაპიტალისტური განვითარებისთვის და გლეხთა ამ კლასის შიგნით ვხედავთ, ერთი მხრივ, ინდუსტრიული შრომის ფართო ორგანიზაციას, ხოლო მეორე მხრივ, თავისებურებებს გლეხური შრომისა, რომელიც სინგულარულია, რომელიც გულისხმობს განსაკუთრებულ კავშირს ბუნებასთან, კარგი ყველისა და ღვინის დამზადებას. ეს ნიშნავს შრომის უნიკალური თვისების აღმოჩენას მრავალფეროვნების შიგნით, განსხვავებათა შორის საერთო ელემენტების აღმოჩენას, რომლებიც, რა თქმა უნდა, ექსპლუატაციის ელემენტებია. მაგრამ, მეორე მხრივ, გლეხების მიწასთან დამოკიდებულებისა და მისი გარდაქმნის განსაკუთრებული უნარიცაა მიწის კარგ ყველად და ღვინოდ ქცევის უნარი. მხოლოდ ამგვარად შეგვიძლია, მოვიაზროთ ინდუსტრიულ მშრომელთა კლასთან ურთიერთობები (და არა – მშრომელთა არისტოკრატიასთან), რომელიც არ იქნებოდა მექანიკური.

ან ქალის შრომა ავიღოთ. რა არის ეს და რას წარმოადგენს პატრიარქატის ბატონობის პირობებში? თავის ღრმა საფუძველში ეს ყოველთვის იყო უჩინარი შრომა. შრომა, რომელმაც ყოველთვის იცოდა, სად არის წინდების ადგილი სახლში. ე.წ. საშინაო შრომის საიდუმლო ისაა, რომ ის არ ექვემდებარება რაოდენობრივ გამოთვლას. ის თვისებრივია. ფუძემდებლური თვისება, რომელიც შესაძლებელს ხდის მშრომელთა სახეობისა და შრომის სახეობათა კვლავწარმოებას. რაგვარად უნდა მოვეკიდოთ ჩვენ ამ ღირებულებას, ამ ბრძოლას? რა თქმა უნდა, არა როგორც კოალიციას:

„შემოუერთდი ქალებს“ – წადი რა, გააჯვი!

და რა მერე? არც არაფერი, თუკი არ არის ეს ღრმა საფუძველი: შრომაში შეიძლება ვიპოვოთ სიფაქიზე და ტევადობა, კავშირების დამყარებისა და ურთიერთობების შექმნისათვის. ნებისმიერმა, ვისაც მაგალითად კომპიუტერებთან უმუშავია, იცის, რა სიფაქიზეს, რა ურთიერთობების შექმნას ვგულისხმობ აქ. ღირებულების წარმოება უხვი ურთიერთობების წარმოებაა, ეს ლინგვისტური წარმოებაა.

სიმრავლე, პირველ ყოვლისა, კლასობრივი ცნებაა, ასევე პოლიტიკური. გვევლინება რა კლასობრივ ცნებად, სიმრავლე ბოლოს უღებს მშრომელთა კლასის გამარტივებულ გაგებას, მისი, როგორც მასის, გაგებას. პოლიტიკური თვალსაზრისით სიმრავლე ასევე ბოლოს უღებს ცნებებს ხალხი, ნაცია და ყველაფერ იმას, რაც სახელმწიფოს პირმშოა და უზრუნველყოფს მისთვის წარმომადგენლობის საფუძველს.

თარგმანი :
  • ვაკო ნაცვლიშვილი, გიორგი ხასაია
ავტორი :
  • ანტონიო ნეგრი